ყალბი ლტოლვა - დასასრული - Marao

ყალბი ლტოლვა - დასასრული

2022-09-21 10:00:29+04:00


წინა თავი

- მითხარი…

- ჰო… - ჩემთვის ჩავილაპარაკე.

- რა ჰო?

გულსაკლავად ამოვიოხრე, თმაზე ხელი გადავისვი, წარბები საცოდავად შევყარე და ამოვილუღლუღე, - მიყვარხარ.

მოულოდნელად ზეზე წამოიჭრა, ჩემ წინ მუხლებზე დაემხო და ხელები დამიკოცნა.

- როგორ ველოდი ამას, არ იცი! როგორ ველოდი!.. თან ვიმედოვნებდი, რომ მეტყოდი, თან მეშინოდა, იცი?

- გეშინოდა? რისი?

- მეგონა, შენში უკვე ჩავკალი ჩემი სიყვარული. ისე უსინდისოდ მოგექეცი, წესით, კი არ უნდა გიყვარდე, უნდა გძულდე, გეზიზღებოდე!

- შეიძლება ასეც ყოფილიყო, შენი ამბები რომ არ გამეგო, - თავი დავიფასე.

- არ გინდა… ნურაფერს იტყვი, ახლა არაფრის თქმა აღარ არის საჭირო… - სუნთქვაგახშირებულმა მითხრა, წამოიწია და ისე მაგრად ჩამიხუტა, სული შემიგუბდა.

- ღმერთო, რამდენ ხანს ველოდი ამას, - ჩურჩულით აღმოხდა.

- სულ რამდენიმე დღე, - მეც ჩურჩულით ვუპასუხე.

- თვე, - შემისწორა.

- რა-ა? - უეცრად ხელი ვკარი, მოვიცილე და შევხედე.

ლადო წამოდგა, ერთმანეთში ჩახლართული თითები კეფაზე შემოიწყო, ოთახში გაიარ-გამოიარა, მერე შედგა, ჩემკენ შემობრუნდა და დახშული ხმით დაიწყო:

- არ ვიცი, როდის შემიყვარდი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, მგონია, რომ დანახვისთანავე. რა თქმა უნდა, მაშინ მეგონა, რომ ჩემი გრძნობები ძალიან ზედაპირული იყო… მეგონა, რომ მხოლოდ შენთან დაწოლის სურვილი მამოძრავებდა. შენი სამუშაოდ მოწვევა საუკეთესო საშუალება იყო, ჩემი განზრახვა სისრულეში მომეყვანა. ამიტომ შეგხვდი და დაგითანხმე. ეს ძალიან ადვილი მოსაგვარებელი საქმე გამოდგა, მაგრამ მერე და მერე ყველაფერი გართულდა. ისიც კი არ ვიცოდი, როგორ მოგპყრობოდი. რბილი ვყოფილიყავი შენთან ურთიერთობაში თუ მკაცრი. რამდენი მახე დაგიგე და ყოველთვის ისე მოხერხებულად დამიძვერი, ვერაფერი გავაწყვე. გახსოვს, პირველად რომ გაკოცე? აი, მაშინ კი მივხვდი, რომ დამერხა. მას შემდეგ თავი დავკარგე. მას შემდეგ ნორმალურად არ მძინებია… სულ ვფიქრობდი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი… თან მინდოდა, მეთქვა შენთვის, რომ ძალიან მომწონდი, თან მეშინოდა, ვაითუ, დროებითი გატაცება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი და გამიაროს-მეთქი. არ მინდოდა, გული გტკენოდა. საერთოდ, ხშირად დამმართნია მსგავსი რამ ქალთან სიახლოვისას. შემდეგ შენ ისეთი რამ გააკეთე, მთლად დავიბენი. არასდროს დამავიწყდება ის დღე, რომ მითხარი, შენს წინადადებაზე თანახმა ვარო… ავირიე… არ ვიცი, შენ რას განიცდიდი, მაგრამ ისეთი სახე გქონდა, მეგონა, სასიკვდილოდ იყავი განწირული. ადამიანს არ ჰგავდი. გული მერევა, ის კონტრაქტი რომ მახსენდება! ჩემი თავი მძულს, მაგრამ იმდენად დიდი იყო ცდუნება, ვეღარ გავუძელი. სხვანაირად ვერაფრით მოვახერხე, ახლოს მოვსულიყავი შენთან. ეს ერთადერთი შანსი იყო, რომელიც დაგვაახლოებდა. მერე შენ მითხარი, ორმხრივ ერთგულებას მოვითხოვო და… ისეთი აბსურდული სიტუაცია შეიქნა, ლამის გადავიხარხარე, ძლივს შევიკავე თავი, რადგან არ არსებობდა ამქვეყნად ქალი, რომელსაც შენზე გავცვლიდი. ვერავისზე ვფიქრობდი, შენ გარდა. შენ კი ამ დროს პირობებს მიყენებდი! ძალიან საყვარელი კი იყავი, ისე, - ლადომ სევდიანად გაიღიმა, - კარგა ხანს ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ შენთან მხოლოდ სექსი მინდოდა და დროთა განმავლობაში, როცა შენთან ფიზიკური სიახლოვე მომბეზრდებოდა, ყველაფერი გამივლიდა… შევცდი. პირველსავე ღამეს დავრწმუნდი, რომ შენ გარეშე ერთი დღე არ შემეძლო გაძლება. და ვერასდროს ვერსად გაგიშვებდი! არადა, ისე იქცეოდი, რომ ზოგჯერ ეჭვიც კი მეპარებოდა, გიყვარდი თუ არა სინამდვილეში… რაღაც მომენტში ჩემთან იყავი, ჩემი იყავი… მეორე წამს კი გამირბოდი, მე აღარ მეკუთვნოდი. იცი, როგორი მესაკუთრე ვარ? ვერ წარმოიდგენ! და ნელ-ნელა გავები… რაც უფრო გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა, მით უფრო ღრმად ვებმებოდი მახეში… რას ვიფიქრებდი, ოდესმე თუ კიდევ შევძლებდი ვინმეს შეყვარებას! ერთ მშვენიერ დღესაც მივხვდი, რომ შენ ხარ ის ერთადერთი ქალი, რომელიც მე მჭირდება. როგორც კი მივხვდი, იმ დღესვე გავვარდი ამ ბეჭდის საყიდლად. გონებაში ვიმეორებდი ფრაზებს, რა მეთქვა შენთვის, როგორ მეთქვა… ამ დროს შემთხვევით დაგინახე შენს ძმასთან ერთად და… მაშინ მეორედ მოვკვდი… მთელი ცხოვრება ასე ვიყავი… ვეცემოდი და ვდგებოდი, ვკვდებოდი და ვცოცხლდებოდი… არა და არ დამთავრდა ეს პროცესი! არა და არ მოეღო ჩემს ტკივილს ბოლო - არც ასე, არც ისე… იმ დღეს ისე შემეშინდა, ისე შემეშინდა, რომ…

- რისი? - ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოვიღე ხმა.

- საკუთარი თავის. მივხვდი, რომ კვლავ დავეცი და ისე დავეცი, რომ ვეღარ ავდგებოდი. მოვკვდებოდი და ვეღარ გავცოცხლდებოდი… ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა გაგაგდე. ის, რაც მაშინ ჩავიდინე, ჩემს ძალებს აღემატებოდა, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო… იმ მომენტში სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი… მაპატიე… ვიცი, რომ ბევრი ტკივილი მოგაყენე… თანაც, დაუმსახურებლად, მაგრამ იმდენად ძლიერია ჩემი სიყვარული, რომ მას ყველაფრის გადაფარვა შეუძლია.

- აღარ მითხრა ეგეთი რამეები, უკვე ყველაფერმა ჩაიარა, ლადო. ახლა ყველაფერი კარგადაა. მე… მეც მიყვარხარ… თანაც, ძალიან…. - ალბათ ცხოვრებაში პირველად, ყველაზე თბილად წარმოვთქვი ეს სიტყვები.

- მიხარია ამის მოსმენა… - კვლავ გამიღიმა, კვლავ სევდიანად, - მაგრამ როზამ მითხრა, ფულს მატანდა შენთანო… ამის გაგონებაზე კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, რაც უნდა გეთქვა, რაც უნდა შემოგეთვალა, მაგრამ ფული? გამაგიჟა იმ ფულის ამბავმა… რატომ, რატომ გადაწყვიტე, რომ ის ფული დაგებრუნებინა ჩემთვის?

ღიმილი ვერ შევიკავე. მივუახლოვდი, მკლავები მხარზე დავადე, ალერსიანად ჩავხედე თვალებში და ვთქვი:

- იმიტომ, რომ მიყვარხარ. სწორედ ის ფული შეურაცხყოფდა ჩემს გრძნობებს. არ მინდოდა, გეფიქრა, რომ ფულზე გავიყიდე. ფული საერთოდ არ მაინტერესებს.

- ვიცი. ახლა მჯერა, რომ მართლა შენი და-ძმისთვის გჭირდებოდა ის თანხა. მაშინ ვერ დავუშვი ეს. მეგონა…

- არა აქვს მნიშვნელობა, რა გეგონა. გვეყოფა ცუდის გახსენება, ეს მხოლოდ ტკივილს გვაყენებს. მე შენ იქამდე შემიყვარდი, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მაგრამ ვიცოდი, ამის უფლება არ მქონდა და გამუდმებით ვაკონტროლებდი ჩემს თავს, რომ შენ არაფერი შეგემჩნია. მერე კი… მერე ყველაფერი აირია. როცა ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდა, ვიგრძენი, რომ უძლური ვიყავი ჩემი გრძნობების წინაშე. შენ რა გგონია, ჩემთვის ადვილი იყო, როცა გამომაგდე? მას მერე ადამიანად აღარ ვვარგივარ.

- ქალად? - ეშმაკურად დამხედა და ცალი თვალი მოჭუტა.

- ეგ აღარ ვიცი, - გავეკეკლუცე და თავი მკერდზე მივადე.

ძლიერად მომხვია მკლავები, მჭიდროდ მიმიხუტა გულზე და დაიკვნესა.

- შენ გარეშე ვერ გავძლებ, ანა! დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. ვიცი, რომ არც შენ გქონდა დალხენილი ცხოვრება. შეიძლება ყველაფერი არა, მაგრამ რაღაც-რაღაცები ვიცი. ისიც ვიცი, რომ მე ერთადერთი მამაკაცი არ ვარ შენს ცხოვრებაში. არც მაინტერესებს. მერე რა? არც შენ ხარ ერთადერთი ქალი ჩემთვის! გარდა ამისა, მე საშინელი ხასიათი მაქვს. უხეში ვარ, უჟმური… შენ უნდა დამეხმარო. ჩემი შინაგანი ბუნება კაპიტალურ რემონტს საჭიროებს, ხომ იცი? - გაიცინა.

მიკვირდა მისგან ხუმრობის მოსმენა. ეს ისეთი უჩვეულო რამ იყო…

- მაგრამ შენ მშვენივრად მოახერხებ ამას, ვიცი.

- მერედა, როგორ! მე ხომ ამის სპეციალისტი ვარ, - ზედ ყურთან ვუჩურჩულე დარცხვენილმა, - მაგრამ ვასიკო? ის როგორ შეხვდება ამ ამბავს?

- მან უკვე იცის. და არამარტო მან… იცის როზამაც, ლევანმაც… დიდი გულშემატკივრობით გამომაცილეს, როცა მოვდიოდი.

- აბა, ერთი უყურე! - ყასიდად გავბრაზდი, - მთელი შეთქმულება მოგიმზადებიათ ჩემ წინააღმდეგ!

- რატომ გიკვირს? შენ ხომ შეთქმულებების სპეციალისტიც ხარ. აბა, გაიხსენე, მე რამდენჯერ მომიწყვე ეგეთი შეთქმულება?!

გაღიმებულმა თავი დავუქნიე.

- ჰოდა, მაშინ უნდა გეფიქრა იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავადაც აღმოჩნდებოდი სხვისი შეთქმულების მსხვერპლი. ხედავ? მოვიდა დრო და შენც გაები ხაფანგში.

- ერთობ სასიამოვნო ხაფანგია, რომ იცოდე! - გადავიკისკისე.

- და ამ ხაფანგიდან ვერასდროს დააღწევ თავს, ამის იმედი არ გქონდეს.

- არც მინ-და! - დამარცვლით ჩავიჩურჩულე.

მან თავი ამიწია და თვალებში ჩამხედა…

მერე კი… მერე სიტყვები ზედმეტი გახდა…

8 8 8

ქორწილი არ გადაგვიხდია, მოკრძალებული სუფრა გავშალეთ მხოლოდ. თუმცა საქორწინო კაბა მაინც მეცვა. ეს ლადოს ახირება იყო. არ შეიძლება ქალს თავისი ჯვრისწერის დღე თეთრი კაბის გარეშე დაამახსოვრდესო.

ის დღე ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში… ჩემთვის ძვირფასი ყველა ადამიანი გვერდით მყავდა.

ვასიკო, რომელიც დედას ვერ მეძახდა, მაგრამ დედასავით ვუყვარდი.

ნანა, რომელსაც ჩემზე ნაკლებად არ უხაროდა ჩემი ბედნიერება.

ნუკრი, რომელიც კმაყოფილი ღიმილით მიმოდიოდა დარბაზის ერთი ბოლოდან მეორეში და ლამაზ ქალებს ზვერავდა.

ლევანი, რომელიც თვალს მიკრავდა შორიდან და აწეული ცერა თითით მანიშნებდა, არაჩვეულებრივად გამოიყურებიო.

როზა, რომელიც სიხარულის ცრემლების დამალვას არ ცდილობდა და გულაჩუყებული მზერით მლოცავდა…

ლადოს მეგობრები, რომლებიც ჩუმი ღიმილით მაფასებდნენ, ვიყავი თუ არა მათი წრისთვის მისაღები რძალი…

და ყველაზე მთავარი… ლადო, რომელსაც მთელი საღამოს განმავლობაში მკერდზე ვყავდი მიხუტებული. მეც, ბედნიერებისგან გათანგული, ისე ვეყრდნობოდი მას, როგორც სალ კლდეს, რომელიც იცი, რომ არასდროს ჩამოიფშვნება…

დასასრული