"კოჰინური", ანუ „მოპარული“ ალმასი - ვის ეკუთვნის ძვირფასი ქვა, რომელიც დღეს ბრიტანეთის მეფის გვირგვინს ამშვენებს - Marao

"კოჰინური", ანუ „მოპარული“ ალმასი - ვის ეკუთვნის ძვირფასი ქვა, რომელიც დღეს ბრიტანეთის მეფის გვირგვინს ამშვენებს

2022-11-30 16:04:27+04:00

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ინდურ twitter-ზე ყველაზე პოპულარული სიტყვა “Koh-i-noor” (კოჰინური) გახდა. ეს მინიშნება იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირფასესი ქვის შესახებ. ინდოელები ბრიტანეთისგან ალმასის დაბრუნებას მოითხოვდნენ.

კოჰინური მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ალმასია, რომელიც დღესდღეობით, დიდი ბრიტანეთის მონარქის გვირგვინს ამშვენებს, მაგრამ სანამ ეს ძვირფასი ქვა ინგლისელების ხელში აღმოჩნდებოდა, საკმაოდ გრძელი და ხანგრძლივი პერიოდი გაიარა.

პირველი ცნობები ბრილიანტის შესახებ ძვ.წ 3200 წელს, მესოპოტამიურ ტექსტებში გვხვდება, თუმცა ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი ალმასის ისტორიის დასაწყისად XIV საუკუნეს მიიჩნევს.

ლეგენდის თანახმად, ალმასი შუა საუკუნეებში ინდოეთში, კაკატიას დინასტიის დროს, კოლუროს მაღაროში აღმოაჩინეს.

ადრეული ინდოეთის ისტორიაში ბრილიანტი ყველაზე ძვირფას ქვად მიიჩნეოდა, თუმცა მოგოლთა იმპერიის დროს, როცა დიდგვაროვნების ყველაზე სასურველ სამკაულებად წითელი ლალები იქცა, მისი პოპულარობა დაქვეითდა და მეორე რანგის ძვირფასეულობის პოზიციაზე გადაინაცვლა.

1738 წელს, ნადირ შაჰის ინდოეთზე თავდასხმის შედეგად, სპარსელებმა მოგოლთა იმპერიის ხაზინა გაძარცვეს და უამრავი ძვირფასი ქვა, მათ შორის, კოჰინურის ალმასიც ქვეყნიდან გაიტანეს. სწორედ ნადირ სახის სახელს უკავშირდება ალმასის დღევანდელი სახელწოდება - კოჰინური სპარსულად „ალმასის მთას“ ნიშნავს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ნადირ შაჰმა გაარკვია, რომ იმპერატორი ალმასს თავის ტურინში ატარებდა. ძვირფასი ქვის ხელში ჩასაგდებად ნადირ–შაჰმა ეშმაკობას მიმართა და მუჰამედ შაჰთან სტუმრად მყოფმა გამომშვიდობებისას, სამუდამო მეგობრობის ნიშნად, მასპინძელს თავსაბურავების გაცვლა შესთავაზა. უძველესი ტრადიციის თანახმად, მუჰამედს არ შეეძლო უარი ეთქვა და დათანხმდა. ასე გახდა ნადირ–შაჰი მისთვის ნანატრი ამ უძვირფასესი ქვის მფლობელი. თავსაბურავის გახსნისას ახალი პატრონი თურმე ძალზე გაოცებულა ალმასის სხივთა ბრწყინვალებით და აღტაცებით წამოუძახია „კოჰ - ი - ნურ“, რაც „სინათლის მთას“ ნიშნავს.

1747 წელს, ნადირ შაჰის გარდაცვალებისა და მისი იმპერიის დანგრევის შემდეგ, კოჰინორი თავის შვილიშვილს გადაეცა, რომელმაც იგი 1751 წელს, ავღანეთის იმპერიის დამაარსებელს - აჰმად შაჰ დურანს გადასცა.

ავღანეთში არეულობის დაწყების შემდეგ კი ბრილიანტი პაკისტანში წაიღეს, სადაც 1848 წლამდე ლაჰორის ხაზინაში ინახებოდა.

1849 წელს, ინგლისის ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ლაჰორი დაიკავა. ხაზინაში შენახული მთელი ძვირფასეულობა ინგლისში გადააგზავნეს. ლორდ დალჰაუზის ბრძანებით, ალმას კოჰინურს გზაში საგანგებოდ გამოყოფილი მცველები იცავდნენ.

საბოლოოდ, ალმასი დედოფალ ვიქტორიას გადასცეს, რომელმაც მისი დამუშავება ცნობილ ჰოლანდიელ იუველირს დაავალა. დამუშავების შედეგად ქვამ 80 კარატი დაკარგა. ვიქტორია ალმასს გულსაბნევად იყენებდა, 1911 წლიდან კი კოჰინური დიდი ბრიტანეთის დედოფლების სამეფო გვირგვინს ამშვენებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალმასი, რომლის სახელიც სპარსულად „სინათლის მთას“ ნიშნავს, ამჟამად ლონდონ ტაუერში, სამეფო ძვირფასეულობათა საგანგებო განყოფილებაშია დაცული.