გიული ჩოხელი წლების წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ჯაზშემსრულებელი დიდი წარმატებით მოღვაწეობდა და მსმენელს თავი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაამახსოვრა.
როგორც აღმოჩნდა, გიული ჩოხელის პირადი ცხოვრება ისეთივე წარმატებით არ განვითარებულა, როგორც მისი კარიერა. ამის შესახებ მუსიკოსმა გადაცემა „სხვა კითხვებში“ ისაუბრა და ბორის რიჩკოვთან ქორწინება გაიხსენა.
გიული ჩოხელი და ბორის რიჩკოვი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ, როცა ქართველი მუსიკოსი გასტროლზე იმყოფებოდა. მათ 1959 წელს იქორწინეს და ერთი ქალიშვილი, დინარა შეეძინათ. რომელიც დედის გვარს ატარებს.
„ისიც ჯაზმენი იყო. რომ მოვუსმინე, გავგიჟდი. ჩვენთვის ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო.
მას საცოლე ჰყავდა, რომელსაც ნივთები მის სახლში ჰქონდა უკვე გადატანილი. როდესაც ვიმღერე, მისთვის უთქვამს, არა, ის იქნება ჩემი ცოლიო.
მოსკოვში გასტროლზე ვიყავი, როცა კონცერტის მერე დიდ სუფრაზე უეცრად შემოვიდა მაღალი, ქერა, თაფლისფერი თვალებით კაცი. შემომთავაზა, რომ გვემღერა, მე კი არ ვიცოდი, ვინ იყო და ვკითხე, თქვენ უკრავთ-მეთქი? სიცი დაიწყეს, ეს ცნობილი ჯაზმენიაო.
შემდეგ ვისაუბრეთ, მკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა... სახლში რომ შემიყვანა, გამოვიდა მწვანეთვალება ულამაზესი ქალი და გააცნო, ეს ჩემი ცოლია... ხელი მოვაწერეთ, გაგვიჩნდა შვილი დინარა. 14 წელი ვიყავით ერთად და შემდეგ მიღალატა. ამის შესახებ მისი მეგობრებისგან გავიგე. ღამე სახლში არ მოვიდა. ვიცნობდი იმ ქალს, ვისთანაც მიღალატა. ერთ კვირაში მოვკიდე ხელი ჩემს შვილს და წამოვედი. გამორიცხულია, ღალატს არ ვაპატიებდი. მე დღესაც მიყვარს, ჩემთვის ველაპარაკები ხოლმე... შემდეგ იმ ქალთან გაუჩნდა შვილი, გოგონა. რაღაც კომპანია შექმნა და გახდა მილიონერი. ჩემს შვილთან კონტაქტი ჰქონდა, დინარა უკვე გათხოვილი იყო და შვილი, გიორგი გაუჩნდა, საქართველოში ცხოვრობდნენ, რომ მოსწერა, დინა, არ ვარ კარგად, შვილი ჩამოიყვანე და ჩამოდიო. მითხრა, არ გეწყინოს, მამასთან უნდა წავიდეო. მივეცი ფული, ბილეთი ვუყიდე და წავიდა. ცოლი არ უშვებდა საავამდყოფოში, მაგრამ მაინც შევიდა ჩემი შვილი... ჩაეხუტა და დაემშვიდობა...
ჩემი შვილი მოსკოვში ცხოვრობდა, სტუდია გახსნა, ბავშვებს ჯაზს ასწავლიდა. ზამთარში გაცივდა. ფილტვებში წყალი ჩაუდგა, ერთხელ დამირეკა და მითხრა, არ მაქვს კარგად საქმეო, მაგრამ არ მითხრა, რა ავადმყოფობა ჰქონდა. გავიდა რამდენიმე დღე და როგორ ხართ-მეთქი და ცუდი ხმა ჰქონდა, ეს ხველა ვერ მოვიშორეო. ვრეკავ და არავინ მპასუხობს, ერთი თვე გავიდა ასე რეკვაში. ერთ დღესაც შვილიშვილმა მიპასუხა და ვკითხე, როგორ არის დინარა-მეთქი, დასასვენებლად წავიდაო... ამ დროს მამამისმა გამოგლიჯა ყურმილი და მითხრა, დავასაფლავეთო. საფლავზე არ ვყოფილვარ, ომის შემდეგ მოსკოვში ვერ ჩავდივარ. ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, თავს ვაჯერებ, რომ ის მოსკოვშია...“ - ამბობს გიული ჩოხელი საუბრისას.