9 ოქტომბერს მომღერალ ნათია თოდუასა და მისი რჩეულის, დავით ზურაბაშვილის ქორწილი გაიმართა. წვეულებას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. წყვილმა მეგობრები კახეთში, "შატო ბუერაში" შეკრიბა, ხოლო ჯვრისწერა ბოდბეში გაიმართა.
ნათია თოდუამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გერმანიაში წასვლის წინ რამდენიმე დღე სწორედ ბოდბეში გაატარა:
"2016 წელს, მანამ, სანამ გერმანიაში წავიდოდი, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ რამდენიმე დღით ბოდბის წმ. ნინოს მონასტერში მეცხოვრა. ვგრძნობდი, რომ სიმშვიდე მჭირდებოდა და ძალების მოკრება. მონასტერში დამხვდნენ უსაყვარლესი დედები. პირველივე დღიდან ვიგრძენი დიდი შვება, სიყვარული და თავისუფლება. ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ იქიდან წასვლა ძალიან გამიჭირდა. ვიცოდი, თუ რა დაბრკოლებები, ბრძოლები და წინააღმდეგობები მელოდებოდა წინ… ჩემი დიდი სიყვარულით მაშინ პირობა დავდე, რომ ჩემი ჯვრისწერა აუცილებლად ბოდბეში იქნებოდა. 9 ოქტომბერს ჩემს ცხოვრებაში ულამაზესი და უმშვენიერესი დღე დადგა, ჩვენ ჯვარი სწორედ ბოდბეში, წმ. ნინოს წყაროსთან დავიწერეთ" - წერს ნათია თოდუა.


