საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საკუთარი მდგომარეობის შესახებ საუბრობს და განმარტავს, როგორ შეიძლება მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის დამარცხება:
„მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამის შესახებ საკუთარ მეუღლესაც არ უყვება. არ ეუბნებიან მშობლებს და შვილებს, არიან ოთახში ჩაკეტილები. ამ ყველაფერს ხასიათს მიაწერენ ხოლმე, რაც არასწორია. ძალიან ბევრმა მომწერა, რომ ეშინია, გიჟი არ დაუძახონ. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ფსიქიკურ დაავადებაში სამარცხვინო არაფერია. დეპრესია და შფოთვითი აშლილობები არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდები. საზოგადოებას ვეტყოდი, რომ ადამიანებმა თავიანთ მდგომარეობას სახელი უნდა დაარქვან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის დროული დახმარება. შეიძლება ხანდახან ამის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, თუმცა ამის იქით გამოსავალი ძნელად არის. უნდა მონახონ თავიანთ თავში ძალა. ბრძოლა ყოველთვის ღირს და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.
საზოგადოებამ სწორად უნდა გაიგოს, რომ მსგავსი ტიპის რამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გადახდეს თავს და ეს სამარცხვინო არ არის. უამრავი წერილი გაჩნდა სოციალურ ქსელში და ადამიანები დახმარებას მთხოვდნენ, განსაკუთრებით, რეგიონებიდან. მეც ყველანაირად ვცდილობდი ექიმებთან გადამისამართებას. ჩემი ავადმყოფობის პერიოდში მზად ვიყავი, ნებისმიერ ფიზიკურ დაავადებაში, მათ შორის, მომაკვდინებელშიც გამეცვალა ეს ყველაფერი, იმდენად გაუგებრად რთული და მტანჯველია ეს მდგომარეობა. აქედან მედიკამენტების და ფსიქოთერაპიის გარეშე გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
მეგობრები ხვდებიან, რომ ხუმრობა არ არის, თუმცა ვერ იგებენ, რა ხდება სინამდვილეში, სანამ ამას თავად არ გამოცდიან. გეუბნებიან: იარე, ივარჯიშე, ლეკვი გაზარდე. გაძლევენ ინსტრუქციებს, რომელიც არ მუშაობს. ეს ძალიან კარგი რჩევებია, მაგრამ ვერ აკეთებ. დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის ყველაზე კომფორტული ოთახში გამოკეტვაა. მე სოციალურ ცხოვრებას ვერ ჩამოვშორდი, ვერ ჩავიკეტე იმის შიშით, რომ ყველაფერს დავკარგავდი. რეალურად ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. გარკვეული ტიპის შფოთვებთან გამკლავება დღესაც მიწევს, თუმცა თავდაღმართშია და დარწმუნებული ვარ, დავამარცხებ“ - ამბობს გიორგი კეკელიძე.