დროა, მოემზადოთ ზამთრის სეზონისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ დროა, გამოვყოთ 2022/23 წლების ზამთრის მოდის ტენდენციები. ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, ზოგი კი მოულოდნელად დაბრუნდა პოდიუმზე. ისინი შთაგონებულია 80-, 90-, 2000-იანი წლების ინსპირაციით.
ტყავი
მოდურია ტყავის პიჯაკები, შარვლები თუ შორტები. დიზაინერები გვთავაზობენ მთლიანი ლუქის ტყავით კომბინაციას. უმჯობესია, არჩევანი შეაჩეროთ გლუვ ნაჭერზე.
ბეწვი
ზამთრის მოდის ტენდენციის სიაში ბეწვი ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. მოხდენილი მოკლე და კოჭებამდე სიგრძის ბეწვის ქურთუკები პოპულარობის პიკზეა.
წამყვანი დიზაინერები გვთავაზობენ არა მხოლოდ ბეწვის ტანსაცმელს, არამედ აქსესუარებსაც, ქუდებს, ჩანთებსა და ფეხსაცმელსაც კი.
ნაჭრის გრძელი ლაბადა
მოკლე კაბაშიც არ შეგცივდებათ, თუ გარედან მაქსი სიგრძის ლაბადას მოიცვამთ.
მისი წყალობით თბილად და მოდურად ყოფნა გარანტირებული გექნებათ.
ნაქსოვი სვიტერები
ცივი სეზონისთვის აქტუალურობას არ კარგავს სქელი ძაფისგან დამზადებული სვიტერები, კარდიგანები და კაბები.
მრავალფეროვანი პრინტები
2022 წლის ზამთრის ახალი ტენდენციაა რთული, ფსიქოდელიური პრინტებისგან დამზადებული სამოსი, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ. ესენია კუბოკრული, ზოლიანი, კოპლებიანი, ყვავილებიანი და სხვ.
ბომბერი
გრძელი თუ მოკლე ზომის ბომბერი კვლავ აქტუალურია.
ოქროსფერი და ვერცხლისფერი შტრიხები
ოქროსფერი და ვერცხლისფერი ნივთების ტარება ზამთრის ყველაზე მკაფიო ტენდენცია იქნება. მათი მორგება შეგიძლიათ არამხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც. ბზინვარე ბლუზები, ქურთუკები და სვიტერები სუსხიან ზამთარს დაუვიწყარ, განსაკუთრებულ სეზონად აქცევს.
გრძელი ჯინსის შარვალი
ფართო, მაღალწელიანი ჯინსის არაპროპორციული ზომის შარვალი 2022 წლის მთავარი ტრენდია.
ფეხსაცმელი - პლატფორმა და ქუსლი
ფართოქუსლიანი და პლატფორმული ფეხსაცმელი აშკარად არ აპირებს პოზიციების დათმობას. ეს არის შემოდგომა-ზამთრის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია.
თუ პლატფორმა არ მოგწონთ, ნუ დარდობთ, დიზაინერები სხვადასხვა ტიპის მოდურ ფეხსაცმელს გვთავაზობენ. დახრილი ქუსლი შემოდგომა-ზამთრის კიდევ ერთ-ერთი ტრენდია.
დიდი ზომის ჩანთები
საღამოს წვეულებაზე გასასვლელად შეგიძლიათ დაიტოვოთ პატარა ზომის კლატჩები, მაგრამ დღის განმავლობაში 2022 წლის ტენდენცია გვკარნახობს პლუს ზომის ჩანთების გამოყენებას.
ფერადი აქსესუარები
კვლავ აქტუალურია ფერადი ქსოვილებისგან დამზადებული ჩანთები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ტანსაცმლის ფერს იმეორებენ. ფერადი კოლჰოტები ისევ მოდას დაუბრუნდა: შეგიძლიათ შეუხამოთ ტანსაცმლის ფერს ან სულაც ჩაიცვათ კონტრასტულ ფერში.
ხელთათმანები
ზამთრის ახალი ტენდენცია ხელთათმანებია. ისინი არა მხოლოდ თბილ სამოსთან, არამედ კაბებთანაც თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ. უფრო მეტიც, რეკომენდებულია საღამოს კაბებთან შეხამება, ხოლო თუ ხელთათმანები იმეორებს კაბის ფერს ან პრინტს, მაშინ თქვენი ლუქი ნამდვილად დაიმსახურებს დიდ მოწონებას.
ბაფთა
ყველა ქალის ყველა დროის საყვარელი დეტალი ისევ მოდურია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მისი აქტუალობა, მაგრამ გირჩევთ, იჩქაროთ მისი გამოყენება. პატარა თუ გიგანტური ზომის ბაფთა თქვენს ლუქს შემატებს შთამბეჭდავ იერს.
მოამზადა თიკო ღაჭავამ