"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო დიდი, სა­ო­ცა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, მაგ­რამ ცოტა სა­კუ­თარ თავ­საც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ..." - თამუნა ნიკოლაძე კარიერასა და პირად ცხოვრებაზე - Marao

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო დიდი, სა­ო­ცა­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, მაგ­რამ ცოტა სა­კუ­თარ თავ­საც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ..." - თამუნა ნიკოლაძე კარიერასა და პირად ცხოვრებაზე

2022-10-07 10:12:55+04:00


მსახიობ თამუნა ნიკოლაძეს მოსაყოლი მართლაც ბევრი აქვს. მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ამბებით. ის ალბათ იმ იშვიათ ადამიანთა რიგშია, რომლის სამომავლო პროფესიაც ჯერ კიდევ მცირეწლოვნების პერიოდში შეირჩა. 3 წლის ასაკში პროფესიული თეატრის სცენაზე ავიდა და დღემდე წარმატებული მსახიობია. თამუნა უყვარს როგორც თეატრის მაყურებელს, ისე ტელემაყურებლისთვისაც ცნობილი და საყვარელი მსახიობია.

  • ბავშვობის მთავარი ამბავი
- ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვობაა და ის ჩვენი შლეიფია - რა ასაკშიც უნდა ვიყოთ, ყოველთვის თან დავატარებთ. მეამაყება ასევე ჩემი ოჯახი, ის ტრადიციები, რაც მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან მივიღე.

ჩემმა ბავშვობამ ჩემი მსახიობობა განაპირობა... სამი წლის ასაკში სცენაზე პირველად დავდექი და მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში ვთამაშობდი, ვიყავი შტატგარეშე მსახიობი. სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე მნიშვნელოვან სპექტაკლში ვითამაშე. ერთ-ერთი გრანდიოზული ნამუშევარი, რომელიც ქალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა დადგა, "ურიელ აკოსტა“ იყო, სადაც მესანთლე ებრაელი რაბინი ვიყავი. თეატრის სეზონის გახსნას მოუთმენლად ველოდებოდი, სეზონის დახურვა კი მასევდიანებდა, რადგანაც იმ პერიოდში თეატრთან კავშირი წყდებოდა და ამას ვერ ვეგუებოდი.

გარდა იმისა, რომ ბებია, დედა, სანათესაო მგულშემატკივრობდა, მამა ჩემი მსახიობობის წინააღმდეგი იყო. ამიტომ მშობლებთან მქონდა საუბრები, მოვმზადებულიყავი და სამედიცინოზე ჩამებარებინა. ჩემი ექიმობა ძალიან უნდოდათ. ხასიათიდან გამომდინარე, თან ექიმობა მიყვარდა. ზოგადად, მსიამოვნებს ადამიანის მოვლა, მოფრთხილება, მასზე ზრუნვა, მაგრამ ეს არ გავაკეთე. სკოლის დამთავრებისთანავე, 16 წლის ასაკში, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი.

სულ თავიდან კი ყველაფერი იმან გადაწყვიტა, რომ ბებიისთვის, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში კოსტიუმების განყოფილებაში მხატვრებთან და მკერავებთან მუშაობდა, უთქვამთ, - შენი შვილიშვილი მოიყვანე, სპექტაკლისთვის ბავშვებს ვსინჯავთო. ბაღში მომაკითხა და თეატრში წამიყვანა. 2 გოგონა სჭირდებოდათ. რეჟისორი მედეა კუჭუხიძე გახლდათ და დგამდა "შეყვარებულთა თვითმკვლელობას ციურ ბადეთა კუნძულზე“. რთული ამოცანა იყო შესასრულებელი, - არ უნდა მეტირა, არ შემშინებოდა და არ დავმფრთხალიყავი. თოჯინით ხელში გავჩერდი, - არ ვიტირე და არც შემეშინდა...

  • უბანი და ეზო
- ვცხოვრობდი მარჯანიშვილის თეატრის გვერდით, მარჯანიშვილის ქუჩაზე. თეატრს და ჩვენს ძველ სახლს ერთი კედელი ჰყოფს. იქ დავიბადე და გავიზარდე. თეატრალური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სახლის მთელი შენობა ინვესტორმა იყიდა და 18-19 ოჯახი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. ორსართულიანი სახლი იყო, ძალიან ლამაზი, აივნებიანი, მარმარილოს კიბეებით. ლამაზი ეზო ჰქონდა, სადაც აუზიც იყო. ძალიან თბილი მეზობლები გვყავდა და შესანიშნავი სამეზობლო ტრადიციები გვქონდა. ჩვენ გვერდით ბევრი მსახიობი ცხოვრობდა. მარჯანიშვილის 4 ნომერში, მეზობლად, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმია... მარჯანიშვილის თეატრს კი ჩემს კარის მეზობლად აღვიქვამდი და ისეთ მეზობლად, რომელიც ჩემი ცხოვრების კოორდინატორი აღმოჩნდა... ასე რომ, ბავშვობის გატარება ამ გარემოცვაში მიწევდა...

  • სოხუმი
- ზაფხულში ორი თვე, არდადეგების პერიოდში, სანამ აფხაზეთს დავკარგავდით, სოხუმში ვისვენებდი, ბებიასთან, დედის დედასთან ჩავდიოდი. იქაური მოგონებები ჩემთვის ძალიან ძვირფასია... სოხუმის დაკარგვიდან 30 წელი გავიდა და აფხაზეთში ჩასვლა ისევ შეუძლებელია, რაც ძალიან მასევდიანებს...

წაიკითხეთ სრულად