შეწყვეტილი ფრენა - თავი 10 - Marao

შეწყვეტილი ფრენა - თავი 10

2022-10-20 10:36:38+04:00


წინა თავი

პროდიუსერი მაიკ მედოვოი თავის სტუდიაში გვეპატიჟება - MGM! შენობაში თავისებური სუნი იგრძნობა, ისეთი, როგორც გადასაღებ მოედანზეა - მტვრის და წებოსი. ყველგან დეკორაციები და პროჟექტორები გვხვდება თვალში. ერთი პავილიონი ვესტერნის დანგრეულ ქუჩას გამოსახავს. შენ პისტოლეტებით დუელის დემონსტრირებას ახდენ, რომლითაც მთავრდება შენი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი «შუადღე». გვიჩვენებენ კინგ-კონგს, რომელიც თავს ატრიალებს, თვალებს ამოძრავებს, ხელებს აქნევს და მგონი, დახმარებასაც გვთხოვს. მზარავს მისი ყურება.

პროდიუსერი დინო ლაურენტისი გვიახლოვდება და ხელს გვართმევს. მე მის ერთ-ერთ ფილმში მითამაშია. შემდეგ უხმაურო ელექტროურემს ქალაქში გავყავართ, რომელიც პირდაპირ სტუდიაშია აშენებული. ეს მომავალი ფილმის პავილიონია.

და აი, მოვხვდით ფილმის «ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი» გადასაღებ მოედანზე. ლაიზა მინელი და რობერტ დე ნირო ღამის კაბარეს რეპეტიციას გადიან. ორივე დაძაბულია. დე ნირო საქსოფონზე უკრავს და ვხედავთ, რომ ის ნამდვილად ფლობს ამ რთულ ინსტრუმენტს. დიდრონთვალება ლაიზა მინელი, თავისი ხელოვნურად მიწებებული უზარმაზარი წამწამებით, შენკენ იყურება.

გადაღებას ვესწრებით. ემოციებით ვივსებით. ბოლოს შეუმჩნევლად გამოვდივართ, რათა არავინ შევაწუხოთ. მაიკ მედოვოი გვეჩურჩულება.

- დღეს თქვენთვის საღამოს ვაწყობ, უნდა მოხვიდეთ.

მადლობას ვეუბნებით მიწვევისთვის. გახარებული ხარ - საპატიო სტუმრის რანგში მიგიწვიეს. შინ დაბრუნებული მთელ კარადას გადმოაბრუნებ - არჩევ, რა ჩაიცვა. ბოლოს ბაცი ცისფერი სვიტერი შეარჩიე. გარუჯული ხარ და ძალიან გიხდება, კარგ ფორმაში ხარ. აღგზნებულს თვალები გიბრწყინავს. მეც მიხარია, მით უმეტეს, შენგან საშიშროება არ მემუქრება. ახლახან ჩაგიკერეს ესპერალი, ამიტომაც ვეღარ დალევ. რამდენიმე თვის განმავლობაში შენ ბედნიერი «არამსმელი» ადამიანი ხარ…

სახლს გარშემო უზარმაზარი ნათურებით გაჩახჩახებული პარკი არტყია. აივანზე, დერეფნებში, აუზთან მთელი ჰოლივუდია თავმოყრილი. გვანცვიფრებს ამ ხალხის სილამაზე: გრძელფეხება ქალები თავბრუდამხვევი თმებით, ოქროსფერი კანითა და მკვრივი სხეულით. დაკუნთული, მომნუსხველი ღიმილით შეიარაღებული მამაკაცები კი მსხვერპლს ჩასაფრებულ მტაცებელ ცხოველებს გვაგონებს. იდაყვს გამკრავ და პატარა ბიჭივით აღტყინებული ჩურჩულით წარმოთქვამ სახელებს - როკ ჰადსონი, პოლ ნიუმენი, გრეგორი პეკი…

სახლის პატრონი თავისთან გიხმობს და სიჩუმეს მოითხოვს. ყველანი მის გარშემო იკრიბებიან და მაიკს უსმენენ. ის ამბობს, რომ შენ საბჭოთა მსახიობი ხარ, პოეტი და მომღერალი გამორჩეული ხმით. ვხედავ, როგორ ნერვიულობ.

თითქმის შენს ფეხებთან ჩამომჯდარი ლაიზა მინელი გიღიმის. მისი ღიმილით გამხნევებული სიმღერას იწყებ…

და უეცრად თავაზიანად მოღიმარი სახეები დაძაბულ-სერიოზული ხდება. ბაღიდან, აუზიდან, ტერასებიდან უწყვეტად მოდიან ადამიანები, თითქოს უხილავი ძაფის ბოლოს მოჰყვებიანო. შენი ხმა ყველას ძაბავს. ქალებს ჟრუანტელი უვლით. ისინი მამაკაცებს ეხუტებიან, მამაკაცები კი სიგარეტს სიგარეტზე ეწევიან. დაყენებული ელიტური მანერები სადღაც ქრება. მათ სიტყვები არ ესმით, მაგრამ ნიღბები ჩამოიხსნეს. ზოგიერთმა თვალებიც კი დახუჭა და შენი ხმის ტემბრი ასე შეიგრძნო.

ამთავრებ ბოლო სიმღერას. შემზარავი სიჩუმეა ირგვლივ… ხანგრძლივი… ისინი ერთმანეთს გაოგნებული შეჰყურებენ, დატყვევებულები არიან ამ ცისფერსამოსიანი ჩია კაცით. მოულოდნელად ლაიზა მინელი და რობერტ დე ნირო ერთდროულად წამოიძახებენ:

- ბრწყინვალეა! დაუჯერებელია!

ყველას სურს, ხელი ჩამოგართვას, გადაგეხვიოს, თავისი შეგრძნებები გამოთქვას. ხალხის ტალღაში ჩამეკარგე…

ერთ საათში მოინადირე ყველაზე რთული პუბლიკის გული, რომელიც დიდებით განებივრებული კინოპროფესიონალებისგან შედგება.

მეორე დღეს კი უნივერსიტეტის დარბაზში ტევა არ არის. თავი მოუყრიათ სტუდენტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ყველას აინტერესებს რუსი პოეტის გაცნობა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ. შენ მათ იმედებს არ უცრუებ…

წუხანდელი ტრიუმფის შემდეგ ჯერ კიდევ აღგზნებული იწყებ შენს პირველ კონცერტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისურ ენაზე ორწუთიანი სიტყვით. კულისებში მდგარს, გაოცებისგან პირი ღია მრჩება. როდის მოასწარი ამ სიტყვების დაზეპირება? წამით გამომხედავ და შემდეგ დარბაზს უღიმი.

- ეს იყო პატარა სიურპრიზი, რომელიც ამ საღამოსთვის მოგიმზადეთ, - ამბობ და, როგორც ყოველთვის, ყოველგვარი გადასვლის გარეშე იწყებ სიმღერას «ნადირობა მგლებზე».

ორი საათი დგახარ სცენაზე და იქიდან ოფლში გაწურული ჩამოდიხარ. თითები დაგსისხლიანებია. გიტარას ორი სიმი აქვს გაწყვეტილი, სამაგიეროდ, სახე გიბრწყინავს.

- მათ ყველაფერი გაიგეს! დღეს კარგი დარბაზი იყო!

8 8 8

აუდიტორიაში, რომელიც საგრიმიოროდ გამოგიყვეს, უნივერსიტეტის რექტორი, რუსული ენის მასწავლებლები და ლოს-ანჯელესში საბჭოთა კავშირის საელჩოს ორი თანამშრომელი გელოდება. ამ ორმა არ იცის, როგორ გამოხატოს სიხარული - წარმატება უდავოა, მათ ეს ეამაყებათ, თანაც მოსკოვში არასდროს დასწრებიან შენს კონცერტებს და სპექტაკლებს. იქ შეუძლებელია ბილეთის შოვნა. და კიდევ, თითქმის მთელი რეპერტუარი შეასრულე - 30 ყველაზე პოპულარული და რამდენიმე რუსეთში აკრძალული სიმღერა. მათ სწორედ ეს აშფოთებთ. როგორ მოიქცნენ ახლა? მოგილოცონ და თავიანთი აღფრთოვანება გამოხატონ თუ მკაცრად გაგაფრთხილონ იმ რამდენიმე სიმღერის გამო?

ამის გამო ორივეს წარამარა ეცვლება სახის გამომეტყველება.

«რადგან ის აქაა, რადგან თავისუფლად მღერის, რადგან თავდაჯერებულია, რადგან აქვს თავშესაფარი, ესე იგი, ნებართვაც მიიღო, ემღერა. ვინ იცის, იქნებ სულაც ბრეჟნევმა დართო ნება და აუნთო მწვანე შუქი? საელჩოდან ჩვენ არანაირი სიგნალი არ მიგვიღია, - ფიქრობენ ისინი, - ჩვენთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი თავის მეუღლეს ახლავს, მეტი არაფერი. მაინც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, დაველოდოთ ოფიციალურ რეაქციას». ორივე ნაჩქარევად გართმევს ხელს და უჩინარდებიან.

ყველა უნივერსიტეტში, სადაც კონცერტს მართავ, ერთი და იგივე სცენარი მეორდება. პუბლიკის აღტაცება და საელჩოს წარმომადგენლების თავდაჭერილობა. აშშ-ში მსგავსი რამ გახალისებს კიდეც, მოსკოვში ჩასულს კი სიცილისგან გული მიგდის. ოფიციალურ პირებს აგიჟებთ შენი სითავხედე. როცა ჩემთან ჩამოდიხარ საფრანგეთში, მიზეზი ერთია - «მეუღლის მოსანახულებლად», მაგრამ იქიდან რომ სხვა ქვეყნებშიც გადადიხარ და კონცერტებს მართავ, ამას ვერავინ დაგიშლის. და თუ იქ ამით ვინმე დაინტერესდება, ლაკონიურად პასუხობ: «ზემოდანაა ნებართვა». ამიტომაც შენს ზედმეტ «შეხურებას» ვერ ბედავენ. «ალბათ აქვს ნებართვა, თორემ ისე როგორ გაბედავდა», - ფიქრობენ ისინი. და იმის გამო, რომ ვერ რისკავენ, გადაამოწმონ შენი ბუნდოვანი «ზემოდანაა ნებართვა», დასჯასაც ვერ ახერხებენ.

- რადგან არაფერი შეიძლება, ესე იგი, ყველაფერი შეიძლება, - სიცილით ამბობ, - მთავარია, არ შეგეშინდეს, სიმამაცეა საჭირო.

ეს სიმამაცე მთელი ცხოვრება მოგყვება. და მასთან ერთად, შენი თაყვანისმცემლების სითბო, სიყვარული და მხარდაჭერა. საყოველთაო აღიარება ფარის მაგივრობას გიწევს.

ვბრუნდებით ნიუ-იორკში, სადაც მიშა ბარიშნიკოვი გველოდება. ის თავის ბინას გვითმობს. აქ შენ მხოლოდ მაყურებელი ხარ. დავდივართ კონცერტებზე, შოუებზე, გამოფენებსა და ბალეტზე. ბროდვეის ჭკუიდან გადაჰყავხარ.

ვნაყრდებით ჰამბურგერებით, სოსისითა და პიცით.

დღედაღამ ქალაქში ვართ, ყველასთვის უცნობები და ყველასგან დაკარგულები. ხშირად რუსი ტაქსის მძღოლები გვხვდებიან. უმრავლესობა გცნობს და თვალებს არ უჯერებს, მკვეთრად ამუხრუჭებს სრულიად მოულოდნელ ადგილას და იქმნება და იქმნება საცობები. მერე გეპატიჟებიან სტუმრად, უნდათ თავიანთი მეგობრები გაგაცნონ, მოასმენინონ, როგორ მღერი და ამით იტრაბახონ. ხანდახან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, მათ თავი დავაღწიოთ.

8 8 8

მილოშ ფორმანი თავისი მომღერლებისა და მოცეკვავეების დასს გვაცნობს. ვესწრებით ფილმის «თმები» რეპეტიციას. სრულყოფილი ხმები, სხეულთა გრაცია ცეკვისა და სიმღერის ხასიათზე გვაყენებს. მოულოდნელად მთელი დასი ადგილზე შეშდება - შენ გადიხარ საცეკვაო მოედანზე და «ჩიჩოტკას» იწყებ…

მეორე საღამოს ძველ ბარჟაზე გვეპატიჟებიან. რომ შეხედავ, მდიდრული სახლი გეგონება, წყალში ჩადგმული. როგორც იტყვიან, მოდის უკანასკნელი ყვირილია! აქედან ხელისგულივით მოჩანს გაჩახჩახებული მანჰეტენი. სახლი მორთულია სპარსული ხალიჩებით და თანამედროვე ფერწერული ტილოებით, პირდაპირ იატაკზეა მიმოყრილი აბრეშუმის ბალიშები და ხმამაღალი მუსიკა უკრავს. თითქოს სხვა პლანეტაზე მოვხვდით. გაურკვეველი სქესის რამდენიმე მოცეკვავე გთავაზობს რომელიღაც კვარტლის მონახულებას. მე არ მინდა წასვლა, მაგრამ შენ ბარჟაზე ჩემი დატოვება არ გსურს და მოგყვები. ვსხდებით ნავში და სიბნელეში მივცურავთ. ცოტა არ იყოს, შიში მიპყრობს.

ნაპირზე გადავდივართ, მაგრამ რესტორანთან მისულს, დაცვა წინ მეღობება. ქალი არ შეიძლება, ჩვენ აქ ქალები არ გვჭირდება! - კატეგორიულად მოითხოვენ ისინი. სხვა რესტორნისკენ მივეშურებით. ეს უფრო დიდია და შენობიდან აკორდეონის ხმა მოისმის. აქ უფრო სტუმართმოყვარე ადმინისტრაცია გვხვდება.

შევდივართ. ვხედავ, რომ სახეზე საშინელი ზიზღი გამოგესახა - ნანახმა აშკარად დაგრთგუნა. ლამისაა, გული აგერიოს, როცა ერთმანეთთან ჩახუტებულ მამაკაცებს უყურებ. ხელს მტაცებ და გასასვლელისკენ მიმარბენინებ. როგორც კი ქუჩაში აღმოვჩნდებით, ორი თვალებდახატული ბიჭი მოგვიახლოვდება. მათ შენ მოეწონე…

აგინებ… ტაქსის ვაჩერებთ და კვარტალს ვტოვებთ, რომ აქ აღარასდროს დავბრუნდეთ.

საბედნიეროდ, მეორე დღეს იოსებ ბროდსკისთან გვაქვს შეხვედრა დანიშნული, შენს ერთ-ერთ საყვარელ რუს პოეტთან. გრინვიჩ-ვილიჯის პატარა კაფეში ვხვდებით მას. ფინჯან ჩაისთან საინტერესოდ საუბრობთ ყველაფერზე. ბროდსკის შენს ბოლო ლექსს უკითხავ, ის ძალიან სერიოზული სახით გისმენს. შემდეგ სასეირნოდ მივდივართ. მას უყვარს ნიუ-იორკის ეს ნაწილი, სადაც დიდი ხანია, ცხოვრობს. ცოტათი აცივდა და ჩემთვის სასაცილო შლაპას ყიდულობ, რომ ყურები არ გამიცივდეს. ქუჩა, რომელზეც მივსეირნობთ, საოცრად წყნარია, მაგრამ ბროდსკი ამბობს, რომ აქ ღამით გავლა ძალიან საშიშია.

ამასობაში იოსების პატარა ბინაში აღმოვჩნდით, რომელიც წიგნებითაა გადაჭედილი.

- ეს ჩემი ბუნაგია, - გვიხსნის ბროდსკი.

შემდეგ იგი აღმოსავლურ კერძს ამზადებს და ვსადილობთ, პარალელურად ინგლისურ ენაზე დაწერილ ლექსს გვიკითხავს…

დამშვიდობების წინ პოეტი თავისი ლექსების კრებულს გჩუქნის სამახსოვრო წარწერით… აღელვებისგან სიტყვებს ვერ პოულობ. ცხოვრებაში პირველად, დიდმა პოეტმა თავის ტოლ შემოქმედად გაღიარა…

რამდენი წელი ელოდი ასეთ აღიარებას? შენ გიცნობდნენ, როგორც ავტორ-შემსრულებელს, უკეთეს შემთხვევაში - როგორც ბარდს. მაგრამ შენს პოეტურ ნიჭზე ლაპარაკიც კი არასდროს ყოფილა. ოფიციალური პოეტები - ევტუშენკო და ვოზნესენსკი - სიამოვნებით ურთიერთობენ შენთან, მაგრამ მორიდებით იღიმიან, როცა მათთან შენი ლექსები მიგაქვს და გეუბნებიან:

- არ ღირს, გარითმო «მინდა - წინდა»…

რამდენჯერ წაიღეს შენი ლექსები იმ პირობით, რომ გამოგიქვეყნებდნენ, მაგრამ ამისთვის არაფერი გააკეთეს.

და რადგან საჭირო რაოდენობის ლექსები არ გაქვს გამოქვეყნებული პრესაში, ვერასდროს ხდები მწერალთა კავშირის წევრი. ეს კი, ღირსების გარდა, სხვა უამრავ უპირატესობას მოგანიჭებდა: ურიგოდ გერგებოდა ბინა, თავისი სამუშაო კაბინეტით, გექნებოდა ორგანიზაციებში პოეზიის საღამოს გამართვის ნებართვა, შემოქმედებითი სახლების საგზურები, სადაც თვეების განმავლობაში მშვიდად შეძლებდი დასვენებასაც და მუშაობასაც, და, რაც ყველაზე მთავარია, მოგეცემოდა ვიზა, საზღვარგარეთ გასულიყავი და ამა თუ იმ ქვეყანაში კონცერტები გაგემართა.

საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ გაკლია შენი ნიჭის დამსახურებით და ყველა ქვეყნის პუბლიკას უყვარხარ. ამაში კი ის გეხმარება, რომ უცხოელი ცოლი გყავს.

სამაგიეროდ, ახლა, ამწუთას თავის თავთან გაგათანაბრა საუკეთესოთა შორის საუკეთესო პოეტმა! სიხარულის ცრემლებით გევსება თვალები…

ამ წიგნს შენ ყველა ადამიანს უჩვენებ, ყველა სტუმარს, რომელიც შენი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებს და ის ყოველთვის საპატიო ადგილს დაიკავებს შენს მოკრძალებულ ბიბლიოთეკაში. მე კი ჩუმად გავიღიმებ ხოლმე, როცა ამ წიგნს გადაფურცლავ და ბროდსკის წარწერას უკვე მერამდენედ გადაიკითხავ…

8 8 8

1974 წელია. საბჭოთა კავშირში ვბრუნდები. მარტო მივუყვები ქუჩას და ვხვდები, ახლა საბურავი რომ გამისკდეს, მარტო ვერაფერს გავხდები. მანქანა ისეა დატვირთული, არ ვიცი, როგორ გაუძლებს სიმძიმეს. ვინმემ შორიდან რომ შემომხედოს, ჩემს მანქანას კატერს მიამსგავსებს - ცხვირი მაღლა აქვს აწეული, საბარგული კი ლამისაა, ასფალტს მიედოს. მანქანის სახურავზე პარიზის უკანასკნელი სიახლე - ორადგილიანი მატრასია დამაგრებული «ინდივიდუალური სუპერზამბარით». ახლა კი შევძლებ მშვიდად დაძინებას, რამდენიც უნდა იწრიალო საწოლში. გარდა ამისა, მანქანა შიგნიდანაც ბარგითაა გატენილი. რას არ ნახავს ადამიანი აქ - ჭურჭელი, სანელებლები, ტუალეტის ქაღალდი, ფირფიტები და კასეტები, შტეფსელები, ჩამრთველ-გამომრთველები, მავთულები და სხვა ათასი წვრილმანი.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ბინაში გადავდივართ. ექვსი წლის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გვეღირსა. სამაგიეროდ, რამხელა ბედნიერებაა!

პოლონეთის საზღვარი ღამით გამოვიარე და მხოლოდ ახლა ვმშვიდდები შეძლებისდაგვარად. იქ, საბაჟოზე, ფორმიანმა ქალებმა გამაჩერეს. ქალები კაცებზე უარესები არიან ამ მხრივ. მაიძულეს, ყველაფერი გადმომელაგებინა მანქანიდან. არ დატოვეს არც ერთი ჩანთა თუ ყუთი გაუხსნელი, ჩემი თეთრეულიც კი შეამოწმეს…

8 8 8

და აი, ბრესტში ვარ… ერთმანეთს ვეხვევით. რამდენი ხანია, არ შევხვედრივართ. ვერ ვახერხებ, ნორმალურად შეგათვალიერო. გულში გყავარ ჩახუტებული და არ მიშვებ, თითქოს გეშინია, ჩემი თავი არ წაგართვან.

ამასობაში აქაურმა მებაჟეებმაც დაიწყეს ყველაფრის შემოწმება. ქვაბები, ჩაიდნები, აბაჟურები - ყველაფერი მიწაზე ყრია. არადა, ჩვენი ბინის მოწყობა გვინდა, ამიტომაც წამოვიღე ამდენი ხარახურა. უყურებ ჩემს «სიმდიდრეს» და მეუბნები, რომ ახალ ბინაში წყალი ჯერ კიდევ არაა გაშვებული, არც მინებია ჩასმული, ამიტომ დროებით მეგობართან მოგვიწევს ცხოვრება.

არა უშავს, მერე რა? სადაც ექვსი წელი ვიცადეთ, ცოტასაც მოვიცდით. სხვათა შორის, კარგა ხანია, ჩემს თავს პირობა დავუდე, რომ ყველა წვრილმანზე არ ვინერვიულო. ხელს ხელზე გკიდებ და გამხნევების ნიშნად გიღიმი…

მორიდებით მიხსნი, ვისთანაც მოგვიწევს ცხოვრება. შენი მეგობარი, ეს-ესაა, ვიღაც მაღალჩინოსნის ქალიშვილზე დაქორწინდა. ერთობ საინტერესო წყვილიაო, მეუბნები. ჩემი მეგობარი ახლომხედველი ებრაელია, გოგონა კი ნიჭიერი მხატვარიო…

როგორც კი ისინი გავიცანი, მაშინვე მივხვდი, ჩვენი დიასახლისი როგორი განებივრებული ვინმეც გახლდათ. ის ვერასდროს ამჩნევდა, რომ ყოველი სადილის, საუზმის თუ ვახშმის შემდეგ, მე რომ ვალაგებდი მაგიდას და ვრეცხავდი ჭურჭელს. მას თითქოს სულაც არ ეხებოდა ეს. მიაჩნდა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. ჩემამდე სხვები აკეთებდნენ მის მაგივრად ამას.

ამ ახალგაზრდა წყვილს, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე ბინა აქვს ქალაქის ცენტრში, თანაც უზარმაზარი. ამიტომაც ერთ ოთახს, თავისი აბაზანა-ტუალეტით მხოლოდ ჩვენ გვითმობს, იზოლირებულს, კეთილმოწყობილს. ჩემს ჩამოტანილ მატრასს პირდაპირ იატაკზე ვფენთ, რადგან ისინიც ახალი გადმოსულები არიან და ჯერ ავეჯი არ უყიდიათ.

სწრაფად ვეჩვევით ახალ ცხოვრებას. მოგვწონს ჩვენი მიკროსამყარო. აქ ყველაფერი გაადვილებულია. არ გვჭირდება მაღაზიებში სირბილი და რიგში დგომა. ერთი მსუქანი, თეთრწინსაფრიანი ქალი ზრუნავს ამ ყველაფერზე.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ვტკბებით ასეთი ცხოვრებით, რადგან ჩვენი ბინის სამშენებლო სამუშაოები რატომღაც არა და არ მიიწევს წინ. სამაგიეროდ, ჩვენს მასპინძლებს მოჰყავთ ყველაფერი წესრიგში. თანამედროვე ავეჯი ფინეთიდან ჩამოაქვთ, ძვირფასი ხალიჩები გოგონას მშობლებმა აჩუქეს, ხოლო უიშვიათესი წიგნები სიძის მემკვიდრეობაა. რომ არა ძველი საყდრის გუმბათი, რომელიც ჩვენი ფანჯრიდან მოჩანს, სადმე, დასავლეთ ევროპაში გეგონება თავი.

სამწუხაროდ, ვერ ვეგუები მოსამსახურის მოტანილ პროდუქტებს. უვარგისი ხარისხისაა, ამიტომ თვითონ ვიწყებ მაღაზიაში სიარულს.

ჩემს გაოცებას საზღვარი არა აქვს. იქვე, სახლთან ახლოს, მაღაზიაა, რომელშიც ყველაფერია და, ამასთან, საუკეთესო ხარისხის. თავდაპირველად ვიფიქრე, ალბათ მაღაზიის დირექტორმა ერთჯერადად მოამარაგა იგი რევიზორების თვალის ასახვევად-მეთქი, მაგრამ მეორე დღესაც რომ იგივე განმეორდა და შემდეგ დღეებშიც, გაოცება ვერ დავმალე. აქ ყოველთვის აქვთ ახალი კვერცხი, ძეხვი, ხორცი და ფარში, დამარილებული თევზი და კიბორჩხალაც კი. როცა ამის შესახებ გიყვები, სიცილით კვდები.

- რით ვერ ხვდები, რომ ეს მაღაზია პირდაპირ მოსკოვის ცენტრში მდებარეობს? ამ ქუჩაზე შეიძლება ლამის ყოველდღე გამოიაროს ბრეჟნევმა. ვაითუ, გენერალურ მდივანს რამის ყიდვა მოუნდეს და ერთხელაც მანქანიდან გადმოვიდეს, ცუდ მომარაგებას ხომ ვერ დაახვედრებენ?

გაოცებული საკუთარ ყურებს არ ვუჯერებ.

- მერედა, ხალხმა რატომ არ იცის ამის შესახებ? საწყლები რა საშინელ პროდუქტს ყიდულობენ და როგორ შორს მიდიან, რომ რამე შეიძინონ.

- საქმე იმაშია, რომ იქ შესვლის უფლება ყველას არა აქვს. იქ მხოლოდ ჩვენნაირები შედიან. ანუ ისინი, ვინც ასეთ სახლებში ცხოვრობს. პრივილეგირებული ფენა.

მაინც არ მჯერა. თუმცა, ერთხელაც ვრწმუნდები, რომ ეს სიმართლეა. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა გამყიდველისთვის მუდმივი კლიენტი გავხდები, გადანახული დელიკატესების შემოთავაზებასაც მივიღებ - ხიზილალა ქილებში, რომელსაც დახლებზე ვერასდროს ნახავ. როცა იგი ჩემს გაოცებულ მზერას შენიშნავს, ჩუმად მეტყვის:

- თქვენთვის შეიძლება!

8 8 8

და აი, ჩვენი ბინა მზადაა. მეგობრის სახლში ცხოვრების ბოლო საღამოა, შესაბამისად - ბოლო ვახშამი. თავი ძველ რუსეთში მგონია, იმპერატორის სასახლეში. ეკატერინე მეორის დროინდელი ფაიფურის სერვიზითაა გაწყობილი სუფრა და კერძებიც მეფურია - მტრედი არაჟანში, ხიზილალა და შებოლილი ძეხვეული. ყველა უხასიათოდ ვართ. შევეჩვიეთ ერთად ყოფნას. გარდა ამისა, ოჯახის დიასახლისმა გამოგვიცხადა, მამაჩემი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და პოლიტბიუროს წევრადაც აღარ ირიცხებაო.

მივხვდით, რომ მათთვის «ოქროს ფულების» ხანა დამთავრდა.

8 8 8

როგორც იქნა, მე და შენ ერთობლივ ფირფიტას ვუშვებთ. ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ ფირმა «მელოდიამ» 12 სიმღერის ტექსტი და მუსიკა შეარჩია, რომლებიც ალბომში უნდა შევიდეს. სიმღერების თემა, ძირითადად, ლირიკულია. ეს არის სიმღერები სიყვარულზე, ომზე, მდინარე ვოლგაზე… ჩვენ ორკესტრის თანხლებით ვმღერით და ძალიან კარგი გამოდის, სასიამოვნო მოსასმენი.

სიმღერებს დიდ აუდიტორიაში ვწერთ. კინოსგან განსხვავებით, აქ დროს უქმად არ ფლანგავენ. სამი მისვლა და ყველაფერი მზადაა. წერენ მთლიანად, მონტაჟის გარეშე. ეს ძალიან რთულია, ამიტომაც ბრაზდები, როცა შემეშლება. მაგრამ რა ვქნა, მართლა მიძნელდება. ჯერ ერთი, რუსულად სიმღერა მიჭირს, მეორეც, შესვენების გარეშე სიმღერა რთულია და მესამეც, როცა შენს სიმღერას ვმღერი და თან ჩემ გვერდით ხარ, ორმაგად ვიძაბები.

სამაგიეროდ, ვიცით ყველაზე მნიშვნელოვანი - თუკი ფირფიტა გამოვა, ეს იქნება შენი, როგორც ავტორ-კომპოზიტორის ოფიციალური აღიარება. გარდა ამისა, ხელმომჭირნედ ვცხოვრობთ და ზედმეტი შემოსავალი არ გვაწყენდა. და კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი - ჩვენ პირველად ვმუშაობთ ერთად. და თუ ფირფიტა დღის სინათლეს იხილავს, ჩვენი ოცნებები ასრულდება: წინ გველის გასტროლები, კონცერტები, სპექტაკლები, ფილმები! ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ!

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიღლები და ხმაც მეხრინწება, დათქმულ დროს ვამთავრებთ ჩაწერას. ამით ვამაყობ, მით უმეტეს, რომ დამთავრების შემდეგ მუსიკოსები აპლოდისმენტებით მაჯილდოებენ, ვიოლინოს წრიპინით «უკრავენ ტაშს», როგორც ეს კლასიკური მუსიკის კონცერტებზეა მიღებული. შენც კმაყოფილი ხარ და კარგ ხასიათზე დგები.

8 8 8

ფირფიტა მზადაა. გარეკანზე ჩვენი ერთობლივი ფოტოა დაბეჭდილი. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ზომებია მიღებული, მაინც მოხდა ფირფიტების ჩუმად გადაწერა და ისინი ისეთი სისწრაფით მოედო ქალაქს, რომ უკვე ხელიდან ხელში გადადის. ამიტომაც, სანამ ფირფიტას ოფიციალურად ჩაუშვებენ გაყიდვაში, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ხალხს ის ძალიან მოსწონს.

სამწუხაროდ, სტუდია «მელოდია» აჭიანურებს ფირფიტის გამოცემას. მივაღწიეთ იმას, რომ კულტურის სამინისტროში მინისტრ დემიჩევს შევხვდეთ. იგი ღიმილით გვეგებება, გვანიშნებს, დავსხდეთ და გვეკითხება, რამ შეგვაწუხა. ჩვენ ვუხსნით. ის მაშინვე სწვდება ყურმილს, რეკავს, თან თვალს არ გვაშორებს, თან ოფიციალური ტონით ვიღაცას ეუბნება ტელეფონში.

- «მელოდიის» დირექტორთან შემაერთეთ!

ერთი წუთის შემდეგ.

- მომისმინე! რატომ არ გამოვიდა აქამდე ვისოცკისა და ვლადის ფირფიტა? სასწრაფოდ გამოუშვი!

კმაყოფილები ვბრუნდებით შინ, მაგრამ გადის ორი თვე და ფირფიტის გამოშვება კვლავ შეჩერებულია. კიდევ ერთხელ ვახერხებთ მინისტრთან შეხვედრას.

მიამიტურად ვვარაუდობთ, რომ ბრძანებამ ვერ მიაღწია დანიშნულების ადგილზე.

არადა, ბრძანებები არც არასდროს მიდიოდა დანიშნულების ადგილზე. დემიჩევს რამდენჯერმე შევხვდით და ყოველ ჯერზე ერთი და იმავე კომედიის გათამაშება ხდებოდა. მბრძანებლური ტონით სატელეფონო საუბარი, მკაცრი მითითებები, მინისტრის ხუმრობით ნათქვამი, «მე აღარავინ მიჯერებს» და ა.შ.

8 8 8

ერთ დილით შემპარავად მეუბნები:

- იცი? ანდრეის შენთან უნდა დალაპარაკება, ოღონდ ტეტ-ა-ტეტ!

ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რადგან ტარკოვსკის სულ რამდენიმე დღის წინ შევხვდით. ის შენი ახალგაზრდობის მეგობარი და შენი ნიჭის თაყვანისმცემელია. მეც დიდი ხანია, ვიცნობ. ეს დაბალი, ცოცხალი და მოძრავი კაცი სუფრასთან შესანიშნავი თანამეინახეა.

მამით კავკასიელი, თხრობის საოცარი უნარითაა დაჯილდოებული და ყველას აოცებს, როცა სვამს, რადგან არასდროს თვრება. სუფრის დამთავრების შემდეგ ის კიდევ უფრო მხიარული ხდება და ერთსა და იმავე, ამოჩემებულ სიმღერას მღერის.

შენი ტონის მიხედვით ვხვდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

- ანდრეი ფილმს იღებს. მას შენთან უნდა დალაპარაკება, ალბათ სინჯებზე დაგიბარებს.

ამის გაგონებაზე ვცოფდები. რას მიქვია სინჯებზე დაბარება! არასდროს არავის დავუბარებივარ სინჯებზე, გარდა პირველი როლისა, როცა არავინ მიცნობდა!

შენ დიდხანს ცდილობ ჩემ დაყოლიებას, მიმტკიცებ, რომ აქ სხვანაირად ხდება მსახიობების შერჩევა, რომ ეს საბჭოთა წესია ასეთი…

და მეც გთანხმდები.

ანდრეის ვხვდები. მეუბნება, რომ ფილმი «სარკე» ავტობიოგრაფიულია და მას სურს, მომსინჯოს თავისი დედის როლზე. შემდეგ სიუჟეტს მიყვება…

რამდენიმე დღის შემდეგ პატარა გადამღები ჯგუფის თანხლებით, სოფელში მივდივართ. ეს სინჯები არც არის. უბრალოდ, რამდენიმე ეპიზოდს ვიღებთ. ანდრეი დაწვრილებით მიხსნის სცენას: ზღურბლზე მდგომი ქალი დიდხანს ელის საყვარელ ადამიანს. ამასობაში აცივდება, ქალი შალში გაეხვევა, მწარედ ამოიოხრებს და სახლში შებრუნდება.

ტარკოვსკი კომპლიმენტებს მეუბნება. მეც კმაყოფილი ვარ ჩემი თამაშით. ვბრუნდები შინ და მთელი დღის ემოციებს გიყვები. ახალი ოცნება გაგვიჩნდა. თუკი ამ ფილმში გადამიღებენ, უამრავ პრობლემას სწრაფად მოვაგვარებთ. მე მექნება ოფიციალური სამსახური სსრკ-ში, შემეძლება შენ გვერდით ცხოვრების გაგრძელება და, ყველა სიკეთესთან ერთად, ტარკოვსკის ფილმში თამაში - ეს უკვე დიდი ბედნიერებაა!

გადის რამდენიმე დღე…

8 8 8

ვურეკავთ ანდრეი ტარკოვსკის, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, გამუდმებით მისი მეუღლე გვპასუხობს და იმის მაგივრად, ქმარი დაგვალაპარაკოს, გვეუბნება, შინ არ არისო და ცივად გვიკიდებს ყურმილს. ვგრძნობ, რომ დარეკვა უშედეგოა - პასუხი უარყოფითი იქნება. თუმცა, შენ არ გინდა ამის დაჯერება და, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ტარკოვსკის მდივანი გვიკავშირდება და გვამცნობს, რომ როლები განაწილდა და მე მადლობას მითვლიან სინჯებში მონაწილეობისთვის, საშინლად ბრაზდები. განსაკუთრებით იმაზე, რომ შენ დამითანხმე, წავსულიყავი სინჯებზე. და კიდევ იმიტომ, რომ პასუხი, რომელსაც ასე მოუთმენლად ველოდით, მესამე პირისგან მივიღეთ და ისიც, ძალიან დაგვიანებით…

ახლა უკვე მე მიწევს ანდრეის გამოქომაგება. ალბათ ვერ მოიცალა, ბევრი საქმე აქვს, გარდა ამისა, მისი პროფესიის ადამიანები ხშირად არიდებენ თავს პირდაპირ მიახალონ ადამიანებს არასასიამოვნო ამბავი, - ვცდილობ, აგიხსნა.

არაფრის გაგონება არ გსურს. შენ მისგან სხვა დამოკიდებულებას ელოდი…

ამის შემდეგ, მთელი ორი წელიწადი თქვენ ერთმანეთი არ გინახავთ. ჩვენი საერთო მეგობრები ბევრს ეცდებიან, შეგარიგონ, მაგრამ უშედეგოდ.

ერთხელ, პარიზში ჩასულებს, ანდრეის პირდაპირ აეროპორტში შევეჩეხებით - ის მოსკოვში მიფრინავს. ეს მოულოდნელი შეხვედრა, თანაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე, იძულებულს გხდით, შერიგდეთ. ანდრეი უბრალოდ და გასაგებად გიხსნის მიზეზს, რატომ არ დამამტკიცა როლზე - მისი აზრით, მაყურებელი ფილმის შინაარსს აღარ ჩაუღრმავდებოდა, როცა ეკრანზე «ჯადოქარს» დაინახავდა. ამიტომაც როლზე სხვა მსახიობი მიიწვია.

მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ანდრეი გვერდიდან აღარ გვშორდება. იგი ძველებურად დადის ჩვენთან, საათობით რჩება ჩვენს ბინაში და შენთან ერთად მღერის თავის საყვარელ სიმღერას.

ერთხელ იგი თხოვნით მომმართავს - დავითანხმო მარჩელო მასტროიანი, ითამაშოს მის ფილმში, რომლის სცენარიც ეს-ესაა, დაამთავრა. თუმცა, მარჩელოს დათანხმება სულაც არ დამჭირდა - ის სიამოვნებით იღებს ანდრეის შემოთავაზებას.

მთელი საღამო თარჯიმნის როლში ვარ, ისინი სცენარს განიხილავენ.

ამაოდ! ფილმის გადაღება არ მოხდება! კიდევ ერთ დიდებულ სცენარს მოუწევს თაროზე შემოდება, რადგან ცენზურას ვერ გაივლის.

8 8 8

1985 წლის 23 დეკემბერია. ჩვენი ავტომოპასუხე დრამატულ ამბავს გვამცნობს. ტარკოვსკი მძიმედაა ავად. შვედი ექიმების აზრით, მას მხოლოდ სამი კვირის სიცოცხლეღა დარჩენია. მაშინვე ვიწყებ ზრუნვას იმაზე, რომ ანდრეის უფლება მისცენ, სიკვდილის წინ თავისი ვაჟიშვილი მოინახულოს.

1986 წლის 2 იანვარს ის საფრანგეთში ჩამოდის.

მას ყველა მხრიდან ეხმარებიან - თანამემამულეები, ექიმები, კულტურის მინისტრი, სსრკ-ის საელჩო და რესპუბლიკის პრეზიდენტიც კი.

ბოლოს მის ვაჟს ნებას რთავენ, მამასთან ჩავიდეს. მათ ერთმანეთი 4 წელია, არ უნახავთ. როცა ტარკოვსკი საავადმყოფოდან გამოვა, პირდაპირ ჩემთან მოგვყავს სახლში და მთელი ოჯახი იქ ხვდება ერთმანეთს.

ანდრეი ემზადება, დაამთავროს ახალი ფილმის, «მსხვერპლშეწირვის» მონტაჟი. გარდა ამისა, ლაპარაკობს მომავალ ფილმზე, რომელსაც «წმინდანები - ყველაზე უბედური ადამიანები» უნდა დაერქვას…

ერთი იდიოტი მეგობარი ქალის რჩევით, იგი სამკურნალოდ გერმანიის ექიმბაშთა კლინიკაში მიემგზავრება…

უშედეგოდ…

ანდრეი ტარკოვსკი 1986 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა…

მის დაკრძალვას უამრავი ხალხი ესწრებოდა.

გაგრძელება იქნება