ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მომხდარ ტრაგედიას 13 წლის გოგონა ემსხვერპლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერილი მოდელმა თიკო ჩხეიძემ გამოაქვეყნა:
“ბევრი სისულელე გავაკეთე ამ ამბის მერე… თითქოს არც ესმოდა ჩემს ყურს. მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათი მორიდებული მზერაც მახსოვს, რომ მითხრეს და ჩემს რეაქციას დაელოდნენ. მე კი უაზროდ ვიცინოდი, ვხუმრობდი და თითქოს არაფერს ვგრძნობდი. თუმცა ვერ გავუძელი, გადავხედე ინფორმაციას, კადრებს. უმძიმეს კადრებს, საკუთარ შვილს საბოლოოდ რომ იკრავ გულში [ჯერ კიდევ თბილს] და ემშვიდობები. რა სიმწარეა, რა უსუსურობაა. და ეს ტკივილი უსასრულოდ რომ გრძელდება”, – წერს თიკო ჩხეიძე.
თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ოჯახში რამდენიმე წლის წინ მსგავსი ტრაგედია დატრიალდა. წყვილს 9 წლის გოგონა ასევე ელექტროშოკით გარდაეცვალა. თიკომ გარდაცვლილი შვილის შესახებ წიგნი „აღსარება დედისა“ დაწერა, სადაც საკუთარი გრძნობებისა და შვილის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების გაგრძელების შესახებ საუბრობს.
