მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 4 - Marao

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 4

2022-09-26 11:13:31+04:00


წინა თავი

სამსახურის კიბეს რომ ავუყევი მაშოს დავურეკე, ვიცოდი დატვირთული დღე მქენებოდა, მიწერაც გამიჭირდებოდა და დასარეკად დროის გამონახვაც, შესასვლელ კარში ჩამოკიდებულ სარკეს შევხედე, მერე ბეჭებში გავიმართე, საკუთარ თავს გავუღიმე და სტარბაქსის ჭიქაში ჩასხმული ნესკაფე მოვწრუპე. მომხიბლა უცაბედად დანახულმა საკუთარმა გამოპრანჭულმა და დასაქმებული იერის მქონე თავმა. თან ლაპარაკს არ ვწყვეტდი, ის ყვებოდა რომ პარტნიორთან ურთიერთობა აღარ უნდოდა და ის გასაქანს არ აძლევდა და მე აქედან ვეუბნებოდი რომ არ ენერვიულა, რათქმაუნდა გამოსავალს ერთად მოვნახავდით, ეს არც პირველი გართულება იყო მისი პირადი ცხოვრების და არც ბოლო ალბათ, მაგრამ მე სულ დიდი დოზით უნდა შევჭრილიყავი მის პრობლემებში, მარტოს რომ არ ეტვირთა... აბა რისთვის ვარსებობდი?!

სკამზე დავჯექი თუ არა უფროსი წამადგა თავზე, მაშინვე გავთიშე ტელეფონი და ფეხზე წამოვხტი. მოთმინებით დაველოდე ტექსტს თავში როდის დააწყობდა, რაღაცნაირად გრძლად და ნელა იცოდა ყველაფრის გადმოცემა, ამ ყველაფერს მიჩვეული ვიყავი და დიდად აღარ მაწუხებდა, მაგრამ ამჯერად სხვა გზა აირჩია, ნახევარ განაკვეთზე მიწევს შენი გადაყვანაო პირდაპირ დამისვა საკითხი. თვალებში არ მიყურებდა, მომეჩვენა რომ თავს უხერხულად გრძნობდა, მერე განაგრძო მარტოხელა დედა უნდა დავასაქმოო, ქმარმა შვილებით დატოვა და წავიდა და ახლა ძალიან სჭირდება ეს სამსახურიო, ბოლოს დასძინა ჩემი ძმიშვილიაო და იქაურობას გაეცალა. დამცხა და ოფლმა დამასხა, ვიცოდი სულ გაშვება ეუხერხულა, თან რომ გამესაჩივრებინა მისი ზემდგომი მასაც მოხსნიდა, ამიტომ განცხადება უნდა დამეწერა, რომ ჩემი სურვილით გადავდიოდი ნახევარ განაკვეთზე ოჯახური მიზეზებიდან გამომდინარე. სკამის უკიდურეს კუთხეს მთელი ძალით დავეხეთქე, სკამი გადაყირავდა და ძირს დავენარცხე, ადგომა არც მიცდია, კარადას მივეყუდე და თავი ხელებში ჩავრგე, ისეთი უსამართლობის და უსუსურობის განცდა დამეუფლა ლამის ღრიალი დავიწყე.

ასე ვეგდე სანამ ოფისის დიასახლისი არ წამადგა, მერე მაგიდის ქვემოდან შემომხედა, მოვიდა და ჩემს სკამზე ჩამოჯდა.

_ადექი ახლა, ადექი, თორე მანდ გამოსაწმენდი დამრჩება და მოიყვანს მერე ჩემს ადგილას ბებიამისს. ასეთ სამსახურს სადღა იშოვის კაცი....

სიცილი აუტყდა, პუტკუნა იყო, სიცილს რომ დაიწყებდა მთელი მუცელი უხტუნავებდა და ყოველ ჯერზე როცა ამას ვამჩნევდი მეც ისტერიულად მეცინებოდა.

_გინდა დალაგებებზე გატარო? _შემომცინა.

_ამ კვირაში მაქვს დასალაგებელი სამი ბინა და ორი კერძო სახლი. ბინაზე გაგიშვებ. _ხელები გაშალა და მანიშნა მეტი რა ვქნაო. გამეცინა და გავეცალე, რომ გავდიოდი ოთახიდან მომაძახა, ჯერ რა ხელფასი გქონდა გაგინახევრდება და ასე საწვავის ფულს მაინც იშოვიო.

ჩამოვედი და ერთსართულიანი გასაცოდავებული შენობის წინ მდგომ ჩემს მანქანაში ჩავჯექი, გავიფიქრე არავისთვის მეთქვა, მაგრამ სად მერბინა ყოველდღე ,,წესით სამუშაო საათებში" საერთოდაც აქედან წასვლა სჯობდა, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა ახალ სამსახურზე ვიწყებდი ფიქრს წინ უსასრულო წარუმატებელ გასაუბრებათა კადრები მიდგებოდა.

თავი გულისამრევად ცუდად ვიგრძენი და თანაც აღარავინ მიყურებდა, გულიანად ავბღავლდი, მშიშარა იდიოტი ვიყავი, ცხოვრების წინაშე რომელიც თავისთვის მიდიოდა და რეალურად იქნებ უამრავ შანსსაც მაძლევდა მე ბრალს ვდებდი რომ მებრძოდა და ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული, ამიტომ ფარხმალდაყრილი ვიდექი და გადარჩენას ვევედრებოდი წარმოდგენა არ მაქვს ვის...

ისე, ოდესღაც ღრმად მორწმუნე ვიყავი, ზეციერის არსებობაში ბოლომდე დარწმუნებული. ეკლესიაში წირვა ლოცვას ვესწრებოდი სტაბილურად, ჩაგდების გარეშე... ამეტუნტულებოდა ხოლმე ეს ჩემი ,,ღრმა ბავშვობიდან ეროტიკას ნაზიარები მეზობელი“ არადა არ მიყვარდა მასთან ერთად იქ მისვლა, მოუნდებოდა ხოლმე შუა ტაძარში ჭორაობა... პასუხს არასდროს ვცემდი, მხოლოდ ვაჩუმებდი.

ახალგაზრდა მამაო ჰყავდა ჩვენს ტაძარს, წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოგვივლინეს, მაგრამ განურჩევლად სქესისა და ასაკისა ყველა ერთნაირად ვგიჟდებოდით ამ კაცზე... ტაძარში ტევა აღარ იყო, პროვინციის კვალობაზე ამდენი მორწმუნე ერთ ტაძარში ჯერ არავის ენახა. ქადაგებაზე ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა... კვირაობით მეუფე მოდიოდა, სიკეთით და სითბოთი სავსე თვალებით... ვუყურებდი და ღრმად მწამდა ყველაფერი, რაზეც ქადაგებდნენ, ალბათ ამიტომ დავიჯერე ზეციერის არსებობაც ბოლომდე.

ერთ დღესაც ქადაგების შემდეგ გვაუწყა რომ სხვა ტაძარში გადაჰყავდათ, ასე გადაწყვიტა თურმე სინოდმა ... ეკლესიის ეზოში ახალგაზრდა გოგოების გოდება და მოთქმა იყო... თავს ხელში ვეღარავინ იყვანდა...

რამოდენიმე დღეში დილით დედაჩემმა წამომაგდო საწოლიდან.

_შენც იცოდი არა? _ მრისხანე თვალებით გამომცდელად დამაშტერდა სახეზე.

_რა? _თვალებს სინათლე მჭრიდა და თავს ძალას ვატანდი რამენაირად გამეხილა.

_გოგოები რომ იპარებოდნენ... სულ ნარჩევი გოგოები წავიდნენ... იცოდი თუ არა? იქნება შენც აპირებდი? ჰა? პასუხი გამეცი!!!

_არ ვიცი დედა რაზე მეუბნები, რა გინდა ჩემგან? _ალალად ვუთხარი, მართლა არაფერი ვიცოდი.

_იმ შენს მამაოს გაჰყვნენ, მონაზვნებათ... ხუთი ერთმანეთზე ლამაზი და ნარჩევი გოგო 16-19 წლის ბავშვები.

ენა ჩამივარდა მუცელში, მე მაშინ 15 წლის ვიყავი და სავარაუდოთ პატარად ჩამთვალეს, ყოველშემთხვევაში შეთქმულების მონაწილე ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ვიცოდი მეც ვიფიქრებდი თან რომ გავყოლოდი... შევძლებდი თუ არა ეს მეორე საკითხი იყო, მაგრამ განხილვაში ნამდვილად ჩავაგდებდი.

_აღარ ივლი ტაძარში. ერთი ეკლესიაში გაშვება მეგონა მთლად უსაფრთხო და თურმე შეიძლება შენი წამებით გაზრდილი შვილი ,,ვითომ მამაომ“ ცხვირწინ აგაცალოს.

_ნუ ლაპარაკობ ასე, ღვთის სამსახურში ჩადგნენ გოგოები. მკრეხელობაა რასაც ამბობ.

_მკრეხელობაა? სკოლის მერხიდან რომ წაიყვანა ნარჩევი გოგოები ეგ რა არის? შენი თავი ვინ გგონია, ვინ გდიხარ, რამდენის თქმის უფლებას აძლევ შენ თავს? შენი აზრით შენ ჩემზე მეტი გამოგივლია ცხოვრებაში და ჩემზე მეტი გესმის რომ პირში მივარდები? _ცოტაც და შემომარტყამდა შიოს რომ არ გაეღვიძა. მუცელი მტკივაო ამოიკვნესა და ყურადღება გადაატანინა დედაჩემს, მგონი შევეცოდე...

არ ვიცი ვინ უნდა ვყოფილიყავი 15 წლის ასაკში, რის ცოდნას და შეგნებას მთხოვდა, მაგრამ ყველა ჯერზე როცა კამათისას პასუხს ვუბრუნებდი აი სწორედ ამ ფრაზას მიმეორებდა. არ მესმოდა სხვა დედებივით რატომ არ შეეძლო დაეყვავებინდა და ისე აეხსნა რაღაც. ყველა ჯერზე თავზე მრისხანედ რატომ მატყდებოდა?!

ყველაზე ხშირად რაც მესმოდა და მის ბრაზს და ჩემს ბავშვობას ფონად გასდევდა იყო ,,შენი თავი ვინ გგონია?! „ვინ ხარ რომ ამდენის უფლებას აძლევ შენ თავს?!“ კიდევ ,, საკუთარ თავზე ზედმეტს ხომ არ იღებ, რატომ რისკავ?!“ ზოგჯერ მგონია რომ ამ ფრაზებმა მთელი ცხოვრება გამიფუჭა. ახლაც კი 27 წლის ასაკში წარმოდგენა არ მაქვს ვინ ვარ, რისი უფლება მაქვს სინამდვილეში და ჩემი თავი ვინ მგონია... გადაწყვეტილებები? ამაზეც მოგიყვებით აუცილებლად...

ორი კვირა მოქმედი ტაძრის კარი გამოიკეტა, მრევლში მრისხანება, შუღლი, გაურკვევლობა და აჟიოტაჟი ჩამოვარდა, ყველას თავისი შეულამაზებელი ბინძური ვერსია ჰქონდა, იმ გოგონების დედები, რომლებიც აგრეთვე მრევლში იყვნენ უმოწყალოდ სწყევლიდნენ ჩვენს სათაყვანებელ, სანუკვარ მამაოს, ვის წინაშეც რამოდენიმე დღით ადრე მუხლებზე დამხობილები ლოცულობდნენ... ვისაც გამბედაობა ჰყოფნიდა და შვილის წართმევამ ბოლომდე დაავიწყა მართლმადიდებლური კანონები მეუფეც ანათემას გადასცა... ხელშეწყობისთვის.

შუახნის მამაო მოგვიყვანეს, აფსოლიტური ანტი ტიპი მისი წინამორბედისა, წარბები ივანე მრისხანესავით ჰქონდა შუბლზე აზიდული და ოდნავ გაფაჩუნებაზეც ტაძარში კიდევ უფრო მაღლა ზიდავდა. წირვა-ლოცვა აღდგა და მრევლის მეოთხედი ტაძარში დავბრუნდით, პირველსავე დღეს, როდესაც ამ ჩემმა მეზობელმა რაღაც გადმომიჩურჩულა და პასუხად დავუბრუნე ,,არ დამელაპარაკო მეთქი“ ზუსტად ამ დროს თვალი მომკრა. წირვა შეწყვიტა და საჩვენებელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა, ყველა ჩემსკენ შემობრუნდა, გარშემო მიმოვიხედე, ყველას მზერის ობიექტი ნამდვილად მე ვიყავი...

_შენ! _მიყვირა. _ტაძარი დატოვე!

სარკმლებში მზე ჩაქრა, ასი თვალი მაცილებდა სრულ მდუმარებაში კარისკენ, იმ კარისკენ რომელშიც მას შემდეგ ფეხი არ დამიდგამს. მეორე დილით გავიღვიძე და ვიდრე ლოცვას წარმოვთქვამდი მივხვდი რომ ბრაზმა და სირცხვილმა ლოცვის ადრესატი წამართვა... ჩემში ღმერთი აღარ იყო... აღარც გარშემო, აღარც ზეცაში... ახლა მე ვიყავი, მარტოდმარტო დარჩენილი საკუთარ თავთან, ახლა სხვებისთვის მომიწევდა იმის მტკიცება რომ ან არასდროს იყო... ან ადამიანების მიტოვება ჩვეულებრივი მოკვდავივით შეეძლო გასაჭირში.

***

ძალაგამოლეული გამოვლასლასდი და სავარძელზე რომ დავჯექი ირაკლიმაც დარეკა. ღრმად ამოვისუნთქე და ტელეფონის ეკრანს ჩავხედე, ყელზე კაშნე მოეხვია, ცივაო და მანდ როგორი ამინდიაო. მე მცხელოდა და ამინდი როგორი იყო სანამ ცას არ ავხედე ვერ ვუპასუხე.

_ნახევარ განაკვეთზე გადამიყვანეს. _შევჩივლე და ტელეფონის კაბურას დავუწყე წვალება.

_მიზეზი?!

_ჩემი უფროსის ძმიშვილი მარტოხელა დედაა და უნდა აიყვანოს.

_მერე ეგ რა შენი პრობლემაა? გაასაჩივრე გენერალურთან.

_ხომ იცი რომ ვერ ვიზამ?!

_მაშინ წამოდი სამსახურიდან, რა გითხრა? ჯერ ისე რა ხელფასი გქონდა, მაგაზეც არ ღირდა მუშაობა სრულ განაკვეთზე, ახლა მეუბნები მაგასაც გინახევრებს.... _პასუხის მოლოდინში სახეზე დამაშტერდა.

_მერე სად წავიდე?

_არ ვიცი, სხვა ნახე რამე...

ჯერ დავაპირე გამეხსენებინა რამდენ ხანს ვეძებე სამსახური, რომ ათას გასაუბრებაზე ტყუილად ვიყავი, მაგრამ მერე გადავიფიქრე.

_იცი რა, როგორც მოინდომებ ისეთი ცხოვრება გექნება, რამდენსაც იმუშავებ შენს თავზე იმდენს მიაღწევ... თუ ჩამოჯექი და იძახე რომ არაფერი გამოვა არც გამოვა...

ცოტახანს კიდევ იყო ,,წარმატების გასაღების" ტრენერი და მერე გამომემშვიდობა, სამსახური ეწყებოდა. გამითიშა თუ არა ბღავილის მეორე ტალღამ გადამიარა, ზოგჯერ მერჩია შეყვარებული ყოფილიყო, საყვარელი... სულერთია, უბრალოდ ეთქვა, ,,არაუშავს, ერთად მოვიფიქრებთ რაიმეს“ აღარ მინდოდა ყველა ჯერზე იმის მოსმენა, რომ საკმარისს ვერასდროს ვაკეთებდი, მანგრევდა ჩემში ჟინი რომ მებრძოლს არ აღვიძებდა, პირიქით... ამდენწლიანი ურთიერთობის მერე მაინც ფიქრობდა რომ ასე უნდა დამლაპარაკებოდა, ასე ეთქვა სწორედ და არა სხვაგვარად...

***

ტუალეტში ზოგადად ყველაზე საჭირბოროტო თემებს განვიხილავ ხოლმე ჩემს მეორე მესთან, ეს ერთადერთი ადგილია სადაც სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არც არავინაა და არც სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. მაგრამ დააყოვნებ ცოტა დიდხანს და კარს გინგრევენ, აი ახლაც, ამ წუთას...მამაჩემი მიკაკუნებს.

_არ დამაცდით? _ვეპასუხები.

_დედაა ცუდად გამოდი. _მკვახედ მპასუხობს.

მომენტალურად მიფრინდება გონებიდან ყველა და ყველაფერი, შარვალს გზა და გზა ვიწევ და საძინებლისკენ გავრბივარ.

საწოლზე წევს, სახეზე ტკივილი აწერია, რატომღაც თვალს მარიდებს და თვალებს ხუჭავს, თავთან ვჯდები ტუმბოზე, მისკენ ვიხრები და ჩუმად ჩავჩურჩულებ.

_რა გჭირს დე?

_არაფერი, არ ინერვიულო, წნევა მექნება, თავი მტკივა.

_გამაყუჩებელს ამოგიტან, _ფეხზე ვდგები და კარისკენ მივდივარ.

_არ მიშველის გამაყუჩებელი, წნევის წამალი დავლიე და გადამივლის, რაზე ნერვიულობ?

_სასწრაფოს რომ დავურეკოთ?

_წადი სამსახურში, თუ რამე დამჭირდა დაგირეკავ. _ეს აქეთ დამშვიდების უნარი და ზრუნვის, მაშინაც კი თუ თვითონაა საზრუნავი სულ მუდმივად აქვს. გამაყუჩებელი მაინც ამოვუტანე და სამსახურშიც ნახევარი საათის დაგვიანებით მივედი, აღარც დიდად მანერვიულებდა ეს ფაქტი და არც მაშფოთებდა რომ სამსახურს დავკარგავდი, მაინც სამარცხვინო ხელფასზე უნდა მემუშავა. სიურპრიზად ჩემს სკამზე წამოსკუპული გოგო დამხვდა, მაშინვე მივხვდი ვინც იქნებოდა და ავემრიზე, მაგრამ ისე თბილად შემომხედა და გამიღიმა ერთ წამში დამავიწყდა რომ ჩემი ხელფასის ნახევარი მიითვისა და მოტივაცია გამინულა.

_გამარჯობა. _შემომციცინა. _მე სალი ვარ, შენი სტაჟიორი, მართა ხარ ალბათ?!

_კი, დიდი ხანია მოხვედი? _ირონიანარევი ღიმილით დავყურებ უვიც პრაქტიკანტს, როგორც ზედმეტად მცოდნე შეხედავს შტერს ზუსტად ისე.

_კი და ტელეფონი არ გაჩერებულა, უკვე მეშინია მგონი. _დაიმორცხვა.

_მიეჩვევი, არაფერია.

_ნუგომ მითხრა უპასუხე და უთხარი რომ შეფერხება გვაქვს და მოგვიანებით დარეკონო.

_მიკითხა?

_მალე მოვა არასდროს აგვიანებსო, სხვა არაფერი უთქვამს.

_ჰო, როგორც წესი არ ვაგვიანებ ხოლმე, ოჯახური პრობლემა... _ტუჩები ავპრუწე და მისი უკანალით გამთბარ ცხელ საკმზე ჩამოვჯექი.

საღამომდე თავი ვერ ავწიე, ცალკე ზარების შემოტევა იყო და ცალკე ვცდილობდი ახალბედასთვის რაღაცეები მესწავლებინა. დღის ბოლოს გამომეშვიდობა და წავიდა, სკამზე გავიშოტე და ფეხები მაგიდაზე ავალაგე, ოდნავ შეშუპებული მქონდა და მტკიოდა.

კარზე იატაკის ჯოხის მობრახუნებამ მაუწყა რომ დალის საბოლოო შემოვლა ჰქონდა დასუფთავებაზე, მხიარულად შემოქაქანდა და სამუშაო იარაღები იქვე მიყარა.

_ყავას გავაკეთებ და ერთი მითხარი შენ ეს ჩვენი ზედამხედველის ნათესავი როგორი გოგოა? _პასუხს არ დალოდებია, მადუღარა დენში ჩართო და ჭიქებში ყავა და შაქარი ჩაყარა.

_რა გითხრა აბა... მოწადინებულია.

_თავის დამპალ ქმარს მიუგდია, ამოწყდეს... შვილები მაინც რომ არ შეეცოდა.

_იქნებ აღარ უყვარდა და იმ შვილებს ერთად ცხოვრების გარეშეც მიხედოს?!

_ნუგზარიმ თქვა რომ საზღვარგარეთ გაქცეულა და ამას თურმე ძაღლად აღარ აგდებს, არც ფული არც არაფერი...

_იცი რა მითხარი... _შევაწყვეტინე. _ფულზე გამახსენდა, იმ დღეს მეხუმრე თუ მართლა მითხარი ბინების დალაგებაზე.

_რატო უნდა მეხუმრა? თუ გჭირდება ადვილ საქმეს მოგცემ. ეზოებს შენ ვერ დახვეტავ და კერძო სახლებისთვის ვერ გაგიმეტებ, მაგრამ ბინაზე გაგიშვებ.

_აუ რა მაგრად ,,მიტყდებაა" _ვთქვი და მაშინვე ენაზე ვიკბინე.

_არც მე მეამაყება. _გამომაჯავრა.

_რამდენს იხდიან ერთი ბინის დალაგებაში? _სერიოზულად მივუდექი საქმეს.

_ბინას გააჩნია, ისე ორმოცდაათი ლარიდან ზემოთ. ახლა მაქვს კერძო სახლი აღებული ორსართულიანი, გენერალური ,,უბორკა" უნდათ, და ამას პლიუს ეზო, ეგ სახლი 200 ლარი. მაგრამ მაგას ვერ მოერევი.

_არა ბინა მირჩევნია, იქნებ მეცადა... ისე არ გეშინია?

_რისი? _შეიცხადა.

_რავიცი, ვინმე გიჟი რომ დაგხვდეს მაგალითად.

_ძირითადად ერთსა და იმავე ბინებს ვალაგებ, იშვიათად ვიმატებ ახალს და ვინც მიცნობს უკვე ის მიწევს რეკომენდაციას, ვიღაც გიჟთან არ შემიშვებს ვინც ჩემიანია.

_აჰა, და მე სად მიშვებ?

_ორი თვეა კვირაში ერთხელ დავდივარ ბინაზე ერთგან, ოროთახიანია, ის ბიჭი ერთხელ ვნახე, მას შემდეგ დენის ამთვლელის ყუთში მიტოვებს გასაღებს, არც სახლშია და არც ხელს მიშლის, იქ გაგიშვებ... პატარა ბინაა, აბაზანას მოხეხავ ერთი ეგაა ცოტა შრომატევადი, ძველია და ადვილად იტოვებს ლაქებს, ოთახებს გამოგავ გამოწმენდ, მტვერს გადააცლი ავეჯს, გადასაფარებლებს დააკვირდი თუ გაჭუჭყულია ტანსაცმელთან ერთად მანქანაში შეყრი... _შეყოყმანდა. _ხელთათმანები ჩაიცვი თუ გეზიზღება, ამასობაში სახლის დალაგებას მორჩები, დაფენ სარეცხს ბოლოს და წამოხვალ.

_ეს სარეცხის დარეცხვა რაღა ჯანდაბაა. _თვალები ავატრიალე და მდუღარე წყალი ჭიქებში ჩამოვასხი.

_არ უთხოვია სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ იმდენად ცოტაა საკეთებელი 20 წუთში 50 ლარით წამოსვლა მეუხერხულება ხოლმე და ჩემი სურვილით ვურეცხავ. მაგის გამო დამირეკა და ასი მადლობა გადამიხადა, არ შემარცხვინო და შეყარე სარეცხი, ისე ნუ წამოხვალ.

_როდის უნდა მივიდე?

_მართლა გინდა? _გამომცდელი მზერით ამათვალიერა.

_კი და არ შეგარცხვენ, გპირდები...

_დღეს მიწევს შვიდ საათზე, თუ გინდა დღეისწორს წადი შენ.

_არა, თუ შენ ეგ ფული დღეს არ გჭირდება ვცდი, ბევრი თუ ვიფიქრე მერე უნდა გადავიფიქრო, ასე რომ დღეს მირჩევნია.

ფურცელი და კალამი აიღო, მისამართი დამიწერა, მერე მდუღარე ყავა საჩქაროდ გადაუძახა და წასასვლელად მოემზადა.

_ეს მისამართი. _მაგიდაზე დამიდო ფურცელი, _არ დააგვიანო და ათ საათამდე გამოდი, ასე ვართ შეთანხმებული. ყოჩაღად თუ მოიქცევი საათნახევარი გეყოფა, ყველაფერი დაგხვდება სადეზინფექციო სითხეები და სამუშაოდ რაც დაგჭირდება ზოგადად, რეზინის ხელთათმანები გაიყოლე. კონტაქტზე ვიქნები და დამირეკე როცა გინდა, ეს ბიჭი ფულს მირიცხავს და ხვალ მოგიტან დილითვე.

_მადლობა დალი, ფული ძალიან მჭირდება. _სახეზე ტანჯვა აღვიბეჭდე.

_ჰოდა ვინ რას გაიგებს, სამარცხვინო გზა ეს არაა და შრომა კიდე სათაკილო არასდროს არ არის, იშოვი მერე რამე საშენო სამსახურს, გადამწვარი ვარ მართა, ბინებს აღარ ვიმატებ. თუ დღეს თავი გაართვი და მერე რამე სხვა გამოჩნდა, ასეთივე მარტივი იმასაც მოგცემ შემდეგში.

შვებით ამოვისუნთქე, თუ სახლში არავინ დამხვდებოდა ჯანდაბას, საკუთარ სახლს არც ისე იშვიათად ხომ ვალაგებდი უფასოდ და უპრობლემოდ. სამაგიეროდ საათნახევარში 50 ლარს გამოვიმუშავებდი და თვეში ასეთი ოთხი ბინა რომ დამელაგებინა ან ეს ბინა ოთხჯერ არც ისე ურიგო იქნებოდა.

ქვემოთ ჩავირბინე, და კარებში ისევ დალის გადავეყარე, კოპწიად მორთულიყო და სახლში მიდიოდა.

_მისამართი ხომ არ გრჩება? _მომაძახა.

_ჯანდაბა. _თავში ხელი შემოვირტყი და კიბისკენ შევტრიალდი.

_შენ რა გითხარი, წამოდი გამოგყვები ადგილამდე, მერე იქიდან ჩემს სახლამდე ხუთი წუთის სავალია და ფეხით წავალ.

ათ წუთში მითხრა ბორდიურთან შეაჩერეო და თვითონ მანქანიდან გადავიდა, უსაფრთხოების ღვედი შევიხსენი და ღრმად ჩავისუნთქე.

_მეორე სადარბაზოა, მეცხრე სართული, ბინა 25, დანომრილია არ შეგეშლება.

_რააა??? _თვალები გამიფართოვდა და მანქანას მივეყრდენი.

_რა მოხდა? _გაოცებულმა შემომხედა.

_დარწმუნებული ხარ რომ სახლში არ დამხვდება?

სადარბაზოსთან მივიდა, კედელზე მიმაგრებული პატარა ყუთი გამოაღო და ხელი მოაფათურა, მერე უკან დაბრუნდა და გასაღები გამომიწოდა.

_რაღაცა შეიცხადე და არ მითხრა რომ იცნობ.

_არა, უბრალოდ ამავე კორპუსში ჩემი ნათესავი ცხოვრობს და უცებ ის ბინა მეგონა.

_ეგ ბინა ნაქირავები აქვთ, ადგილობრივის არაა და ნაცნობს არავის გადაეყრები, ნუ ნერვიულობ. წავედი მე და აბა რომ დაასრულებ დარეკვა არ დაგავიწყდეს.

დალი რომ შეტრიალდა ბორდიულზე ჩამოვჯექი, მგონი განგება სიგნალს მიგზავნიდა რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემი საქმე ეს არ იყო... მაგრამ თავს ვაიძულე, ლიფტი გამოვიძახე და საკუთარი გულისცემა დავითვალე. რა უნდა მეთქვა თავზე რომ წამდგომოდა უცებ, გამარჯობა ალექსანდრე, მე შენი დამლაგებელი ვარ, კი, კი ნამდვილად ის ვარ რამდენიმე დღის წინ რომ მანქანიდან ამაყი მზერით გაგდებდი მეთქი?! ღმერთო ამხელა ქალაქში რაღა ეს წყეული ბინა შემხვდა.

ძლივს ავაღწიე მეცხრე სართულამდე, ლიფტში ემოციის პიკს რომ მივაღწიე და ვიგრძენი ზედმეტი მომდიოდა საკუთარ თავს შემოვუძახე. რა მანერვიულებდა, ვინ იყო ბოლოს და ბოლოს, რიგითი ნაცნობი, ერთადერთხელ შევხვდი პატივი ვეცი და სულ ეს იყო. საკეტს გასაღები რომ მოვარგე ჩემთვის ლოცვა დავიწყე, ვგრძნობდი შემოძახება არ მიშველიდა. ტალღებად წამოვიდა გონებაში ირაკლის რომ სცოდნოდა რომ ვიღაცის სახლის დასალაგებლად წავედი, თან არც არაფერი ვკითხე, ან დედაჩემს და მამაჩემს, ჩემი ძმა გამახსენდა, სანამ ზურგს უკან კარები გადავკეტე მგონი მთელმა ცხოვრებამ ცხვირწინ ჩამიქროლა.

სახლი ცუდად არ გამიყურებოდა, იატაკი იყო დასვრილი და სამზარეულოშიც ცოტაოდენი სამუშაო, არყის ბოთლებს თვალი შევავლე და იქვე დაგდებულ ცელოფნის პარკში მოვათავსე. საქმეს რომ შევეჭიდე ვიგრძენი ოდნავ რომ დავმშვიდდი, მაგრამ ნივთების გადაჩხრეკვის დაუოკებელი სურვილი დამებადა, ვიცოდი რომ მეტისმეტად უზნეო საქციელი იქნებოდა, მით უფრო რატომ უნდა ვყოფილიყავი დაინტერესებული, მაგრამ მაინც.

სარეცხს რომ ვყრიდი მანქანაში საცვლები კიდევ ერთხელ შევათვალიერე, სათითაოდ ჰქონდა აშკარად ნარჩევი, მინი მაუსის თავებითა და სკეიტზე მოკატავე ბანანებით, უნდა ვაღიარო ხასიათი გამომიკეთა. ცხრა ხდებოდა სარეცხი რომ აივანზე გავიტანე გასაშრობად, გვერდითა აივნიდან შუახნის კაცი მომაჩერდა და სანამ ბოლომდე არ დავფინე თვალი არც მოუშორებია, ახლა ეს რომ ვინმესთან საერთო ნაცნობი გამომდგარიყო, რანაირად დავაჯერებდი ახალბედა დამლაგებელი რომ ვიყავი და მხოლოდ ამის გამო აღმოჩნდა ახალგაზრდა სიმპათიური ყმაწვილის სველი საცვლები ჩემს ხელში.

ორ ოთახს რამდენჯერმე შემოვუარე, ბოლოს საძინებელში ტრილიაჟთან ჩამოვდექი და სუნამოები დავყნოსე, „212 VIP“, „jhon varvatos“, „mont blanc“. „D&G light blue“. „WOOD disquard“. mont blanc-ს არაუშავდა, და D&G -საც აიტანდა კაცი, დანარჩენი არაფრად ვარგოდა. სახლს რომ გადავხედე მივხვდი პერსპექტიულ დიასახლისად გადაქცევის პირველ საფეხურზე ნამდვილად ვიდექი, დიდი გზა მელოდა მწვერვალამდე, ბოლოს ალბათ დალი სადმე, სამსართულიან ვილაში მიმიწვევდა გასაუბრებაზე დალაგების თაობაზე ისეთ მეპატრონესთან, რომელიც საკუთარი სახლის დასუფთავებას მხოლოდ უმაღლესის დიპლომიან და სულ ცოტა ორ ენაზე მოსაუბრე, სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალს მიანდობდა.

გასაღები თავის ადგილას დავაბრუნე და საკუთარ ავტომობილთან ქურდივით მივიპარე, რომ ჩავჯექი მაშინ მივხვდი სუნთქვას ვიკავებდი და ერთი ღრმად ამოვისუნთქე. კმაყოფილი ვიყავი 50 ლარის 2 საათში გამომუშავების გამო. საპარკინგეზე ტევა არ იყო, უკანა ხედვის კამერაში წითელ ალფა რომეოს გავხედე, ამას რომ დავჯახებოდი და ბამპერი გამეფუჭებინა სავარაუდოთ მანქანის გაყიდვაც ვერ მიშველიდა.

მაშოს გავუარე და ჩემი გამომუშავებული 50 ლარის ხარჯვას შევუდექი, ტერასაზე დავსხედით ყავის დასალევად. არც წარმომედგინა ამაზე უკეთესი რა უნდა მომხდარიყო, რომ ხეხვით გამომუშავებული ფული გადამენახა, ზუსტად ამად მიღირდა.

წინა ღამის ამბები მოვუყევი, სახლის დალაგების ამბავიც მივაყოლე და რომ დავასრულე შევახსენე შეეძლო პირი დაეხურა.

_კიდევ უნდა წახვიდე სადმე სახლის დასასუფთავებლად? _მკითხა.

_სანამ ახალ სამსახურს ვნახავ მეტი გზა არ მაქვს, დალი რასაც ნახავს ვივლი.

_არაა... და ისევ ეგ სახლი რომ შემოგთავაზოს?

_სახლში მაინც არ არის და... რა უჭირს, რას გაიგებს დალიმ იფუსფუსა და ურია ხელი მაგის საცვლებში თუ მე?! _ხელები გავასავსავე და ყავა მოვსვი.

_ირაკლიმ იცის?

_არა. _მოკლედ მოვუჭერი.

_არ გეხმარება?

_გეხმარება ცუდად ჟღერს. არ განებივრებს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არა...იქ რასაც გამოიმუშავებს თვითონ დაჭირდება, დედამისს კიდევ, ხვალ ავალ და ვნახავ, ორჯერ მკითხა თუ ვიყავი მისული. ჰო, ირაკლი რას გამოიმუშავებს ეგ არ მკითხო, იმიტომ რომ არ ვიცი, არც მეუბნება და არც ვეკითხები, რაღაც უხერხული თემა მგონია.

_არ გეშინია?

_დედამისის?

_ჰო...

_არა, მშვიდია და თითქმის არ შემოდის კონტაქტში, მეცოდება კი არ მეშინია.

_გინდა ამოგყვე?

_წამოდი, რავიცი, თუ არ მოგწყინდება...

_არა, წამოვალ.

_ისე, არ მინდა შეგაშინო, მაგრამ იმაზე არ გიფიქრია მერე შენს შვილებზე რომ გავრცელდეს ეგ დაავადება გენეტიკურად.

_ირაკლი ამბობს რომ შეძენილი შიზოფრენიაა და გენეტიკური ფაქტორი არაფერშუაშია... რომ გითხრა მაგ ფაქტით აღტაცებული ვარ მეთქი მოგატყუებ, მაგრამ შვილებზე ისედაც არ ვფიქრობ ჯერ, თავს ვიცავ, ხან ისე ხან ასე...

_ეგ ისე და ასე ვიცი მე რაც არის, გამოვლილი მაქვს და ერთ დღესაც აღარ გაგიმართლებს.

_რომელ დღეს? როცა სპერმის გადაცემა დაემატება მესენჯერის ფუნქციებს?

_იცანცარე ჰო, მიდი, გაერთე სანამ დრო გაქვს და შანსი, მაგრამ მე გაგაფრთხილე.

_სანამ წავიდოდა სექსი თვეში ერთხელ გვქონდა, და მაგ ერთხელ თუ ზუსტად იმ დღეს დაუმიზნა დარჩენის შანსი რომ არის და თან ისეთი ყოჩაღი მასალა აღმოაჩნდა რომ ზუსტად ის ერთი უჯრედი მეცა კვერცხუჯრედში ალალია და უასაყვედურო ჩემზე.

სიცილი ვეღარ შეიკავა, ისე იცინოდა მარტო მას რომ შეეძლო, ხმამაღლა და გულიანად, შესანიშნავ თეთრ კბილებს მთელი სისრულით აჩენდა და ბოლოსკენ როგორც ყოველთვის თვალებზე სიცილის ცრემლები ადგებოდა.

გაგრძელება იქნება