პოპულარული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარ პერსონაჟი, ტასოს როლის შემსრულებელი ქეთა ორბელაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბავშვია. 4 წლის ასაკში მისცეს ეს როლი, დღეს კი უკვე 16 წლის არის და მეთერთმეტეკლასელია. შეიძლება ითქვას, რომ სერიალში გაიზარდა.
როგორც ცნობილია, "ჩცდ" ფინანსების უქონლობის გამო გაჩერდა, გადამღები ჯგუფი მორიგ სეზონს ვერ აახლებს. რას ფიქრობს ამაზე, რა ემოციები აქვს ქეთა ორბელაძეს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში სერიალის გარეშე არც უცხოვრია?
- მკითხეთ, როგორ ხარ? რა გითხრათ, სწავლის მხრივაც საქმე მომემატა, ამჟამად ჩემს ცხოვრებაში სწავლამ დაიკავა დიდი ადგილი. აბიტურიენტი შემდეგ წელს გავხდები. საერთაშორისო სამართალზე მინდა, "ჯავახიშვილში" ჩავაბარო.
- რატომ გიზიდავს საერთაშორისო სამართალი?
- ჰუმანური პროფესიაა და ჰუმანიტარული საგნები ბარდება, რაც ყველაზე კარგად გამომდის. დაინტერესებული ვარ ადამიანებთან, ხალხთან კომუნიკაციით და არაერთი საკითხით... საერთაშორისო სამართალში ბევრი რამ არის გაერთიანებული - იურისტობა, დიპლომატია. მოკლედ, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს.
- როდის დაინტერესდი ამ სფეროთი?
- შეიძლება ამის მიზეზად ისიც დავასახელოთ, რომ ბიძაჩემი უკრაინაში გენერალური კონსულია. ამდენი წელია, მის საქმიანობას, წარმატებულ კარიერას ვუყურებ. მოკლედ, საერთაშორისო სამართლით ჩემი დეიდაშვილიც დაინტერესდა და ორივემ ერთად გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით ვისწავლოთ. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, სანამ ამ ყველაფერს გადავწყვეტდი, სამედიცინოზე ჩაბარება მინდოდა, რაც დაჟინებული მქონდა, მაგრამ რომ გავიგე ამ ფაკულტეტის არსებობს შესახებ, ექიმობა გადავიფიქრე.
- და როგორ ემზადები ამისთვის?
- ბარდება უცხო ენა, ქართული და ისტორია. ინგლისურში დიდი ხანია, ვემზადები, მაგრამ ქართულში მომზადება წელს დავიწყე. ისტორიას შემდეგ წელს დავიწყებ. ასე ნელ-ნელა უნდა მივყვე ყველაფერს, უცებ რომ არ დამეყაროს თავზე ყველაფერი.
- ამ დროს ვიღაც იკითხავს, ამდენი წელია ცნობილი სერიალის მსახიობია და "თეატრალურზე" როგორ არ აბარებსო. რას ეტყვი მათ?
- კი, ბევრს გასჩენია ასეთი კითხვა. უი, "თეატრალურზე" არ აბარებ? ჩემი პასუხით გაკვირვებული რჩებიან. ისე, ახსნაც არ მაქვს, რატომ არ ვაბარებ. უბრალოდ, არ მინდა და ეს არის...
- როგორც შევიტყვეთ, სერიალი ამ ეტაპისთვის დაიხურა. ემოციურად ამის გაგება რა იყო შენთვის?
- ასე ოფიციალურად არავის უთქვამს, რომ დავამთავრეთ. ჯერჯერობით, როგორც მაყურებელს, მთელ ჯგუფს, მსახიობებს გვაქვს ნაპერწკალი და იმედი, რომ გაგრძელდება. რომ ვიფიქრო, სერიალი დამთავრდა, შეიძლება ჩემზე ძალიან იმოქმედოს. ამიტომ, თავს ვეუბნები, რომ გაგრძელდება. გასაგებია, რომ ოდესმე ყველაფერი მთავრდება, მაგრამ ერთადერთი, ეს სერიალია, რომელზეც ვერასდროს ვიტყვი - ოდესღაც დამთავრდება. სულ მგონია, რომ გაგრძელდება. ხალხიც ასეა, რომ მხვდებიან, - ვერ წარმოვიდგენთ, რომ დასრულდაო. ეს პროექტი მათაც უსასრულო ჰგონიათ. ისე, ხომ ვამბობ, ოფიციალური ფრაზა ჯერ არც გაჟღერებულა, რომ დამთავრდა და არ იქნება. ყველაფერს ნახავს მაყურებელი, რა და როგორ.