"...ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. ტიციან ტაბიძე წერდა: “მის სახეში ხომ ზეციური სიმშვიდე და ანგელოზის სისადავეა. სწორედ ასეთი თვალები აქვს ქართულ ფრესკებზე ღვთისმშობელს, რომელსაც წაშლია საღებავი და რომლის თვალები დახვრეტილია მონღოლებისა და ოსმალთა თუ ლეკების ტყვიით..." - ცნობილი კინომცოდნე ლელა ოჩიაური ლეგენდარული ნატო ვაჩნაძის შესახებ გვესაუბრება...
- პირველ, სწორუპოვარ და განუმეორებელ კინოვარსკვლავად უნივერსალური, არასტანდარტული გარეგნობის, ძალიან ქალური, დახვეწილი, ულამაზესი 19 წლის ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) ეკრანებზე პირველი გამოჩენისთანავე იქცა. როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მაყურებლის უმეტესობას ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ფილმები არც კი უნახავს, ეს სახელი ყველამ იცის. მან ხანმოკლე ცხოვრებისა და კინოში არცთუ ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე, 27 ფილმში ითამაშა (1923-იდან 1952 წლის ჩათვლით). გამორჩეულად პოპულარული და ავტორიტეტული, დაფასებული და აღიარებული ადამიანი იყო სახელოვნებო სფეროდან - საქართველოშიც და მთელ საბჭოთა კავშირში.
მაინც რა იყო ასეთი პოპულარობისა და გამორჩეულობის, მაყურებლისა და თვით ხელისუფლების მხრიდან ამგვარი გაღმერთების მიზეზი? შინაგანი მომხიბვლელობა? კლასიკური და არაორდინარული სილამაზე? ფაქტურა, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებისა და ეროვნების ქალების ტიპებს ესადაგებოდა? განსახიერებული პერსონაჟები, რომლების ცხოვრება, ბედი, თვისებები ყველასთვის მისაღები, გასაგები და თანადგომის გამომწვევი იყო? ბედნიერი შემთხვევის წყალობა, რამაც მსახიობის მთელი კარიერა განსაზღვრა და რაც მსახიობის ეტალონის საყოველთაო “ნორმად“ დამკვიდრდა?..
ნატო ვაჩნაძეს პოეზიას ადარებდნენ. უწოდებდნენ მსახიობს, რომელიც კინოხელოვნებაზე მაღლა დგას. კინომცოდნე კორა წერეთელი ბევრი წლის შემდეგ ასეთი აღიარების მთავარ მიზეზს ასე განსაზღვრავს: “მისი ფერმკრთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა. განსაკუთრებით თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები, რომლებიც სიწმინდესა და უცოდველობასთან ერთად, უძირო სევდასაც გამოხატავდნენ. ეკრანიდან გიმზერდათ ნატიფი სილამაზის ქალი, ამავე დროს, თვალში გეცემოდათ მისი უბრალოება“.
- თავად ნატო ვაჩნაძე რას წერდა ამ აღიარების შესახებ?
- წიგნში “მოგონებები და შეხვედრები“, რომელიც ნატო ვაჩნაძის ავტორობით გამოვიდა, იგი ამბობს; “რა ცოტა რამაა საჭირო იმისთვის, რომ მსახიობი გახდე. გარეგნობა, ახალგაზრდობა. მაყურებელმა რატომღაც უმალ მიგიღო, შენმა თვალებმა, ცრემლებმა ააღელვა, ღიმილმა მოხიბლა... რამდენმა ვარსკვლავმა ჩაიქროლა ეკრანზე და გაქრა. იმისთვის, რომ შემორჩე, საჭიროა ბედნიერი მენატურედან შრომისმოყვარე მსახიობის გზა გაიარო“.
19 წლის უკვე ცნობილი, სახელმოხვეჭილი ვარსკვლავი და აღიარებული არტისტი იყო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მაგრამ შემდეგ მაინც გაიარა გზა, რომლის გავლაც აუცილებლად მიაჩნდა - “ბედნიერი მენატურედან“ ჩამოყალიბებულ კინომსახიობამდე.
27 ფილმში ითამაშა, ფაქტობრივად, ყოველ წელს, ქართველ და არაქართველ რეჟისორებთან.
1926-27 წლებში ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაში კოტე მარჯანიშვილი და რაც მთავარია, ნიკოლოზ შენგელაია (რომელიც მალე მისი ქმარი და “ცხოვრების რეჟისორი“ ხდება, პირველ მეუღლე - მერაბ ვაჩნაძესთან განქორწინების შემდეგ) ჩნდებიან. აქედან იწყება ქართული კინოს ახალი დროება და ნატო ვაჩნაძის შემოქმედებითი და პირადი ბიოგრაფიის ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ეტაპი. ის იყო მსახიობი, რომელიც ცდილობდა და აღწევდა მიზანს - ყოფილიყო უკეთესი და განვითარებულიყო. კარიერის დასაწყისში, როგორც თავად წერს, არაფერი იცოდა კინოს სპეციფიკის, კინოს მსახიობის მუშაობის თავისებურებების შესახებ. ისიც კი არ იცოდნენ, რა არის სცენარი და როგორ შეიძლება მის მიხედვით პერსონაჟის სახის აგების დეტალებზე, როლის სრულფასოვან შესრულებაზე ეფიქრათ. ჰოდა, ნატო ვაჩნაძეც, თავის რეჟისორებთან ერთად, ქმნიდა და აყალიბებდა ქართულ კინოსამსახიობო სკოლას.
ის არ იყო მსახიობი, რომლისთვისაც საკმარისი გახლდათ მხოლოდ პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული, რაც მოულოდნელად, უბადლო გარეგნობისა და განსახიერებული პერსონაჟების გამო დაატყდა.
ნატო ვაჩნაძისთვის (უმეტეს შემთხვევაში) დამახასიათებელი იყო: გამომსახველი მიმიკა, დახვეწილი და ელეგანტური ჟესტები, რასაც მოგვიანებით, პერსონჟის შინაგან მდგომარეობაში ჩაღრმავების, მისი ბუნების გამოხატვის არაერთგვაროვანი ხერხების გამოყენების, სულიერი სამყაროს ამოხსნისა და ამის მისაღწევად, ნიუანსების ცვალებადობის გზების ძიების პროცესი დაემატა. იგი თავისუფლად ასახიერებდა ჩაგრულ გლეხის ქალს, თანამედროვე საბჭოთა აქტივისტს, ევროპელ დიდგვაროვანს, სისტემისა და უსამართლობის, საზოგადოების ცრუ მორალისა და “დაკანონებული“ წესრიგის მსხვერპლ ქალს - შესაბამისი სამსახიობო მანერისა და ტიპაჟურ-ფსიქოლოგიური, ქმედითი ელემენტების აქტიური გამოყენებით.
ერთმანეთს მიჰყვებოდა როლები, ახალი სახეები, ახალი იდეოლოგია, ახალი სარეჟისორო ხერხების და აქედან გამომდინარე, სამსახიობო უნარების ახალი გამოყენების, პროფესიული ზრდისა და შესაძლებლობების ახალი რაკურსების ძიება-აღმოჩენის პროცესი.