ქართველი მომღერალმა და მსახიობმა ვახტანგ ტატიშვილმა მეუღლესთან, ნინასთან, ქორწინების 50 წლის იუბილე აღნიშნა, ოჯახური კადრები კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მათ უამრავი მილოცვა და დადებითი კომენტარი მიიღეს.
ვახტანგ ტატიშვილმა მეუღლის გაცნობის შესახებ mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
"ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთი წევრი, თენგიზ ჩხეიძე, ხელმძღვანელობდა იმ კვარტეტს, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე მღეროდა. მან მითხრა, კარგი გოგოა, ბერდებიო, 30 წლის ხარ და ცოლი მოიყვანეო. დაკვირვება-დაკვირვებაში კი მოვიყვანე ცოლად. ნინასაც ჰქონდა თენგიზის ხათრი და გადავწყვიტეთ დაოჯახება. ჩემი სიდედრი და სიმამრი გავიცანი ჩემს ქორწილში. ქორწილი დაწყებული იყო, როცა ჩამოვიდნენ. მანამდე ნანახი არ მყავდა მისი დედ-მამა. ქორწინების შემდეგ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით თბილისში. ბავშვების აღზრდაში სიდედრი და სიმამრიც გვეხმარებოდნენ. ძალიან მიყვარს ჩემი სიდედრი. ახლა 95 წლის არის. ისეთი უბრალო და საყვარელი ქალია... ნორმალური ხალხი იყვნენ და სჯეროდათ თავიანთი ქალიშვილის გადაწყვეტილების. ისე კი უთქვამს სიდედრს, მომღერალს მიჰყვებიო? - თან მაშინ პოპულარული არ ვიყავი. მერე რა, მომწონს ის ბიჭი და გადაწყვეტილი მაქვს ცოლად გავყვეო - უპასუხია ნინას. ახლა ისე ვუყვარვარ ჩემს სიდედრს, სულ მეფერება. ჩემი მეუღლის მამა გურული იყო, დედა რუსი ჰყავს" - ამბობდა ის.
