„თვეების იყო ჩემი შვილი, როცა წავიდა... ახლა ჯვრის აყრა უნდა და ადვოკატით მემუქრება, არადა, თანახმა ვარ” - ელენე ფოჩხუა ყოფილი ქმრის შესახებ - Marao

„თვეების იყო ჩემი შვილი, როცა წავიდა... ახლა ჯვრის აყრა უნდა და ადვოკატით მემუქრება, არადა, თანახმა ვარ” - ელენე ფოჩხუა ყოფილი ქმრის შესახებ

2022-10-17 14:41:38+04:00


მომღერალი ელენე ფოჩხუა საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ „ფორტუნასთან“ საუბრობს და ამბობს, რომ მის ყოფილ ქმარს ჯვრის აყრა სურს, რაზეც თავადაც თანახმაა.

"მისი დაჟინებული მოთხოვნაა და მემუქრება ადვოკატებით. ჯვრის ახსნას ადვოკატი რაში სჭირდება, არ ვიცი. მე თანახმა ვარ. პირიქით, თავად მინდა, რომ ამ ადამიანისგან გავთავისუფლდე. მომწერა, ჯვარი ავიყაროთ და ამის წინააღმდეგი ხომ არ ხარ, თუ ადვოკატი ავიყვანოო. ადვოკატი არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ალბათ მისი მხრიდან გარკვეული მუქარა იყო. ისევ ჰგონია, რომ წინააღმდეგი ვარ, არადა, მე გამიხარდა. ჩემგან მხოლოდ ტელეფონით თანხმობაა საჭირო.

ჩვენ კარგი ცოლ-ქმარი ვიყავით, გვქონდა გადასარევი ოჯახი, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა მესამე ადამიანი. მეორე შვილი რომ გავაჩინე, თვეების იყო ჩემი შვილი, როცა წავიდა. სამი თვით იყო წასული. ღამის სამ საათზე ბარგით ხელში დამადგა სახლში. მაპატიე, ასეთი და ასეთი ადამიანი ვარო, საკუთარი თავი შეურაცხყო ცუდი სიტყვებით. მითხრა, რომ არ იყო პატიების ღირსი, მაგრამ მე ვაპატიე. ოთხი წლის შემდეგ ისევ იმავე ადამიანთან განაახლა ურთიერთობა. ვინც მიცნობს, ძალიან მიმტევებელი ადამიანი ვარ, ყველას მინდა სიკეთე გავუკეთო. ჩემმა ყოფილმა მეუღლემ გამოიყენა ჩემი ხასიათი, ეგონა, მაინც ვაპატიებდი.

იმ წუთას კი ვიყავი სასოწარკვეთილი, მაგრამ სულ ტყუილად მიტირია ამ ადამიანის გამო. ის აბსოლუტურად უღირსი გამოდგა. ერთ წვეთ ცრემლადაც კი არ ღირდა. ამას ახლა მივხვდი… მან მიმატოვა მე. მამაჩემმა მითხრა, ძალიან გამიხარდა, შვილო. შენ ისეთი ხარ, მას არასდროს მიატოვებდი და იმ დღეს ველოდებოდი, ისევ თავად რომ დაგტოვებდაო. ჩემი დანაშაული ისაა, რომ ჩემი გასაშვები იყო თავის დროზე და ეს არ გავაკეთე. ღმერთის წინაშე მართალი ვარ, რომ მას შანსი მივეცი, რაც მან არ დაინახა.

ახლა ვარ ისეთი ელენე, როგორიც დავიბადე, როგორიც გავიზარდე და როგორიც ვიყავი. ჩემი მეგობრები არიან ზებედნიერები, რომ ნამდვილი ელენე დაუბრუნდა მათ. ჩემი ყოფილი მეუღლე არაფერს მიკრძალავდა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ქაოსი, გაურკვევლობა ოჯახში, დამცირება – ადამიანმა, რომელსაც ჩემთვის დედა ვატირეც კი არ უთქვამს, მესამე ადამიანის გამოჩენის შემდეგ ისეთი სიტყვები მიწოდა, ამის მოსმენა შეუძლებელი იყო” - ამბობს ელენე ფოჩხუა.

წყარო: fortuna.ge