შეწყვეტილი ფრენა - თავი 2 - Marao

შეწყვეტილი ფრენა - თავი 2

2022-10-11 10:15:18+04:00


წინა თავი

დედაშენი კარის ზღურბლთან გვხვდება. ის არქივარიუსად მუშაობს, დილით ადრე გადის სახლიდან და მხოლოდ საღამოს ბრუნდება. როგორც იქნა, მარტონი ვრჩებით. ჩვენს ოთახს შეძლებისდაგვარად ლამაზად ვრთავ, რომ აქ ნორმალურად ცხოვრება და მუშაობა შეიძლებოდეს.

თავისუფალ დღეებში კერძებს ვამზადებ, სახლს ვალაგებ, დავრბივარ მაღაზიებში. ვსწავლობ, როგორ უნდა ვითმინო ამ სიცივეში გრძელ რიგში დგომა. დავდივარ ბაზარშიც, სადაც სამჯერ ძვირად ყიდიან ხილს, ბოსტნეულს, ხორცს. კიდევ შემიძლია «ბერიოზკაში» შევიარო, რომ ვალუტით შევიძინო საჭირო რამეები.

აქ ყველაფერია, რასაც მაღაზიებში ვერ იშოვი: ამერიკული სიგარეტები, ხსნადი ყავა, ტუალეტის ქაღალდი და წარმოიდგინე, კვერცხი, კარტოფილი და სალათის ფოთლებიც კი, რაც ასე დეფიციტი ხდება ხანდახან.

ბევრი მეგობარი გყავს პროდუქტების მაღაზიებში, განსაკუთრებით, დირექტორები. რომ გაგვახარონ, ისინი გვინახავენ დეფიციტურ პროდუქტებს: ხორცს, შებოლილ თევზს, ახალ ხილს. ეს განძეული სახლში მოგაქვს, ჩემთვის. თავად ძალიან ცოტას ჭამ, ამიტომაც შენთვის სულერთია, რა გიდევს თეფშზე. დღე და ღამე მუშაობ. დილით თეტარში გარბიხარ, რეპეტიციაზე, შუადღისას გადაღებები გაქვს ან კონცერტი, საღამოს - სპექტაკლი, ღამით კი ლექსებს წერ. ყველაზე დიდი, ოთხი საათი გძინავს, მაგრამ მეჩვენება, რომ სულაც არ გღლის ეს ჯოჯოხეთური რიტმი, სიცოცხლე ძველებურად თუხთუხებს შენში. სცენიდან მესვრი ხოლმე მაიაკოვსკის ცნობილ სიტყვებს სპექტაკლიდან «მომისმინეთ!» - «ოცდაათი წლისანი ვართ, დროა, შევიყვაროთ ერთმანეთი…»

8 8 8

«გალილეის ცხოვრებაში» იმსიგრძე ხალათი გაცვია, გოლიათს ჰგავხარ, მაგრამ, აი, მთავრდება ოთხსაათიანი სპექტაკლი და გხედავ გამხდარს, სიცხიანივით მბრწყინავი თვალებით და მზად ხარ, მიუჯდე მაგიდას, რომელიც საწოლსა და ფანჯარას შორისაა გაჩხერილი და მთელი ღამე წერო, ხოლო დილით გამაღვიძო და დაწერილი სტროფები წამიკითხო.

ჩვენ ბედნიერები ვართ. ხელისუფლება ჯერ ხუჭავს თვალს ჩვენს ოჯახურ იდილიაზე. მთელი მოსკოვი ამაზე ლაპარაკობს, მაგრამ ჩემი სამუშაო ხომ მალე დამთავრდება და ყველა ფიქრობს, რომ საფრანგეთში დავბრუნდები და სწრაფად დავივიწყებ იმას, რაც აქაურებს ვარსკვლავური ჭირვეულობა ჰგონიათ.

8 8 8

საღამოა. გელოდები. გამზადებული ვახშამი გაცივდა მაგიდაზე. რაღაც მოსაწყენ გადაცემას ვუყურებდი ტელევიზორში და ჩამძინებია. შუაღამისას მეღვიძება. შენ კვლავ არ ჩანხარ. ცარიელი ეკრანი ცისფრად ციმციმებს. მესმის ტელეფონის გაბმული ზარი, ვიღებ ყურმილს და მესმის უცნობის ხმა, რომელსაც შიგადაშიგ ვიღაცის ყვირილი და ოხვრა ახშობს.

- ის აქ არის, თუ შეიძლება, მოდით! ის წასაყვანია! ჩქარა მოდით!

ძლივძლივობით ვახერხებ მისამართის ჩაწერას, სწრაფად ვიცვამ და ტაქსის ვაჩერებ. არ ვიცი, რა ხდება, ვერაფერი გავიგე. შიშმა ამიტანა.

ოდნავ განათებულ სადარბაზოში კატების სუნი დგას. კისრისტეხით ავრბივარ კიბეზე, სულს ვერ ვითქვამ. ბოლო სართულზე კარი ღია მხვდება. ვიღაც ქალს ოთახში შევყავარ…

დაგინახე… გიყურებ… დივანზე წევხარ და თვალებს ძლივს ახელ. იქვე ცარიელი ბოთლები და სიგარეტის ნამწვები ყრია. მაგიდაზე გადასაფარებლის მაგივრად გაზეთებია დაფენილი. იქვე დამარილებული თევზის ნარჩენები მიმობნეულა. რამდენიმე ადამიანი ძირს ყრია, იატაკზე. მე მათ არ ვიცნობ.

წამოდგომას ცდილობ, ხელებს მიწვდი. გეხმარები, მხარში შეგიდგები და შინ ვბრუნდებით.

ეს ჩემი პირველი შეჯახებაა იმ სხვა სამყაროსთან. ცხოვრებაში პირველად ვიხილე, ლოთობის სასიკვდილო ჭაობი როგორ ითრევს ადამიანებს.

გაგეღვიძა. ავად ხარ, გაღიზიანებული, მაგრამ იმედიანი. ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა და შეძელი შეჩერება. ეს ძნელი დასაჯერებელია - ჩემი გვერდით ყოფნა საკმარისი აღმოჩნდა. აქამდე ხომ არავის გამოსდიოდა შეეჩერებინა ის სიგიჟე, რომელშიც შენ იძირებოდი. დღეიდან მე გამძლეობის გამოჩენა მმართებს.

დედაშენი მადლობელია და ათასნაირ სიკეთეს «მაბრალებს». აქამდე არასდროს ყოფილა შემთხვევა, სიმთვრალეში ვინმესთვის დაგეჯერებინა და შინ გამოჰყოლოდი. მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ - მე შენ გადაგარჩინე.

ასეთმა იოლმა გამარჯვებამ ძალა შემმატა და ჩემი უძლეველობა დავიჯერე…

8 8 8

ჩემი გამგზავრების დროა. სამუშაო დამთავრდა. ვტოვებ მოსკოვს, სადაც თითქმის წელიწადი ვიცხოვრე. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ჩავედი პარიზში, რათა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ დამერღვია. ახლა უკვე აღარ მაქვს ოფიციალური მიზეზი, უკან დავბრუნდე. რას ვიზამთ! მსახიობი ალაგებს ჩემოდანს და მიემგზავრება. თუმცა ივლისში კინოფესტივალზე სტუმრის ამპლუაში მეპატიჟებიან. ორივენი მკვდრებივით ვართ. შენ არ გაქვს არანაირი იმედი, ჩემთან ჩამოხვიდე. ქვეყნიდან გასვლის უფლება კარგა ხანია, ჩამოგართვეს. ვიზის მოთხოვნას აზრი არა აქვს. შენზე ამბობენ, «ოდიოზური პიროვნებააო», არც მეტი, არც ნაკლები. გარდა ამისა, ვიზაში თუ უარი ჩაგირტყეს - ეს უკვე სამუდამოდ.

ბიუროკრატიული მანქანა უკან არასდროს იხევს.

ჩვენ შეუძლებლად გვეჩვენება ერთმანეთის გარეშე ცხოვრება იმ სამი თვის განმავლობაში, რომელიც ფესტივალის დაწყებამდე რჩება.

აეროპორტამდე სასოწარკვეთილები მივდივართ. საბუთების შემოწმება დამთავრდა. და უცებ ერთ-ერთი მებაჟე, შენი თაყვანისმცემელი, გამონაკლისს უშვებს და ნებას გრთავს, მოსაცდელ დარბაზში ჩემთან ერთად შემოხვიდე. აქ ხალხი ირევა. ელოდებიან, ჭამენ, სვამენ, თვლემენ…

საშინელი ამინდია - თოვს და ისეთი ქარბუქია, თვიმფრინავები ფრენას ვერ ახორციელებენ. მერხზე ვსხედვართ. ცუდი ამინდის წყალობით, კიდევ რამდენიმე საათს გრძელდება ჩვენი ერთად ყოფნის ბედნიერება. «მოსფილმიდან» ვიღაც წითური ახალგაზრდა მამაკაცი მაცილებს.

მან პირდაპირ ტრაპამდე უნდა მიმიყვანოს, რათა გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდეს. წითურს მხოლოდ შორიდან ვიცნობ, ის ადმინისტრაციიდანაა. გადაღებებზე არ დავკონტაქტებივარ, მაგრამ სანამ აეროპორტამდე მოვაღწევდით, რატომღაც, გული გადამიშალა და მითხრა, ცოლმა შეიძლება წუთი-წუთზე იმშობიაროს და მამა გავხდებიო. როცა ვიგებთ, რომ ფრენა შეჩერებულია, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე ცმუკვას იწყებს.

ჩვენ გვერდიგვერდ ვსხედვართ, ერთმანეთზე მიყრდნობილები. სრულიად მარტონი ვართ, გარშემო ვერავის ვამჩნევთ. მეუბნები, რომ უჩემოდ ცხოვრება აუტანელია. გპასუხობ, რომ მეც ძნელად წარმომიდგენია უშენოდ.

აცხადებენ საბედისწერო რეისს: «ეარ ფრანსს». ერთმანეთს ვეხვევით და აცრემლებული დარბაზის სიღრმისკენ მივემართები. მოულოდნელად ლითონივით ცივი ხმით ვიღაცა ხელმეორედ აცხადებს: ფრენა ოთხი საათით გადაიდო. უკან მოვრბივარ და კისერზე გეკიდები - კიდევ ცოტა ხანს ვიქნებით ერთად!

რესტორანი გადაჭედილია, მაგრამ ერთმა ოფიციანტმა გიცნო და სამი ადგილი როგორღაც გამოგვინახა.

წითურის საცოდაობამ გული დამითუთქა - მისი ცოლი სამშობიარო ბლოკშია. მე და შენ ეგოისტები ვართ, როგორც ყველა შეყვარებული - მხოლოდ ერთმანეთს ველაპარაკებით, არავის ვაქცევთ ყურადღებას. შენ მეუბნები, რომ რაც შეიძლება, მალე უნდა დავბრუნდე უკან. გპირდები, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე ჩამოვალ, როგორც ტურისტი. მთავარია, ჯერ ბავშვების პრობლემა მოვაგვარო, სამსახურს, ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხნით შევეშვები, ისედაც ძალიან ვიღლები. მოსკოვში რამდენიმე თვე დასვენება კარგიც კი იქნება ჩემთვის. მხოლოდ ერთი რამ მადარდებს - რომ შენ არ შეგიძლია ქალაქის დატოვება. სიგიჟემდე მიყვარს მთები. ერთ-ერთ შენს ცნობილ სიმღერაში გაქვს ისინი ნახსენები. ახლა ეს სიმღერა მთამსვლელების ჰიმნადაა ქცეული. მაგრამ შენ თეატრი გაკავებს, ყოველ საღამოს სპექტაკლი გაქვს. ეს კი ნიშნავს - მშვიდობით, მთებო!

ამ ოცნებებმა ცოტა ხნით გაგვართო და როცა კვლავ გამოაცხადეს ჩასხდომა, აღელვებულები ვემშვიდობებით ერთმანეთს, ამჯერად - ცრემლების გარეშე. განსაკუთრებით წითურია კმაყოფილი. უკვე გასასვლელთან ვარ, როცა მიკროფონში აცხადებენ, რომ თვითმფრინავს ფრთები მოეყინა და სანამ კომპრესორით გაადნობენ, კვლავ უნდა დაველოდოთ.

რეისი განუსაზღვრელი დროით გადაიდო…

დაბინდდა. ქარბუქი გაძლიერდა. შენი სიმღერების თაყვანისმცემელ სტიუარდესას განმარტოებულ კუთხეში მივყავართ სამივე, სადაც სიგარეტს სიგარეტზე ვეწევით. წითური წარამარა გადის დასარეკად და ყოველ ჯერზე ცხვირჩამოშვებული ბრუნდება: «ჯერ არაფერია». მერე კვლავ გადის. ჩვენ უკვე ვბოდავთ. შენ ითხოვ, მოსკოვში გადმოვიდე საცხოვრებლად, რომ ცოლად გამოგყვე, თან ბავშვებიც წამოვიყვანო. მე თანახმა ვარ, შენი გადაწყვეტილება ძალას მმატებს - რა თქმა უნდა, შემიძლია ყველაფერი მივატოვო, ბავშვებთან ერთად დედაშენთან ვიცხოვრო, რა თქმა უნდა, ვიშოვი სამსახურს, ვიქნებით ერთად ბედნიერები. ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა - სიყვარული ხომ სხვა ყველაფერზე ძლიერია.

წითური უკეთეს ხასიათზე ბრუნდება. ახლა მას სურს, თავის ოჯახზე გვესაუბროს, შვილზე, რომელიც შეეძინა - რა ბედნიერებაა, რა შესანიშნავი რამეა შვილი!

ჩვენ ვუსმენთ მას. კიდევ კარგი, დროზე გამოჩნდა, თორემ ბედნიერების მეცხრე ცაზე ვიყავით უკვე და არც გვიფიქრია, როგორი საშიშია ასეთი სიმაღლიდან ჩამოვარდნა. მე სამი შვილი და დედა მყავს, მაქვს დიდი სახლი. ბევრს ვმუშაობ და კარგადაც გამოვიმუშავებ. მიყვარს ჩემი პროფესია და საქმე, რომელსაც 10 წელია, ვაკეთებ. ერთი სიტყვით, ცუდად არ ვცხოვრობ. შენ ორი შვილი გყავს და ყოფილი ცოლი, რომელსაც ეხმარები. მას დედაშენის სახლში 9 კვ.მ ფართის ოთახი აქვს გამოყოფილი. შენი ხელფასი 150 მანეთია თვეში, რომლითაც, უკეთეს შემთხვევაში, ორი წყვილი «ბათინკის» ყიდვა შეიძლება. მუშაობ კატორღულად, გიყვარს შენი სამუშაო, არ შეგიძლია საზღვარგარეთ გამგზავრება. ორივეს ცხოვრება რომ გავაერთიანოთ, უბრალო ცხოვრება არ გამოგვივა!

წითური გახარებულია - მას ქალიშვილი შეეძინა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დალევაც კი შეიძლება ახლა!

თბილ შამპანურს ვუჭახუნებთ ერთმანეთს. მე და შენ დავიღალეთ, გავწამდით, თითქმის გავუცხოვდით და როცა საბოლოოდ აცხადებენ ჩასხდომას, რაღაცნაირი შვებითაც კი ვეთხოვებით ერთმანეთს. ქარბუქმა ჩვენს სულებშიც შეაღწია, აუხდენელი ოცნებებით და ფუჭი იმედებით აგვაფორიაქა.

8 8 8

როგორც კი ჩემთან, მეზონ-ლაფიტზე აღმოვჩნდი, ტელეფონი რეკავს. ეს შენ ხარ. მთელი ეს დრო ფოსტაში გაატარე, ელოდებოდი, როდის დაგაკავშირებდნენ პარიზს. თან ლექსი დაწერე და იმას მიკითხავ…

ყოველ საღამოს სანთლები მინათებს

შენზე ვეჩურჩულები ნიავს…

არ მინდა, ვიცოდე, დრო რომ მკურნალია,

რომ დროს ყველაფერი მიაქვს…

დაე, გამინათოს საღამო სანთლებმა,

მე კვლავ ვუჩურჩულებ ნიავს,

ოღონდ არ მითხრა, დრო მკურნალია,

რომ დროს ყველაფერი მიაქვს…

შეკვეთილი წუთები მთავრდება და დამშვიდობების ნაცვლად ყვირი: «მალე დაბრუნდი! უშენოდ არ ვიცი, რა სისულელეს ჩავიდენ!»

მაშინვე ვიწყებ საბაბის ძებნას, როგორმე ვიზა მოვიპოვო. ერთადერთ საპატიო მიზეზად მაინც ჩემი სამუშაო მეჩვენება. როგორც იქნა, «მოსფილმის» ერთ რეჟისორთან გამომდის მოლაპარაკება, მიმიწვიოს სასინჯ გადაღებებზე. მაგრამ არც ისე ადვილია ამის გაკეთება, მოსკოვთან კავშირი ცოტა კაპრიზული საქმეა. ჩემი შესაძლო მონაწილეობა ფილმში სსრ კავშირის კულტურის სამინისტრომ უნდა გააკონტროლოს, ამიტომაც ყველაფერზე მინისტრმა უნდა გასცეს თანხმობა.

შედარებით იოლ გზას ვპოულობ. ტურისტული მოგზაურობის ფარგლებში, ჩემი ხარჯით, ვითხოვ ვიზის გაგრძელებას, რათა მომავალი ფილმის სცენარს დაწვრილებით გავეცნო. ეს მცირე ეშმაკობა ორჯერ გამომივა. ძალიან მალე კი გავიგებ, რომ საკმარისია ტურისტული საგზურის ყიდვა, სასტუმროს ხარჯის გადახდა, რომელშიც არ ვიცხოვრებ, კვების თანხის გადახდა, რომელსაც არ შევჭამ და მექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდე და რამდენიმე დღე გავატარო შენთან ერთად. სწორედ იმ ხანებში ვიგებ იმასაც, რომ ჩემს წარამარა სირბილს მოსკოვსა და პარიზს შორის კეთილგანწყობით უყურებენ ისევე, როგორც ჩვენს ურთიერთობას. და ეს ყველაფერი იმის წყალობაა, რომ მე საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი ვარ.

ერთ ჩემს რუსი წარმოშობის ფრანგ მეგობარ ქალბატონს არ ჰქონდა მსგავსი პრივილეგიები. მას ქართველი მხატვარი შეუყვარდა და უნდოდა, ცოლად გაჰყოლოდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი საფრანგეთის საელჩოში მუშაობდა, მიუხედავად მრავალრიცხოვანი ოფიციალური წერილებისა თუ თხოვნისა, ძალიან დიდხანს არ დართეს დაქორწინების ნება. მაშინაც კი, როცა ამის უფლება მისცეს, იძულებული გახადეს, უკან, საფრანგეთში დაბრუნებულიყო და შემდეგ კვლავ თავიდან გაუხდა ვიზა გასაკეთებელი, რათა ქმარი ენახა.

მოსკოვის ვიზების გამცემი ყოვლისშემძლე ორგანიზაცია ჩემთვის, ფაქტობრივად, მეორე სახლი ხდება. აქ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან მიწევს შეხვედრა, რომელიც უყოყმანოდ მეხმარება.

დღევანდელ დღეს სიტუაცია მარტივია. მე ინტურისტი ვარ, ორკვირიანი ვიზა მომცეს, რომლის გაგრძელება შემიძლია, თუკი მოვისურვებ, მაგრამ აუცილებლად სასტუმროში უნდა ვიცხოვრო. თუ მინდა, მეგობრებთან დავრჩე საცხოვრებლად ან ახლობელთან, მოწვევა უნდა მივიღო და მასთან ერთად - თანხმობა, გამგზავრების და უკან დაბრუნების თარიღებით. მაგრამ ჩემი სამუშაო ისეთია, არასდროს ვიცი, უკან ზუსტად როდის მომიწევს დაბრუნება. ხანდახან მხოლოდ 3-4 დღე მაქვს თავისუფალი. ამიტომ მინდა, წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვიდე. ასეთი შემთხვევები ხშირად არ ხდება, ამიტომ სიტუაციის ასახსნელად უფროსთან მიწევს შესვლა. ვუყვები მას ჩემს ცხოვრებაზე - ბავშვებზე, დედაზე, ჩემს გრძნობებზე, შენზე და ვგრძნობ, როგორ მასხამს ოფლი. ამ ადამიანს ერთ საათში იმაზე მეტი მოვუყევი, ვიდრე ჩემს ყველაზე ახლო მეგობრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

შედეგი მოულოდნელია.

- რატომ ჩვენთან არ გადმოხვალთ საცხოვრებლად? - მეკითხება უფროსი რაღაცნაირი ღიმილით.

მე კვლავ ვიწყებ ახსნას, რომ მაქვს სამსახური, რომელსაც ვერ მივატოვებ, რომ მოვალეობა არ მაძლევს საშუალებას, აქ გადმოვიდე საცხოვრებლად…

ვგრძნობ, რაც მეტს ვლაპარაკობ, უფრო მეცლება ძალა და უსუსური ვხდები…

და უარით გამომისტუმრეს. მხოლოდ კეთილგანწყობა და ორაზროვანი «ნახვამდის» გამომაყოლეს თან. სიმართლე რომ ვთქვა, კატეგორიული უარი ჩემთვის აქამდე არც ერთხელ არ უთქვამთ. ეს პირველი შემთხვევაა.

წლების განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიის სტატუსით ვსტუმრობ მოსკოვს: ტურისტი, სტუმარი მოწვევით, დროებით მცხოვრები, ჩაუწერელი მეუღლე, მეუღლე არამყარი საცხოვრებელი ადგილით, შემდეგ - მყარი საცხოვრებელი ადგილით. ერთადერთი სტატუსი, რომელზეც უარი ვთქვი, არის «მეუღლე მუდმივი ჩაწერით» - ამ შემთხვევაში უკან, საფრანგეთში დაბრუნება გამიძნელდება.

8 8 8

ივნისის ერთ მშვენიერ დილას ჩამოვდივარ მოსკოვში ჩემოდნებით, რომელიც სავსეა ტანსაცმლით, თეთრეულით, ფირფიტებით, წიგნებით, სხვადასხვა პროდუქტით, იტალიური მაკარონითაც კი, ყავით, ზეითუნის ზეთით და, რა თქმა უნდა, წამლებით.

ყველა მეგობარს რაღაც სჭირდება: ანტიბიოტიკები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, სიმსივნის საწინააღმდეგო წამლები და სხვა. გარდა ამისა, ნათესავებისთვის, ახლობლებისთვის, სტუდიის თანამშრომლებისთვის საჩუქრები ჩამომაქვს. ყოველი შეხვედრა დღესასწაულს ემსგავსება. გაოგნებული ვარ! როგორი ბედნიერები არიან ადამიანები, როცა საჩუქრად ფრანგულ მაისურს, ფირფიტას ან წამალს იღებენ.

ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდება. ჩემი ხელით გკრეჭ თმას, რომლის გაზრდაც თავად გთხოვე. თავს იწონებ მოდური ტანსაცმლით, ახალთახალი ჩექმით, დღეში სამჯერ იცვლი ქურთუკს, რაც უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ყველას, ვინც ჩვენთან სტუმრად მოდის, ეუბნები, შეეხე, ნახე, რა რბილი ტყავია, მუჭში მოიმწყვდევო.

რაც მთავარია, მუსიკით ტკბები. ფირფიტების მოსასმენად ფირსაკრავი ჩამომაქვს პარიზიდან. დაუსრულებლად ვუსმენთ «პორგის და ბესს». არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის სიმღერებს ყვირილამდე მიჰყავხარ…

მე არ ვმუშაობ. ჩვენ სულ ერთად ვართ. დავდივარ შენს სპექტაკლებზე, კონცერტებზე, პუბლიკა აღფრთოვანებულია. შენი წარმატებები უფრო და უფრო მაინტრიგებს: სცენიდან არ გიშვებენ, წერილები ცვივა იატაკზე, ხელმეორედ გთხოვენ ამა თუ იმ სიმღერის შესრულებას. ყოველ საღამოს შინ ყვავილების უამრავი თაიგულით ვბრუნდებით…

ერთ საღამოს ქუჩაში მივსეირნობთ. ცხელა, ყველა ფანჯარა ღიაა ირგვლივ და ყოველი მათგანიდან შენი ხმა მოისმის, ჩახრინწული და გამორჩეული ტემბრის. მიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა. ჩემ გვერდით მოდიხარ და გეღიმება. ახლა მეც ვრწმუნდები, როგორ უყვარხარ ყველას, ისინი შენს სიმღერებს უსმენენ. მე ამაყი ვარ და ბედნიერი…

თუმცა ერთხელაც სწორედ ეს სიამაყე მიგვიყვანს ტრაგედიამდე…

8 8 8

ფესტივალი დაიწყო. ჩემი დები კარგა ხანია, მოსკოვში გამოემგზავრნენ. საღამოს ჩვენ ერთად მივდივართ ჩემს მეგობარ ელოჩკასთან.

მას, ოსიპ აბდულოვის ქვრივს, ცენტრში კარგი ბინა აქვს. მიხარია, რომ ვნახავ. ჩემმა დებმა ჩამოსვლისას მხოლოდ თვალი მოგკრეს, ახლა კი, როგორც წესი და რიგია, ისე გაგიცნობენ.

დღისით ფესტივალზე მოწვეული სტუმრებისთვის მიღება იმართება.

ყველა დელეგაცია სასტუმრო «მოსკოვში» იკრიბება, იქიდან კი ავტობუსებით ყველას სასახლეში მიიყვანენ. ზღვა ხალხია ჩამოსული, მაგრამ ყველაფერი საოცრადაა ორგანიზებული, ატმოსფერო მხიარული. ჩვენ ყველანი დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, ამიტომაც ასეთი შეხვედრები კინოშემოქმედთათვის ყოველთვის მღელვარე ემოციებს იწვევს.

ხელიხელჩაკიდებული სასტუმროს მივუახლოვდით. ჩემს მეგობრებს გაცნობ - ფრანგებს, იტალიელებს, ერთ იაპონელსაც კი, რომელთანაც რამდენიმე წლის წინ ტოკიოში ვმუშაობდი და ყველანი ვცდილობთ, სხვადასხვა ენაზე გავუგოთ ერთმანეთს.

ავტობუსში ავდივარ, შენ უკან მომყვები. დაჯდომას ვერ ვასწრებ, რომ ხმამაღალი ლაპარაკი მესმის, უხეში. ვიღაც ტიპი, რომელსაც მოსაწვევების შემოწმება ევალება, შენიშვნას გაძლევს და ავტობუსიდან გაძევებს. მე მასთან მივრბივარ, ვცდილობ, ავუხსნა, მაგრამ შენ თვალებით მანიშნებ, გავჩერდე. გაფითრებული ხარ. დამცირება, რომელიც ასე ხშირად გხვდება ცხოვრებაში, ამწუთას გაუსაძლისია. არ გინდა, ვიღაც უცხოელმა ტალახში ამოგსვაროს, მაგრამ თავს ზევით ძალა არაა. ხელებს შლი და მანიშნებ, რომ ჩხუბს აზრი არა აქვს. კარები იკეტება, ავტობუსი დაიძრა. ფანჯრიდან გხედავ. ტროტუარზე დგახარ - პატარა, შეურაცხყოფილი კაცი - როგორც ჩარლი ჩაპლინი და გაბრაზებული ფეხებით თელავ ასფალტზე მიმოყრილ მოსაწვევ ბარათებს.

გაგრძელება იქნება