რომის სომელიეთა ასოციაციის წევრი თამარ ჭიჭიბოშვილი იტალიაში ცხოვრობს. წარმოშობით კახეთიდან, სოფელ ახალსოფლიდან გახლავთ. "ქვევრის გოგო" - ასე შეარქვეს ვაზისა და თავისი საქმის სიყვარულის გამო. 2018 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას, არაერთი დეგუსტაციის ორგანიზატორი, მათ შორის, რამდენიმე საერთაშორისო დეგუსტაციის თანაორგანიზატორია, თანამშრომლობს ერთ-ერთ მსხვილ ივენთ-კომპანიასთან, ასევე წარმოადგენს ქართული ღვინის იმპორტიორ კომპანიას იტალიის ყველა რეგიონში.
დიდხანს ვისაუბრეთ ემიგრაციის სირთულეებზე, იტალიაში მიღწეულ წარმატებებზე, სამომავლო გეგმებზე და რთული არ იყო ინტერვიუს ჩაწერისას იმის შემჩნევა, რომ თამარს ფიქრიც, სიტყვაც და საქმეც - ყველაფერი სამშობლოს საკეთილდღეოდ და სასიკეთოდ მიუმართავს.

- დავიბადე და გავიზარდე კახეთში, ყვარელში, სოფელ ახალსოფელში და ყოველთვის, როდესაც მაქვს ამის შესაძლებლობა, ხაზს ვუსვამ ჩემს წარმომავლობას. პირველი პედაგოგიური უნივერსიტეტის შემდეგ ეკონომიკური ფაკულტეტიც დავამთავრე და ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დავსაქმდი. 2012 წელს წამოვედი იტალიაში, ჩემს დასთან. დროებით ჩამოვედი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დიდხანს დავრჩი. რთული იყო ინტეგრაცია. ბევრჯერ მიფიქრია, დღესვე ვიყიდი ბილეთს და წავალ-მეთქი. როდესაც საბუთის გაკეთება შევძელი, გადავწყვიტე, თავის დამკვიდრება მეცადა და მესწავლა, წარმატებისთვის რომ მიმეღწია. თუ ვინმეს გავიცნობდი, ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის ბევრი რამ მეთქვა საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, ამით ძალიან ვამაყობდი. სხვათა შორის, მეკითხებოდნენ, როგორ, ღვინის სამშობლო საქართველოაო? ეს ძალიან მწყინდა და ყოველთვის ვცდილობდი, რამე ისეთი გამეკეთებინა, რითიც ვიამაყებდი, ჩემს ქვეყანას გავაცნობდი აქაურებს.
- ვაზისა და ღვინის მიმართ ასეთი ინტერესი და სიყვარული ალბათ, ოჯახიდან მოდის, არა?
- რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ჩემთვის უცხო არ იყო ვაზის მოვლა, ღვინის დაყენების პროცესი. მახსოვს, როგორ უფრთხილდებოდა და ეფერებოდა მამაჩემი ქვევრებს. სულ ამბობდა, თუ ოჯახში სითბო და სიყვარული იქნება, მაშინ ღვინოც კარგი დადგებაო. წლების შემდეგ ოჯახმა პაპაჩემის დანატოვარი ვენახი მაჩუქა, რომელიც უკვე 80 წლისაა. დედა მეუბნება, ვაზი უკვე ძალიან ძველია და ახალი გავაშენოთო, მაგრამ არ ვაჩეხინებ. რაღაცნაირად მიჯაჭვული ხდები ვენახზე, მაგნიტივით გიზიდავს. რომ ჩამოვდივარ, პირველად ვენახში გავრბივარ. ადრე ჰობი რომ მეგონა, ეს ყოფილა ჩემი საქმე. ასეა, როდესაც გატაცება და საქმე ერთმანეთთან ჰარმონიაშია, მაშინ პოულობ საკუთარ თავს.
იტალიაში ყოფნისას ოჯახიდან ვაგზავნინებდი ღვინოს და ნაცნობებს ვასინჯებდი. არავინ მიჯერებდა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა. ბოლოს გადავწყვიტე, აკადემიაში მესწავლა. ვიფიქრე, იქ მაინც ეცოდინებოდათ ღვინის წარმომავლობის შესახებ. აღმოვაჩინე რომის სომელიეთა ასოციაციის აკადემია და დავრეგისტრირდი.
წაიკითხეთ სრულად