„ჩვენც ჩვეულებრივი წყვილი ვართ, ვკამათობთ, ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ მთავარი სიყვარული და პატივისცემაა, წლებთან ერთად სიყვარულმა კი არ იკლო, მოიმატა” - როგორია მარიკო ებრალიძის ოჯახური ცხოვრება - Marao

„ჩვენც ჩვეულებრივი წყვილი ვართ, ვკამათობთ, ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ მთავარი სიყვარული და პატივისცემაა, წლებთან ერთად სიყვარულმა კი არ იკლო, მოიმატა” - როგორია მარიკო ებრალიძის ოჯახური ცხოვრება

2022-10-27 14:17:49+04:00

თბილისის მერიის ბიგ-ბენდის სოლისტი მარიკო ებრალიძე ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახსა და ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობს:

„ჩემი მეუღლე, გიორგი დოლიძე, ექიმ-გინეკოლოგია, ლაპარასკოპისტი. ორ წელზე მეტი შეყვარებულები ვიყავით. ეს იყო ზღაპრული დრო! არ ვჩქარობდით დაქორწინებას, იმდენად მოგვწონდა რომანტიკული შეხვედრები. როცა დავქორწინდით, მე 29 წლის ვიყავი, გიორგი – 30-ის. მალე პირველი შვილიც შეგვეძინა – დემეტრე დოლიძე.

ჩვენ გიორგის მშობლებთან ვცხოვრობდით და დიდი ხელისშეწყობა გვქონდა მათი მხრიდან. დედაჩემი და ჩემი დედამთილი იტოვებდნენ ბავშვს, როცა მე კონცერტები მქონდა.

ორი შვილი გვყავს, დემეტრე და დანიელ დოლიძეები. მინდა გოგონაც მყავდეს, აუცილებლად გავაჩენ კიდევ შვილს. სურვილი ერთია, მაგრამ რასაც ღმერთი მომცემს,  ბედნიერი ვიქნები.

ოჯახური ცხოვრება ერთგვაროვანი არ არის, აზრთა სხვადასხვაობა ხშირია. როგორ შეიძლება ისე იცხოვრო წლები, არ იკამათო, ჩურჩულით ისაუბრო, სულ ხვევნა-ფერებაში იყო?! ჩვენც ჩვეულებრივი წყვილი ვართ, ვკამათობთ, ვჩხუბობთ კიდეც, მაგრამ მთავარი მაკავშირებელი სიყვარული და პატივისცემაა. თუ სიყვარული არ არის, ოჯახს ვერ შეინარჩუნებ, შვილების გულისთვისაც კი. ვისწავლეთ დათმობა, მოთმენა, ერთმანეთის გაგება, ერთმანეთის დახმარება. რაც მთავარია, წლებთან ერთად სიყვარულმა კი არ იკლო, მოიმატა.

ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი ენერგიაც სჭირდება. ახლა კიდევ უფრო ვაფასებ დედაჩემის შრომას, ყოველთვის ყველაფერს ასწრებდა, ჩვენ გვივლიდა, მუშაობდა, სტუმრებს მასპინძლობდა, ნაირ-ნაირს ამზადებდა, არასდროს გამიგია მისგან სიტყვა “დავიღალე”. მისი მეგობრები რომ შეიკრიბებოდნენ, მღეროდნენ, ისე ერთობოდნენ, გეგონებოდა, სადარდელი არაფერი ჰქონდათ. არადა, არ იყო მაშინ იოლი ცხოვრება” - ამბობს მარიკო ებრალიძე.