- “ჰარამი” (“ჰარემ”) არაბული სიტყვაა და აკრძალულს, ტაბუდადებულს, ამავე დროს წმინდასა და ბედნიერ ადგილს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ არაბი ბედუინები კარვის ნაწილს, მოგვიანებით - სახლის იმ ნახევარს, სადაც მხოლოდ ქალები ცხოვრობდნენ და გარეშე პირებს შესვლა ეკრძალებოდათ. ტრადიციულად, ჰარემი სასახლის უფროსის ცოლების, მხევლებისა და შვილების საცხოვრებელ ადგილს ნიშნავს. ქართულ ენაში დამკვიდრებულია ფორმა “ჰარამ-ხანა”, რაც “აკრძალულ სახლს” ნიშნავს.ჰარემის სტრუქტურა და იერარქია ისლამისა და სახელმწიფოს მოთხოვნათა საფუძველზე მკვეთრად ჩამოყალიბდა აბასიანი ხალიფების მმართველობის პერიოდში და შემდგომში, თანდათანობით სხვადასხვა მუსლიმანურ სახელმწიფოშიც გაჩნდა. ჰარემის როლი სასახლეებში თანდათან გაიზარდა. აქ ხომ ტახტის მემკვიდრე იზრდებოდა! მუსლიმანური ჰარემების სტრუქტურა და წესები ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდებოდა. მას საჭურისები იცავდნენ. უფროსი ცოლი, ფაქტობრივად, ჰარემის მეთვალყურე იყო. ჰარემში უპირატესობა ენიჭებოდა იმ მხევლებს, რომელთაც ვაჟები შვეს. მუსლიმან მამაკაცებს ეკრძალებოდათ ჰარემში ერთმანეთის ნათესავი მხევლების ყოლა. ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ სულთნის სასახლისა და ჰარემის ცხოვრება უფრო პომპეზური გახდა. ადრინდელზე მეტი ყურადღება ექცეოდა სამეფო კარის ბრწყინვალებასა და მის წევრთა აღკაზმულობას, რაც უპირველესად სახელმწიფოს ძლიერებისა და სიდიადის წარმოჩენას ემსახურებოდა. ბევრი რამ შეითვისეს ბიზანტიის საიმპერატორო სასახლიდანაც. რეგლამენტით იყო განსაზღვრული დიდმოხელეთა ტანსაცმლის ფორმა და ფერიც კი.
სულთნის ჰარამხანა კონსტანტინოპოლში თოფქაფის სასახლის აშენების შემდეგაც ერთხანს ადრიანოპოლში, ძველ სასახლეში რჩებოდა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, იგი ახალ სასახლეში სულთანმა სულეიმან I-მა (ქვეყანას მართავდა 1520-1566 წწ.), ხოლო ზოგის მიხედვით - მურად III-მ (ქვეყანას მართავდა 1574-1595 წწ.) გადაიტანა. თოფქაფის სასახლე სულთნების რეზიდენცია იყო 1478-1853 წლებში, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან სულთანატის დასასრულამდე (1923 წ.) კი სამეფო კარს უფრო თანამედროვე ევროპული არქიტექტურით აშენებული დოლმაბაჰჩე წარმოადგენდა, რომელშიც ჰარამხანას ასევე უზარმაზარი ადგილი ეთმობა. სულთნის სასახლის კარი ორი ნაწილისგან შედგებოდა - საგარეო და საშინაო. საგარეო მოიცავდა სულთნის მოხელეებს, ხოლო საშინაო - მისი ოჯახის ქალებისა და ბავშვების სამყოფელს, ანუ ჰარამხანას. სულთნის საგარეო კარს განაგებდა ე.წ. თეთრი საჭურისების უფროსი - “კაფუჯი ბაში”, მთავარი კარის მცველი. ფაქტობრივად, ის აკავშირებდა სულთანს გარე სამყაროსთან და ყველგან ახლდა მას, გარდა ჰარამხანისა. ჰარამხანას შავი საჭურისების მეთაური - “ყიზლარ აღასი” (ქალთა ბატონი), იგივე “დარუს-საადე აღასი” განაგებდა. ის ხელმძღვანელობდა ჰარამხანის მსახურთა საქმიანობას, არჩევდა სულთნის მხევლებს და სხვ.რადგან შავი საჭურისები ჰარამხანის მცველები იყვნენ, ამიტომ ამ თანამდებობაზე არჩევდნენ ყველაზე მახინჯ და შეუხედავ პირებს. მახინჯები ყველაზე უფრო ძვირად ფასობდნენ, რადგან მათი სიმახინჯე ამ შემთხვევაში საჭიროებიდან გამომდინარე პლუსად ითვლებოდა.
სულთნის ჰარამხანაში ქალები უმეტეს დროს კერვაში, ქარგვაში, მუსიკისა და სიმღერის, აგრეთვე კარგი მანერების სწავლაში ატარებდნენ. ეს საქმე ყველა ქალს ევალებოდა, მიუხედავად იმისა, რა ადგილი ეჭირა მას ჰარემის იერარქიაში.
ნაყშიდილ სულთანიმრავალი ჩანაწერის მიხედვით, ჰარემი გარე სამყაროსგან მაქსიმალურად იზოლირებული იყო და ამიტომაც იქ მყოფი ქალებისთვის სახის დაფარვა სავალდებულო არ გახლდათ. ეს წესი მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში შეიცვალა.- რამდენი ქალი ცხოვრობდა ოსმალურ ჰარამხანაში და მიიჩნეოდა თუ არა იქ ცხოვრება პრესტიჟულად?- ოსმალო სულთნების ჰარამხანები მხევალთა სიმრავლით გამოირჩეოდა. მათი რიცხვი ასეულებს აღწევდა. რა თქმა უნდა, მათ უმრავლესობას სულთანთან ურთიერთობა არც ჰქონდა, თუმცა სულთნის ჰარემში მოხვედრა და იქ უზრუნველად ცხოვრება დიდ პრივილეგიად მიიჩნეოდა.
ჰარემის ყოფა-ცხოვრებას თვალყურს ადევნებდა სულთნის დედა - ვალიდე სულთანი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. დროდადრო მისი გავლენა ისე იზრდებოდა, რომ სახელმწიფოს საქმეებშიც კი ერეოდა. ხარჭა, რომელიც სულთანს შვილს გაუჩენდა, სულთნის რჩეულის, ანუ “ჰასექი სულთნის” ტიტულს ატარებდა. განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობდა ის, ვინც პირველ ვაჟს, ტახტის მემკვიდრეს გააჩენდა. იგი სულთნის პირველ ქალად იწოდებოდა. ჰასექის ტიტული შეიძლება მიეღოთ ისეთებსაც, ვისაც შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ სულთნის სიმპათიას იმსახურებდნენ. ჰასექები ჰარემში პრივილეგიებით სარგებლობდნენ, მაგალითად, შეეძლოთ ძვირფასი ქურქის ჩაცმა და სამკაულების ხმარება, ჰქონდათ ცალკე საცხოვრებელი ოთახი და სხვა.
- რა ბედი ეწეოდა ამ ქალებს სულთნის გარდაცვალების შემთხვევაში?
- ფადიშაჰის გარდაცვალების შემდეგ, ტახტის მემკვიდრის გარდა სხვა ვაჟების დედები ძველ სასახლეში გადაჰყავდათ, ხოლო გოგონების დედებსა და სხვებს მაღალი თანამდებობის პირებზე ათხოვებდნენ.