_ ვცდილობ კარგად შევასრულო ჩემი მოვალეობა, _ ასე გავამართლე ჩემი ქცევა. ამით საკუთარ თავსაც შევახსენე, რომ ეს მხოლოდ სამუშაო იყო და მეტი არაფერი.
ერთმანეთისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით. სულ რაღაც ერთი მეტრის მოშორებით ვიდექი მისგან. ის გულდასმით მათვალიერებდა. თვალი შეავლო ჩემს თმას, ტუჩებს, მერე თვალებში ჩამხედა და გაიღიმა.
_ შეგიძლია რამდენიც გაგიხარდება იმდენი იბოდიალო მთელ სახლში.
საჭმელად რვის ნახევარზე დავსხედით. ქალბატონ მართას ისეთი გემრიელი სალათა მოემზადებინა ლორით და ბოსტნეულით, ჭამით ვერ გაძღებოდი, თუმცა მე პირადად თავი შევიკავე. მერე ხილიც მივირთვით და ნაყინიც დავაყოლეთ.
_ საღამოობით მსუბუქად ვვახშმობ. შენ ხომ არ იქნები წინააღმდეგი? _ მაჭავარიანმა თვალი თვალში გამიყარა.
_ რატომ უნდა ვიყო?
_ რა ვიცი, იქნებ ღამით გემრიელად გიყვარს დანაყრება.
_ არა, მეც მსუბუქად მივირთმევ, სხვათა შორის.
_ სახლში ვინ ცხოვრობს შენთან ერთად, მამა, დედინაცვალი და ულმობელი მოსამსახურე? _ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
_ ულმობელი სულაც არ არის. მე ვიტყოდი, მომწონს კიდევაც. თან ჩვენთან არ ცხოვრობს. მიდის და მოდის.
_ იმედია, შენი დედინაცვლისთვის არ გითქვამს, რომ მოგწონს. _ გაიცინა საშკამ.
მის შენიშვნაზე მეც გულიანად გამეცინა.
_ არც ისაა ცუდი ქალი, მთავარია, შეეჩვიო.
_ მამაშენმა იცის, ერთი კვირით რომ წამოხვედი?
_ ძალიან გემრიელი სალათაა. იმედია, მართა რეცეპტს არ დამზარდება, _ შევეცადე მისი შეკითხვა თავიდან ამერიდებინა.
_ რა გითხრა? იცის, რომ ჩემთან გადმოხვედი? _ არ მომეშვა.
მომიწია პასუხის გაცემამ.
_ მამაჩემი არასდროს მომიტყუებია. არც ამჯერად.
_ სხვას არც ველოდი შენგან.
რატომღაც, შვებით ამოვისუნთქე. როგორც ჩანს, შექება მესიამოვნა.
_ ვუთხარი, რომ ერთი კვირით შენთან ვრჩებოდი. მამას ჰგონია, რომ სხვებიც გეყოლება სტუმრად, ამიტომ ნება დამრთო.
_ ახლო ურთიერთობა გაქვს მასთან?
არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
_ უმეტესწილად კი. ადრე უფრო ახლოს ვიყავით, სანამ მეორედ დაქორწინდებოდა, თუმცა არც ახლა ვართ გარიყულები. უბრალოდ, ბევრს მუშაობს, მთელი დღე გასულია, ამიტომ საღამოობით ვახერხებთ ერთმანეთთან გამოლაპარაკებას. საერთოდ, ჩაკეტილი ადამიანია, უფრო თავისთვისაა.
_ სხვა სამყაროში ცხოვრობს? _ გაიღიმა საშკამ.
_ დაახლოებით.
_ ამიტომ მიატოვა დედაშენმა?
_ მთლად ამიტომაც არა. იყო სხვა ნიუანსებიც. დედას სხვა შეუყვარდა და გათხოვდა.
_ დედაშენი გნახულობს?
_ არა.
_ გენატრება?
_ ალბათ. არ ვფიქრობ ამაზე. ის ბედნიერია, ახალი ცხოვრება დაიწყო, მე უკვე დამოუკიდებელი ვარ. ასე რომ… _ მერე მხიარული სახე მივიღე და გავაგრძელე, _ თუ გამიჭირდება, დეიდაჩემი დამეხმარება.
_ ხშირად გიჭირს?
თავი გავაქნიე.
_ ერთი პერიოდი ხშირად მიჭირდა. უფრო მაშინ, დედა რომ წავიდა. მინდოდა მამას გვერდით დავდგომოდი, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, მისთვის დარდი შემემსუბუქებინა. ყველაფერი ვიღონე, რათა დედა არ წასულიყო, მაგრამ არ გამომივიდა. მაშინ დეიდაჩემი ძალიან დამეხმარა. ახლა აღარ მიჭირს, იშვიათად, თავი უსასოოდ ვიგრძნო.
საშკა გაჩუმდა. მერე ერთხანს მიყურა, მზერა არ მოუშორებია, ბოლოს კი სრულიად მოულოდნელად მკითხა:
_ რა მოხდა შენსა და თალაკვაძეს შორის?
გაოცებისგან პირი დავაღე.
_ ხომ მოგიყევი, _ ცივად მივუგე.
_ არა, არ მოგიყოლია. ვიცი, რომ მისგან წამოხვედი, მაგრამ მიზეზი არ გითქვამს.
_ გითხარი.
_ შენ მითხარი, შემიყვარდაო, მაგრამ ეს ხომ ასე უცებ არ ხდება? გამოდის, გარკვეული პერიოდი გიყვარდა. ჰოდა, რამ გაიძულა წამოსვლა და მისი მიტოვება? მაშინ, ლიფტში რომ შეგხვდი, თვალები ცრემლიანი გქონდა, ლამის ტიროდი.
_ ეს ძალზე პირადულია.
_ კი მაგრამ, ხომ გამომიტყდი, მიყვარდაო? ამაზე უფრო პირადული რა უნდა იყოს? ალბათ მასაც უყვარდი… რეზისაც.
_ არა, არ ვუყვარდი! _ ავფორიაქდი.
_ უცნაურია, _ ტუჩები დაბრიცა, _ იმიტომ წამოხვედი, რომ არ უყვარდი?
_ არა! _ გაცხარებულმა წამოვიყვირე, _ თუ ასე ძალიან გინდა იცოდე, მან მე მაკოცა! _ და თვალებმოწკურული მივაჩერდი.
ისიც ყურადღებით მაცქერდებოდა.
_ გაკოცა? მერე რა? ადრეც ხომ გკოცნიდა?
_ არა, არ მკოცნიდა. არასდროს!
_ არც ლოყაზე უჩქმეტია?
_ მსგავსი არაფერი ყოფილა!
საშკამ ძლივს შესამჩნევად აიჩეჩა მხრები.
_ ესე იგი, იმ დღეს, როცა გაკოცა, ეს ყველაფერი გახდა მიზეზი…
_ არა მხოლოდ კოცნა!
_ ააა, პირდაპირ საქმეზე გადასვლა დააპირა? _ ჩაიცინა.
მრისხანე მზერა ვესროლე.
_ ეს არ იყო ჩვეულებრივი კოცნა, ამის თქმა მინდა. ეს შეყვარებულის კოცნას უფრო ჰგავდა.
_ ხოხ! _ დამცინავად გააქნია თავი, _ და შენ? უპასუხე?
ნეტავ რა ეტაკა? რაში აინტერესებს ასეთი დეტალები?
_ არა. მე… მგონი მინდოდა მეპასუხა, მაგრამ არ ვუპასუხე.
_ მაშინ რატომ გაიქეცი? იმიტომ, რომ `კარგი გოგო~ იყავი და არ გინდოდა ასეთ სულელურ თამაშში მონაწილეობა? _ `კარგი გოგოს~ წარმოთქმისას საშკამ ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითი ორ-ორჯერ მოკაკვა და გაშალა, `ბრჭყალები~ ვიზუალურად გამოხატა.
_ მას არც უფიქრია თამაში! _ დავიღრინე და მის სახეზე სკეპტიკური გამომეტყველება შევნიშნე.
_ ძაან იცი ახლა შენ, რას ფიქრობენ კაცები. თუ საკმარისად ხარ ინფორმირებული?
_ მივხვდი, რაც სჭირდა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ის იმ დღეს ისეთ ცუდ ხასიათზე იყო, იმ მომენტში დიდად ვერც აცნობიერებდა, რომ სწორედ მე მკოცნიდა.
_ რატომ, ჩვევად აქვს ყველა კაბიანს რიგრიგობით დაეტაკოს?
მისი სარკაზმი არაფრად ჩავაგდე. მინდოდა რეზი დამეცვა.
_ ჩემი აზრით, ცოლთან უსიამოვნება ჰქონდა. იმ მომენტში, მგონი, ვიღაც სჭირდებოდა, ვისაც… ოჰჰჰ, არ ვიცი რა! ვისაც მოეფერებოდა ალბათ. ვიღაც, ვინც აჰყვებოდა ამაში, სითბოს აგრძნობინებდა. დარწმუნებული ვარ, იმწუთას ვისთვისაც უნდა ეკოცნა, მასში ნებისმიერი საკუთარი ცოლის ასოციაციას აღძრავდა.
_ ის კი, უბრალოდ, იმწუთას იქ არ იყო, არა?
ამოვიოხრე. არ მინდოდა სცოდნოდა, რეზიმ სიყვარული რომ ამიხსნა და ის, რაც გააკეთა, შეგნებულად გააკეთა.
_ ჰო, რაღაც ამდაგვარი.
_ ესე იგი, მან გაკოცა, შენ კი ამან შოკში ჩაგაგდო. შეგეშინდა, ცდუნებას არ ეძლია და კოცნაზე კოცნითვე არ გეპასუხა? ამიტომაც გაქცევა ამჯობინე?
უკვე ყელში ამომივიდა მისი დაკითხვა. ავდექი.
_ თუ ვახშმობა დამთავრდა, ჭურჭელს ავალაგებ და დავრეცხავ.
ისიც წამოდგა.
_ მომცემ ნებას, დაგეხმარო? თუ ძალიან ხარ ჩემზე გაბრაზებული? _ დამნაშავესავით მკითხა,
ისეთი სახე ჰქონდა, გადახარხარება მომინდა, თუმცა თავი შევიკავე.
_ ცდები, ვაჟბატონო! ასე ადვილად ვერ დაიძვრენ თავს! _ ეშმაკურად მოვწკურე თვალები და ღიმილით მივაჩერდი.
დარეცხვამ არ მომიწია. საშკას ჭურჭლის სარეცხი მანქანა ედგა სამზარეულოში. ამიტომ მხოლოდ შევალაგე თეფშები შიგნით, ავამუშავე და ვთქვი:
_ აჯობებს მაღლა ავიდე.
_ მეც შენთან ერთად წამოვალ. _ გამოთქვა სურვილი და უკან მომყვა.
მეორე სართულზე რომ ავედით, საშკამ მიას ოთახიც მაჩვენა. მერე თქვა, თუ ექსკურსიაა, ექსკურსია იყოსო და მთელი სართული დამათვალიერებინა.
მერე უკან გამოვბრუნდით და ჩემი საძინებლის კართან გავჩერდით.
_ ძილი ნებისა, _ დავემშვიდობე.
_ ურიგო არ იქნებოდა, ჩემს საძინებელშიც შემოგეხედა.
_ ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, _ გონებამ განგაში ატეხა.
_ რას მელაპარაკები, _ ცინიკური ღიმილით მომაპყრო თავისი ნაცრისფერი თვალები, _ მე ხომ ნათლად აგიხსენი, რომ მიას ჩემი მეგობარი გოგო ეგონები, რომელიც ჩემთან ცხოვრობს. ამის მერე შეიძლება ჩემი ოთახი ნანახი არ გქონდეს?
_ მე შენთან არ დავწვები!
_ ნუ გეშინია ასე, რას დაფრთხი? _ დამცინავად გამომხედა, _ ამით დიდ სიამოვნებასაც კი მიიღებ.
_ მომისმინე…
_ ოი, ოი, პატარა ნენე, დაწყნარდი! _ რბილად გაიცინა საშკამ, _ სხვა კაცებისგან დიდად არ გამოვირჩევი, ეს კი ნიშნავს, რომ არც მე გამიმართლებს შენთან.
_ ვერ გავიგე მაგით რისი თქმა გინდა, _ წარბები შევყარე.
_ იმის, რომ, მიუხედავად შენი სილამაზისა და მიმზიდველობისა, ჯერ ვერც ერთმა კაცმა ვერ გათქმევინა `ჰო~.
სწრაფად მოვარიდე მზერა. საშკა მიხვდა, რომ ქალწული ვიყავი.
პირი გავაღე, რათა რაღაც მახვილგონივრული მეთქვა, მაგრამ ხმაჩახრინწულმა მხოლოდ ესღა მოვახერხე:
_ შენ არ ხარ ის ადამიანი, ვისაც ნატვრად გადაექცევა ის, რასაც ვერასდროს მიიღებს, _ და თამამად გავუსწორე მზერა. მომეჩვენა, რომ საოცრად დაუთბა სახე, თვალებში სინაზე ჩაეღვარა.
_ ოხ, ნენე! _ ჩურჩულით წარმოთქვა. ისე შემომხედა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, ეკოცნა ჩემთვის, _ ღამე მშვიდობისა.
მე ხომ ცოტა ხნის წინ დავემშვიდობე, ამიტომ სიტყვაც არ მითქვამს, ისე შევედი ჩემთვის განკუთვნილ ოთახში და კარი ჩავკეტე.
ასე გემრიელად ალბათ საუკუნეა არ მიძინია. როცა გამეღვიძა, მივხვდი, რომ საშკა მართალი იყო. მის თექვსმეტი წლის დისშვილს უნდა დაეჯერებინა, რომ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით. არ გამოგვივიდოდა მისი მოტყუება. ამ ასაკში გოგონებმა სასიყვარულო ურთიერთობებზე მეტი იციან, ვიდრე მშობლებს და ნათესავებს ჰგონიათ. თუკი მე საშკას გელფრენდად უნდა გამესაღებინა თავი, როგორ არ უნდა მცოდნოდა, როგორ გამოიყურებოდა მისი საძინებელი? საშკას რომ ეთქვა, პლატონურად გვიყვარს ერთმანეთიო, მია ამას არაფრის დიდებით არ დაიჯერებდა, რადგან მაჭავარიანი ძალიან სიმპათიური და სექსუალური მამაკაცია. როცა მის სახლში ცხოვრობ, რომელ პლატონურ სიყვარულზე შეიძლება ლაპარაკი?
საწოლიდან ავდექი და მივაყურადე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. მობილურის ეკრანს დავხედე. რვა დაწყებულიყო. ნუთუ საშკა უკვე წავიდა ოფისში?
წყალი გადავივლე და ჩავიცვი.
ოთახიდან გამოვედი და ის იყო კიბეზე უნდა ჩავსულიყავი, რომ შევყოვნდი. იქით გავიხედე, სადაც ის ერთადერთი ოთახი მეგულებოდა, სადაც არ ვყოფილვარ და არ დამითვალიერებია. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ იქით გავემართე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ საშკა უკვე სამსახურში იქნებოდა წასული. კარის სახელურს თითები ჩავავლე და ჩამოვწიე.
გავაღე.
შევედი.
მისი საძინებელი ჩემსაზე ბევრად დიდი იყო, მაგრამ სხვა რამით დიდად არ განსხვავდებოდა, თუმცა საწოლის, გარდერობისა და ტუმბას გარდა ოთახში საწერი მაგიდაც იდგა, რომელზეც კომპიუტერი იდო.
საშკას ლოგინი არ იყო დალაგებული. საწოლს მივუახლოვდი და ხელი შევახე ბალიშს, რომელზეც მას წუხელ თავი ედო.
უეცრად ზურგს უკან რაღაც ხმა შემომესმა, თითქოს ნაბიჯების. ელდანაცემი შემოვტრიალდი და სახე ერთიანად ამიალდა. ჩემ წინ ის იდგა, მაჭავარიანი, შიშველი, სველი და პირსახოცშემოხვეული.
_ დილა მშვიდობისა, ნენე. კარგად გეძინა? _ გამიღიმა.
რამდენიმე წამი მისი მამაკაცური მკერდის დათვალიერებას მოვანდომე, მერე თავი ავწიე და ჩემი თვალები მისას შეხვდა.
_ შენ რომ მითხარი… _ ავბლუკუნდი, სანამ სათქმელს თავს მოვუყრიდი, _ მე… მაპატიე. ვიფიქრე, ყოველ შემთხვევაში, მართლა არ მაწყენდა მისი ოთახი მენახა-მეთქი.
_ რა მორიდებით მელაპარაკები? სულ ტყუილად. არ გიხდება ასე შეცბუნება.
_ უკაცრავად, წავალ, _ ამოვღერღე და შევეცადე, მისთვის გვერდი ამექცია, _ მეგონა უკვე წასული იქნებოდი.
_ რატომღაც მივხვდი, რომ ასე გეგონებოდა და არ ვიჩქარე, _ მხიარულად მომიგო.
ისეთი ცელქი ნაპერწკლები გაუკრთა თვალებში, ეჭვი შემეპარა, ხომ არ დამცინის-მეთქი.
_ უკაცრავად, _ კიდევ ერთხელ წარმოვთქვი ძალზე თავაზიანად იმ იმედით, რომ განზე გადგებოდა და გამატარებდა.
_ მიბრძანდი, _ თქვა, მაგრამ ერთი სანტიმეტრითაც არ გაწეულა. შექმნილმა სიტუაციამ გამაღიზიანა.
_ მგონი… ხმ… ცოტა შიშველი ხარ, _ შენიშვნა მივეცი.
_ მართალია. მაგრამ ვიმედოვნებ, ეს შენ დიდად არ გაღელვებს.
ნერვიულად გადავყლაპე ნერწყვი.
_ იოტისოდენადაც, _ შევეცადე უდარდელად წარმომეთქვა.
საშკას თბილი, მეგობრული გამოხედვა ჰქონდა, სოლიდარობის გამომხატველიც კი. მოულოდნელად თითქოს გამოერკვაო, მკვეთრად გადგა განზე და გზა დამითმო.
_ ექვსი წუთის შემდეგ ჩამოვალ და შემოგიერთდები, _ მითხრა თუ არა ეს, დამფრთხალ ბეღურასავით გამოვფრინდი საძინებლიდან.
სულელი, შტერი! ჯერ სააბაზანოში უნდა შემეჭვრიტა! _ ვსაყვედურობდი ჩემს თავს, მაგრამ კიდევ კარგი, ასე არ მოვიქეცი. წარმომიდგენია, რა დამემართებოდა, სრულიად შიშველი რომ მენახა.
დააგვიანა. რომ ჩამოვიდა, ექვსი წუთი უკვე რამდენიმე წუთის გასული იყო. მანამდე ჩემი თავის ხელში აყვანა მოვასწარი.
_ ცხრა წუთში მოვედი. _ დამნაშავესავით გამიღიმა.
_ მგონი, ჩვენ არაფერი გამოგვივა, _ ვუთხარი, როგორც კი მომიახლოვდა.
_ გამოგვივა. შენ, ალბათ, იზრუნებ იმაზე, რომ დღევანდელი სცენა მეტჯერ აღარ განმეორდეს. არ ჯობია ყავა დავლიოთ?
_ მეჩვენება თუ მიწყრები იმის გამო, რაც წეღან ჩავიდინე? _ გაოცება ვერ დავმალე.
ამაზე ორივეს გემრიელად გაგვეცინა. მერე ყავა დავლიეთ და ბუტერბროტები მივირთვით. საშკამ მითხრა, ჩემი და და სიძე მალე მოიყვანენ მიასო.
_ მართა დღეს არ მოდის? _ შევეკითხე, რადგან ქალი არსად ჩანდა.
_ სადღაც თერთმეტისკენ მოვა.
_ მიას არ გაუკვირდება, მართასთან შინაურულად რომ ვერ ვიქნები? მას ხომ არ ვიცნობ.
_ შენ გაუმკლავდები ამ გამოცდას, _ თვალი ჩამიკრა.
გუგა და სალომე მართლაც მალე მოვიდნენ და მიაც მოიყვანეს. საშკას და დანახვისთანავე მომეწონა. ჩემმა შეფმა სტუმრებს კარი გაუღო და სახლში პირველი მია შემოვარდა.
მე სამზარეულოს კართან ვიდექი, ლოყით მის ჩარჩოს მიყრდნობილი.
_ საშუკააა! _ აღტაცებული ხმით შეჰყვირა გოგონამ. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ საშკამ უთხრა:
_ მიდი და ნენეს მიესალმე.
_ ნენეს? _ ისეთი გაკვირვებული ტონით წარმოთქვა მიამ, როგორც ჩანს, მამას და დედინაცვალს არ გაუფრთხილებია, ბიძამისი მარტო რომ არ იქნებოდა.
შევხედე თუ არა გოგონას, მაშინვე მივხვდი, რომ ის უკვე აღარ იყო ბავშვი. მოტკეცილი ჯინსი ეცვა და ტოპი, შიშველ მუცელს კი პირსინგი უმშვენებდა. ყურსასმენები ფონენდოსკოპივით ჩამოეკიდა კისერზე, ხოლო მობილური მარჯვენა ხელში ჩაებღუჯა. ტიპური თინეიჯერი იყო, სოცქსელებს მიჯაჭვული.
მე გავუღიმე, ის კი უკმაყოფილოდ დაიჯღანა. საშკამ ერთმანეთს გაგვაცნო. სალომე, გერისგან განსხვავებით, თბილად მომესალმა. გუგაც, სხვათა შორის. როცა ამ უკანასკნელის დაღლილ თვალებს შევხედე, გავიფიქრე, მართლა არ აწყენდა დასვენება-მეთქი.
მიას მშობლები დიდხანს არ დარჩენილან, მალევე გაუდგნენ გზას. როცა საშკა შემობრუნდა, მიას შეხედა და უთხრა:
_ ამ ჩანთებს შენს ოთახში ავიტან.
_ იმავეში, სადაც ადრე ვიყავი?
_ არა, იქ ახლა ნენე ცხოვრობს.
_ ნენე აქ ცხოვრობს? _ სახე მოეღუშა.
_ იმედია საწინააღმდეგო არაფერი გექნება. _ ჩაიცინა საშკამ.
_ მაგრამ რისთვის სჭირდება ცალკე საძინებელი?
_ ერთ-ერთი ჩვენგანი ხვრინავს ღამე, _ წარბშეურხევლად მიუგო ბიძამ.
მია უკან მიჰყვა საშკას და ცოტა ხანში მასთან ერთადვე დაბრუნდა, თან ენა არ გაუჩერებია, სულ ლაყბობდა და ლაყბობდა, მაგრამ როგორც კი ბიძამისის `მეგობარი~ დაინახა, მაშინვე გაჩუმდა.
რა `მხიარული~ დღეც მელოდებოდა, კარგად ვხვდებოდი. როცა საშკამ თქვა, დროა სამსახურში წავიდეო, მეც მომინდა ოფისში წასვლა. ამასთან რა გამაძლებინებდა საღამომდე?
_ ყველაფერი რიგზეა, ნენე? _ შეფი მომიახლოვდა. ალბათ საშინლად შეწუხებული სახე მქონდა.
_ ყველაფერი გადასარევადაა, ბოს! _ ამოვღერღე და ძალით გავიღიმე.
_ ვეცდები დღეს ადრე წამოვიდე, _ ისევ თვალი ჩამიკრა, მერე ცალი ხელი მხარზე შემომაჭდო და ტუჩებში მაკოცა.
კინაღამ მუხლები მომეკვეთა.
_ თქვენ სერიოზული `შურიმური~ გქონიათ, _ მომიტრიალდა მია, როცა საშკა წავიდა.
_ აბა, რა ვიცი, ვცდილობთ, _ მხრები ავიჩეჩე, _ რა გინდა დღეს გააკეთო?
_ წავალ და ჩემს რამერუმეებს ამოვალაგებ.
როცა მართა მოვიდა, მია ჯერ ისევ მაღლა იყო, თავის `ახალ~ ოთახში. ავუხსენი მოსამსახურეს, ვინ იყო სტუმარი და აქ რას აკეთებდა.
_ უკვე მოიყვანეს? _ მკითხა ქალმა.
_ კი, თავის ოთახშია, ტანსაცმელს ალაგებს.
_ რა ვქნა, რამე განსაკუთრებული მოვამზადო დღეისთვის? იქნებ ხორციანი ღვეზელი გამოვაცხო, საშკას რომ უყვარს?
ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. მოსამსახურე ამ სახლის დიასახლისად მიმიჩნევდა და ჩემგან ელოდა ნებართვას.
ამ დროს მიაც გამოჩნდა. ხტუნვა-ხტუნვით ჩამოიარა ხვეული კიბის საფეხურები. ტოპი გაეხადა და გრძელი მაისური ჩაეცვა.
_ ეს ქალბატონი მართაა, _ გავაცანი გოგონას.
_ სასიამოვნოა, _ მიამ ხელი ჩამოართვა მართას, მერე კი მე მომიბრუნდა და გამომიცხადა, მივდივარო.
_ საით გაგიწევია? _ გავოგნდი.
_ `ბუწიკებში~, სხვაგან სად? წამომყვები?
არსად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ მარტოს ხომ არ გავუშვებდი? ბოლოს და ბოლოს, მასზე პასუხისმგებლობა მქონდა აღებული.
_ სიამოვნებით. დამიცადე, ჩავიცვამ და ჩანთას ავიღებ.
…მგონი, თბილისის თითქმის ყველა `ბუწიკი~ მოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი დღე ერთმანეთის გვერდით გავატარეთ, მაინც ცივად მექცეოდა, ერთი ნაბიჯითაც არ უცდია ჩემთან დაახლოება.
საშკამ სიტყვა შეასრულა და მართლაც ადრე დაბრუნდა შინ. შემოვიდა და პირდაპირ ჩემთან მოაჭრა.
_ როგორ არის ჩემი გოგო? _ ორაზროვნად გამიღიმა. უხილავ ცეცხლს აჩენდა თვალებიდან.
ოღონდ ისევ არ მაკოცოს! _ პანიკამ შემიპყრო, მაგრამ სანამ გაფიქრებას დავასრულებდი, მანამ მაკოცა და ჩემმა პანიკამ კულმინაციამდე მიღწევა ვერ მოასწრო. ნეტავ მხოლოდ მას ეკოცნა… მეც უნებურად ვუპასუხე.
_ მე არ მაკოცებ? _ ზედმეტად ხმამაღლა დაინტერესდა მია.
_ აბა რას ვიზამ, _ ხელები გაშალა ბიძამ, დისშვილს მიუახლოვდა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.
_ რა ქენით დღეს, რით გაერთეთ?
_ არც არაფრით, _ დამასწრო მიამ, სანამ ვიტყოდი, რაც გავაკეთეთ.
ვიფიქრე, ალბათ მალავს, მაღაზიებში რომ ვიყავით-მეთქი, მაგრამ როცა სუფრას მივუსხედით, გოგონამ გუდას თავი მოხსნა და სულ დაწვრილებით ჩაუკაკლა ბიძამისს, სად ვიყავით და რა შევიძინეთ.
_ მერე კი მე და ნენემ კაფეში შევიარეთ. ნენე გამიმასპინძლდა.
_ ოოო, აი, როგორი გულმავიწყი გამოვდექი, ხედავ? სულ არ გამხსენებია, რომ შენთვის ფული უნდა დამეტოვებინა. _ მითხრა საშკამ, როცა ჭამას მოვრჩით და მია სასტუმრო ოთახიდან გავიდა.
_ არა! _ შევძახე.
_ შენ არ ხარ ვალდებული, მის გამო შენი ფული ხარჯო.
_ უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ.
_ ისევ? _ ეშმაკურად მოწკურა თვალები.
როგორც ჩანს, დილანდელი ამბავი იგულისხმა, ის, რაც მის საძინებელში გადამხდა.
_ ოხ, გაჩუმდი, რა! _ დარცხვენილმა შევძახე.
საშკამ გაიცინა და ვერც მე შევიკავე თავი.
_ რატომ იცინით? _ თავი შემოყო მიამ.
_ ნენე მაცინებს, _ მიუგო ბიძამ, _ უნდა, რომ კარგ ხასიათზე დამაყენოს. დარეკა დღეს მამაშენმა? როგორაა?
_ უკეთა, ბევრად უკეთ. _ გოგონას შეეტყო, როგორ აწუხებდა მამის მდგომარეობა, რაც მესიამოვნა, თუმცა ცდილობდა ეს არ გამოემჟღავნებინა.
_ ეგ კარგი ამბავია. ახლა კიდევ ერთი კარგი ამბავი გვითხარი. სკოლას რომ დაამთავრებ, რა გეგმები გაქვს?
_ მამას უნდა, რომ მათემატიკურზე ჩავაბარო.
_ მაგარია. ვიცი, რომ მათემატიკაში ძლიერი ხარ.
_ შენ ვინ გითხრა? _ წარბები მორკალა მიამ.
_ სალომემ. ძალიან ამაყობს შენით.
_ ვიცი, _ თვითონაც სიამაყე გაერია ხმაში. მერე უცებ მე შემომიბრუნდა, _ შენ არ მუშაობ?
_ მმმ… კი, დასაქმების ბიუროში, _ მომაფიქრდა უცებ.
_ მაგრამ ჩემ გამო დროებით შვებულება აიღო, _ სასწრაფოდ ჩაერია საშკა, _ რათა შენ მარტომ არ მოიწყინო.
აშკარად არ მოჰგვარა აღტაცება ბიძის ნათქვამმა. ეჭვმა უშნოდ გამკრა, ბიძამისს ხომ არ ეპრანჭება-მეთქი. საშკა ხომ მისთვის ღვიძლი ბიძა არ იყო. თუმცა უსიამოვნო ფიქრი უმალ უკუვაგდე. საინტერესო იყო, ახლა რა მოხდებოდა, როცა ძილის დრო მოდიოდა. როგორ გავნაწილდებოდით და რა თანამიმდევრობით დავიძვრებოდით?
პირველი, ვინც წამოდგა, საშკა იყო.
_ მაპატიეთ, მაგრამ ცოტა უნდა წავიმუშაო.
მიამაც, რომელიც აშკარად მამაკაცების საზოგადოებას ამჯობინებდა, მაშინვე გადაწყვიტა მაღლა ასვლა, წყალს გადავივლებ და დავწვებიო.
_ მეც წავალ, _ ღიმილით წარმოვთქვი. მანაც გამიღიმა _ მთელი დღის განმავლობაში პირველად. ალბათ ესიამოვნა, რომ საშკამ მხოლოდ ის კი არა, მეც დამტოვა.
საერთოდ არ მეძინებოდა. პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი. წიგნი ავიღე, გადავშალე, მაგრამ სიტყვაც არ წამიკითხავს, უაზროდ ვიყურებოდი ფანჯარაში, საიდანაც ღამე ნიშნის მოგებით შემომცქეროდა.
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და ჩემი ბოსი შემოვიდა. არც კი დაუკაკუნებია.
ჩემი პულსის ნახაზი რომ შეედგინა იმწუთას ვინმეს, არითმიის მაჩვენებელ კარდიოგრამას მიიღებდა. საბანი ნიკაპამდე ავიწიე და შეფს მივაჩერდი.
_ რამის თქმა დაგავიწყდა? _ შევეკითხე.
_ ცოტა ხნით შემოგიარე, _ საწოლზე ჩამოჯდა, _ მიამ ოთახების შემოვლა დაიწყო. დაე იფიქროს, რომ ჩვენ ნამდვილად `იმნაირად~ ვართ. ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ.
_ ყველაფერი უფრო რთულად მიდის, ვიდრე მეგონა. როცა ის…
_ უარის თქმას ხომ არ აპირებ?
გადავიხარხარე.
_ ჩემი შენ გითხარიო. არანაკლებ შეძრწუნებული გამოიყურები.
_ ჩემს დას როგორ ვაწყენინო, თორემ ამ გოგოს ისე უცებ მოვუგვარებდი ყველაფერს, დარდი არ მექნებოდა. არ მინდა გავრისკო. _ რაღაც იდუმალად გამოუვიდა ნათქვამი. ნუთუ ისიც გრძნობს მიასგან რამეს და მე სულაც არ მეშლება? ამის გაფიქრებაზე მკლავები ამეხორკლა. საშკა რამდენიმე წამით გაჩუმდა და შემფასებლური მზერით შემათვალიერა, _ შენ მართლაც დაუჯერებლად ლამაზი ხარ.
_ ისა… ხომ არ გაგიგრძელდა ჩემს ოთახში ყოფნა? _ დაბნეულს ესღა მომაფიქრდა მეთქვა.
_ აქ რომ ვარ, თავს უხერხულად გრძნობ, არა?
ძალიანაც არ მინდოდა წასულიყო, მაგრამ მაინც ვთქვი:
_ ღამე მშვიდობისა, საშ… _ შემოკლებით წარმოვთქვი მისი ისედაც შემოკლებული სახელი და გავწითლდი.
ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ გაოცებისგან თვალის გუგები სულ ოდნავ გაუფართოვდა. მერე ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს სურდა დახრილიყო და ეკოცნა, მაგრამ ამ `ერთმა მომენტმა~ როგორც კი გაიარა, წამოდგა, დამემშვიდობა და გავიდა.
როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ დამეძინებოდა? თუ მართლა შესაძლებელია წვეთწვეთობით ძილის დათვლა, იმ ღამეს ერთი წვეთიც არ მიძინია.
მეორე საღამოს საშკამ მე და მია რესტორანში წაგვიყვანა. კარგი დრო ვატარეთ, ბევრი ვიხალისეთ, თუმცა არ გვიცეკვია. გარეთ ვისხედით, ვერანდაზე, ამიტომ მუსიკის ხმა ჩვენამდე მოგუდულად აღწევდა. მთელი საღამოს განმავლობაში კაცს თვალი არ მოუცილებია ჩემთვის, როცა რამეს ლაპარაკობდა, მხოლოდ მე მიყურებდა, თითქოს მია ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა. მე ამას ჩემებურად ვხსნიდი _ ასე თავისი დისშვილის თვალის ასახვევად იქცევა-მეთქი.
როცა სახლში დავბრუნდით, ისეთი დაღლა ვიგრძენი, ერთი სული მქონდა, ლოგინამდე როდის მივაღწევდი, თანაც წინა ღამის უძინარს.
_ მე, როგორც ყოველთვის, ცოტა სამუშაო მაქვს, _ გვითხრა ოჯახის უფროსმა ქალებს.
_ მაშინ ღამე მშვიდობისა, _ დაემშვიდობა მია და კიბეზე აირბინა.
მეც ჩავიდუდუნე, ტკბილი ძილი-მეთქი და მიას გზას დავადექი, მაგრამ საშკამ მკლავში თითები ჩამავლო.
_ შენც ტკბილი ძილი, საყვარელო, _ რბილად გამიღიმა, მერე თავისკენ მიმიზიდა, მკლავებში მომიწყვდია და მხურვალედ მაკოცა.
_ ძ-ძილი ნებისა, _ ენასთან ერთად ლამის ფეხებიც დამება, ძლივს ამოვისუნთქე.
მისი ტუჩები კვლავ დააკვდა ჩემსას და მეტი ვეღარ მოვითმინე. თითის წვერებზე ავიწიე, მკლავები შემოვხვიე და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. მძლავრად მიმიკრა მკერდზე. იმწუთას მიაც დამავიწყდა და ყველა და ყველაფერი გარშემო.
არ მახსოვს, პირველი მე გავერიდე თუ ის. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებდი, რომ ეს ნაბიჯი მე გადავდგი. არ მახსოვს. არადა, ნეტავ კიდევ და კიდევ გაგრძელებულიყო ეს კოცნა.
მოულოდნელად გამახსენდა, რომ მია შეიძლებოდა კიბის თავთან მდგარიყო და ჩვენთვის იქიდან ეყურებინა.
_ ძაან ხომ არ გავასერიოზულეთ ჩვენი ვირტუალური ფრენდობანა? _ ჩურჩულით ვკითხე. მკლავები ჯერ კიდევ საშკას მხრებზე მეწყო. სასწრაფოდ ჩამოვიღე ხელები და ალეწილმა ნაბიჯი უკან გადავდგი, _ აჯობებს, წავიდე, დავიძინო, _ გავაგრძელე და მზერა კიბის ბოლოსკენ გავაპარე, სადაც მია მეგულებოდა, მაგრამ იქ არავინ იდგა.
ჩქარი ნაბიჯებით ავედი მეორე სართულზე და ჩემს ოთახში ისე შევედი, უკან არ მიმიხედავს.
დროზე უნდა შევჩერდე! ნეტავ რისი იმედი მაქვს მუყაოსფრთებიანს? ღმერთო, როგორ მაკოცა! და როგორ მინდა კიდევ ბევრჯერ მაკოცოს!
იმ ღამეს კი მეძინა, მაგრამ ცუდად. თავს მხოლოდ იმით ვიიმედებდი, რომ საშკას კოცნაც მხოლოდ მიას სადემონსტრაციოდ იყო მოწყობილი.
დილით, სააბაზანოდან გამოსულს კარის ქვეშ წერილი დამხვდა: `ოფისში წავედი. სავარაუდოდ, გვიან დავბრუნდები. კარგ დღეს გისურვებ. სშკ.~
ყველაზე მეტად სშკ მომეწონა, მისი სახელი ხმოვნების გარეშე. გადავწყვიტე, ხანდახან ასე მიმემართა მისთვის და გამემხიარულებინა. ყველაზე მეტად კი იმან შემაშფოთა, წერილი რატომ დამიტოვა. ხომ შეეძლო ეს ყველაფერი პირადად ეთქვა? შესაძლოა წუხანდელი კოცნის ბრალია. რომ არა ის კოცნა, ალბათ, ასეც მოიქცეოდა. ვითომ წუხელ სასმელმა დარია ხელი?
_ დღეს რა გავაკეთოთ? _ ვკითხე მიას საუზმის შემდეგ.
_ რაც გინდა, _ მშრალად მომიგ(დ)ო.
_ ისევ ხომ არ გვეხეტიალა მაღაზიებში?
ამან ცოტა გამოაცოცხლა, მაშინვე წამოხტა და მზადყოფნა გამოთქვა.
_ ის ლურჯი კაბა კიდევ ერთხელ უნდა მოვიზომო. ვნანობ, რომ არ ვიყიდე…
როგორც იქნა, გადაწყვიტა და იყიდა. კონსულტანტმა კაბა ბრენდისემბლემიან მუყაოს კოხტა ჩანთაში ჩადო და მშვიდობაშიო, ღიმილით დააყოლა.
_ შენ სად დადიხარ ხოლმე, როცა გშია? _ მკითხა, როცა მაღაზიიდან გამოვედით.
ადრე, სანამ რეზისთან ვმუშაობდი, ერთ პატარა კაფეში ვსადილობდი, სადაც უგემრიელეს აჭარულ ხაჭაპურს აცხობდნენ და საოცარ სალათებს აკეთებდნენ, ამიტომ არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე:
_ მე ვიცი ერთი კარგი ადგილი.
ოფიციანტმა შესვლისთანავე მიცნო, რაც ძალიან გამიხარდა. მე აჭარული ხაჭაპური მივირთვი, მიამ _ სალათა `კეისარი~, რომელსაც, რატომღაც, ქართველებმა `ცეზარი~ შევარქვით.
ის იყო, გზას უნდა გავდგომოდით, რომ უცებ ვიღაცამ დამიძახა:
_ ნენე!
არსაით გახედვა არ დამჭირვებია, რადგან რეზი თალაკვაძეს პირისპირ შევეჩეხე.
_ რეზი! _ მეც შევყვირე და შეშინებული მივაჩერდი ჩემთვის ოდესღაც სანუკვარ მამაკაცს. სამსახურის მიტოვების შემდეგ ეს ჩვენი მეორე შეხვედრა იყო, _ როგორ ხარ?
_ ისე რა. მომენატრე.
საშინლად შევცბი. ნეტავ მია არ ყოფილიყო ამწუთას ჩემ გვერდით.
_ ისა… ელენე როგორაა? შეურიგდი?
_ არა, განქორწინების პროცესში ვართ, _ სინანულშეპარული ხმით მითხრა.
თანაგრძნობით სავსე მზერა მივაპყარი. მათ ხომ სულ ცოტა ხნის წინ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
_ ცუდია…
_ რაცაა ესაა. რას შვრები, ისევ იქ მუშაობ?
_ ჰო, მაგრამ დროებით.
_ ჰოდა, დაბრუნდი ჩვენთან. ვიცი, რომ მივქარე და ძალიანაც ვნანობ, მაგრამ ვერაფერს გავაწყობ. მართლა ვნანობ, ნენე, უნდა დამიჯერო.
ღმერთო, როგორ დავიბენი. არადა, წინა შეხვედრაზე როგორ მთხოვდა, შევხვდეთ ერთმანეთს და ვცადოთ, იქნებ გამოგვივიდესო.
ასე უცებ რამ შეცვალა ნეტავ? ხომ არ მატყუებს და ელენეს ხომ არ შეურიგდა?
_ რა თქმა უნდა, მჯერა შენი. მაპატიე, გვეჩქარება. მერე დაგირეკავ, კარგი? ნახვამდის, რეზი! _ მიას ხელკავი გამოვდე და სწრაფად გამოვედით კაფედან. ვგრძნობდი, ცივი ოფლი როგორ მასხამდა.
_ ეს ვინ იყო? _ მკითხა გოგონამ, როცა გვარიანი მანძილი გავიარეთ.
_ ადრე მასთან ვმუშაობდი, _ გულგრილი ტონით მივუგე.
სანამ სახლამდე მივაღწევდით, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ვიყავით ჩაფლული.
ცხრა ხდებოდა, საშკა რომ მოვიდა. სამზარეულოში ჭურჭელს ვრეცხავდი. ზურგიდან მომიახლოვდა, თავისკენ შემომაბრუნა და თვალებში ჩამხედა.
_ რა დაღლილი სახე გაქვს, _ ჩურჩულით ამოთქვა და მსუბუქად შემეხო ტუჩებზე. ამას მთლად კოცნას ვერ დავარქმევდი.
_ დღესაც ვიბოდიალეთ მე და მიამ და როგორ გგონია, არ დავიღლებოდი?
მან ცალი ხელი წელზე მომხვია.
_ იცი, რომ შენი დამსახურებით შინ მოსვლა მიხარია? _ და თავის წრიული მოძრაობით სახეზე სული შემიბერა.
მის ნათქვამზე გამეცინა.
_ გშია?
_ უფრო ყავას დავლევდი.
_ მეც დავლევ შენთან ერთად. _ უცებ მიას და კარის მიჯახუნების ხმა ერთდროულად მოისმა.
_ შენ პატარა ხარ ჯერ, ამ დროს შენი ასაკის გოგოებისთვის ყავა არ შეიძლება, _ საჩვენებელი თითი ცხვირზე ჩამოჰკრა საშკამ დისშვილს.
მიამ ტუჩები გაბუშტა.
_ პატარა არ ვარ!
_ ხარ! და უნდა დამიჯერო. მე უკეთ ვიცი, _ იგივე თითი ახლა ცხვირწინ გაუქნია ბიძამ.
მია მიხვდა, რომ მასთან კამათით ვერაფერს გააწყობდა და უეცრად სახე გაებადრა.
_ მე კაბა ვიყიდე!
_ აბა, მაჩვენე! _ საშკამაც ძალად გაიბადრა სახე, რათა მისთვის ესიამოვნებინა, მე კი თვალი ჩამიკრა. მერე კი, როცა გოგონამ კაბა მის თვალწინ გაშალა და სხეულზე მიიფარა, ქათინაურებად დაიღვარა, რა მაგარი კაბააო.
ყავა სასტუმრო ოთახში გავიტანე. თან ვსვამდით, თან ვმასლაათობდით.
_ რას ნანობდა ის რეზი ასე მწარედ? _ მოულოდნელად შემეკითხა მია.
საშკამ მკვეთრად მოატრიალა თავი ჩემკენ.
_ ვინ რეზი? თალაკვაძე?
_ შემთხვევით შევხვდით დღეს მე და მია. _ სრული სიმშვიდით მივუგე, თუმცა დავიძაბე.
_ ნენეს სთხოვა, ჩემთან დაბრუნდი სამსახურშიო. კიდევ რა თქვა? ჰო, ცოლს ვშორდებიო.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სული ამომხდა. ჰაერი მთლიანად ამოიტუმბა ჩემი სხეულიდან და სივრცეს შეერია. ამოსუნთქვა ვეღარ შევძელი. თითქოს გულსაც შეეკუმშა გული, დაგადუგი შეწყვიტა.
_ მართლა? _ თვალი თვალში გამიყარა საშკამ.
_ მან ასე თქვა. _ უემოციოდ მივუგე.
მეტად აღარ დამლაპარაკებია, მიასთან გააბა საუბარი, მამამ თუ დაგირეკაო…
მუნჯივით ვიჯექი. გამშრალი, გახევებული. რა გამიკეთა ამ გოგომ! აშკარად მოსწონს საშკა, რახან ასე უმოწყალოდ ჩამიშვა. წარმომიდგენია, როგორ ვერ მიტანს. ოხ, ეს თანამედროვე ახალგაზრდობა. ამას რა ჰგონია? რადგან სისხლით ნათესავები არ არიან, `ნახევარბიძასთან~ რომანის გაბმის უფლება აქვს? ხომ გაუსკდება სალომეს გული! აი, რატომ მთხოვა საშკამ, მიასთან მარტო არ დამტოვოო. ამას უფრთხოდა ალბათ. მეც არ გამიკვირდა, იმ დღეს რომ მითხრა, არ მინდა ჩემს დას ვაწყენინო, თორემ მიას ერთ ადგილას მოვსვამდიო. რა მიამიტი ვარ, აზრადაც არ გამივლია მსგავსი რამ. თურმე ყველაფრისთის მზად უნდა იყო ადამიანი და არაფერი გაგიკვირდეს.
ახლა რა მოხდება? რეზის გამო საშკა ახსნა-განმარტებას მომთხოვს? რა უფლებით? ან რომც მომთხოვოს, მე რა შუაში ვარ? შემთხვევით შემხვდა ადამიანი და ბოდიში მომიხადა, პაემანზე კი არ დამპატიჟა! მაგრამ სამუშაო რომ შემომთავაზა?
ნეტავ რას ვნერვიულობ. მე უკვე მზად ვარ. როგორი სეტყვაც მოვა, ისეთი ქვა დავხვდები. თავს აღარავის დავაჩაგვრინებ, მით უმეტეს, როცა დამნაშავე არაფერში არა ვარ.
_ რაო მამაშენმა? _ ჩემი ბოსის ხმამ ფიქრები გამიფანტა.
_ რა ვი, არაფერი. მინდა მალე დაბრუნდნენ. ჩემს სახლში მომენატრა ყოფნა.
_ და აურზაურის მოწყობა, არა? ერთხელ რომ მოაწყვე ისე.
მიამ გაიცინა.
_ ვითომ ისეთი რა გავაკეთე? მუსიკა გვქონდა ხმამაღლა ჩართული, კარაოკეს ვმღეროდით, ვცეკვავდით.
_ და წივილ-კივილობდით, _ გადაიხარხარა საშკამ.
_ ოოჰ, კაი რა. დიდი ამბავი.
_ რა დიდი ამბავი, მეზობლებმა პატრული გამოიძახეს.
_ იმიტომ, რომ სოფლელები არიან! _ გაღიზიანდა მია და სახეზე წამოწითლდა.
_ კარგი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. შენ ის მითხარი, ხვალ რა გეგმები გაქვთ შენ და ნენეს, _ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი `ნახევარბიძამ~.
_ შენ არც ხვალ შემოგვიერთდები? _ მიანათა გოგონამ საყვედურით სავსე თვალები.
_ არა, მე არ მცალია. საღამოს მხოლოდ, გვიან. სამაგიეროდ, კვირას თქვენს განკარგულებაში ვიქნები.
_ წავალ, დავწვები, _ უკმაყოფილოდ ჩაიდუდღუნა მიამ, მობილურს ხელი დაავლო და მეორე სართულზე ავარდა.
საშკა ოდნავ გვერდზე შებრუნდა და თვალი გააყოლა, მერე კი მე მომიბრუნდა:
_ კარგად იქცევა?
_ არა უშავს. ჯერ არაფერი დაუშავებია. _ მზერა ავარიდე.
_ შენ არ აპირებ დაძინებას?
_ ვაპირებ, ოღონდ შენ შემდეგ, რათა ისევ ოთახში არ შემომივარდე, _ გავიღიმე.
_ შენ რა, ჩემი შემოსვლა დისკომფორტს გიქმნის?
_ არა. _ ხმადაბლა მივუგე და ახლაღა შევამჩნიე მის წარბებს შორის გაჩენილი უკმაყოფილების ნაკეცები.
_ იმედია, თალაკვაძის წინადადებაზე დათანხმებას არ აპირებ… _ შემომაპარა.
_ ჰუუუ, _ ხმაურიანად ამოვიოხრე, _ სხვათა შორის, მასთან არც ისე ცუდად ვგრძნობდი თავს. _ ჯიბრზე ვუთხარი, ცოტას გავაღიზიანებ-მეთქი.
_ მასთან დაბრუნება გინდა?
_ შენ კი ჩემს გაშვებაზე ოცნებობ, არა?
_ საიდან მოიტანე? ეს რომ მინდოდეს, პირდაპირ გეტყოდი, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე.
_ რა ვიცი, დაკითხვას კი მიწყობ და…
_ იმიტომ, რომ არ მინდა ვინმემ ღირებული თანამშრომელი დამაწეროს.
თავი სწრაფად ავწიე.
_ მე შენთვის ღირებული ვარ? აქამდე არასდროს გითქვამს.
_ არ მიფიქრია, რომ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა.
მოულოდნელად სურვილმა წამომიარა, მოვქცეულიყავი ისე, როგორც არასდროს. ავდექი, მაგიდას შემოვუარე, საშკას მივუახლოვდი, დავიხარე და ტუჩებში ვაკოცე.
_ მაპატიე, რომ არასწორად გავიგე. მადლობა დაფასებისთვის. _ ვთქვი და გავწითლდი.
_ ჰმ… ასე საყვარლად ჩემთვის პატიება ჯერ არავის უთხოვია, _ გაიცინა საშკამ.
ნეტავ თვითონ არ მაკოცებს?
მან ხელი მომკიდა და ჩემი თითები ტუჩებთან მიიტანა.
_ შენ მართლაც განსაკუთრებული ხარ, ნენე!
იმის ნაცვლად, უფრო ახლოს მივსულიყავი მასთან, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
_ დილით ადრე გახვალ? _ სიტყვა ბანზე ავუგდე.
_ ჰო, ამიტომ ძილის დროა. ვხედავ, ერთი სული გაქვს, როდის მიაღწევ ლოგინამდე, _ ღიმილად დაიღვარა.
მეც გავიღიმე და ასე ვიღიმოდი, სანამ ჩემს საძინებელს მივაშურებდი. მართალია, არ მაკოცა, მაგრამ სამაგიეროდ ღირებულ თანამშრომლად მაღიარა. თანაც, განსაკუთრებული ხარო, მითხრა. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ დროებითი სამუშაოდან მუდმივზე გადამიყვანს და არსადაც არ გამიშვებს.
მე მას ვჭირდები!
დილით საშკა მართლაც ადრე გავიდა. გავიგონე, როგორ გაიჯახუნა კარი. ადგომა არ ვიჩქარე, რადგან მია გვიანობამდე იძინებდა.
ისევ წამართვა ძილმა თავი და მხოლოდ მაშინ გამომეღვიძა, მიამ რომ მომიკაკუნა.
_ რას ვაკეთებთ დღეს? _ თავზე წამომადგა.
_ არ ვიცი. _ წამოვხტი, ხალათი მოვისხი და სააბაზანოში შევედი.
ცოტა ხანში იქაც მომიკაკუნა.
_ ახლავე გამოვალ! _ გავძახე, მაგრამ მან უკვე შემოაღო კარი და შხაპის ქვეშ შიშველი რომ დამინახა, ისე შემათვალიერა, თითქოს ბუტიკის ვიტრინაში გამოფენილი კაბა ვიყავი.
_ მიხურე კარი!
_ ვიღაც მებო გირეკავს ისტერიკულად.
_ უთხარი, გადმოგირეკავს-თქო!
სწრაფად გადავივლე წყალი და ფართხაფურთხით გამოვედი.
მებოს ეგრევე გადავურეკე.
_ ვისთან ერთად ხარ? _ დაინტერესდა.
_ ჩემი უფროსის დისშვილია.
_ სად ხარ, სად მოგაკითხო?
ცოტათი დავიბენი.
_ რა ხდება, მშვიდობაა?
_ კი, უბრალოდ, ამ დღეებში მივდივარ ბათუმში და წასვლის წინ მინდოდა მენახე. დაგპატიჟებ სადმე, გოგოშკა! მერე როდის გნახავ, კაცმა არ იცის.
_ მებო, მარტო არ ვარ, ხომ გითხარი. მიას ვერ დავტოვებ.
_ წამოიყვანე ეგეც, რა პრობლემაა? კაი ტიპშა თუა, მით უფრო, _ გაიცინა.
შევთანხმდით. საღამოს ექვსისთვის გამოგვივლიდა მანქანით და რესტორანში წაგვიყვანდა.
შესანიშნავი დრო გავატარეთ. მიას ძალიან მოეწონა მებო. ეს არ იყო ძნელი შესამჩნევი. იქნებ საშკაზე აღარ იფიქროს და მებოზე გადაერთოს? ამაზე ფიქრი ამეკვიატა.
შინ ცხრაზე დავბრუნდით, რადგან პანდემიის გამო რესტორანი ადრე იხურებოდა. საშკა ჯერაც არ მოსულიყო. მია მაღლა ავიდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ ჩამოვიდა. ერთიანად გაფითრებულიყო.
_ მაღებინა, _ თქვა თვალცრემლიანმა.
_ უი, რატომ? რაღაცამ გაწყინა ალბათ, მაგრამ ისეთი რომ არაფერი გვიჭამია? _ ჭურჭლის ტილო დავასველე და შუბლზე დავადე.
_ არა, მოწამლული არ უნდა ვიყო. ბოლო დღეებია ცუდად ვარ.
_ წადი, დაწექი. თუ ჭამა მოგინდეს, დამი…
_ გეხვეწები, საჭმელზე აღარ მელაპარაკო! _ წაიტირა.
_ როგორც გინდა. დაწვები?
_ ჰო, ცოტა ხანს წამოვწვები. საშკას მინდა დაველოდო.
ისევ ავიდა, მე კი სამზარეულოში გავედი, ტილო, რომელიც წეღან მიას შუბლზე დავადე, ამოვრეცხე და იქაურობაც მივალაგე.
ათი ხდებოდა, ჩემი ბოსი რომ მოვიდა. მია უკვე უკეთ გრძნობდა თავს. როგორც კი მისი მანქანის ხმა გაიგონა, მაშინვე ჩამოვიდა, თუმცა სიფითრე ისევ გადაჰკრავდა.
საშკას ეს არ გამოჰპარვია.
_ პრივეტ! რა გჭირს? _ ჰკითხა დისშვილს.
_ არაფერი, კარგად ვარ. _ კნავილით მიუგო გოგონამ.
_ ცოტა შეუძლოდ იყო. მგონი, გაუარა. გშია? _ თვალები მივანათე.
_ არა, ყავას დავლევ მხოლოდ.
სამზარეულოში გავედი. ისიც შემომყვა.
_ სანდვიჩს გაგიკეთებ, თუ გინდა. ყავას მოუხდება. _ თავის მოუბრუნებლად ვუთხარი.
_ შენთვის უთქვამს ვინმეს, რომ არაჩვეულებრივი ფერის თვალები გაქვს? ერთ შეხედავ კაცს და ეგრევე დააგდებ.
_ რამდენი ნაჭერი გაგიმზადო? _ ავისხლიტე მისი შეკითხვა.
მან ზურგიდან ხელი მომხვია, თავი გადამიწია და ყულზე მაკოცა. სასწრაფოდ განზე გავიწიე.
_ მაპატიე, მეშინია მია არ შემოვიდეს. ხომ იცი, მოულოდნელად იცის გამოჩენა.
_ დღემ როგორ ჩაიარა? რა დაემართა, ცუდად რატომ გახდა?
მეც ყველაფერი ჩავუკაკლე.
_ მერე რაო მებომ, მოეწონა მია?
_ კი… და მიასაც მოეწონა. კარგი დრო ვატარეთ. ალბათ რაღაცამ აწყინა. მოვიდა თუ არა, აღებინა.
_ არა უშავს, გაუვლის, _ დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა საშკამ და მაგიდას მიუჯდა.
კვირას ყველაზე ადრე მე ავდექი და მაშინვე მიას მივაშურე. მაინტერესებდა, როგორ გრძნობდა თავს.
_ უკეთ ხარ? _ საწოლზე ჩამოვუჯექი. _ გინდა აქ ამოგიტანო საჭმელი?
_ არააა, _ ამოიკვნესა გოგონამ.
_ რა იყო, ჭამა არ გინდა?
უარის ნიშნად თავი გააქნია, მერე კი დაამატა:
_ არ მინდა შენ და საშკას თავი მოგაბეზროთ. მეშინია, მერე აღარ დამტოვებთ თქვენთან.
_ კარგი რა, მია. ეგ რამ გაფიქრებინა? _ შემეცოდა, _ წავალ, ყავას მაინც ამოგიტან.
მიამ თავი საბანში შერგო. მე კი სამზარეულოში ჩავედი. ამასობაში საშკაც ადგა და შემომიერთდა.
_ გავიდეთ სადმე? _ მკითხა, სანამ ყავას მოვამზადებდი.
_ მია ვერ არის კარგად.
_ ვააა, კიდევ? არ გაუარა? რამე სერიოზული ხომ არ სჭირს?
_ არა მგონია. ჭამა არ მინდაო. დღეს იყოს სახლში, ცოტა გამოშუშდეს. სადილს მოვამზადებ, ოღონდ შენ მოგიწევს საყიდლებზე გასვლა. ღორის ხორცს თუ მომიტან, ჩავშუშავ კარტოფილთან ერთად. _ ვთქვი და გამეცინა.
_ რა გაცინებს? _ კოპები შეიკრა.
_ ვერ წარმომიდგენია ამხელა `ფილარმონია~ კაცი მწვანილებითა და ხორცით ბაზარში.
_ იმის თქმა გინდა, რომ არ მომიხდება? თუ თავს ვერ გავართმევ?
ისევ სიცილი ამიტყდა. მან მკლავები მომხვია.
_ ბაზარში არა, მაგრამ სუპერმარკეტში წასვლა შემიძლია. _ უჩურჩულა ჩემს ყელს.
_ ასე აპირებდი ჩემთვის ყავის ამოტანას? _ გაისმა ამ დროს მიას ხმა, რომელიც სამზარეულოს კარში გახიდულიყო.
ერთიანად ავირიე. თვი უხერხულად ვიგრძენი. საშკამ ცხვირზე ჩამომკრა საჩვენებელი თითი და გავიდა. მე კი ხმის ამოუღებლად ყავას მივუბრუნდი.
მია გაბრაზებული გავარდა სამზარეულოდან და მერე მთელი დღე თავისი ოთახიდან არ გამოსულა, საწოლიდანაც არ ამდგარა. რამდენჯერ მოსაკითხად შევედი, იმდენჯერ ეცადა დავერწმუნებინე, რომ უკეთ იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი. მაშინებდა მისი მდგომარეობა.
როცა საშკა მარკეტიდან დაბრუნდა, სადილი მოვამზადე და მას ჩემი შიში გავუმხილე. თუ ხვალაც არ გამოკეთდება, სასწრაფოს გამოვუძახოთ-მეთქი.
ჩემს უფროსს ხასიათი გაუფუჭდა. სადილის შემდეგ თავის კაბინეტში შეიკეტა და საღამომდე გარეთ ცხვირი არ გამოუყვია. მე კი გული მიმდიოდა, ისე მინდოდა მის გვერდით ყოფნა, თუმცა რისი იმედი უნდა მქონოდა? მას რომ არ ვუყვარდი, აშკარა იყო. უბრალოდ, როგორც ქალი, მოვწონდი და როცა მოიხელთებდა, მსუბუქ საუზმესავით მაგემოვნებდა. ამით ნიადაგსაც მისინჯავდა, ვიყავი თუ არა მზად, მისი გავმხდარიყავი. კარიერული წინსვლისთვის ხომ ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ჩემთვის! თვითონაც ალბათ ამას ფიქრობდა.
ამის გააზრებაზე შემაჟრჟოლა. რა ამაზრზენად ვიქცევი! ნეტავ არ შემყვარებოდა! უკვე ისე დამახვია თავბრუ, ჩემი თავის იმედი აღარ მაქვს. ამისთვის ველოლიავე ჩემს ქალწულობას ამდენი წელი? თუმცა რა თავში ვიხლი, ვის ვუნახავ? იმას მაინც ჩავაბარებ, ვინც მიყვარს. ალბათ ამწუთას სხვის თვალში რა სასაცილო ვარ! რა იქნება, სიგიჟემდე შევუყვარდე? ვითომ რითია ჩემზე უკეთესი? იმით, რომ მას ფული ამძიმებს, მე კი უფულობა?
რაც არის, არის, რახან დავიწყე, ბოლომდე მივყვები. მართალია, ისეთ თამაშში ჩავები, რომლის წესები არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ მაინც მამშვიდებს _ მე წასაგები არაფერი მაქვს.
არადა, ოთახიდან არც კი გამოვიდა. რა ქნას, მიჩვეულია მარტო ცხოვრებას. მას ახლა მე და მია ორივე დისკომფორტს ვუქმნით. ვერ პოულობს ჩვენთან საერთო ენას.
ამ მიასაც რა ეტაკა მაინცდამაინც ახლა? დღეს სამივე ერთად ვიქნებოდით, სადმე წავიდოდით…
უცებ ისეთმა აზრმა გაიელვა, თავზარი დამეცა. ორსულად ხომ არ არის ეს გოგო? აქამდე როგორ არ ვიფიქრე? ვაითუ…
მაშინვე მის საძინებელში შევაჭერი და ყოველგვარი შესავლის გარეშე შევეკითხე:
_ მია, რამდენი დღეა ღებინების შეგრძნება გაწუხებს?
_ ორი-სამი დღე იქნება ალბათ, _ თვალი ძლივს გაახილა და საბნიდან გამომხედა.
_ ხვდები ვინმეს? იმას ვგულისხმობ, მეგობარი ბიჭი გყავს? ბოიფრენდი? _ დავუკონკრეტე.
_ არააა.
_ რატომ, არავინ გიყვარს? ან არ მოგწონს?
_ არავინ.
_ სულ არავინ? _ არ მოვეშვი და ჩავეძიე, იქნებ ვათქმევინო-მეთქი.
_ მე საშკასნაირი ბიჭები მომწონს. ეგეთები კი სადღა არიან. ამიტომაც…
_ მაგრამ საშკა შენი ბიძაა, ხომ იცი ეს, არა?
_ ვიცი. მას სხვანაირად კი არ ვუყურებ, უბრალოდ, მისნაირი ვინმე მინდა მიყვარდეს. სულ ესაა, _ ისე გულწრფელად მითხრა, დავიჯერე და ვიგრძენი, შვებით როგორ ამოვისუნთქე. არადა, როგორ დავაბრალე, ეძალება-მეთქი.
_ ჩემი მებო არ მოგეწონა?
_ ძალიან, მაგრამ ის ასაკით ჩემზე ბევრად დიდია. არც კი შემომხედავს, _ სუსტად გაიღიმა.
_ მაგაზე მე ვიზრუნებ, ოღონდ მანამდე ერთი რამე უნდა მითხრა.
_ გისმენ, _ საბნიდან ამოიწია და სულგანაბული მომაჩერდა.
შევყოყმანდი. მერიდებოდა მეკითხა, ვინმესთან სექსი ხომ არ გქონდა და ორსულად ხომ არ ხარ-მეთქი, მაგრამ სხვანაირად სიმართლე როგორ გამეგო? იქნებ თვითონაც არ იცის, რა სიმპტომები ახლავს ფეხმძიმობის პირველ თვეებს? ჯერ მაინც ბავშვია. არა, არ ღირს ამის შეკითხვა, შეიძლება გული ვატკინო. შეიძლება თავიც შევაძულო.
_ ოდესმე ვინმეს უკოცნია შენთვის?
დაიჯღანა. მერე ახითხითდა და ხმადაბლა გამანდო:
_ ერთხელ დავთვერი და ერთმა ბიჭმა მაკოცა, მაგრამ არ მომეწონა. მას მერე არავის.
ორივეს გაგვეცინა. სულაც არ იყო ცუდი გოგო, რას ვერჩოდი? თმა მოვუჩეჩე, ჩაწექი, არ გაცივდე-მეთქი, ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე და კარისკენ დავიძარი. სანამ გავიდოდი, მივუტრიალდი:
_ თუ ხვალაც ასე იქნები, სასწრაფოს გამოვუძახოთ. მეშინია, რამე არ გამოგვეპაროს. კარგი?
თავი უსიტყვოდ დამიქნია და ისევ საბანში ჩაძვრა…
საღამომდე ჩემთვის ვიბოდიალე. ვცდილობდი, საშკასგან თავი შორს დამეჭირა. რახან თვითონ გაურბოდა ჩემს სიახლოვეს, ზედმეტად რატომ შევჩხეროდი თვალში?
მხოლოდ ვახშამზე შევიკრიბეთ სამივე ერთად.
_ მადლობა ღმერთს, რახან რაღაც შეჭამე, _ გავუღიმე მიას, უგემურად რომ ილუკმებოდა.
_ რომ არ ვჭამო, მთლად დავსუსტდები, _ კვნესით წარმოთქვა და ხიზილალიან პურს ჩაი დააყოლა, _ მადლობა, მოვრჩი. მე წავალ, დავწვები, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
_ მიდი, მიდი, მეც მალე ამოვალ, _ ვუთხარი და თვალებით გავამხნევე.
_ მართლა ვერ არის კარგად, _ თქვა საშკამ, როცა მიამ დაგვტოვა.
_ მეც მაგას ვამბობ. ხვალ თუ უკეთ არ იქნა, აჯობებს, ექიმმა ნახოს.
_ სასწრაფოს გამოიძახებ თუ წავიყვანოთ კლინიკაში?
_ არ ვიცი, ვნახოთ. გააჩნია, როგორ იქნება.
_ ჩემი დახმარება გჭირდება?
_ თუ რამე საშინელება არაა, მეც გავართმევ თავს, მაგრამ დასაწოლი რომ გახდეს, მარტო ჩემს თავზე ამას ვერ ავიღებ.
_ მესმის შენი. კარგი, ნახეთ. თუ რამეა, დამირეკე და მაშინვე თქვენთან გავჩნდები. _ თქვა და უცებ რაღაცნაირად შემომხედა, _ მაგნოლიასავით ხარ _ თეთრი, თვალში საცემი და სურნელოვანი. მართლა ლამაზი ხარ, არ ვიტყუები.
ვგრძნობდი, როგორ ვდნებოდი მის სიტყვებზე. მადლობა-მეთქი, ჩავიჩურჩულე და ავდექი. მაგიდა არც ამილაგებია, ისე ავედი ჩემს ოთახში.
დიდხანს ვერ დავიძინე. ლამაზი ხარო. რა ბედნიერებაა, ამას მაინც რომ აღნიშნავს. სიყვარულს მოუკვდა პატრონი! ჩემთვის ამის თქმაც საკმარისია. ესე იგი, მამჩნევს!
ის იყო, ჩავთვლიმე, რომ კარი გაიღო და მია შემოვიდა.
_ უარესად ვარ, ნენე! _ გოგონა მძიმედ სუნთქავდა.
მაშინვე წამოვხტი. ბავშვს სახეზე ფერი არ ედო, ტუჩები მიტკლისფერი გახდომოდა.
_ რა გტკივა? _ საწოლზე ჩამოვსვი.
_ მუცელი. აი, აქ, _ ხელი მარჯვენა მხარეს დაიდო.
_ ისევ აგერია გული?
_ ცოტა.
ვაითუ ბრმა ნაწლავია? სასწრაფო ზომები უნდა მიმეღო.
_ აქ მომიცადე, ახლავე დავბრუნდები! _ პლედი მხრებზე მოვახვიე და საშკას ოთახისკენ გავქანდი.
ჩემდა გასაკვირად, მას შუქი ენთო. უბოდიშოდ შევაღე კარი.
იწვა და წიგნს კითხულობდა. კედლის საათს ავხედე. პირველის ნახევარი გამხდარიყო, მე კი მეგონა, სამი მაინც იქნებოდა.
_ ნენე? _ საშკამ წიგნი დახურა და გვერდზე გადადო.
_ ცუდადაა ბავშვი, მუცელი მტკივაო. რა ვქნათ?
საშკა ისე მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, გამიკვირდა.
_ როგორ ფიქრობ, რა უნდა იყოს? _ დაეჭვებით შემომხედა, ადგომა არც უცდია.
მივხვდი, ჩემსავით მის ორსულობაზე გაიფიქრა.
_ შენ რაც გგონია, ის არ არის. უფრო, ალბათ, ბრმა ნაწლავია. შეგიძლია სასწრაფო გამოიძახო? _ შეშფოთებას ვერ ვმალავდი.
_ არა, აჯობებს ჩვენ თვითონ წავიყვანოთ, რათა დრო არ დავკარგოთ. ორი წუთი მაცალე, ჩავიცვამ, _ თქვა და წამოდგა.
_ მაშინ მეც ჩავიცვამ, _ ვთქვი და ლამის სირბილით გავედი მისი საძინებლიდან.
ორის ნახევარი იყო, როცა მე და საშკა კლინიკიდან დავბრუნდით. მიას დიაგნოზი მალევე დაუსვეს: მოწამვლა. მაშინვე გამორეცხვები გაუკეთეს და ერთი ღამით დატოვეს, დავაკვირდებითო.
_ რამეს ხომ არ დალევ? _ შევეკითხე საშკას, როგორც კი პირბადე მოვიხსენი.
_ მე თვითონ მივხედავ, _ მითხრა და სამზარეულოში გავიდა. მეც უკან მივყევი.
_ ალბათ, აჯობებს, ჩემი ნივთები ჩავალაგო და ავიბარგო. _ ფრთხილად წარმოვთქვი, სანამ ჩემი ბოსი კოქტეილს ამზადებდა.
_ ნივთები? რატომ? _ გაოცებული მომიბრუნდა.
_ რიღასთვის უნდა დავრჩე, როცა მია საავადმყოფოშია? ჩემი მისია ამოიწურა. ორ დღეში შენებიც ჩამოვლენ.
_ არ მინდა წახვიდე! _ ბრაზიანად წამოიძახა.
უეცრად ტირილი მომინდა, ამიტომ მაშინვე გამოვედი სამზარეულოდან. არ მინდოდა ატირებული დავენახე.
ჩემს საწოლზე ჩამოვჯექი და სიბრაზისგან ავდუღდი. რა უნდა ჩემგან, რას ელის? ვინ ვგონივარ? რა უფლება აქვს, დარჩენა მიბრძანოს მაშინ, როცა არ ვუყვარვარ? მორჩა. დილით ავდგები და წავალ. მია შეიძლება ხვალ არც გაწერონ. სამშაბათს კი სალომეც ჩამოვა და მამამისიც.
ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.
_ მაპატიე, არ მცალია, თუ იმის… _ დავიწყე გაბრაზებულმა, როცა საშკა ოთახში შემოვიდა, მაგრამ მან ისე გაიღიმა, უკვე ვიცოდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა.
_ ბოდიშს გიხდი, მე ცხოველი ვარ, _ თქვა მან.
_ დიახაც, _ მშვიდად დავეთანხმე. _ შემდეგი განაცხადის გაკეთება ხომ არ გინდა?
_ კი, მაგრამ უფრო შეკითხვა მაქვს. მაპატიებ?
თვალებში შევხედე და გული მტკივნეულად შემეკუმშა.
_ მაპატიე, _ გამოკვეთილად თქვა მან.
_ ნაპატიები ხარ, _ ცივად მივუგე და კარის დაკეტვა დავაპირე.
_ ეს არ ჰგავს პატიებას.
_ გითხარი, გაპატიე-მეთქი, _ გავიმეორე, მაგრამ ამჯერად უფრო რბილად.
_ მაპატიე, ოღონდ მართლა.
მან ტუჩებზე დამხედა და მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
_ არაააა! არავითარ შემთხვევაში! _ უკან დავიხიე.
_ დარწმუნებული ხარ? _ მომიახლოვდა.
_ იცი მაინც, რომელი საათია?
_ აქამდეც გიკოცნია ჩემთვის ისე, რომ სულ არ ველოდი. ახლა რატომ მეუბნები უარს?
_ ხჰმ… _ ჯერ შევყოყმანდი, შემდეგ გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე, ტუჩები მის ლოყას მივუახლოვე და ის იყო, შევეხე, რომ უცებ წონასწორობა დავკარგე და იძულებული გავხდი, მხარში ჩავფრენოდი.
_ არაფერს დაგიშავებ, _ თქვა რბილად.
_ მჯერა შენი.
გაიცინა და მაკოცა.
_ არც ისე ცუდი იყო, არა?
_ არა უშავდა, _ ამოვიოხრე. _ ღამე მშვიდობისა.
_ ღამე მშვიდობისა, ლამაზთვალება საფრთხევ, _ ჩაიჩურჩულა მან და თავისკენ მიმიზიდა, რათა უკანასკნელად ეკოცნა.
როგორც კი მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, უცებ ოთახი აყირავდა და ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა. კისერზე შემოვხვიე ხელები. ეს კოცნა განსაკუთრებული, ღრმა და ვნებიანი იყო. იმწუთას მსურდა საშკას არასოდეს გავეშვი თავისი მკლავებიდან.
_ იცი რა მინდა? _ მკითხა.
_ კ-კი.
ისევ მაკოცა. მეც კოცნით ვუპასუხე.
_ ნენე! _ უცნაური ხმით ჩაიჩურჩულა.
ისევ და ისევ მკოცნიდა, მე კი სამაგიერო კოცნებს ვუბრუნებდი. რაღაც მომენტში შევნიშნე, რომ ჩემი საბანი, საშკას პერანგის გვერდით იატაკზე ეგდო. ჩემი მაისურიც შევნიშნე. როდის გამხადა? არც გამიგია. რატომღაც, ფიქრმა იმაზე, რაც ახლა აუცილებლად უნდა მომხდარიყო, არ შემაშინა.
_ საშკა, ოჰ, საშკა, _ მეც ავჩურჩულდი.
_ ყველაფერი კარგადაა, ჩუ. _ შარვალიც გაიხადა და ძალუმად მიმიხუტა.
_ მინდა შენთან, ძალიან მინდა, _ უნებურად აღმომხდა, როცა შიშველი ტორსით შემეხო. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ახლა ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. მის დაკუნთულ მკერდს მოვეფერე, ყელზე ვაკოცე…
_ ახლა ისევ გნახავ, _ ამოისუნთქა და დაამატა, _ იმდღევანდელივით.
ჩემი ბიუსტჰალტერის საკინძს მისწვდა და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რას გულისხმობდა. მან ხომ შიშველი მნახა თავისი კაბინეტის სააბაზანოში.
_ საშკა, მე… მე! არა! _ რაღაცის თქმას ვცდილობდი. მან იგრძნო, როგორ იზრდებოდა ჩემში პანიკა. ეს საკმარისი აღმოჩნდა. ის მომშორდა.
_ რა იყო? _ თვალი თვალში გამიყარა და უეცრად სახე შეეცვალა. სწრაფად შემომაფარა საბანი. _ ვაახ, რას ვაკეთებ? _ ამოიგმინა.
_ არაფერი, რა უნდა ყოფილიყო? _ ორივემ ვიცოდით, რომ მე მინდოდა მასთან, მას კი ჩემთან, ამიტომ აღარ დავიმორცხვე, _ `არას~ პირდაპირი მნიშვნელობით არ ვგულისხმობდი, უბრალოდ…
_ სიტუაციას ჩემს სასარგებლოდ ვიყენებ. ალბათ, გავრეკე, _ საშკამ შარვალი ფართხაფურთხით ჩაიცვა.
`ჰოდა, გამოიყენე!~ _ უნდა მეთქვა, მაგრამ ის უკვე კარისკენ მიიწევდა და მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა.
_ გეშინია, რომ ხვალ დილით შენდამი პატივისცემა აღარ მექნება? _ დავადევნე და ხმამაღლა გავიცინე. ნერვიულად.
მყისვე შედგა, მოიხედა. წამით ვიფიქრე, რომ მობრუნდებოდა და ისევ მომეალერსებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
_ მივდივარ, _ თქვა მან და ზურგს უკან კარი გაიხურა.
ჯერ კიდევ ადრე იყო, როცა ვიბანავე, ჩავიცვი და ბარგის ჩალაგება დავიწყე. მიხვდა ნეტავ, რომ მიყვარს? თუ ასეა, მაშინ მომიწევს სამსახურიდან წამოსვლა, მას ვეღარ დავენახვები. იტყვის, ამ გოგოს თავის ბოსების შეყვარება მანიად ექცაო. რას ვფიქრობდი?! ვიფანტაზიორე, რომ შეიძლებოდა მას მოვწონებოდი. უფრო მეტიც, შევყვარებოდი. ვერ მოგართვეს, ნენე! ვის როლში შეიჭერი შენი მუყაოს ფრთებით? რომელი ქვეყნის პრინცესა გეგონა თავი?
გაგრძელება იქნება