ცირკონის გვირგვინი - ლამაზი კბილების საიდუმლო - Marao

ცირკონის გვირგვინი - ლამაზი კბილების საიდუმლო

2022-11-07 10:42:33+04:00

ოცდამეერთე საუკუნეში ჯანსაღი კბილები და მომხიბვლელი ღიმილი უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. წარმოუდგენელია, ადამიანი გამოიყურებოდეს ლამაზად და მას არ ჰქონდეს ჯანსაღი, მიმზიდველი ღიმილი. ესთეტიკური პირის ღრუ და თეთრი კბილები ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ აღიქმება და უმეტესწილად, სწორედ მასზეა დამოკიდებული პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც გაცნობისას თანამოსაუბრეებზე ვახდენთ.

სტომატოლოგია დროსთან ერთად მუდმივად ვითარდება, რათა შეძლოს, უკეთ დააკმაყოფილოს ყოველი პაციენტის საჭიროებები და მოთხოვნილებები. სწორედ პაციენტების სურვილმა, ჰქონდეთ მომხიბვლელი ღიმილი, გამოიწვია სტომატოლოგიის მიმართულების სწრაფი განვითარება და დღესდღეობით უკვე არსებობს უამრავი გზა, რომლის საშუალებითაც  შესაძლებელია დაზიანებული კბილის ისე აღდგენა, რომ ერთი შეხედვით (შეუიარაღებელი თვალით) შეუძლებელია ხელოვნურ და ბუნებრივ კბილს შორის განსხვავების დანახვა.  თუ დაზიანებული კბილების აღდგენა გადაწყვიტეთ, იცოდეთ, რომ ცირკონის გვირგვინები საუკეთესო არჩევანია. ის მოუხსნელი კონსტრუქციაა და საზოგადოებაში ცნობილია, როგორც „ცირკონის კბილები“ ან „ფაიფურის კბილები“.

ზოგადად, კბილების გვირგვინით აღდგენა ყველაზე მოთხოვნადი და ეფექტური მეთოდია. გვირგვინები საჭიროა, როდესაც კბილი მოტეხილი ან გაბზარულია, გვაქვს განსაკუთრებულად დიდი ზომის ბჟენები ან კბილს საგრძნობლად აქვს ფერი შეცვლილი, ფიქსირდება ბრუქსიზმი ან პათოლოგიური ცვეთა. სწორედ ამ შემთხვევებში იყენებენ გვირგვინებს. იგი კბილს მთლიანად ფარავს და მასზე სპეციალური მასალით მაგრდება. შედეგად, აღდგება როგორც კბილის ფუნქცია, ისე მისი ვიზუალი.

გვირგვინი სხვადასხვა მასალით შეიძლება დამზადდეს, თუმცა მათ შორის საუკეთესო ცირკონის მასალაა. ეს გახლავთ ცირკონის დიოქსიდი  (ZRO2), რომელიც მაღალი გამძლეობითა და ორგანიზმთან მაქსიმალური თავსებადობით გამოირჩევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცირკონის გვირგვინებს ხშირად „ფაიფურის კბილებადაც“ მოიხსენიებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ცირკონის დიოქსიდისგან დამზადებული გვირგვინები გარედან იფარება ფაიფურით. მარტივად რომ ვთქვათ, გვირგვინი ორი მასალისგან მზადდება - ცირკონისა და ფაიფურისგან.

გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ცირკონის გვირგვინები საუკეთესო გადაწყვეტილებაა:

  • ჰიპოალერგიულობა - ცირკონის დიოქსიდი და ფაიფური ჰიპოალერგიული მასალებია, რაც გვირგვინის დამაგრების შემდეგ ალერგიული რეაქციის გამოწვევის შესაძლებლობას მინიმუმამდე ამცირებს.
  • ბუნებრიობა - ცირკონის გვირგვინების კიდევ ერთი უპირატესობა მისი განსაკუთრებული ფერი და სიპრიალეა. ეს ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება და მისი ბუნებრივი კბილისგან გარჩევა რთულია.
  • ბიოთავსებადობა – ცირკონის კბილები, ბუნებრივი კბილის მსგავსად, ერწყმის პაციენტის პირის ღრუს რბილ ქსოვილებს და არ აღიზიანებს ღრძილს.

ცირკონის კბილები მაქსიმალურად კარგად რომ გამოიყენოთ, მნიშვნელოვანია ის მაღალი დონის სტომატოლოგიურ კლინიკაში გაიკეთოთ. დღეს ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა არსებობს, თუმცა მათი მომსახურების ხარისხი განსხვავდება. აუცილებლად შეარჩიეთ კლინიკა, რომელიც იქნება მაღალტექნოლოგიური. სასურველია კლინიკაში გვირგვინების დამზადება ციფრული ტექნოლოგიით ხდებოდეს. არ დაგავიწყდეთ ექიმების კვალიფიკაცია. სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგიური კლინიკა, რომელსაც შეარჩევთ, სისტემატურად ნერგავდეს ამ სფეროს სიახლეებსა და მიღწევებს. მეორე მხრივ, ხდებოდეს ექიმების გადამზადება აღნიშნული სიახლეების შესაბამისად.