მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვან როლს ამ სფეროს გავლენიანი ადამიანები თამაშობენ - მოდის კრიტიკოსები და მოდის ბლოგერები, თუმცა მათზე მნიშვნელოვანი ის ადამიანები არიან, რომლებიც თავად ქმნიან საკუთარი ჩაცმის სტილს, მოდის "ამინდს", აყალიბებენ ტენდენციებს და ეხმარებიან კიდეც ამა თუ იმ მოდის სახლს ან დიზაინერს იმიჯის ჩამოყალიბებაში. სწორედ ასეთ გემოვნებიან ადამიანებზე მინდა ვისაუბრო რუბრიკაში "მოდა და სტილი" დიზაინერ მარინა ხორავასთან ერთად. ვინ ქმნის სამოსს და ვინ ანიჭებს უკვდავებას, დიზაინერი თუ ის, ვინც სამოსს წარმოაჩენს.
გრეის კელი
ფრანგი ფილოსოფოსი როლან ბარტი ამბობდა, რომ მოდა არის კომუნიკაციის ფორმა, მას აქვს ამოცანა და მიზანი. არავინ იცის, გრეის კელი ბარტის ამ მოსაზრებას იცნობდა თუ არა, მაგრამ ის ფრანგი ფილოსოფოსის სწორედ ამ ფრაზის განსახიერება იყო ჩაცმულობით, ვარცხნილობით, საერთოდ, სტილით. განსაკუთრებით, მონაკოში ჩასული იგრძნობთ გრეის კელის "მოდურობას", სადაც დღემდე არსებობს მისი ფანკლუბები. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი ახალი რუბრიკა გრეის კელის, როგორც მოდის სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის განხილვით დავიწყეთ.
- გრეის კელი არ ყოფილა დიდი მსახიობი, მაგრამ ნიჭიერი უდავოდ იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ალფრედ ჰიჩკოკი არ ათამაშებდა თავის ფილმებში. გრეისი იყო ნიჭიერი და ჰქონდა ის სტილი, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკს მოსწონდა. სტილმა დიდი როლი ითამაშა მის წარმატებაში. როდესაც პრინცესა გახდა, ჰიჩკოკი მაშინაც სთავაზობდა ფილმებში მონაწილეობას, თვლიდა, რომ ის შეუცვლელი იყო. მას ყოველთვის განსხვავებული ჩაცმულობა ჰქონდა. არა იმდენად გამორჩეული, რომ ვთქვათ, მსგავსი არ გვინახავსო, მაგრამ სტილი ჰქონდა საოცრად დახვეწილი და ჰაეროვანი. მოდა ყოველ ათწლეულში იცვლება, ადამიანები იცვლებიან, მას კი არასოდეს უღალატია თავისი სტილისთვის. იყო ქველმოქმედი, მაგრამ მისი ვიზუალური მხარე და ჩაცმულობა კიდევ უფრო დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამორჩეულად იცვამდა, იმდენად წარმოაჩენდა უბრალო ბლუზას, რომ ის არა მარტო პრინცესა გრეის კელი, არამედ მოდური ქალი იყო.
- გრეის კელის საქორწილო კაბაც დიდხანს იყო განხილვის საგანი...
- ძალიან ბევრმა მიჰბაძა, მაგრამ მასავით შეუდარებელი არავინ ყოფილა. გრეის კელის კაბის ინსპირაციით შეკერილი კაბები ეცვათ ჯვრისწერაზე კეიტ მიდლტონს, ცნობილ მოდელებს - მირანდა კერისა და პერის ჰილტონს. გრეისის საქორწილო კაბის დიზაინერი იყო ამერიკელ ჰელენ როუზი, რომელმაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი ამერიკულ მედიაკომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ში გაატარა - ანუ გრეისს არ ჰყავდა სახელგანთქმული დიზაინერი კაბისთვის. 2006 წელს გრეის კელისა და პრინც რენიე III-ის ქორწილიდან 50-ე წლისთავის აღსანიშნავად ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა მისი საქორწილო კაბა და სხვა კაბებიც მისი გარდერობიდან. შემდეგ ეს გამოფენა ლონდონში მასპინძლობდა დამთვალიერებელს.
- თავად ვის გავლენას განიცდიდა გრეის კელი?
- არავის. მართალია, იყო ჯგუფი, რომელიც მუშაობდა მის იმიჯზე, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ადამიანი თავად არ არის გემოვნებიანი, დიზაინერების ჯგუფი ვერ უშველის. არსებობს ფოტოები, როცა პრინცესას ბავშვი მიჰყავს სკოლაში. ასეთ დროს დიზაინერი ხომ ვერ ურჩევდა, რა ჩაეცვა? უნიკალური სტილის მქონე ქალი იყო, დახვეწილობის სიმბოლო.