„ძლიერი ქალი წარმატებული კაცის უკან“ - როჯერ ფედერერისა და მირკა ფედერერის ზღაპრული სიყვარულის ისტორია, რომელიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ - Marao

„ძლიერი ქალი წარმატებული კაცის უკან“ - როჯერ ფედერერისა და მირკა ფედერერის ზღაპრული სიყვარულის ისტორია, რომელიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ

2022-09-26 15:49:00+04:00


ზოგადად თქმულა, წარმატებული ადამიანის უკან კარგი და მზრუნველი მეორე ნახევარი დგასო, ამის კიდევ ერთი მაგალითია შვეიცარიული ოჯახი.

როცა როჯერ ფედერერმა თავისი მომავალი მეუღლე, მირკა გაიცნო, ჯერ კიდევ პატარა იყო. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს ემოციების კონტროლი უჭირდა - კორტზე ჩოგანს ახეთქებდა, ყვიროდა, არც ტიტულები ჰქონდა და არც ფული... თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, რაც მის გვერდით დადგა ქალბატონი, რომელიც მისთვის ინსპირაციის წყარო გახდა... და ასე დაიწყო ყველაზე ელეგანტური და დიდებული ჩოგბურთელის წარმატების გზა.

ფედერერმა და მირკამ ერთმანეთი ადრეულ ასაკში გაიცნეს, როცა ორივე პერსპექტიულ იუნიორ ჩოგბურთელებად მიიჩნეოდნენ. უახლოეს საჩოგბურთო ისტორიას თუ გადავხედავთ, მარტივად მივხვდებით, რომ შვეიცარიელებს საჩოგბურთო ელიტა არ ჰყავდათ, რის გამოც სპორტსმენები ერთმანეთს ნაადრევ ასაკშივე იცნობდნენ. როჯერის მოგონებიდან ირკვევა, რომ თინეიჯერობის პერიოდში უჭირდა საკუთარი თავის კონტროლი, ხშირად გამწარებული ახეთქებდა ჩოგანს, ყვიროდა, არ უყვარდა საკუთარი წარუმატებელი გამოსვლა და ამ ფაქტის მიმართ ღია პროტესტსაც გამოხატავდა... იყო დეპრესია და საკუთარ თავში ჩაკეტილობა, თუმცა, მოგვიანებით, ყველაფერი დალაგდა...

The Guardian-თან ინტერვიუში შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა საინტერესო ისტორია გაიხსენა:

„როცა მე და მირკა საკლუბო დონეზე ვთამაშობდით, თურმე ბევრი ეუბნებოდა, წადი, შეხედე იმ ბიჭს, ნიჭიერიაო. მირკა დაინტრიგდა, მოვიდა და ნახა, რომ ვღრიალებდი, ჩოგანს ძირს ვურტყამდი. მისი რეაქცია დაახლოებით ასეთი იყო: „კი, კარგი მოთამაშეა, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რა სჭირს, იქნებ რამე პრობლემა აქვს?“

ყველაფერი სულ მალე შეიცვალა, 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე როჯერი და მირკა საკუთარი ქვეყნის სახელის დასაცავად კორტზე გამოვიდნენ (ცალ-ცალკე). ოლიმპიადის განსაკუთრებული სპეციფიკა ოლიმპიური სოფელია, სადაც ყველა სპორტსმენი ერთ გარემოში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 საათის განმავლობაში დროს ერთად ატარებენ. სწორედ აქ დაფიქრდა როჯერი მირკასთან სამომავლო ურთიერთობაზე პირველად. შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი, სვენ გრიონეფელდი იხსენებს:

„როჯერი ყველასთან მიდიოდა და მირკას პაემანზე დაპატიჟებასთან დაკავშირებით რჩევებს ეკითხებოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო ის, მოჭიდავე, ძალოსანი თუ ჩოგბურთელი. სხვათა შორის, ბევრმა ინიციატივის ჩახშობა სცადა, თუმცა მაშინ როჯერმა ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო“.

მიუხედავად ოლიმპიადაზე მოპოვებული მე-4 ადგილისა, ფედერერი სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. მოგვიანებით თვითონ სპორტსმენმა პირველი კოცნის მომენტი გაიხსენა:

„ჩვენ ყველანი ერთად ვცხოვრობდით. ერთ-ერთი მოჭიდავე მომიახლოვდა და მითხრა: „როჯერ, მიდი და ახლავე აკოცე ამ გოგოს“. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ დამარწმუნა და მეც დავუჯერე. როცა მას ვაკოცე, მითხრა, ჯერ რა პატარა ხარო“.

რაღაც მხრივ, მეოთხე ადგილი გულდასაწყვეტია, თუმცა ფედერერმა სწორედ მაშინ მიაგნო ცხოვრების სიყვარულს, რომელმაც მისი ყოველდღიურობა შეცვალა, მისცა ის ძალა, რამაც, საბოლოოდ, სპორტსმენი ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელობის წოდებამდე მიიყვანა. სიდნეის ოლიმპიადის შემდეგ როჯერმა და მირკამ სერიოზული ურთიერთობა წამოიწყეს, მისი კარიერა არანორმალური ტემპით ვითარდებოდა, შვეიცარიელი კორტზე სანახაობას ქმნიდა, თინეიჯერული ასაკიდან კი აგრესიული გამონათებები გამქრალი იყო, მირკა? მირკა ტრავმებისგან იტანჯებოდა...

"მას შეეძლო ზედიზედ 5-6 საათი ევარჯიშა. მის მშობლებს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმისგან გამოიქცნენ, ძალიან ბევრი მუშაობა უწევდათ, რათა შვეიცარიაში დაფუძნებულიყვნენ. შესაძლოა ამის გამო გახდა მირკა ასეთი ძლიერი და დისციპლინირებული. ზუსტად ამას მასწავლიდა მეც. ვუყურებდი, როგორ ვარჯიშობდა 6 საათს და ვხვდებოდი, რომ მე ასე არ შემეძლო. ფსიქოლოგიურად პროცესს გამოვეთიშებოდი, მოვიწყენდი და ცუდი საქციელის გამო ვარჯიშიდან დამითხოვდნენ", - ყვება ფედერერი ინტერვიუში.

ჩოგბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, მირკას დეპრესია დაეწყო, მაგრამ ცხოვრებისეული ხალისი ფედერერის მიერ 2003 წელს უიმბლდონის გამარჯვებამ დაუბრუნა, როცა მან თავისი 20 სლემიდან პირველი მოიგო. მაშინ მიროსლავა მიხვდა, რომ მის ჩოგბურთის ყველა ოცნებას როჯერთან ერთად აიხდენდა. ზუსტად მაშინ დაიწყო ფედერერმა თავისი გუნდის მშენებლობა. მისი პირველი წევრები მირკა და მშობლები გახდნენ. შეყვარებულმა მენეჯერის, აგენტისა და მედიასთან ურთიერთობის ფუნქციები შეითავსა. თუმცა, როგორც გაირკვა, პრესა მისი და როჯერის პირადი უფრო აინტერესებდა, ვიდრე სპორტული ცხოვრება. შესაბამისად, მირკამ უარი თქვა ინტერვიუებსა და სოციალურ ქსელებზე.

2009 წელს როჯერი და მირკა დაქორწინდნენ, ეყოლათ შვილები, აწ უკვე ფედერერის მეუღლის რანგში კორტზე გულშემატკივარი მეუღლისთვისა და შვილებისთვის როჯერს წარმატებისთვის ბრძოლა განსხვავებული მოტივით უწევდა. ჩოგბურთელები აღნიშნავდნენ, რომ მირკას გულმხურვალე გულშემატკივრობა მათ ხელს ყველაზე მეტად უშლით და ასეც იყო, მთავარი ძალა იქვე, კონკრეტულ ადგილზე იჯდა, აძლევდა სტიმულს, რომელიც ტრიუმფისკენ მიმავალ გზას ეკალს აშორებდა და ია-ვარდს უფენდა. სწორედ ასე განვითარდა „მაესტროს“ კარიერა ემოციური, თავშეუკავებელი ბავშვიდან ისტორიაში საუკეთესოობამდე, ასე მოიგო 20 დიდი სლემის ტურნირი და გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელი... სწორედ მირკას დამსახურებაა თითოეული წარმატება. რატომ? მეუღლე ის ადამიანია, რომელიც თითოეულ ტკივილს ნათელს ფენს და გაძლევს ძალას, რადგან აღმართს ისე გაუყვე, როგორც ყველაზე ციცაბო დაღმართს. არაერთი სპორტსმენი აცხადებს, რომ რომარა მის გვერდით მყოფი ერთგული ქალი, მათი კარიერული ტრაექტორია იქნებოდა რადიკალურად განსხვავებული. და ეს ასეცაა...

რამდენიმე დღის წინ ფედერერმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა, ლონდონში დამსწრე საზოგადოება, მსოფლიოსა და ევროპის გუნდების წარმომადგენლები უყურებდნენ თვალცრემლიან როჯერ ფედერერს, რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს, ჩოგბურთელებს, რომლებმაც შექმნეს ისტორია.  როჯერის უკანასკნელი მატჩის შემდეგ შეხვდებით ვიდეოს, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ, შვეიცარიელი ტირის... ეხუტება შვილებს, მშობლებს, ბოლოს კი მის გვერდით მთავარი მოტივატორი - მირკა მიდის... გულში იკრავს და, სავარაუდოდ, მადლობას უხდის იმ მოგზაურობისთვის, რაც სპორტულ სამყაროში ერთად გადაიტანეს... დროა, სადღაც დასვა წერტილი და ეს დღეც დადგა.

ასე თუ ისე, როჯერმა მირკასა და მისი გუნდის დახმარებით ოქროს ასოებით ჩაწერა ისტორიაში ის გზა, რასაც სხვა, დიდი ალბათობით, ვერ გაივლის. მისი ხელოვნება, მისი პროფესიონალიზმი, ემოციები და გამარჯვების ყიჟინა - ყველაფერი მირკასთან იყო დაკავშირებული და რომ არა ის, ვერ ვიტყვით, მიაღწევდა როჯერი იმ წარმატებას თუ მორიგი დაკარგული ტალანტი იქნებოდა...