„როცა ასაკს ვამხელ, ყველას უკვირს! არასდროს მქონია სურვილი, ცხვირი მომეჭრა, წამწამები დამეგრძელებინა ან ტუჩები დამებერა” - ირმა სოხაძე - Marao

„როცა ასაკს ვამხელ, ყველას უკვირს! არასდროს მქონია სურვილი, ცხვირი მომეჭრა, წამწამები დამეგრძელებინა ან ტუჩები დამებერა” - ირმა სოხაძე

2022-10-19 14:27:53+04:00


- ზაფხული ჩემი საყვარელი დროა. ეს სეზონი იმდენად მიყვარს, რომ მის შესახვედრად მთელი წლის განმავლობაში ვემზადები. ბევრს ვიცნობ, ვისაც თოვლი და ზამთრის კურორტებზე ყოფნა ყველანაირ დასვენებას ურჩევნია, მაგრამ ეს ჩემთვის უცხოა. ბავშვობაში დედას ხშირად დავყავდი ბაკურიანში, მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ თოვლი და თხილამურები ჩემი არ იყო. მოგვიანებით, საკმაოდ მოწიფულ ასაკში მივხვდი, რომ მთაზე მეტად ზღვა მიყვარს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი - ჩემთვის ზღვაზე ყოფნა ყველაზე დიდი სიხარულია, რომელსაც ვერაფერზე გავცვლი. უკვე ათი წელია, შეკვეთილში ვისვენებ ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. იქ არაჩვეულებრივი სასტუმრო გვაქვს შერჩეული და შვებულებას ყველა ერთად ვატარებთ.

- მცხუნვარე მზე და სიცხე არ გაწუხებთ?

- პირიქით, სიცხეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ხალხი რომ წუხს და სიცხისგან ვეღარ აზროვნებს, მე სწორედ მაშინ ვარ კარგად. შეიძლება ითქვას, ტროპიკული ადამიანი ვარ და ცხელ ქვეყნებში სიამოვნებით ვიცხოვრებდი. როგორც კი აგრილდება, დღე მოკლდება და ზამთრის სუსხი ახლოვდება, ცუდ ხასიათზე ვდგები. ალბათ, ჩრდილოეთის ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გავძლებდი, რადგან ზამთართან ერთად დეპრესია მეწყება.

- ზღვაზე წასვლამდე ბევრი მკაცრ დიეტაზე დგება, რომ წონაში დაიკლოს. თქვენ ფორმაში ჩადგომას როგორ ახერხებთ?

- ზედმეტი წონა არასდროს მქონია და 2-3 კილოგრამს თუ მოვიმატებ, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი. რომელი მოდელი მე ვარ, რომ გრამები ვაკონტროლო? თანაც, ვფიქრობ, ნორმალურად გამოვიყურები. ვისაც არ მოვწონვარ, ნუ შემომხედავს და პრობლემა მოგვარებულია! მე მკაცრ დიეტაზე ყოფნას სწორი კვება მირჩევნია. ალბათ, სწორი რეჟიმის გამო არ ვიმატებ და რამდენიმე წელია, წონას ვინარჩუნებ. სხვათა შორის, როცა მომენატრება, ტორტსაც მივირთმევ, ტკბილეულსაც და ყველაფერს, რაც გემრიელია, ოღონდ ზომიერად.

- ამბობენ, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, თქვენც ასე ფიქრობთ?

- არა, რადგან მე ჩემს ასაკსაც არასდროს ვმალავ: მომწონს, როცა ვამხელ და ყველას უკვირს - დაუჯერებელიაო... 66 წლის ვარ, მაგრამ ჩემს ასაკს წინასწარ ვერავინ ხვდება. ამას როგორ ვახერხებ? - როგორც გითხარით, სწორი კვების რეჟიმს ვიცავ, არ ვეწევი, არ ვსვამ, ფეხით დავდივარ და სწორად ვცხოვრობ. როგორც ჩანს, გენეტიკაც მიწყობს ხელს: დედაჩემი და მამაჩემი ძალიან გამხდრები არ იყვნენ, მაგრამ კარგა ხანს გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად. მეც, ვიდრე ამქვეყნად ვარ, არ მინდა დავძაბუნდე, ჩემი თავი აღარ მომწონდეს და მაკომპლექსებდეს.

- დაბოლოს, მიმართავთ თუ არა ინიექციებს ან პლასტიკურ ქირურგიას?

- არასდროს მქონია სურვილი, ცხვირი მომეჭრა, წამწამები დამეგრძელებინა ან ტუჩები დამებერა. ბევრს აინტერესებს, რამე ხომ არ გავიკეთე, მაგრამ ეს საჩემო საქმე არ არის. მე უფრო ჩვეულებრივი, კოსმეტიკური ჩარევა მიყვარს. მაგალითად: სახის მასაჟი ან სხვა პროცედურები, რომელიც უვნებელია. ვერ ვხვდები, ყველას ერთნაირი ცხვირი ან ტუჩი რატომ უნდა ჰქონდეს? ძალიან მიხარია, რომ ნემსებსა და ინიექციებზე არ ვარ დამოკიდებული.

წყრო: gza.kvirispalitra.ge

ხათუნა ჩიგოგიძე