შეწყვეტილი ფრენა - თავი 1 - Marao

შეწყვეტილი ფრენა - თავი 1

2022-10-10 10:16:07+04:00


მარინა ვლადი სლავური წარმოშობის ფრანგი კინომსახიობია, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ფილმიდან «ჯადოქარი». იგი არის ავტორი წიგნისა «ვლადიმირი, ანუ შეწყვეტილი ფრენა», რომელიც თავის მეუღლეს, რუს მომღერალსა და მსახიობს, ვლადიმირ ვისოცკის მიუძღვნა.

შევეცადე მეთარგმნა ეს ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, მათ შორის, ვისოცკის რამდენიმე ლექსიც…

ვთარგმნიდი და ვიღიმოდი… ვთარგმნიდი და ვტიროდი…

შესაშური სიყვარულის ისტორია!..

ვეცადე, თბილი თარგმანი გამოსულიყო… )) შეფასება თქვენთვის მომინდვია!

ვინც აქამდე არ იცნობდა ვისოცკის და მის შემოქმედებას, ახლა გაიცნობს; ვინც ცუდად იცნობდა, კარგად გაიცნობს. ვინც არ უსმენდა მის სიმღერებს, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად მოუსმენს; ვისაც არ უყვარდა მის სიმღერები, აუცილებლად შეიყვარებს!..

შემოქმედი, რომელიც სიცოცხლეში არ აღიარეს!

ოხერი რამეა შიში! საბჭოთა ხელისუფლებას ეშინოდა მისი!..

მაშ ასე - ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი - სიყვარულის დაუჯერებელი ამბავი!!!

8 8 8

ყოველთვის მაწვალებდა კითხვა: რა ხდება ადამიანის გონებაში, როცა თავის სათაყვანებელ მსახიობს რეალურ ცხოვრებაში ხვდება?

საღამოა… «ჰამლეტის» დასრულების შემდეგ თეატრიდან გამოვდივართ. ყინავს. ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებს. ლამპიონების შუქზე გაყინული არემარე იისფრად ბრწყინავს. რომელიღაც სადარბაზოდან ორი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა, ბეწვის ქუდები ახურავთ. ეტყობათ, აძაგძაგებთ სიცივისაგან. ცოტა არ იყოს, აფორიაქებული შემომხედავ. იქნებ შეშინდი კიდეც რაღაც მომენტში. მაგრამ ორიდან უფრო მაღალის მშვიდი და თავაზიანი ტონი გვამშვიდებს. ოდნავ წინ გადმოხრილი, ძლიერი ქართული აქცენტით, იგი შენ მოგმართავს, თან ცდილობს, მე არ შემომხედოს.

- ძვირფასო, ძვირფასო ვისოცკი, ნება მომეცით, წარმოგიდგეთ. მე თბილისიდან ვარ. გავიგე, რომ დღეს ორივენი თეატრში იქნებოდით და მთელი საღამო ქუჩაში გელოდებოდით, რათა გვენახეთ. ნება მომეცით, თქვენს მეუღლეს ორიოდე სიტყვა ვუთხრა.

მისი გალანტურად ნათქვამი სიტყვები სულაც არ მეჩვენება უადგილოდ. მასში უდიდესი პატივისცემა და თავაზიანობა იგრძნობა და, რაც მთავარია, ჩანს, რომ სერიოზული რაღაცის თქმას აპირებს. ხელების მოძრაობით შენ მას ნებას რთავ. ის ჩემკენ შემობრუნდება და მე მის თვალებს ვხედავ, რომელშიც მრისხანება გამოსჭვივის.

- მადამ! მე მოვედი, რათა თქვენ გამო შური ვიძიო! მე და ჩემი მეგობარი მზად ვართ, მოვკლათ ის ნაძირალა, რომელმაც თქვენ არ შეგიცოდათ!

ქართველი მამაკაცი ასეთი აღელვებული რომ არ იყოს, ალბათ სიცილი ამიტყდება, მაგრამ როცა ვხედავ, თავიდან ფეხებამდე როგორ ცახცახებს, გაცინების სურვილი მიქრება.

ის კი აგრძელებს.

- როგორ არ შეეცოდეთ? როგორ შეეძლო თქვენი ჩაქოლვა? თანაც ქვით! ქვით ძაღლსაც კი არ მოკლავენ!

როგორც იქნა, ვხვდები, რაც ხდება. ჯადოქარი - ველური გოგონა, ჩემი ერთ-ერთი კინოგმირი ფილმიდან «ჯადოქარი», რომელზეც მთელი რუსეთი ცრემლებს აღვარღვარებს, ულმობელი სოფლელი გლეხის ხელით კვდება. და აი, ახლა ამ პატივცემულ ქართველებს ჩემ გამო შურისძიება სურთ. წარმოგიდგენია? მან იმდენად დაიჯერა ნანახი სიუჟეტი, რომ სრულიად ბუნებრივად მიიჩნია ჩემი დახმარება.

მე აღელვებული და დაბნეული ვდგავარ. როგორ უნდა უპასუხო ამ კეთილშობილ ადამიანს, როგორ უნდა აუხსნა, რომ სულაც არ არის საჭირო შურისძიება, რომ ეს მხოლოდ ფილმშია და არა რეალურ ცხოვრებაში? ხელზე ხელს ვკიდებ უცნობს.

- შემომხედეთ! მე მკვდარი არ ვარ, ცოცხალი ვარ. აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე. აი, გელაპარაკებით კიდეც. დარწმუნდით? დიდი მადლობა, რომ ასე გულით გინდოდათ ჩემი დახმარება.

მისი ყინულივით ცივი თითები ჩემსას ეხება, იგი წელში იხრება და ხელზე მკოცნის.

მორჩა, ჯადო მოხსნილია. უცნობი გაიმართება, ხელს შემიშვებს, ბოდიში მოგვიხდის შეწუხებისთვის და ორივე ღამის სიბნელეს შეერევა.

უცნაური ისტორიაა, შენ კი თითქმის სერიოზული განსჯის საგნად ხდი:

- სამწუხაროა. ჩვენ შეგვეძლო ისინი ჩვენი დაუძინებელი მტრების გასანადგურებლად გაგვეგზავნა, - ღიმილით აქნევ თავს.

სინამდვილეში ვინ იყო შენი დაუძინებელი მტერი?

8 8 8

სცენაზე განწირული ხმით გაჰკივის ნახევრად შიშველი ადამიანი.

წელიდან მხრებამდე ჯაჭვებშია გახლართული. საშინელი შეგრძნებაა.

ჯაჭვები ოთხ ადამიანს უჭირავს. ისინი ასწევენ ტყვეს ჰაერში, შემდეგ დაუშვებენ… წამების მძაფრი სცენა…

1967 წელია. მოსკოვში ჩამოვედი, ფესტივალზე და შემომთავაზეს, სპექტაკლ «პუგაჩოვის» რეპეტიციას დავსწრებოდი. მითხრეს, რომ ერთ-ერთ გასაოცარ თამაშს ვნახავდი ვინმე ვლადიმირ ვისოცკის შესრულებით. როგორც მთელი დარბაზი, მეც გაოგნებული ვარ იმ ძალით, სასოწარკვეთით, ტანჯვით, ხმით, რაც მსახიობისგან მოდის. ის ისე თამაშობს, რომ ყველა დანარჩენი მოქმედი გმირი ჩრდილში ექცევა. ბოლოს ყველა ფეხზე დგება და აპლოდისმენტებს უძღვნის მას. ოვაციები დიდხანს არ ცხრება.

რეპეტიციის შემდეგ ერთი მეგობარი ვახშამზე მეპატიჟება, რომელიც სპექტაკლში მონაწილე მსახიობების პატივსაცემად უნდა გაიმართოს.

მივდივართ რესტორანში - ხმაურიანში, მაგრამ სიმპათიურში.

აქ კარგი კერძებია, თან უფრო გვიან იკეტება, ვიდრე სხვა რესტორნები. შესასვლელში წარვადგენთ საშვს და შევდივართ. ჩვენი მცირე კომპანია მაგიდას დაიკავებს. ჩემი გამოჩენა იქ მყოფთ გამოაცოცხლებს. სსრკ-ში ჩემთვის მოულოდნელი პოპულარობით ვსარგებლობ თურმე.

ყველას უხარია ჩემი დანახვა. მოაქვთ ყვავილები, კონიაკი, ხილი, მკოცნიან და მეხვევიან… აი, სუფრაც გაშალეს - ღვინო, სალათები, ცხელი კერძები…

ვვახშმობთ.

მე კი იმ შესანიშნავ მსახიობს ველოდები, მინდა მივულოცო. მაგრამ მეუბნებიან, რომ მას უცნაური ხასიათი აქვს და შეიძლება საერთოდ არც მოვიდეს. ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ ვის ცხელა ამისთვის! უამრავ შეკითხვას მისვამენ. იციან, რომ ბევრ ფილმში ვთამაშობ, თუმცა თვითონ მხოლოდ ორი თუ სამი აქვთ ნანახი. თან რუსულად მელაპარაკებიან, მე კი რუსულად უკანასკნელად 6 წლის ასაკში ვსაუბრობდი.

უეცრად თვალში მომხვდება საშუალო სიმაღლის, ცუდად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩვენკენ მოემართება. სულ წამიერად შევხედავ, რადგან მხოლოდ მისი ღია ნაცრისფერი თვალები იქცევს ჩემს ყურადღებას. მაგრამ უცნობის გამო აყაყანებული დარბაზი იძულებულს მხდის, შევწყვიტო თხრობა და მეც მისკენ ვიყურები.

ის კი მოდის ჩემთან, იღებს ჩემს ხელს და დიდხანს არ მიშვებს, შემდეგ კი მკოცნის თითებზე, ჩემ პირდაპირ ჯდება და ამის შემდეგ წამითაც არ მაშორებს თვალს. ხმას არ იღებს, სიტყვასაც არ ძრავს. მისი სიჩუმე სულაც არ მაბნევს. ჩვენ ისე ვუყურებთ ერთმანეთს, თითქოს მთელი ცხოვრებაა, ერთმანეთს ვიცნობთ.

მე ვიცი, რომ ეს შენ ხარ… და სრულებით არ ჰგავხარ იმ აღრიალებულ გოლიათს, რომელიც სპექტაკლში ვნახე, მაგრამ შენს გამოხედვაში იმხელა ძალა იგრძნობა, რომ ხელახლა განვიცდი იმ ყველაფერს, რაც თეატრში განვიცადე. ირგვლივ კი საუბარი განახლდა. შენ არ ჭამ, მაგრამ სვამ. შენ მე მიყურებ.

- როგორც იქნა, შეგხვდით, - ამბობ შენ.

ეს პირველი სიტყვებია, რომლებიც მთელი საღამოს განმავლობაში წარმოთქვი. ისინი მე მაბნევენ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ამიტომ კომპლიმენტებად ვიღვრები, ვამბობ, რომ ძალიან მომეწონა შენი თამაში. მაგრამ აშკარაა, შენ არ მისმენ. მეუბნები, რომ გინდა აქედან წახვიდე და ჩემთვის იმღერო.

მე თანახმა ვარ.

გადავწყვიტეთ, დარჩენილი საღამო მაქს ლეონთან გავატაროთ, «იუმანიტეს» კორესპონდენტთან. ის ცენტრთან ახლოს ცხოვრობს. მანქანაში კვლავ უხმოდ ვუცქერთ ერთმანეთს. შენს სახეზე ხან ნათელი გადაირბენს, ხან ჩრდილი. მე ვხედავ შენს თვალებს - მბრწყინავს და თბილს, ნაოჭებს - სულ ორი დღის გაჩენილს, რომლებიც დაღლილობას აღუბეჭდავს შენს ღაწვებზე. შენ უშნო ხარ, არაფრით გამორჩეული გარეგნობის, მაგრამ გამოხედვა განსაკუთრებული გაქვს.

როგორც კი მაქსთან აღმოვჩნდებით, ხელში გიტარას იღებ. თავბრუს მახვევს შენი ხმა, შენი ძალა, შენი ყვირილი. და კიდევ ის, რომ ჩემს ფეხებთან მოკალათებულხარ და მხოლოდ ჩემთვის მღერი. თანდათან ვახერხებ ჩავწვდე შენი სიმღერის ტექსტების სიღრმეს, მწვავე იუმორით გაჯერებულს.

მერე მიხსნი, რომ მსახიობობა შენი ხელობაა, ხოლო პოეზია - გატაცება. და უცებ, ყოველგვარი გადასვლის გარეშე მეუბნები, რომ გიყვარვარ.

როგორც ნებისმიერ მსახიობს, მეც ხშირად მომისმენია მსგავსი უადგილო «აღიარებები», მაგრამ შენი სიტყვები ძალიან მაღელვებს. მე თანახმა ვარ, შეგხვდე ხვალ საღამოს სასტუმრო «მოსკოვის» ბარში, სადაც ფესტივალის მონაწილეები ცხოვრობენ.

8 8 8

ბარში უამრავი ხალხია, მე გარშემორტყმული ვარ ნაცნობებით და უცნობებით, მაგრამ როგორც კი შენ გამოჩნდი, ყველს ზურგს ვაქცევ და საცეკვაოდ მიგყვები. ქუსლებზე შემდგარი შენზე ბევრად მაღალი ვარ, ამიტომ ფეხის წვერებზე იწევი და ყურში საოცარ სიტყვებს ჩამჩურჩულებ. მე ვიცინი, შემდეგ კი სრულიად სერიოზულად გეუბნები, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და საინტერესოა შენთან ურთიერთობა, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვედი, რომ მე ძალიან რთული ცხოვრება მაქვს, მყავს სამი შვილი, მაქვს სამუშაო, რომელიც მთელ ჩემს ენერგიას ითხოვს და რომ მოსკოვი ძალიან შორსაა პარიზისგან. შენ მპასუხობ, რომ თავადაც გყავს ოჯახი, შვილები, გაქვს სამუშაო და სახელი, მაგრამ არც ერთი შეგიშლის ხელს, შენი ცოლი გავხდე.

ასეთი სითავხედით გაოცებული მე თანახმა ვარ, ხვალაც შეგხვდე.

მოვდივარ შენთან თეატრში, გნახულობ რეპეტიციის შემდეგ. დილით მირეკავს სერგეი იუტკევიჩი და მთავაზობს ლიკა მიზინოვას როლს - ახალგაზრდა ქალისას, რომელიც ჩეხოვს უყვარდა. ვყოყმანობ - რადგან გადაღებები თითქმის წელიწადი გაგრძელდება. შენ კი პატარა ბიჭივით ხტუნავ სიხარულისგან, ყვირი და ციებ-ცხელებიანივით მემუდარები, დავთანხმდე. მე გიმტკიცებ, რომ ეს ძალიან რთული გადასაწყვეტია, შენ კი მეჯიუტები - უნდა დათანხმდე. ჩვენ საშუალება გვექნება, ერთმანეთს შევხვდეთ და, რაც მთავარია - შენ შენსას გაიტან და ცოლობაზე დამითანხმებ. თითქმის ხუმრობით ამბობ, მაგრამ ისეთ სინაზეს ვგრძნობ შენს სიტყვებში, რომ შენი აღგზნება მეც გადმომედება და ორივენი წარმოვიდგენთ, რა მოხდება: მე ჩამოვიყვან ჩემს ჯერ კიდევ პატარა შვილებს და დედას, რომელიც 50 წელია, რუსეთში არ ყოფილა. ჩვენ დავმეგობრდებით, ხშირად ვნახავთ ერთმანეთს და შენ მე შენს ახალ სიმღერებს მიმღერებ.

მე ვიღიმი, შენ კი ჯიუტად აგრძელებ, რომ ჩვენ ჯერ 30-ის არ ვართ, მე გაყრილი ვარ ქმართან, შენ უნდა გაეყარო ცოლს, წინ მთელი ცხოვრებაა!

ფრთხილად შეგაპარებ: ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მე რომ არ მიყვარხარ?

- არა უშავს, მთავარი ეს არ არის, - მეუბნები შენ, - მე შევძლებ, თავი მოგაწონო, აი, ნახავ!

ეს მხიარული და მსუბუქი დაპირება სულ რამდენიმე დღე გრძელდება… და აი, ფესტივალი მთავრდება, მე მოსკოვიდან მივემგზავრები. კონტრაქტს ხელი უკვე მოვაწერე და უკან 1968-ის დასაწყისში დავბრუნდები.

8 8 8

გადის დრო. თავიდან თბილ წერილს ვიღებ მოსკოვიდან, შემდეგ კი, როცა იმის გააზრებაში ვარ, რა მომდის და რატომ ვარ სევდიანი, სატელეფონო ზარი გაისმის ჩემს სახლში. ეს შენ ხარ. მესმის შენი ხმის თბილი ტემბრი და რუსული ენა, რომელიც მამას მაგონებს, რომელსაც ვაღმერთებდი. ყოველივე ამისგან ყელში რაღაც მეჩხირება. საუბრის დამთავრების შემდეგ ვკიდებ ყურმილს და ვღრიალებ.

- შენ შეყვარებული ხარ, ჩემო გოგო, - მეუბნება დედა.

ვცდილობ, ამ მდგომარეობას სხვა ახსნა მოვუძებნო - რომ ბევრს ვმუშაობ, რომ ვიღლები, მაგრამ სულის სიღრმეში ვგრძნობ, დედა მართალია - ერთი სული მაქვს, როდის გნახავ!

8 8 8

1968 წლის მაისში პარიზში ვქმნით მსახიობებისა და ტექნიკური პერსონალის კოოპერატივს და ბერნარ პოლთან ერთად ვიღებთ ფილმს «სიცოცხლის დროა». ჩვენ ბრძოლის ჟინით ვართ აღტყინებული, მძაფრი პოლიტიკური მოძრაობა ძალაუნებურად გვითრევს. მახსენდება 50-იანი წლები - როცა იტალიაში კომუნისტ რეჟისორებთან ვმუშაობდი - ვისკონტი, პეპე დე სანტოსი, უგო პირო, ტონინო გუერა, კარლო ლიძანი… ჩვენ ანტიფაშისტურ დემონსტრაციებშიც ვმონაწილეობდით, რომელიც ხანდახან ხელჩართული ქუჩის ჩხუბებით მთავრდებოდა. სწორედ მათთან განვლილმა ასეთმა გზამ დამაახლოვა მაშინ იტალიის კომუნისტურ პარტიასთან.

ახლა კი, პარიზის ამ შეშლილ, ბურუსიან მაისის დღეებში, მე რუსეთზე ვფიქრობ, მოსკოვში მოსალოდნელ გადაღებებზე, მომავალზე, რომელიც შეიძლება შენ დაგიკავშირო…

და გადაწყვეტილებას ვიღებ.

სანამ მოსკოვში გამოვემგზავრები, 1968 წლის ივნისში, საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შევდივარ. ჯერ ვერ ვხვდები, რომ ჩემს ამ ნაბიჯზე მომავალში მთელი შენი ცხოვრება იქნება დამოკიდებული. მოგვიანებით კი, როცა მე შენს საზღვარგარეთულ პასპორტზე მომიწევს სირბილი, სწორედ ეს მოკლევადიანი წევრობა დამეხმარება, შენი საქმე უმტკივნეულოდ მოვაგვარო. ახლა კი წარმოდგენა არ მაქვს, მომავალში რა მელოდება.

ჩამოვდივარ მოსკოვში, მაგრამ ჩვენ მაშინვე ვერ ვხვდებით ერთმანეთს. მეუბნებიან, რომ შორეულ ციმბირში ხარ გადაღებებზე და მხოლოდ ორი თვის შემდეგ დაბრუნდები.

ვიწყებ მუშაობას, თანდათან ვლაგდები. ვცხოვრობ სასტუმრო «სოვეტსკაიაში», სადაც ერთ დროს ბაბუაჩემი ცხოვრობდა.

ბრწყინვალე ნომერი მაქვს, მარმარილოს სვეტებით, როიალით და ცოცხალი ყვავილებით შემკული - ყოველდღე ახალ-ახალი ყვავილებით. დედა დავითანხმე წამოსვლაზე და ჩემთანაა. მას ყველაფერი აღელვებს და აოცებს რუსეთში. მისი აზრით, ლენინგრადი სრულებით არ შეცვლილა და ძველებურად პეტერბურგს ეძახის. ვსეირნობთ მოსკოვის ქუჩებში და წარსული გვახსენდება. აწმყო კი სხვანაირია - მხატვრები, მწერლები, პოეტები, მსახიობები, რომლებიც ყოველდღე იკრიბებიან ჩემთან, როგორც მოდურ სალონში.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ საღამოს პარმაღზე შენ ჩნდები და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. შენ მიეახლები დედაჩემს, გაეცნობი და უეცრად, ყველას თვალწინ, ხელში ამიტაცებ და გულში მიკრავ. არც მე გამომდის მღელვარების დამალვა. დედა მეჩურჩულება.

- რა საყვარელი ახალგაზრდა მამაკაცია და რა ლამაზი სახელი ჰქვია.

როცა მარტონი ვრჩებით, შენ მეუბნები, რომ ეს დრო საერთოდ არ გიცხოვრია, რომ ეს თვეები უსასრულოდ გრძელი აღმოჩნდა შენთვის.

8 8 8

ჩემი ბიჭების სანახავად ქალაქგარეთ მივემგზავრებით, პიონერთა ბანაკში, სადაც «მოსფილმის» თანამშრომელთა შვილები ისვენებენ. მინდა, რუსულ ყოფას ნელ-ნელა შევაჩვიო შვილები. გარდა ამისა, უცხოელ ბავშვთა ბანაკი მოსკოვიდან ძალიან შორსაა, სადღაც შავი ზღვის სანაპიროზე. აქ მირჩევნია იყვნენ. რაც მთავარია, მინდა რუსულად ლაპარაკი ისწავლონ.

და მართლაც, ორი კვირის შემდეგ მათი უკვე ყველას ესმის.

მთელი დღეები ვმუშაობ, ბავშვები კვირაობით გამომყავს და ბუნებრივია, ვამჩნევ, რომ მათი სასაუბრო ლექსიკონი «გამდიდრდა» ბილწსიტყვაობით. ახლა ეს მოდაშია თურმე. მათ ასევე მოისმინეს და შეისწავლეს სიმღერა, რომელიც ჩემზეა. როგორც კი ბავშვები ამღერდებიან, მაშინვე ვხვდები, რომ ამ სიტყვების ავტორი შენ ხარ და რომ იქამდე დაწერე ეს ტექსტი, სანამ გამიცნობდი.

«დღეს ჩვენს კომპლექსბრიგადაში ხმა გავარდა მასკარადის,

დაარიგეს ფორმები კურდღლის, სპილოს, ლოთების.

- რა ჩავიცვა, ბაჭია

- კაბა სთხოვე ნადიას,

გაოცდება ნაღდი, თვით მარინა ვლადიც.

- შენ კი, ლოთისფორმიანო, გაგვიხურე საქმე,

ბეჰემოთის კაბაში ორი ვლადი გვნახე.

ჩაგვისაფრდი ორივეს, ჩაგვეჭიდე ხელზე,

მეორე დღეს მედალი ჩამოგკიდეს ყელზე.

ზოოპარკს მოუყვანაო ორი ბეჰემოთი,

ორი მარინა ვლადი, ყოჩაღია ლოთი!»

ასეთია ლექსის შინაარსი. ლოთის ფორმაში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს გულისხმობ, მე კი ბეჰემოთის კაბაში მომავლინე.

ჩვენ ორივეს გულიანად გვეცინება ბავშვების ნამღერზე. შემდეგ შენ მიხსნი, როგორ ნახე პირველად ფილმი «ჯადოქარი» და როცა მოსკოვში ფესტივალზე ჩამოვფრინდი, როგორ ცდილობდი ჩემთან შეხვედრას.

თურმე ყოველდღე დადიოდი კინოთეატრში, რომ ჩემთვის თუნდაც ეკრანზე მაინც მოგეკრა თვალი. ერთი სიტყვით, დიდი ხნის წინ იყავი ჩემზე შეყვარებული და ვერც წარმოგედგინა, თუ ოდესმე, რეალურ ცხოვრებაში, მოგეცემოდა ჩემი გაცნობის შესაძლებლობა.

- სამაგიეროდ, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცოლი გახდები, - დაასკვნი შენ და მიღიმი.

8 8 8

პიკნიკს ვაწყობთ, ტბაზე მივდივართ ბავშვებთან ერთად. მშვენიერი ამინდია. წყალი ცივია, ამიტომ ბავშვები ნაპირზე თამაშობენ, თან ყიჟინას სცემენ. შენ ღიღინებ, მე კი გისმენ…

ჩვენ ბედნიერები ვართ…

როცა სახლამდე მიგვაცილებ, გარბიხარ, თან პირობას ჩამომართმევ, რომ მომდევნო შაბათ-კვირას განმარტოებით გავატარებთ - მხოლოდ მე და შენ.

მე დასაძინებლად ვწვები, მაგრამ ვერ ვიძინებ…

დედა სასთუმალთან ჩამომიჯდება. მას შენ მოსწონხარ, უჩვეულო და მგრძნობიარე ადამიანიაო, ამბობს. იმდენი რამ მოვუყევი შენს ნიჭიერებაზე, რომ გაცნობამდე აღეძრა შენდამი სიმპათია და ახლა უკვე - სამარადჟამოდ…

დათქმულ დღეს ადრე მოდიხარ. ჩვენ ვირჩევთ წყნარ, მყუდრო ადგილს მდინარის პირას. განვმარტოვდით. მიმღერი ციმბირიდან წამოღებულ სიმღერას ადამიანებზე, რომლებიც სტალინის დროს ბანაკში მოხვდნენ. ერთი კაცი, მოიხადა თუ არა სასჯელი, შინ ბრუნდება და ცოლს სთხოვს, გაუხუროს აბანო, რათა ეჭვები გაიფანტოს და სული განიწმინდოს. სულის შემძვრელი სიმღერაა, რომელშიც შენ პირველად ახსენებ ჩემს შინაურულ სახელს - მარინკა. და კიდევ - მიკითხავ პირველ სტროფებს ახალი ლექსიდან «ნადირობა მგლებზე».

ვხვდები, რომ ყველა შენს ლექსს და სიმღერას მე მიძღვნი და ბავშვური სიამაყით ვთვრები - თავად პოეტი მიკითხავს საკუთარ ლექსებს! ესე იგი, მე მისი სულის მცველი ვარ! - და ეს აღმოჩენა სიგიჟემდე მახარებს.

გვიან ვბრუნდებით უკან. მოთენთილები. კმაყოფილები. ზებედნიერები.

შენ სპექტაკლი გაქვს, თეატრში მიდიხარ, მე კი დედასთან, რომელიც მალე უნდა გაემგზავროს პარიზში…

სასიამოვნოდ უძილო ღამეები გრძელდება…

888

ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს. მეგობრების წრე ნელ-ნელა ვიწროვდება. ახლა უკვე მხოლოდ ძალიან ახლობლები ვრჩებით: ჩვენი საყვარელი სევ აბდულოვი, დედამისი ელოჩკა - ლამაზი ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც ფრანგულად ლაპარაკობს; ვასია აქსენოვი - პირქუში და სიმპათიური, ნამდვილი დათვი; ბელა ახმადულინა - გენიალური და აღმაფრთოვანებელი პოეტესა. საღამოებს ერთად ვატარებთ, ვკითხულობთ ლექსებს, ვლაპარაკობთ, ხანდახან რომელიმე მხატვარი თავის ნამუშევრებს მოიტანს და ერთად ვათვალიერებთ. დღისით გადაღებები მაქვს, საღამოს კი კვლავ ერთად ვიკრიბებით. ახლა უკვე ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ამას მხოლოდ მეგობრობა აღარ ჰქვია. შენზე ყველაფერი ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება. შენ თავდაჭერილად იქცევი, მაგრამ მაინც აგრძელებ ჩემ მოხიბვლას.

შემოდგომის ერთ საღამოს მე ვთხოვ მეგობრებს, მარტო დამტოვონ შენთან. შეიძლება ეს უცერემონიო ჟესტი იყოს, მაგრამ არა მოსკოვში. როცა ადამიანებს სასტუმროში შესვლა ეკრძალებათ, რადგან იგი მხოლოდ უცხოელებისთვისაა განკუთვნილი, ასეთი თხოვნა არავის უკვირს. შენ ჩემთან სასტუმროში ვერ რჩები, ამიტომაც ვიქცევი ასე. სახლის დიასახლისი მაშინვე მეზობელთან გადადის. მეგობრები უსიტყვოდ გვემშვიდობებიან და გვტოვებენ.

ვკეტავ თუ არა კარს, მოვტრიალდები შენკენ და გიყურებ. სამზარეულოდან გამომავალი შუქის ფონზე შენს სახეს კარგად ვხედავ.

ძაგძაგებ, ჩურჩულებ რაღაც სიტყვებს, რომელთა გარჩევას ვერ ვახერხებ. მე შენკენ ვიშვერ ხელებს და მესმის ნაწყვეტი ფრაზები: «მთელი ცხოვრება…» «უკვე დიდი ხანია»… «ჩემი ცოლი!»

მთელი ღამე არ გვყოფნის, რომ ჩვენი შეგრძნებების სიღრმეებს ჩავწვდეთ. თითქოს პრელუდია იყო ის განვლილი თვეები, როცა ერთმანეთს მხოლოდ ვეფლირტავებოდით, მხოლოდ ფარული მზერებით ვავსებდით… ერთმანეთში ჩვენ-ჩვენს მიუწვდომელ მეორე ნახევარს ვპოულობთ. ვიძირებით უსაზღვრო სივრცეში, სადაც სხვა არაფერია, გარდა სიყვარულისა. ჩვენი სუნთქვა მხოლოდ წამით მშვიდდება, რათა შემდგომ კვლავ მოძალებული სიყვარულის მორევში გადავეშვათ.

ჩვენ ოცდაათი წლისანი ვართ, დიდი გამოცდილება მოგვცა ცხოვრებამ - რამდენიმე ცოლი და რამდენიმე ქმარი, ორივეს ერთად 5 შვილი, პროფესიული წარმატებები და წარუმატებლობები, აღმაფრენები და დაცემები, დიდების მწვერვალი…

ჩვენ კი მოჯადოებული ვართ ერთმანეთით, როგორც ბავშვები, რომლებმაც მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს, რა არის სიყვარული.

ვერავინ და ვერაფერი ამოშლის მეხსიერებიდან იმ უსაზღვრო სიახლოვის წუთებს. მესამე დღის გამთენიისას ვტოვებთ ამ კეთილ სახლს. ჩვენ ერთად ვართ დღეიდან და უკუნითი უკუნისამდე. მიუხედავად იმისა, რომ არ ვმალავთ ურთიერთობას, ჩემდა გასაკვირად, გადაკვრით მიმანიშნეს, რომ შენთან ერთად ნომერში დარჩენის უფლება არ მაქვს. სართულის მორიგე გამუდმებით მთხოვს, სტუმრები 11 საათის შემდეგ დავითხოვო. და…

რამდენიმე სკანდალური შემთხვევის შემდეგ იძულებული ვხდებით, ბინა ვეძებოთ, სადაც ერთმანეთთან შეხვედრას შევძლებთ. როგორც ბევრ შეყვარებულს მოსკოვში, ჩვენს განკარგულებაშია სკამ-ლოგინი, სადღაც სამზარეულოში ან დივანი დერეფანში, ან მოსკოვი-ლენინგრადის ღამის მატარებელი - საყვარელი და რომანტიკული კუპე, ან ტბებში მოხეტიალე კატერების კაიუტა, რომელთა დაქირავება რამდენიმე საათით შეიძლება.

და ყოველ შეხვედრაზე უსიამოვნო მოგონებები გვრჩება, რომ არ დაგვაგვიანდეს, ეს კი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას გვიტოვებს.

ორივენი დილიდან გვიან ღამემდე ვმუშაობთ, სამაგიეროდ, ღამეა ჩვენს განკარგულებაში. დამღლელი ძებნის შემდეგ, როგორმე ვიქირაოთ ბინა, შენ დედაშენთან, ნინა მაქსიმოვასთან ცხოვრებას მთავაზობ.

მას პატარა, ოროთახიანი ბინა აქვს ახალ რაიონში. და, რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამ ბინაში არის სამზარეულოც, აბაზანა-ტუალეტიც, ამიტომაც არ გვიწევს დიდხანს რიგში დგომა, საუზმე როდის მოვამზადოთ ან დავიბანოთ. მე სიხარულით გთანხმდები. საშინლად დავიღალე ერთი ადგილიდან მეორეზე გადარბენით, მეგობრებთან საუბრებიც მღლის უკვე.

ჩემთვის შენთან ყოფნა ხდება აუცილებელი. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამ თავშეყრის ადგილებში შენ სმა დაიწყე, ისევე, როგორც ჩვენ ყველამ.

მოსკოვში ვერ წარმოუდგენიათ საღამო არყის გარეშე - ცივი კლიმატი ამის საუკეთესო საბაბია, ეს ნაციონალური ტრადიციაა. მეც კი სიამოვნებით ვიღებ იმ სითბოს, რომელსაც არაყი იძლევა, რაც ლაპარაკის საღერღელსაც შლის და თავისუფლების შეგრძნებასაც მიღვივებს. მაგრამ ვიცი, რომ შენთვის ეს დიდი პრობლემაა. ამის შესახებ თვითონ მითხარი ერთ საღამოს, როცა მსახიობებთან შეხვედრაზე შენი ერთ-ერთი ყოფილი ქალი შეგხვდა და შეუმჩნევლად შეეცადა შენთვის არაყი დაესხა. ძალიან უხეშად მიმართე მას. გამიკვირდა შენგან ასეთი საქციელი, შენ კი ამიხსენი:

- მან იცის, რომ ჩემთვის არყის დალევა არ შეიძლება. ეს ყველაზე საზიზღარი საშუალებაა, ჩემს უკან დაბრუნებას შეეცადოს.

მეგობრებმაც გამაფრთხილეს. ზოგმა შენი სიყვარულის გამო, ზოგმა იმიტომ, რომ ჩვენს ურთიერთობას სკანდალი არ მოჰყვეს.

ყველა ერთსა და იმავეს ამბობს: არ მისცე უფლება, ალკოჰოლი მიიღოს, ჭიქასაც კი არ უნდა გაეკაროს. აი, ნახავ. ახლა კი იკავებს თავს, მაგრამ საკმარისია, ერთხელ დალიოს, მერე ისე ინანებ, საკუთარ თითებს დაიკვნეტ.

აქამდე გამუდმებით მხიარულს გხედავდი, ძალიან საყვარელი მყავდი. დარწმუნებული ვარ, დედაშენთან რომ გადავალთ, ამის საშიშროება აღარ მექნება.

გაგრძელება იქნება