მუყაოს ფრთები - თავი 20 - Marao

მუყაოს ფრთები - თავი 20

2022-08-18 10:20:50+04:00


წინა თავი

_ ჰმმ. წეღან ქეთის ვკითხე, შენ გარეშე თუ შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას.

_ რა-ა? თავიდან მიშორებ? _ სავარძლიდან ლამის ყვირილით წამოვიწიე.

_ არა, არა, საიდან მოიტანე. ვიფიქრე, იქნებ ერთი კვირით დასვენება უნდა-მეთქი.

_ არა! _ დავფრთხი, _ არ მინდა დასვენება. აქ მომწონს, _ სხაპასხუპით მივაყარე და შევამჩნიე, რომ იღიმოდა, _ დასვენება შაბათ-კვირასაც მეყოფა.

ის ისევ ისე იღიმოდა, ალერსიანად.

_ შემიძლია რაღაც სიკეთის მსგავსი გაგიკეთო, კეთილგანწყობა გამოვხატო.

_ მაპატიე, მაგრამ მამაკაცებისგან კეთილგანწყობის გამოხატვას მიჩვეული არ ვარ, _ მშვიდად წარმოვთქვი, _ რატომ მგონია, რომ რაღაც ფარული მოტივი გამოძრავებთ, მისტერ ბოს?

ისევ გაიღიმა და ისე მომნუსხველად, ახლა მზად ვიყავი, ყველა მისი ახირება შემესრულებინა. მტკვარშიც კი გადავხტებოდი, რომ მოესურვებინა.

_ მაშ ასე. გუშინ საღამოს ჩემმა დამ დამირეკა.

_ არ ვიცოდი, და თუ გყავდა, _ გავიკვირვე.

_ მე კი არ ვიცოდი, შენ თუ დეიდაშვილი გყავდა. სალომე თავის ქმართან ერთად ერთი კვირით დასასვენებლად აპირებდა წასვლას. თან ჩემი სიძის ქალიშვილიც უნდა წაეყვანათ. ვგულისხმობ იმას, რომ სალომეს მეორე ქმარი ჰყავს, გუგა, იმას კი პირველი ცოლისგან _ ქალიშვილი მია. _ საშკამ მრავალმნიშველოვანი პაუზა გააკეთა, მე კი მაინც ვერაფერი გავიგე, _ მაგრამ ბოლო მომენტში მიამ გადაიფიქრა მათთან ერთად დასვენება.

_ რამდენი წლისაა მია? _ ვიფიქრე, თუკი პატარა ასაკისაა, მისი დაყოლიება შესაძლებელი იქნება-მეთქი.

_ ორი კვირის წინ თექვსმეტი შეუსრულდა. გუგა სასწრაფოს ექიმია, ბევრს მუშაობს, თან ძირითადად ღამის ცვლაში, ამიტომ ჩემი დის აზრით, დასვენება სჭირდება. ამ კოვიდის გამო სულ ცუდ დღეშია, გამოძახება გამოძახებაზე აქვს.

_ ააა, გასაგებია. და შენს სიძეს მიას გარეშე წასვლა არ სურს, ხომ?

_ ის საუკეთესო მამაა. გარდა ამისა, მია ძნელად მოსარჯულებელი გოგოა. ამას წინათ ერთი ღამით დატოვეს და ისეთი ველური საღამო მოაწყო სახლში თავის კლასელებთან ერთად, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ასე რომ, ჩემს დასაც ეშინია მისი მარტო დატოვების.

_ იმედია, არ მთავაზობ, ერთი კვირით მია აღსაზრდელად მე დავიტოვო… _ ალმაცერად გავხედე.

_ საქმე იცი, რაშია? რახან მათთან ერთად არ მიდის და არც მარტო დაიტოვება, ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მიას დარჩენა სურს, მე ვარ.

გაოცებისგან სახე მომექცა.

_ ადრე დარჩენილა შენთან?

_ ერთადერთხელ, ექვსი თვის წინ ერთი ღამით დამიტოვეს. ოხ, ეს კოშმარი იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთი!

_ საწყალო, _ სიცილი ვერ შევიკავე, _ ბავშვს ჰგონია, როომ შენზე უკეთესი ამქვეყნად არავინაა, შენ კი გეშინია მისი?

_ მოკეტე! _ ღიმილით დამიღრინა.

არადა, მართლა შეცბუნებული ჩანდა. აქამდე ვერასდროს ვიფიქრებდი, მისი შეცბუნება ვინმეს თუ შეეძლო, მაგრამ ამწუთას მართლაც უხერხულობას განიცდიდა.

_ თავიდან სასტიკი უარი გამოვუცხადე სალომეს, საერთოდ არ მომეწონა ეს იდეა. ერთი ღამე კიდევ ჰო, მაგრამ მთელი კვირა? გაძლება არ გინდა? მორჩა ამაზე ლაპარაკი-მეთქი.

_ კი მაგრამ, დედა არ ჰყავს?

_ სამწუხაროდ, არა. დიდი ხანია გარდაიცვალა. ახლა სალომეა მისი დედა. ჰოდა, გავანაწყენე ჩემი და. მერე მითხრა, მეგობარი გოგო არ გყავს ისეთი, ვინც შენთან დარჩება და ერთად მიხედავთ მიასო? _ ეს თქვა საშკამ და წამიერი მზერა მესროლა თავისი უცნაური ნაცრისფერი თვალებით, მერე კი კვლავ სადღაც ჩემს მხარს უკან გაიხედა, _ ამაზეც უარი ვუთხარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე თავში ერთმა აზრმა გამიელვა.

_ რა აზრმა? _ ვკითხე, თან თვალწინ ყველა მისმა `მეგობარმა გოგომ~ სლაიდის სურათებივით ჩამირბინა და ცოტა არ იყოს, ვიეჭვიანე.

_ საკუთარ თავს ვკითხე, ვინ მყავს ნაცნობებში ისეთი, ვინც ნებისმიერ დროებით სამუშაოს დათანხმდება-მეთქი.

მგონი, ახლა მივუხვდი.

_ უი, არაა! _ სახე ხელებში ჩავმალე.

_ ვინ ეძებს ჩემს ნაცნობებში ქირით ბინას? _ გააგრძელა, თითქოს ჩემი რეპლიკა არც გაუგონია.

_ არა! _ კვლავ ვიუარე, ამჯერად მტკიცედ და გადაწყვეტილად.

არადა, როგორ მინდოდა დავთანხმებოდი, რამდენიმე დღე მის გვერდით მისსავე სახლში გამეტარებინა, მაგრამ `ვირიდან აღარ ჩამოვედი~.

_ ამას გულისხმობდი იმ სიკეთეში, ჩემთვის რომ უნდა გაგეკეთებინა? მე, მართალია, კარიერა მჭირდება, მაგრამ ამისთვის თექვსმეტი წლის გოგოს ძიძობას არ დავთანხმდები!

რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ მათვალიერებდა.

_ კარიერას შეგიქმნი, გპირდები, _ სერიოზული სახითა და ხმით მითხრა, _ ოღონდ დამეხმარე.

ვიგრძენი, რომ მასთან კამათის ძალა აღარ შემრჩა.

_ კი მაგრამ, რატომ არ შეგიძლია საკუთარ დას რაღაც-რაღააცებზე უარი უთხრა? პატარა ბიჭი ხომ არ ხარ?

_ შენ რატომ არ ეუბნები დეიდაშენს უარს, შენთვის მიუღებელი რაღაცების გაკეთებას როცა გთხოვს? _ შემომიტრიალა კითხვა. _ მე იმიტომ, რომ ერთადერთი დედმამიშვილი მყავს, გესმის? _ სასოწარკვეთილმა დაამთავრა.

თქვენ წარმოიდგინეთ, ამან უფრო აამაღლა ჩემს თვალში. ამწუთას უფრო სუსტი კი არა, უფრო ძლიერი მეჩვენა. ადრეც შემიმჩნევია, რომ მგრძნობიარე იყო, მაგრამ ამას, ჩვეულებრივ, ოსტატურად მალავდა ხოლმე.

_ მაგრამ როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ერთ სახლში ცხოვრება? _ ისევ გავწითლდი.

_ ჩვენი არა, მასთან შენ დარჩები. ერთი კვირა მასთან დარჩები და სამსახურში არ ივლი.

_ და შენ?

_ დღისით მარტო იქნებით, საღამოს მეც შემოგიერთდებით. სულ ესაა.

_ კი მაგრამ, მანდობდი შენ…

_ კარგი რა, ნენე. რომ არ გენდობოდე, არც გთხოვდი. მართალია, როცა შენი პროვოცირება მოვახდინე, რაღაც-რაღაცებში მომატყუე, მაგრამ ჩემთან საკმარისი ხანია მუშაობ, რამაც ერთ რამეში დამარწმუნა _ შენი ნდობა შეიძლება… ბოლომდე.

ლამის დავდნი.

_ და ქეთი? მე ხომ აქ უნდა ვიყო, რათა მას დავეხმარო ხანდახან.

_ მე უკვე ველაპარაკე ქეთის. თუ თავს ვერ გაართმევს, სხვა დაეხმარება.

_ და… როდის უნდა გადმოვიდე შენთან?

_ ოთხშაბათს. აჯობებს დილიდან. ზუსტად არ ვიცი, რა დროს მომიყვანენ მიას.

_ მერედა, რა უნდა ვთქვა, მოსამსახურე ვარ-მეთქი?

_ არა, რატომ? უბრალოდ, ჩემი მეგობარი გოგოს როლს ითამაშებ.

_ როგორც მივხვდი, ის ერთი კვირა ჩემი ერთგული იქნები? _ გავეხუმრე.

საშკამ გულიანად გაიცინა. როგორ მომწონდა მისი სიცილი.

_ პირობას გაძლევ, ყოველ საღამოს შინ დავერჭობი, ერთად ვივახშმებთ და შენ გარდა არავის შევამჩნევ. ძირს სხვა ქალები!

_ მაგრამ მთლად ნემსის ყუნწში ნუ გაძვრები ჩემ გამო, _ ახლა მე ავტკარცალდი.

ისიც ამყვა.

ღმერთო, როგორ მიყვარს ეს ბიჭი!

_ მითხარი, შენი ყველაზე თამამი ოცნება რა არის? _ უეცრად სიცილი შეწყვიტა და სერიოზული სახით შემომხედა.

გავშრი. საუბრის ასე შემოტრიალებას არ ველოდი. დავფიქრდი. კარიერა? ალბათ… მაგრამ ამაზე თამამი ოცნებაც მაქვს ამწუთას. მინდა ერთად ვიყოთ, მიყვარდეს და ვუყვარდე, მაგრამ ამას ვერ გავაჟღერებ. როგორმე სხვა სიტყვებით უნდა გადმოვცე.

_ ყველაზე თამამი? რა ვიცი, აბა. მინდა წარმატებული კარიერა მქონდეს, საყვარელი მამაკაცი მყავდეს გვერდით, ისიც წარმატებული. ყველა სურვილს მისრულებდეს, თავისუფლება არ შემიზღუდოს და კარიერულ წინსვლაში ხელი არ შემიშალოს. შვილები მყავდეს და ერთად ვზრდიდეთ. ბედნიერი მინდა ვიყო, _ როგორც იქნა, წარმოვთქვი, თუმცა უდიდესი სიფრთხილით შევარჩიე თითოეული სიტყვა.

უეცრად შუბლი აამოძრავა… წარბებით, კოპებით… მერე თვალები _ ჯერ ცალი თვალი დახუჭა-გაახილა, მერე მეორე დახუჭა-გაახილა, მერე ორივე მოჭუტა და ისევ გაახილა.

_ იცი რა, ნენე? შენს ოცნებებს მუყაოს ფრთები ჰქონია.

და ამით მთელ ჩემს ნალოლიავებ ნატვრას ცივი წყალი გადაასხა… კასრით.

_ რატომ? _ ხმა ჩამიწყდა და განხიბლულმა წყენის ნერწყვი გადავაგორე.

_ ამისთანა ოცნებით შორს ვერ გაფრინდები.

_ შორს არც ვაპირებ, _ ნიშნი მოვუგე.

_ არა აქვს მნიშვნელობა. შენი ოცნება მზეზე გაფრენას ჰგავს. თუ იქამდე აპირებ მიღწევას, იკაროსივით დაგეწვება ეგ მუყაოს ფრთები, თუ ამის ამბიცია არ გაქვს და უფრო დაბლა იფრენ, ან წვიმა დაგისველებს, ან ქარი გადაგისვრის სადმე უფსკრულში.

ვერაფერიც ვერ ვუპასუხე. როგორც ჩანს, მართლა ამბიციური ოცნებები მქონია, რასაც ჩემი დონის და პოზიციის ადამიანი არ იმსახურებს.

ალბათ ამიტომაც მომაწება მუყაოს ფრთები… ჰმ… ვნახოთ, ვისი აჯობებს!

შინ რომ ვბრუნდებოდი, ვგრძნობდი, როგორ მეხვეოდა თავბრუ. ყურებამდე ვიყავი საშკაზე შეყვარებული და მასთან სახლში მთელი კვირა უნდა მეცხოვრა! ყველაზე თამამ სიზმარშიც კი ვერ ვეღირსებოდი ამას!

ამ საღამომდე წარმოდგენაც არ მქონდა, რა ძლიერ შემყვარებია. თავიდან მოწონებითაც კი არ მომწონდა. თუმცა ახლა არც მინდოდა ამის გახსენება. დავივიწყე ძველი განწყობები. სამაგიეროდ ახლა მეჩვენება, რომ ის ყოველთვის მიყვარდა და ამ გრძნობას არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რაც რეზისთან მაკავშირებდა. რა თქმა უნდა, თალაკვაძეს უდიდეს პატივს ვცემდი, როგორც კარგ და კეთილ ადამიანს, მაგრამ მართლა ასე არასდროს მყვარებია. საშკა კი ჭეშმარიტი სიყვარულით მიყვარს.

სახლში შესულმა მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე და სამგზავრო ჩანთის ჩალაგებას შევუდექი. ვიცოდი, ესმა გამოკითხვას დამიწყებდა, სად მივდიოდი და რატომ ან რამდენი ხნით, მაგრამ ამწუთას ეს ნაკლებად მანაღვლებდა. ბოლოს და ბოლოს, უკვე დიდი გოგო ვიყავი და შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, როგორც მე მაწყობდა.

როცა ჩალაგებას მოვრჩი, ოთახიდან გამოვედი და მამაჩემს და ესმას გამოვუცხადე, ერთი კვირით მეგობართან გადავდივარ საცხოვრებლად-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, ესმას ხმა არ ამოუღია. როგორც ჩანს, იმდენად კმაყოფილი იყო თავისი ახალი მოსამსახურით, რომ ჩემი არყოფნა ალბათ შვებასაც კი მოჰგვრიდა.

_ კლასელთან თუ თანამშრომელთან? _ მკითხა მამაჩემმა.

მამაჩემს ვერ მოვატყუებდი, არ შემეძლო.

_ ჩემს უფროსთან ვრჩები, მა. სხვებიც იქნებიან. ასე დავგეგმეთ. მე…

_ შენთვის თუ ეს საჭიროა, წადი, შვილო, _ თბილად დამრთო ნება მამამ.

დილით ჩემი გაძეძგილი სამგზავრო ჩანთა მანქანაში ჩავდე და ოფისს მივაშურე. უცნაური შეგრძნება მქონდა _ ეს ღამე საშკასთან ერთად უნდა გამეტარებინა… სავარაუდოდ. მგონი, ეიფორია დამეუფლა.

მთელი დღე ვნერვიულობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბოსი მიყვარდა, შიგადაშიგ ეჭვი შემომიჩნდებოდა _ რამდენად გონივრულად ვიქცეოდი? პირველ რიგში, მას არ უნდა ვაგრძნობინო, რასაც მის მიმართ განვიცდი, მაგრამ როგორ გამომივა ეს? განა ადვილი იქნება? მით უფრო, როცა ერთ ჭერქვეშ მოგვიწევს ცხოვრება?

ყოველ შემთხვევაში, ძალიან, ძალიან უნდა ვეცადო.

ქეთისთვის არ დამიმალავს, რაც მოხდა. სხვათა შორის, არ გაჰკვირვებია. ის კი არა, მომეჩვენა, რომ მან უკვე იცოდა ყველაფერი.

საღამოს, სამუშაო საათები რომ დამთავრდა, ღიმილით დამემშვიდობა:

_ ერთი კვირის მერე შევხვდებით.

_ აუცილებლად.

_ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. თექვსმეტი წლის გოგო ბევრ პრობლემას ვერ შეგიქმნის.

თავი დავუქნიე, თუმცა მიას გამო სულ არ ვღელავდი, მე საშკას სიახლოვე უფრო მაშინებდა.

როგორც კი ქეთი გავიდა, ჩემი მაგიდის მილაგებას შევუდექი.

დაახლოებით ექვსის ნახევარზე საშკას კაბინეტის კარი გაიღო და ისიც გამოჩნდა.

_ მზად ხარ? წავედით? _ ისეთი ტონით მკითხა, თითქოს სტაჟიანი ცოლ-ქმარივით ყოველდღე ერთად გავდიოდით სამსახურიდან.

_ როგორც იტყვი. _ ისე ხმადაბლა მივუგე, მეგონა გავიფიქრე და სიტყვაც არ წარმომითქვამს.

უეცრად თავი ოდნავ დახარა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გამომიწოდა.

_ აიღე, გამოგადგება.

_ მადლობა, _ გაწითლებულმა გასაღები ჩამოვართვი და ხელჩანთის შიდა ჯიბეში ჩავიდე.

როგორც ჩანს, ჩემი მღელვარება შეამჩნია და ისიც, როგორ მომედო ალმური. მოულოდნელად გაიღიმა, საჩვენებელი თითით ოდნავ შეეხო ჩემი ცხვირის წვერს და მითხრა:

_ აბა? ვიჩქაროთ სახლისკენ?

სიცილისგან თავი ვერ შევიკავე. ახლა ნამდვილი ქმარივით მექცეოდა. მან წინ გამატარა, შემდეგ თვითონ გამოვიდა და კარი ჩაკეტა.

საშკა ადგილზე ჩემზე ადრე მივიდა. ჭიშკართან მელოდებოდა. შეგნებულად ჩამოვრჩი, არ ვიცი, რატომ. მან ჩემი ჩანთა საბარგულიდან ამოიღო და მხოლოდ ამის მერე მითხრა, მანქანა სად დამეყენებინა.

როცა სახლში შევედით, ფრთხილად შემეხო მხარზე:

_ მაღლა ადი, შენს ოთახს გაჩვენებ.

საკმაოდ დიდი სივრცის ოთახი იყო, მომაჯადოებლად ლამაზი, ოღონდ ცოტა ქალის ხელი აკლდა. ეს არც იყო გასაკვირი, საშკა ხომ მარტო ცხოვრობდა.

_ ძალიან საყვარელია, _ თავაზიანად ჩავიბურტყუნე და ისევ გავწითლდი.

_ არა უშავს, არის რა, _ მხრები უხერხულად აიჩეჩა, _ შეგიძლია შენი ჩანთა ამოალაგო. ქალბატონი მართა თითქმის ყოველდღე მოდის რამდენიმე საათით საჭმლის მოსამზადებლად. დღეს სალათის მომზადებას აპირებდა. ვნახოთ, რა გამოუვიდა. როცა მზად იქნები, ჩამოდი. _ მითხრა და გავიდა.

სანამ ჩემს ნივთებს ამოვალაგებდი, იქაურობა დავზვერე. პირველ რიგში მეზობლად მდებარე სააბაზანოში შევედი და როცა მის დათვალიერებას მოვრჩი, ჩანთას მერე მივუბრუნდი. ჩემს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს გარდერობში ადგილი მივუჩინე და წყლის გადავლება გადავწყვიტე.

სააბაზანოდან გამოსულმა ჯინსის შარვალი და ტოპი ჩავიცვი, თმა გავიშალე და დაბლა ჩავედი.

საშკა ლეპტოპში რაღაცას ათვალიერებდა.

_ არ ადგე, _ ვუთხარი, მაგრამ უკვე გვიან იყო, ის უკვე წამოდგა, _ მინდოდა ჯერ სამზარეულო მენახა, რათა ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა.

_ ხმ… ხმ… _ ჩაახველა, _ არც ისე ცუდად გამოგდის.

_ რა? _ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა.

_ ისე მოიქცე, როგორც საკუთარ სახლში.

მსგავსი შეგრძნება მოსვლისთანავე დამეუფლა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემს სახლში ვიყავი. შეჩვევა არ მჭირდებოდა. როგორმე უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. ზედმეტად არ უნდა მივჩვეოდი ამ სახლს და მის მასპინძელს.

გაგრძელება იქნება