ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თურქულ სერიალ Emanet-ის ("სხვისი შვილი“) მესამე სეზონში ქართველი დიზაინერი და მოცეკვავე ნანა სტამბოლიშვილი ითამაშებდა. ამ სიახლემ ქართველ მაყურებელში განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია.
სერიალი უკვე ორი წელია, რაც ერთ-ერთი ქართული არხის ეთერში გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელი წასვლის შემდეგ მისი როლი სწორედ ნანამ დაიკავა.

სერიალმა Emanet ახალბედა მსახიობი ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი თურქული კინოინდუსტრიის ახალ ვარსკვლავად აქცია. მომხიბვლელი მსახიობი 36 წლისაა და აღნიშნული სერიალი სამსახიობო კარიერაში მისი პირველი ნაბიჯია.
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი მომღერალი, კომპოზიტორი, ფოტომოდელი და ფოტოგრაფია. მის შესახებ ამბობენ, რომ ბევრი სხვადასხვა ინტერესი აქვს, ყოველთვის ცდილობს, ისწავლოს რაღაც ახალი და ძალა სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯოს.

ის 1986 წელს, პირველ იანვარს, სტამბოლში დაიბადა. 2007 წელს თურქეთის საუკეთესო მამაკაცი მოდელის ტიტული მიიღო, რის შემდეგაც წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჩვენებაში. სოციალურ ქსელებში ჰალილის პოპულარობა 2009 წლიდან იწყება, როდესაც YouTube-არხზე თავისი სიმღერების გამოქვეყნება დაიწყო, თუმცა პოპულარობა მაშინ თურქეთის საზღვრებს არ გასცდენია.
მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს ასევე იწვევდა ის ფაქტი, რომ ჰალილის გმირი სერიალში მკაცრი მზერით გამოირჩევა და არასდროს იღიმის. ფანები დაინტერესდნენ, თუ როგორია რეალურ ცხოვრებაში მსახიობი, რამდენად ჰგავს თავის გმირს. გულშემატკივრების პასუხად კი "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს აჩვენა, რომ ხანდახან გაღიმება მასაც შეუძლია.
