მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 10 - Marao

მარტივი ამბის რთული წვრილმანები - თავი 10

2022-10-03 10:07:59+04:00


წინა თავი

პატიოსნად გადავაჭარბე სამუშაო საათებს, თავაუღებლად ვიმუშავე და სალომე შუადღემდე გავუშვი სახლში.

დალის ჩამოვუქროლე. ნეტავ რა სახე ექნებოდა, თუ ვეტყოდი, რომ სახლში, რომელშიც დასალაგებლად გამიშვა, წუხელ თავდაყირა დავაყენე.

სახლში ავირბინე, დედას ტანსაცმელი ჩავალაგე პატარა სპორტულ ჩანთაში და სოფელში წავედი. ეს სოფელი მეზიზღებოდა. გქონიათ ვინმეს ისეთი შემთხვევა, როცა ადგილი, სადაც გაიზარდეთ და სრულწლოვნობას მიაღწიეთ, შეგძულდათ?! თუ ერთადერთი ეგზემპლარი ვარ ნეტავ?!

სახლში ფეხის შედგმის წამიდან დავიზაფრე, ბიცოლაჩემის კივილი ცას ხვრეტდა, ქალები ტიროდნენ, ზოგი ეზოში, ზოგიც სახლში. დედაჩემი გადასვენებული იდო დივანზე. პატარა სკამზე ორი სახეობის კაპლი, ნიშადური, ჭიქები და წყლით სავსე გრაფინი იდგა. ჰაერში ენით აღუწერლად მძიმე აურა ტრიალებდა. სიჩუმეს დროდადრო კივილი არღვევდა. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მიცვალებულის სუნს ვგრძნობდი. ნერწყვი მძიმედ ჩავყლაპე და საშინლად შემრცხვა საკუთარი თავის, წუხანდელის გამო. ურთიერთობა პირადად მე არანაირი არ მქონდა, მაგრამ ჩემი სისხლით ნათესავი რომ იყო, ამ ფაქტს ხომ არაფერი ცვლიდა.

შევედი და დედასთან ჩამოვჯექი. ტირილ-ტირილით გაიხსენეს, როგორ მაწვალებდა ბიძაჩემი ბავშვობაში, მთვრალმა დუნდულაზე რომ ჩამკბინა და სისხლი დამადინა ლამის - ეგეც, მათ შორის. კიდევ ის, შუაღამისას დაბადების დღიდან რომ ვბრუნდებოდით ავტომანქანით და საკითხი რომ დამიყენა: ან ვიტყოდი, რომ ,,მამაჩემს მივაფსამდი“, ან მანქანიდან ჩამაგდებდა და დიდძალი ზეწოლის მიუხედავად რომ არ ვთქვი ცოცხალი თავით. ცოტა ნერვები მომეშალა, ეს რა მოსაყოლი იყო მიცვალებულის სასახლესთან, ვერ მივხვდი.

ერთ საათში წამოსასვლელად მოვემზადე. დედამ მითხრა, ასეთ დროს მანქანით მეშინია შენი გაშვება და დილით ადრე წადიო. კარგად იცოდა, მიცვალებულის აუტანელი შიშები რომ მქონდა და ვერაფრით დავიძინებდი და ამან მიშველა. სად მივდიოდი? ალექსანდრესთან...

ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ კი...საძაგლად იქცევით, არავითარი გამართლება არ გაქვთ, მაგრამ ამ დროს გახსენდებათ, რომ სადღაც თქვენი დღეები დათვლილია და ყოველი გათენება უდრის თქვენს სიცოცხლეს მინუს ერთ დღეს... აი, ზუსტად ამ დროს კაციშვილი არ არსებობს, ვინც ამ შენს დათვლილ დღეებს აზრს მისცემს... ირაკლი? ირაკლისთან არავითარი მოთხოვნა არ მქონდა, არც მატერიალური და არც ფიზიკური... ყურადღება, ზრუნვა და სიყვარული მჭირდებოდა; იმის შეგრძნება, რომ საჭირო და მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი მის ცხოვრებაში. სანამ წავიდოდა, ბევრჯერ ვცადე ახსნა იმისა, რომ ურთიერთობას პულსი აღარ ესინჯებოდა. ყველა ჯერზე დიალოგს თავს არიდებდა იმითი, რომ სახლთან მტოვებდა. თუ ერთად ვიყავით, გვერდს იცვლიდა და იძინებდა და მერე რამდენიმე დღე აღარ მნახულობდა... მსჯიდა... მანამდე, სანამ არ დავიღლებოდი მისი ლოდინით და სახლში ან სამსახურში არ მივადგებოდი. ამის შემდეგ თავს ისე იჭერდა, რომ ჩემი საუბრით შეურაცხყოფილი და გაბუტული იყო და აქეთ უნდა ეპატიებინა რაიმე... მეც ,,ვიფერებდი“. აი, აქ გავაფუჭე მგონი ყველაფერი...

ერთხელ გადავწყვიტე, რომ უნდა დავშლილიყავით, ნამდვილი დაშლით... აი, სწორედ მაშინ, როცა საბოლოოდ აიღო ხელი ურთიერთობაზე და დღეები არ მიმჩნევდა. სამეგობროში თავი ისე ეჭირა, თითქოს არც არავინ ვიყავი მისი. ზოგჯერ ჩამოვჯდებოდი, მივაშტერდებოდი, იქნებ ერთხელ მაინც შემოეხედა ჩემთვის, ერთხელ მაინც ეგრძნო, რომ იქ ვიყავი, მასთან და მის გამო... მერე ვიფიქრე, აღარ ღირდა გამწვავება, დავიცდიდი, მოვენატრებოდი ასე უფრო და დამიბრუნდებოდა. ავდექი და მეც შორს დავიჭირე თავი, მასავით ცივად ვპასუხობდი ყველაფერზე და ჰოი, საოცრებავ... გავცივდი, იმდენი ვაჯერე ჩემი თავი, რომ მასავით თუ დავიჭერდი თავს, უკეთესი იქნებოდა, რომ ძალდატანების გარეშე გამომდიოდა უკვე...

დავიღალე მერე, აი, ამ ,,ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“ პოზიციით, სამსახურში მივადექი და მოჭრით ვუთხარი, ვშორდებით-მეთქი. იცით, რა იყო მეორე უბედურება?! სერიოზულად და სრულფასოვნად ვერ აღმიქვამდა, მომახალა, სისულეებს ნუ ამბობო. ეცინებოდა... გავმწარდი, სისულელე იყო ჩვენი ერთად ყოფნა აი, ეს ამდენი ხანი-მეთქი, ვუპასუხე და წამოვედი. იმ ღამეს სახლიდან გამომიყვანა. იცით, რა მითხრა?! შეგნებულად გექცეოდი ასე, ვიფიქრე გამოსწორდებოდიო. რა იგულისხმა გამოსწორებაში? იმისი დაფასება, რაც მქონდა მისი სახით და კიდევ ის, რომ საყვედურები მისი უყურადღებობის თაობაზე ამომეღო აბსოლუტურად დღის გეგმიდან. რატომ არ წავედი მისი ცხოვრებიდან ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ?! არ ვიყავი დარწმუნებული, რომ თავისებური სიყვარულით არ ვუყვარდი მაინც. ვერ გავიმეტე, გული რომ სტკენოდა... იმაში რომ შემძლებოდა დარწმუნება, რომ ასეთი ინდივიდი კი არ იყო, უბრალოდ სათანადოდ არ ვუყვარდი და ურთიერთგაგების მაჩვენებელი ნულს ქვემოთ ეგდო, სავარაუდოდ, გადავდგამდი ამ ნაბიჯსაც... იცით, რა არის ნამდვილი იდიოტიზმი? როცა პრიორიტეტებს იმის მიხედვით კი არ ალაგებ, შენ რაც გინდა და გაბედნიერებს, არამედ იმის მიხედვით, სხვებს რა უნდათ. მე ეს უბედურება თუ დაავადება ნამდვილად მჭირდა.

იცით, რატომ ვფიქრობდი გზად ალექსანდრეს სახლამდე, აი, ამ ყველაფერზე?! სინდისი მქენჯნიდა, საშინლად მადარდებდა ის, რომ ასე მოვექეცი... მაგრამ მაინც მივედი, ფეხით ავირბინე მეცხრე სართულამდე და ოცდამეხუთე ბინის კარში დაუკაკუნებლად შევედი.

***

შუაღამის სამზე ზარი შემოვიდა ტელეფონზე. დამძაბა იმან, რომ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ მირეკავდა ასეთ დროს. ალექსანდრე საწოლში წამოჯდა და ტელეფონს დახედა, რომელიც უკვე ხელში მეკავა და დავყურებდი.

- ვინ არის?

მისი კითხვა უპასუხოდ დავტოვე და მობილურის ეკრანზე თითი გადავასრიალე.

- მართას ვესაუბრები?

- დიახ...

- ირაკლის მეზობელი ვარ, ლიზა... ბოდიში, რომ ამ დროს გაწუხებთ, მაგრამ გადაუდებელი რომ არ ყოფილიყო... - შეყოვნდა.

- რა მოხდა. - სხეული ერთიანად მომიდუნდა და თავი შეუძლოდ ვიგრძენი. - რა მოხდა? - გავიმეორე.

- ცეცხლი გაჩნდა სახლში, ნააწილობრივ დამწვარია და ლილი სასწრაფოთი სტაციონარში გადაიყვანეს.

- რა?

- კიდურები აქვს დამწვარი. ირაკლის ვერ ვურეკავთ... ლილის ტელეფონში ვნახეთ შენი ნომერი. როგორ გააგებინებ, შენ უფრო იცი.

- მოვალ, წამოვალ ახლავე. - ამოვილუღლუღე.

- სტაციონარში წადით, მთავარ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ძალიან გთხოვთ, რამენაირად ირაკლის შეატყობინეთ.

- მადლობა.

ტელეფონი გავთიშე და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი.

- რამე მოხდა? - შეშფოთებული შემომყურებდა ალექსანდრე.

- ლილია ცუდად, ირაკლის დედა, დაიწვა.

- რანაირად?

- წარმოდგენა არ მაქვს, ალექსანდრე. მენტალური პრობლემები აქვს, შეიძლება წამალი არ მიიღო, წარმოდგენა არ მაქვს.

- მე წაგიყვან, გთხოვ. მიგიყვან და დაგელოდები. არ მითხრა უარი.

გაღიზიანებული შევტრიალდი მისკენ.

- ხუმრობ, ხო?

- არა, ასეთი განერვიულებული შუაღამის სამზე როგორ უნდა წახვიდე?

- ერთი ნაცნობი მაინც რომ იყოს... საერთო და იქ მნახონ შენი მანქანიდან გადასული, ხვალიდან ყველას თვალში ის ვიქნები, რაც არ მინდა, რომ ვიყო, საკუთარი მშობლებიც კი მიწაში ჩამდებენ.

- მანქანამდე მიგაცილებ მაშინ.

მოიღუშა და ეწყინა. ჩაცმა დაიწყო. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და სახეზე მივაშტერდი. აღარ მიყურებდა. ჩემი მანქანის გასაღები აიღო და კარისკენ წავიდა. უკან გავყევი. სადარბაზოსთან გაჩერდა და გასაღები გამომიწოდა.

- არ ღირს, შუაღამის სამზე შენს მანქანასთან ერთად რომ მივიდეთ. მომწერე, როდის წამოხვალ, კარს ღიას დაგიტოვებ.

- სახლში წავალ, ირაკლისაც ხომ უნდა დავურეკო.

- კარგი, როგორც გირჩევნია. - მითხრა და ლიფტისკენ წავიდა.

მაინც რა დამპალი ხასიათის პატრონი ვიყავი, რატომ ვაწყენინე, რა შუაშია მთელ აი, ამ ამბავთან. მთელი გზა თავისუფალი იყო, ათი წუთი არ დამჭირვებია საავადმყოფომდე. ეზოში რომ შევქანდი, ისევ ალექსანდრე გამახსენდა. მანქანიდან რომ გადმოვდიოდი, ფანჯრებს ავხედე, გადავამოწმე, ისევ ვინმე საბედისწერო ხომ არ მეძახდა ფანჯრიდან.

ლილისთან კარანტინის გამო არ შემიშვეს. სხეულის 15%-იანი დამწვრობა ჰქონდა და რეანიმაციიდან, სულ ცოტა, ერთი კვირა პალატაში ვერ გადაიყვანდნენ. მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალური მკურნალობის შემუშავებაზე უკვე მსჯელობენ ექიმები და ამჟამად მდგომარეობა სტაბილურიაო, მანუგეშა ექთანმა. მერე მთხოვა, მიმღებში ჩემი ნომერი დამეტოვებინა, რომ დამკავშირებოდნენ.

გამოვბრუნდი და ირაკლის სახლისკენ წავედი. გარიჟრაჯი იყო, რომ მივაღწიე. დაბალსართულიანი კორპუსის წინ ოცამდე ადამიანი ირეოდა. მეზობელმა მიცნო, რაღა თქმა უნდა, ისეთმა, მე რომ არ ვიცნობდი. ჩემკენ წამოვიდა და აცრემლებულმა ხელი მომითათუნა.

- ამისი ასე დატოვება იქნებოდა? წამლებს ხან სვამდა, ხან არა... იტანჯებოდა მარტოობით. მთელი დღე იქ ხომ ვერ დავუჯდებოდი, გაიუბედურა თავი, გადაწვა სახლი და ლამის მთელი კორპუსიც ზედ მიაყოლა. ბოლო სართული რომ არ ყოფილიყო და ამოვეწვით ყველა შიგნით, რამხელა მსხვერპლი იქნებოდა და რამდენი კაცი გაუბედურდებოდა, წარმოგიდგენია? - ენა გადამეყლაპა, ვიდექი და მის დამტუქსველი კილოთი გამოთქმულ საყვედურებს ვისმენდი. სახლს ავხედე. ფანჯრის შემოგარენზე მთლიანად გაშავებულიყო, მაგრამ დანარჩენი შენობა უვნებლად გამოიყურებოდა.

- სხვა ბინაც დაიწვა? - ამოვილუღლუღე.

- ორი სართული ჩაირეცხა ჩაქრობისას, ჩემიც, მათ შორის, მაგრამ რადგან ცოცხლები ვართ, მაგას ვინღა დაეძებს. - გაოფლილ სახეზე მანიკურგადაცლილი თითები ჩამოისვა.

კიბეს ავუყევი. ქვედა სართულის კარი ღია იყო და იატაკზე წყლის რეზერვუარები, ქვაბები და ჯამები ელაგა. ზედა სართულიდან წყალი მთელ სახლში ჩამოდიოდა. სართული ავიარე, სახლში შევედი. ყველგან კვამლის სუნი იდგა. მისაღები და სამზარეულო, ფაქტობრივად, მთლიანად დამწვარიყო, იატაკზე წყალი იყო გაშლილი. ძლივს ამოვისუნთქე. თავს იმდენად შეუძლოდ ვგრძნობდი, რომ ცოტაც და, აი, ამ გუბეში გავიშხლართებოდი. შემოსასვლელი კარის დაკეტვაზეც კი ზედმეტი იყო ლაპარაკი. საძინებლის გასაღების ძებნა დავიწყე და ბოლოს კარადაში შედგმულ ლარნაკში მივაგენი. ლილის საძინებელში კომოდის უჯრა გამოვიღე, ტანსაცმელი და საცვლები გადმოვყარე საწოლზე და ნივთების მოთავსება დავიწყე. შავთეთრი ფოტოებიდან ჩემთვის უცნობი ადამიანები შემომცქეროდნენ. ყველა გარდაცვლილი იყო, ეჭვიც არ შემპარვია. გაბრაზებულმა ერთიანად მოვხვეტე და უჯრაში ჩავყარე, ზემოდან ლილის ვადაგასული კოსმეტიკა და სრული ნაგავი დავაყარე, ღირებული არაფერი ჩანდა, მაგრამ არც არაფერში ქექვა არ დამიწყია, უბრალოდ ყველაფერი წამოვკრიფე და უჯრაში მოვათავსე. მერე ირაკლის საძინებელში საწოლზე დავდე და ოთახის კარი ჩავკეტე.

სახლში გათენებულზე მივედი. ყველაზე რთული წინ მელოდა, ირაკლისთან დალაპარაკება. ჩაიდანი შემოვდგი ქურაზე და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოვჯექი. ვემზადებოდი რთული მონოლოგისთვის. ყავა რომ დავისხი, შეტყობინება მომივიდა. ვიფიქრე, ალექსანდრე იყო, რომ აღარ გავაგებინე სახლამდე მოსვლის ამბავი, მაგრამ შევცდი... ერთი პრობლემა მოხსნილი მქონდა, ვიღაცამ რა თქმა უნდა, სასწრაფოდ მოახსენა ირაკლის მის თავს დატრიალებული უბედურების შესახებ. მაგრამ მეორე დამატყდა... მოფრინავდა და აეროპორტში მთხოვა დახვედრა.

ეს რა ჯანდაბაში მქონდა თავი გაყოფილი. სკამზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. ახლა რა უნდა მექნა...

გაგრძელება იქნება