თითქმის ერთი წელია, რაც მსახიობი თაკო ტაბატაძე ინტერნეტბულინგის მსხვერპლია. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმამაღლა თქვა, რომ მეუღლეს დაშორდა. ამ დღის შემდეგ ოთხი შვილის დედის მიმართ მუქარის შემცველი კომენტარების ზღვა წამოვიდა. ქალს პოპულარულ ქმართან დაშორება არ აპატიეს.
"შენი სიკვდილის უფლება რომ მქონდეს, ბებიისტოლა ქალი ვარ და ალბათ, მოგკლავდი", „დროა ბაწარში უყრიდე თავს“ - ეს კომენტარები მსახიობისთვის ლამის ყოველდღიურობად იქცა. netgazet-თან საუბარში მსახიობი ამბობს, რომ მის ოჯახში ყველა ბედნიერია, იმ ხალხის გარდა, რომლებიც დაშორების გამო აკრიტიკებენ.
თაკო ტაბატაძე:
- 3 წლის წინ განვქორწინდით მე და ჩემი ყოფილი მეუღლე. არ გვინდოდა ამ თემის გახმაურება ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცოდით, ამას რა მოჰყვებოდა. ამიტომ ვეცადეთ, ჩუმად, მშვიდად მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი.
მაგრამ რამდენიმე თვის წინ, როგორც მახსოვს, თებერვალში, გავრცელდა ჩემ შესახებ ნიუსი რაღაც უწყინარ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც მეგობრის წრეში იყო გადაღებული და შემდგომ ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული. ნიუსის სათაური ასეთი იყო – „ამა და ამ ადამიანის ცოლს ახალი რჩეული ჰყავს“. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ყალბი ინფორმაცია.
როდესაც ასეთი ცხოველი ინტერესი გამოავლინა საზოგადოებამ ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ, მე და ჩემმა ყოფილმა ქმარმა ამას მივუძღვენით საერთო პოსტი "ფეისბუკზე", სადაც ვთქვით მკაფიოდ, რომ ჩვენი დაშორების მიზეზი იყო შემდეგი: წლებთან ერთად აღმოგვაჩნდა სხვადასხვა გეგმა მომავალთან დაკავშირებით და, შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.
ეს იყო მიზეზი, მაგრამ რატომღაც მოხდა ისე, რომ თუკი ვინმეს რაიმე ფანტაზია ჰქონდა – ყველანაირი ბრალდება მომეწერა მე. აბსოლუტურად შეთითხნილი და მოკლებული რეალურ საფუძველს. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი ბრალი, რომ ჩემს შვილებს მომავალი დავუნგრიე, რომ ყველა უბედურია ჩემ გამო. მაშინ, როდესაც რეალობა სრულიად საპირისპიროა – ყველა ძალიან ბედნიერია, ყველას გვაქვს ჩვენი საქმე, რომელსაც სიყვარულით ვაკეთებთ. მეც ჩემი პროფესია ძალიან დიდ ცხოვრებისეულ ძალას მანიჭებს, მყავს არაჩვეულებრივი სამეგობრო წრე, რომელთანაც თავისუფლად შემიძლია კომუნიკაცია. ჩემი შვილები ძალიან ბედნიერები არიან, მათ შორის იმითაც, რომ დედა, როგორც იქნა – გახდა მსახიობი და აისრულა თავისი ოცნება. მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას ის ჯოჯოხეთი, რომელსაც ასახავენ.
თაკო ამბობს, რომ ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ მის ყოფილ მეუღლეს (მუსიკოსი გია ბაღაშვილი) ხალხი ძალადობისკენ მოუწოდებდა. სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ კომენტარებში კითხვას უსვამდნენ, თუ რატომ გაუშვა და არ მოკლა ყოფილი ცოლი...
თაკო:
- მახსოვს, თავიდან ძალიან გამიჭირდა ქუჩაში ფიზიკურად გამოსვლა. განცდა მქონდა, რომ ეს ადამიანები დადიან ჩემ გარშემო. ვიზუალურად წარმოვიდგენდი, რომ ის კომენტარები, რასაც მიწერდნენ, ადამიანებს თან დაჰყვებოდათ ოთხკუთხედებში ჩასმული ტექსტის სახით.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი საერთოდ არ მხვდებოდა… არ ვიცი, თავს იკავებდნენ თუ უბრალოდ ჩემ ირგვლივ არ იყვნენ.
მახსოვს, როცა მიჭირდა თავიდან გარეთ გასვლა, მეგობარი ვნახე და ჩამეხუტა. მითხრა, შენთან ვართო. მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემს წრეში უარესობისკენ არაფერი შეცვლილა, პირიქით. მეგობრები ძალიან დამეხმარნენ.
ჩემს შემთხვევაში განსაკუთრებით მტკივნეული იყო კომენტარები, სადაც მიწერდნენ, რომ თავს უნდა ვიკლავდე, თავი უნდა დავიწვა და სხვა. ასევე, მოუწოდებენ ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალადობისკენ. წერენ – "როგორ არ მოკალი?!“ , "როგორ გაუშვი საერთოდ ქუჩაში?!" და ა.შ.
საბედნიეროდ, ქალს მყარი ფსიქიკა აღმოაჩნდა, ამ ყველაფერს გაუძლო და დღემდე უძლებს, მაგრამ თაკოს თქმით, ამან შეიძლება ადამიანი სუიციდამდეც კი მიიყვანოს.
- ყველა ადამიანს ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს. ჩემს შემთხვევაში გამიმართლა და ამ ყველაფერს გავუმკლავდი, მაგრამ ეს უარყოფითი ემოციები ყოველთვის ილექება და სადღაც აუცილებლად გამოვლინდება. ეს შეიძლება იყოს უხასიათობა თუ სხვა.
მაგრამ ეს არის საშიში ტენდენცია, ესენი არიან პოტენციური ბოროტმოქმედები, რადგან ადამიანებს უბიძგებენ სუიციდისკენ. ერთგვარი „კაცთთაყვანისმცემლობაც“ სუფევს საზოგადოების ამ ნაწილში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყვილი ცივილურად დაშორდა, ყველაფერს ქალს აბრალებენ, კაცს კი უწერენ, შენ უნდა მოკლა, შენ უნდა სცემო ქალს.
ეს ბულინგი არ არის უბრალოდ სიტყვები, სიტყვები იარაღია. შესაბამისად, ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს ეს ყველაფერი. ვიღაც ადამიანზე შეიძლება დადგეს ისეთი შედეგი…
წყარო: ambebi.ge