ამბავი, რომელიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ - ლეონარდოსა და ქეითის 25-წლიანი მეგობრობის საოცარი ისტორია - Marao

ამბავი, რომელიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ - ლეონარდოსა და ქეითის 25-წლიანი მეგობრობის საოცარი ისტორია

2022-10-12 11:05:31+04:00

ხშირად ჰოლივუდში სიყვარულისა და მეგობრობის ისტორიები საკმაოდ ხანმოკლეა, თუმცა ლეონარდო დიკაპრიოსა და ქეით უინსლეტის ურთიერთობაზე იმავეს ვერ ვიტყვით. ისინი 25 წელია, განუყრელი მეგობრები არიან და ყველა მნიშვნელოვან დღესა თუ პრობლემის დროს ერთად არიან.

ლეონარდო დიკაპრიომ და ქეით უინსლეტმა ერთმანეთი "ტიტანიკის" გადასაღებ მოედანზე, 1996 წელს გაიცნეს. ქეითი 21 წლის იყო, ლეონარდო კი – 22-ის. წყვილმა ეკრანზე შეყვარებულების როლი ისე დამაჯერებლად ითამაშა, რომ ნამდვილი რომანის შესახებ ჭორები თავიდანვე დაიწყო. უინსლეტმა არაერთხელ აღიარა, რომ გადაღებების დროს მსახიობი მას დაბალი თვითშეფასების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა.

"ტიტანიკის" შემდეგ მსახიობები დამეგობრდნენ და ირწმუნებიან, რომ მათ შორის რეალურ ცხოვრებაში რომანი არასოდეს ყოფილა. ლეონარდო და ქეითი 2008 წელს კვლავ ერთად გადაიღეს ფილმში "რევოლუციური გზა". ისინი მეუღლეების როლს თამაშობენ. სხვათა შორის, ფილმის რეჟისორი ქეითის ყოფილი ქმარი, სემ მენდესი იყო. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის უინსლეტს "ოქროს გლობუსი" გადაეცა, სცენაზე ასულს კი ლეონარდო გულშემატკივრობდა და დარბაზიდან ამხნევებდა.

ქეითის ცხოვრებაში ბევრი სტრესული მომენტი იყო. მსახიობი ორჯერ დაქორწინდა და ოჯახი ორივეჯერ დაენგრა, რაც ძალიან განიცადა. მას ორი შვილის გაზრდა მარტოს უწევდა, ლეონარდოს კი, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, უინსლეტის სახლში მიდიოდა და ბავშვების აღზრდაში ეხმარებოდა.

2012 წელს ქეითი ნედ როკნროლზე დაქორწინდა, საკურთხეველთან კი ლეონარდომ მიაცილა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა უინსლეტს დედა გარდაეცვალა, მსახიობმა თქვა, რომ ეს მძიმე ტკივილი დიკაპრიოს მხარდაჭერამ და გამხნევებამ გადაატანინა.

2016 წელს, როცა ლეონარდომ "ოსკარის" ჯილდო აიღო, ქეითი დარბაზში იყო და საყვარელი ადამიანის წარმატებას იზიარებდა.

წლების განმავლობაში ქეითისა და ლეონარდოს მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერდება. ერთად არიან ყველა პრობლემისა თუ გამოწვევის დროს და იციან, რომ ერთმანეთისთვის საიმედო ადამიანები არიან. ერთ-ერთ ინტერვიუში კი ლეომ თქვა, რომ მათი ურთიერთობა მექანიზმს ჰგავს, რომლის ნაწილებიც შეთანხმებულად მოქმედებენ, რომ იმუშაოს.