"მე და ქეთევანი გაცნობიდან ერთი წლის თავზე დავინიშნეთ, მაშინ ჯიბეში ფული არ მედო... სამი შვილი გვყავს" - მამა შალვა ოჯახზე, საერო ცხოვრებასა და ეკლესიაზე - Marao

"მე და ქეთევანი გაცნობიდან ერთი წლის თავზე დავინიშნეთ, მაშინ ჯიბეში ფული არ მედო... სამი შვილი გვყავს" - მამა შალვა ოჯახზე, საერო ცხოვრებასა და ეკლესიაზე

2022-10-10 13:18:38+04:00


მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის თბილისის ვაკის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია, ოჯახსა და სასულიერო ცხოვრებაზე საუბრობს ინტერვიუში, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "გზა" - რატომ გადაწყვიტა წლების წინ ამ გზის არჩევა და როგორ აღმოჩნდა ის პატრიარქის გვერდით.

- მამა შალვა, გვიამბეთ თქვენს საერო ცხოვრებაზე, როგორ გარემოში იზრდებოდით?

- მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დავიბადე და გავიზარდე, ღვთის მადლით, ძალიან კარგ ოჯახში - 4 ძმა ვართ და სამი თაობა ვცხოვრობდით ერთ ოჯახში. ეს ტრადიცია ახლა თითქმის მოშლილია და შვილიშვილები, ბაბუა, ბებია არ არიან ერთად. ჩვენ კი სხვანაირად გავიზარდეთ. ბებია რომ გარდამეცვალა, მის სულს ვიფიცებდი, ბაბუასაც უდიდესი როლი ეკავა. მან მასწავლა ცხოვრება. სულ მესაუბრებოდა, რა იყო ღირსება, ფასეულობები მასწავლა. სოფლის თავკაცს რომ ეძახიან, ის იყო. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ, დიდი გამოცდილების კაცი.

გერმანელმა ფაშისტებმა ორი ტყვიით დაჭრეს ქერჩში და დაატყვევეს. მიუხედავად იმისა, რომ ტყვედ იყო ბანაკში, საშინელ ტანჯვაში, მაინც რუსებს აგინებდა, სულ ლანძღავდა, ვერ იტანდა კომუნისტებს... ბაბუას სახელს ვატარებ. მახსოვს, როცა პიონერი გავხდი, მაშინ ყველა შაკოს მეძახდა და სკოლიდან ყელსახვევით რომ მოვედი, ბაბუამ მითხრა, - სუფთა შაკო ხარ ახლა, შალვა კი არა, ეს რა ყელსახვევი გაგიკეთებიაო!.. გულზე მომხვდა მისი ეს ნათქვამი. მას მერე პიონერის ყელსახვევი არ გამიკეთებია. სულ მიყვებოდა საქართველოს ისტორიას, კომუნისტები როგორი ცუდები იყვნენ და ეკლესიები რა დღეში ჩააგდეს. მთელი ცხოვრება რუსეთის მიმართ შინაგანი პროტესტი ჰქონდა და ჩვენც გვასწავლიდა, რომ ეს ქვეყანა ჩვენი მტერი იყო, თავისუფლება წაგვართვესო. ეკლესიის გამო უამრავი ადამიანი ჰყავთ ნაწამებიო.

- ტაძრისკენ თქვენი პირველი ნაბიჯები როგორი იყო?

- დედის მამა, სტეფანე ხელაია, სულ ამბობდა, - ბაბუა, ჩვენს წინაპრებში მღვდელი გვყავდა, ამბროსი ხელაია, რომელიც იმისთვის დაიჭირეს, რომ ეკლესიები არ დაანგრევინა. მან თავი გაწირა, ციხეში აწამეს და იქიდან რომ გამოვიდა, მალევე გარდაიცვალაო. მაშინ ბაბუამ არ იცოდა, ამბროსი ხელაია საქართველოს პატრიარქი რომ იყო... გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბაბუას აღმოაჩნდა წმინდა ამბროსი ხელაიას ცხოვრებაზე ბროშურა და პირველი, რაც წავიკითხე სასულიერო პირის ცხოვრებაზე, ეს გახლდათ. მაშინ გავიგეთ, რომ ის იყო საქართველოს პატრიარქი...გაგრძელება