„ყველაფერი აქედან დაიწყო, რაც ხალხმა არ იცის და ათასი ჭორი გავრცელდა...“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ - Marao

„ყველაფერი აქედან დაიწყო, რაც ხალხმა არ იცის და ათასი ჭორი გავრცელდა...“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

2022-10-18 11:33:45+04:00


ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომები დახურული არ არის, ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობის არაერთი დეტალი გასაჯაროვდა. ჩოგბურთელთან იმისთანების შესახებ ნეკა დოროყაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაშიც ისაუბრა:

„ქორწილის მეორე დღეს არ უთქვამს, არ იმუშაოო. ნელ-ნელა, შეფარულად დაიწყო. პირველ რიგში გაჯერებს, რომ არ ხარ საკმარისად კარგი. მეუბნებოდა, რომ შეუხედავი, უშნო ვარ, მეძახდა ვირთხას, თაგვს, გველს; მეუბნებოდა, რომ მქონდა ცუდი ტანი, ცუდი სახის კანი, ცუდი ფეხები. მე რაღაც პერიოდის მერე დავიჯერე, რომ ეს ასე იყო. თვითშეფასება დამიქვეითდა და დავსუსტდი. მერე დაიწყო მუშაობის აკრძალვა, რომ უნდა ვმჯდარიყავი სახლში და მიმეხედა მხოლოდ სახლის საქმეებისთვის.

ქორწინებიდან მალევე დაიწყო ძალადობა და მალევე გამძაფრდა. იყო ხელის შეხება, თავის მირტყმა კარადაზე, თმით მოქაჩვა, თმით თრევა, საწოლიდან გადმოგდება, საჭმლის თავზე დაყრა, ფეხსაცმლიანი ფეხით წიხლების ჩარტყმა, ზამთარში სახლიდან გამოგდება, ჩემი ნივთების დამტვრევა, ჩოგნის ჩანთით ფიზიკურად გასწორება... იმდენად დამძიმდა ეს ძალადობის ფორმები, იმდენად ცუდად ვიყავი, ძალიან რთული იყო ამის აღიარება...

იყო ერთი შემთხვევა, როცა ნიკოლოზმა ბავშვი წაიყვანა. მე შეთანხმებულ დროს გამოვიძახე ტაქსი და წავედი, რომ ბავშვი წამომეყვანა. როცა მივედი, ჭიშკრის გარეთ ველოდებოდი, რა დროსაც გავიგე ხმა, რომელიც ნიკოლოზის დედის ხმას მივამსგავსე. მოგვიანებით ნიკოლოზი გამოვიდა ბავშვთან ერთად ძალიან გაღიზიანებული, ამბობდა, რომ ანდრიასთან უნდა წავიყვანოო. მე ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, თუ წაყვანას აპირებდა, რატომ არ დამირეკა და მითხრა, რომ იქ მიაკითხე ბავშვსო. ლუკასი ჩასვა მანქანაში და სკამი უკან მისწია. ორკარიანი მანქანა იყო, თვითონაც ჩაჯდა და თავისი კარიც დახურა. მე რამდენჯერმე გავაღე კარი, რადგან ბავშვი ტიროდა და ჩემთან უნდოდა. ამ დროს იყო შეფურთხების ფაქტიც, მაგინებდა. მოვახერხე და ლუკასი ამოვიყვანე მანქანიდან, ვუთხარი ნიკოლოზს, რომ ბავშვისთვის წყალი მოეტანა, რადგან ფერი არ ჰქონდა. ამაზე რეაგირება არ ჰქონია. მაშინ ვუთხარი, რომ ეზოში შევიყვანდი ბავშვს და წყალს დავალევინებდი. შევედით და უცებ დავინახე, რომ სადღაც ბალახებიდან ნიკოლოზის მამამ ამოყო თავი, ხელში რაღაც ხის ნივთი ეჭირა. იმუქრებოდა, ჩვენკენ წამოვიდა. მე სწრაფი ნაბიჯით გამოვედი უკან. ამ დროს ლუკასი ტიროდა და გავაჩერე გამვლელი მანქანა, რომ გზამდე ჩავეყვანეთ. მანქანიდან დავრეკე სასწრაფოში, რომელსაც თან მოჰყვა პოლიციაც. აქედან დაიწყო ყველაფერი და მე არ მქონია წინასწარ განზრახული, რომ ნიკოლოზისთვის მეჩივლა. ამის გაკეთება რომ მნდომოდა, ამდენ ხანს ჩუმად არ ვიქნებოდი. მე, ნიკოლოზის თხოვნით, ის ფაქტიც არ გავასაჯაროვე, რომ დავშორდით, უბრალოდ დავასრულე ამ ადამიანთან ურთიერთობა იმ იმედით, რომ ყველაფერი დამთავრდებოდა“ - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.