მერი შერვაშიძიდან მატილდა გვარლიანამდე - ქართველი ქალების წარმატების გზა CHANEL-ის სამოდელო სახლამდე - Marao

მერი შერვაშიძიდან მატილდა გვარლიანამდე - ქართველი ქალების წარმატების გზა CHANEL-ის სამოდელო სახლამდე

2022-10-19 12:40:25+04:00


მერი შარვაშიძე

ქართველი ქალების სილამაზეს არაერთხელ გაუოცებია მსოფლიო მოდის სამყარო. ისინი მრავალჯერ გამხდარან ქართველი თუ უცხოელი ხელოვანების შთაგონების წყარო.

ბათუმში დაბადებული მერის სილამაზე, არისტოკრატული გარეგნობა და უნაკლო მანერები მას ყოველთვის განასხვავებდა სხვა ქალებისგან. ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა. მისი მამა გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე იყო.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ მერი იძულებული გახდა, ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

1918 წელს მერის საქმრო, გიგუშა ერისთავი, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა და მერი ცოლად შეირთო.

ამბობენ, რომ მისი დაქორწინება პოეტ გალაკტიონ ტაბიძისთვის დიდი დარტყმა იყო... რომ სწორედ მას მიუძღვნა ყველასთვის ცნობილი ლექსი "მერი".

1921 წელს საქართველოს ბოლშევიკების მიერ აღებამდე მერი და მისი მეუღლე იძულებით გადასახლდნენ ჯერ სტამბოლში, შემდეგ კი - პარიზში.

სტამბოლში ცხოვრებისას, მერიმ მსოფლიო სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მისმა სილამაზემ და თვალისმომჭრელმა გარეგნობამ ყველა მონუსხა.

მერი კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ემიგრაციაში ცხოვრებისას ფინანსურმა სიძნელეებმა მალევე იჩინა თავი. ერთ დღეს პარიზის ერთ-ერთ კაფეში მერი სრულიად შემთხვევით ხვდება თავის მეგობარ დიმიტრი პავლოვიჩს, რომელმაც შეამჩნია მერის დამწუხრებული სახე და ნაცნობთან გაუშვა, რომელიც, მისი აზრით, მერის დახმარებას შეძლებდა.

დიმიტრის მეგობარი, არც მეტი, არც ნაკლები, კოკო შანელი აღმოჩნდა. მერიმ, თავისი გარეგნობისა და დახვეწილი მანერების წყალობით, მალევე დაიმკვიდრა თავი. შერვაშიძე იმდროიდელმა ცნობილმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს. მისი ფოტოები მრავალ გაზეთსა თუ ჟურნალში დაიბეჭდა. როგორც ამბობენ, მერი "შანელის" გამორჩეულ მოდელად მიიჩნეოდა, მისი ჩაცმის სტილი კი დიდ გავლენას ახდენდა ფრანგი ქალბატონების გემოვნების ჩამოყალიბებაზე.

მატილდა გვარლიანი

ინდივიდუალური გარეგნობით, უნიკალური სხეულის ფორმებითა და სილამაზით მატილდა გვარლიანმა მალევე დაიპყრო მსოფლიო სამოდელო ინდუსტრია.

პოდიუმზე გამოჩენის დღიდან აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო მოდის სახლებთან. მონაწილეობას იღებს წამყვანი ბრენდების ფოტოსესიებსა და ვიდეორგოლებში. არაერთხელ გამხდარა ისეთი მსოფლიო მოდის სახლების სახე, როგორებიცაა:Valentino,Emporio Armani, Polo Ralph Lauren და სხვ.

წლევანდელი შემოდგომის სეზონზე, მსოფლიო მოდის კვირეულის ფარგლებში, მან წარმატებით მიიღო მონაწილეობა Fendi-ის, Rokh-ის Dior-ისა და Carolina Herrera-ს ჩვენებებზე.

მატილდას მიღწევების კიბეს კიდევ ერთი წარმატებული, წინ გადადგმული ნაბიჯი შეემატა. პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, მან Chanel-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან ულამაზესი ლუქი წარადგინა.

ტოპ-მოდელობის სურვილი ბავშვობიდან გაუჩნდა, როდესაც პირველად ნახა Victoria Secret-ის შოუ. მიზნად დაისახა თავდაუზოგავი შრომა და სამოდელო სფეროში მწვერვალების დაპყრობა. კითხვაზე, თუ ვინ არის მისთვის ამ სფეროში მისაბაძი ადამიანი, პასუხობს, რომ მომავალში დანახული საკუთარი თავია.

მატილდა გვარლიანი პოდიუმზე პირველად 2018 წლის Mercedes Benz Fashion week Tbilisi-ს ჩვენებაზე გამოჩნდა, როცა ჯერ კიდევ 15 წლის იყო. მან მალევე, 16 წლის ასაკში მიიღო საქმიანი შემოთავაზება და გადავიდა საზღვარგარეთ საცხოვრებლად.

მისი თქმით, უცხო ქვეყანაში ადაპტირება რთული, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველა სირთულე და დაბრკოლება წინსვლისა და წარმატების საწინდარია.

ქართველი ქალები უნიკალური სტილით, სილამაზითა და დახვეწილი გარეგნობით ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით ცდილობდნენ კარიერული წარმატების მიღწევას. მათი მიზანი იყო, წვლილი შეეტანათ ქვეყნის საერთაშორისო მასშტაბით განვითარებასა და პოპულარიზაციაში, არამხოლოდ სამოდელო ბიზნესში, არამედ სხვადასხვა შემეცნებით, სპორტულ და სახელოვნებო სფეროში, რომლის არაერთი ბრწყინვალე და თვალსაჩინო მაგალითი ჰყავს ჩვენს ქვეყანას.

მოამზადა თიკო ღაჭავამ