წესების მიხედვით, ქალებს მჭიდროდ უნდა ეკეთოთ თავსაფარი და თმას მთლიანად უფარავდეთ, ახალგაზრდა ქალი კი ამ წესს არ იცავდა. ამინის დაკავებიდან მალევე გაირკვა, რომ ის მალევე ჩავარდა კომაში, ამის მიზეზი კი პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობა გახდა.
მედიის ცნობით, გოგონა ჯერ ხელკეტით სცემეს, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომანქანაზე მიარტყმევინეს თავი. თავად პოლიცია ქალზე ძალადობის ფაქტს დღემდე უარყოფს და ამტკიცებს, რომ მას "უეცარი გულის შეტევა“ ჰქონდა. ამინის ოჯახის წევრების თქმით, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.
ირანში დატრიალებული ეს ტრაგედიაც კარგად აჩვენებს, იყო უფლებადამცველი ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ავღანეთი, ირანი, სირია, პაკისტანი ან მალი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია, რადგან იქ ყოველდღიურად გიწევს საკუთარი სიცოცხლისთვის ბრძოლა.
ბევრ უფლებადამცველს, რომლებიც სახელმწიფოს სისტემას მკაცრად დაუპირისპირდნენ და საკუთარი პოზიციები არ დათმეს, შედეგად შვილებიც კი დაუხოცეს, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი მათ შესაჩერებლად.
გთავაზობთ იმ ქალების სიას, რომლებიც ღიად დაუპირისპირდნენ სახელმწიფოს და ამისთვის ბევრი მათგანი მწარედ დაისაჯა.
მაჰბუბა სერაჯი, ავღანეთი
სერაჯი არის ავღანეთის ქალთა ქსელის (AWN) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს არის დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ათობით არასამთავრობო ორგანიზაციასა და ათასობით წევრს ავღანეთსა და პაკისტანში.
1978 წელს, როდესაც ავღანეთში რევოლუცია მოხდა და პროსაბჭოთა მთავრობა დამყარდა, მაჰბუბას ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. 2003 წლამდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ დაბრუნება და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.
როდესაც 2021 წლის აგვისტოში ავღანეთში ხელისუფლებაში "თალიბანი“ მოვიდა, ქალთა უფლებების მოძრაობის დიდი ნაწილი დაიკარგა. "თალიბანს“ სურდა, რომ ქალებს სახეები დაეფარათ, გარეთ მხოლოდ მამაკაცების თანხლებით გასულიყვნენ და განათლება არ მიეღოთ. ბევრმა უფლებადამცველმა გადაწყვიტა ავღანეთის დატოვება, მაგრამ სერაჯი დარჩა. "როგორც ლტოლვილს, მე მქონდა ცუდი გამოცდილება. ნაჩქარევად მოგვიწია ქვეყნიდან წასვლა და მიმალვა. ვისაც ოდესმე მოუწია გაქცევა, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. ამჯერად აღარ მინდა ვინმემ გამომაგდოს. ავღანეთი ჩემი სამშობლოა“, - განმარტა მან თავისი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ის რჩება ავღანელი ქალების რუპორად.
უფლებადამცველმა დაარღვია "თალიბანის“ აკრძალვა უპატრონო მოგზაურობის შესახებ და გამოთქვა წინააღმდეგობა თინეიჯერი გოგონების განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე.
2021 წელს სერაჯჟი BBC-ის ქალთა ტოპ-100-ში, ასევე Time-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანში მოხვდა.
მუნა ლუკმანი, იემენი
მუნა ლუკმანი იემენის ქალთა სოლიდარობის ქსელის თანადამფუძნებელია. პროექტმა მუშაობა 2013 წელს დაიწყო, როგორც "ფეისბუქზე" ქალთა მხარდაჭერის ჯგუფმა. 2016 წელს კი სრულფასოვან არასამთავრობო ორგანიზაციად გადაიქცა. დღეს მასში შედის 270-ზე მეტი ქალი, რომლებიც ერთმანეთს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაში ეხმარებიან.
ქალთა სოლიდარობის ქსელი ემხრობა საომარი მოქმედებების შეწყვეტას, გმობს ქალების გადაადგილების აკრძალვას მეურვის თანხმობის გარეშე და მხარს უჭერს აქტივისტებს, რომლებიც რეპრესიებს განიცდიან.
მუნა ლუკმანმა ასევე დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია Food for Humanity (Food4Humanity). 2014 წლიდან ეს პროექტი ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას, ასევე ომის ზონებში დანგრეული თავშესაფრებიდან ობლების ევაკუაციას.