მშობლების დაკარგვა ნინი შერმადინმა ძალიან მძიმედ გადაიტანა: „დედ-მამის გარდაცვალების მერე სერიოზული დეპრესია დამემართა.
რამდენიმე თვე ანტიდეპრესანტებზე „ვიჯექი“, მყავდა ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც. სახლიდან არ გავდიოდი, კომუნიკაცია მქონდა დაკარგული სრულიად სამყაროსთან. არავისთან კონტაქტი არ მინდოდა და რამდენიმე თვე არც სამსახურში მივლია, შრომისუუნარო ვიყავი. ალბათ, ვისაც გამოცდილი აქვს ჩემნაირი შოკი, მხოლოდ ის გამიგებს…“ - ამბობს ნინი.
ცოტა ხნის წინ ნინიმ "ფორტუნასთან" თავისი დეპრესიის შესახებ ისაუბრა:
"ალბათ, ვერასდროს შევეგუები მშობლების ასე მოკლე პერიოდში დაკარგვას. აღმოჩნდა, რომ დეპრესიული ვარ, რადგან რვა თვე ანტიდეპრესანტებს ვიღებდი. დამჭირდა ფსიქიატრი. გავხდი აბსოლუტურად შრომისუუნარო. ამერიკაში გავდიოდი კონსულტაციებს მარი მენთეშაშვილთან. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ფსიქიატრს მეგობრული მიდგომებისთვის. საერთოდ ვერ ვხვდებოდი, თუ ექიმი იყო. მან დამაძლევინა ეს პერიოდი. ვერ ვხედავდი გამოსავალს.
მეგონა, რომ ეს იყო დასასრული. ვერც საკუთარი თავის ფუნქციას ვეღარ ვხედავდი ამ ცხოვრებაში. ვფიქრობდი, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა, მეც აღარ ვყოფილიყავი. ეს მშობლების გარდაცვალებიდან მალევე დამეწყო, როცა შევეჯახე რეალობას, რომ მშობლებს, განსაკუთრებით, დედას ვეღარ დავურეკავდი… ეს ფრთების მოჭრას ჰგავდა. ბევრჯერ წავქცეულვარ, მაგრამ ეს იყო უდიდესი დარტყმა… ისევ თავად გამოვნახე ძალა საკუთარ თავში…
ცხოვრებას აზრი ნამდვილად აქვს, ამ აზრს ყოველდღე ვხედავდი ჩემი შვილის სახით. უფლება არ მქონდა, რომ ასეთი ვენახე. მას მაგალითი უნდა აეღო ჩემგან. მისთვის ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. არანაკლები ტრავმა ჰქონდა მასაც" - ამბობს ნინი.
