დუმილის შეთქმულება - თავი 2 - Marao

დუმილის შეთქმულება - თავი 2

2022-12-06 10:34:01+04:00


წინა თავი

კაბინეტში დავბრუნდი და იქაურობას კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი. ასლი მაინც სად უნდა წასულიყო? ნუთუ თაზომ მექანიკურად ისიც თან გაიყოლა?

უცებ ტელეფონი აწკრიალდა, მოულოდნელობისგან კიდევ ერთხელ შევხტი.

- აბა, რა ქენი, შტამპი არტყია? - სერგი მირეკავდა.

მივხვდი, რომ ასე ადვილად არ დამანებებდა თავს და მისი მოტყუება განვიზრახე.

- ეს წუთია, შემოვედი, ახლა ვიწყებ ძებნას.

- ცოცხლად, ცოტა გაინძერი! როგორც კი ნახავ, მაშინვე დამირეკე!

საქაღალდიდან ყველა წერილი გადმოვყარე და სათითაოდ დავიწყე შემოწმება. მერე მუყაოს ყუთებს მივადექი, რომელიც კარადის გასწვრივ იყო ახოხოლავებული. რამდენი ნაგავი ყოფილა ამ შენობაში, რა ამბავია! ნერვები თანდათან მეშლებოდა. მთავარია, არ გავღიზიანდე, ეს ყოველთვის ვნებს საქმეს. გაღიზიანება ცუდი დამხმარეა ასეთ სიტუაციებში, ეს კარგად ვიცოდი, ამიტომ როგორმე უნდა დავმშვიდებულიყავი.

წელში გავიმართე, ერთი-ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე და «ბოლი» გამოვუშვი. მაშ ასე, მთავარია, აუჩქარებლად და გულდასმით შევამოწმო ყველა კუთხე-კუნჭული. წერილი სადღაც აქ უნდა იყოს. თამაზს ალბათ დაავიწყდა მისი საქაღალდეში ჩადება.

დინჯად გავაგრძელე ძებნა. არ დამიტოვებია უჯრები, ჭურჭლის შესანახი კომოდი, ფანჯრის რაფები, წიგნების თაროები… ვერა, ვერ მივაგენი. ამ დროს თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქაღალდე მომხვდა თვალში, რომელსაც «ხელშეკრულებები» ეწერა. გადმოვიღე და უიმედოდ გადავშალე… არის! აგერ ყოფილა! ცხონებულს ალბათ საქაღალდე შეეშალა და შეცდომით აქ ჩადო. რა დაბნეული ვინმეა ეს თაზო… უფრო სწორად, იყო… ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ისევ დარეკა ტელეფონმა. ყურმილს ხელი ვტაცე.

- აქ არის წერილი, უკვე ხელთ მაქვს, - ვიყვირე ნაპოვნით გახარებულმა, - და არავითარი შტამპი ზედ არ არტყია!

- კარგია, კარგი, - მკაცრად მიპასუხა სერგიმ, - ენას კბილი დააჭირე და ახლავე ჩემთან წამოდი!

- ჰო, მაგრამ ხომ გითხარი, შტამპი არა აქვს-მეთქი.

- სულერთია, მაინც მომიტანე!

- ნუ დამაბნიე შენი ბრძანებებით, თუ კაცი ხარ! სანაპიროზე არ მითხარი, თუ უშტამპოა, დაწვიო?

- მაგრამ შენ ხომ ჯერ არ დაგიწვია?

თვითონაც არ ვიცი, რატომ მომინდა მისი მოტყუება.

- დავწვი, აბა, რა ვქენი! დაგაგვიანდა, უფროსო, ადრე უნდა გაგეფრთხილებინე. რა გამიწყალე გული!

- მაგარი ეშმაკი ხარ, არა? - უნდობლად გაისმა მისი ხმა, - მიფრთხილდი, იცოდე, ტყუილში არ გამოგიჭირო!

- თუ გინდა, ფერფლს მოგიტან, რახან არ გჯერა.

- არ მჭირდება… შენ კი, კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გაფრთხილებ - არავითარი წერილი მე შენთვის არ მომიცია და არც თამაზი გამიშვია ახალუბანში. გასაგებია?

გაბრაზებულმა მთელი ძალით დავახეთქე ყურმილი ბერკეტზე და სკამზე დავეშვი. რა თქმა უნდა, უფროსს ასეთი ტონით არ უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ თვითონ გამომიყვანა წყობილებიდან. ყოველთვის მაცოფებდა მამაკაცის დაუფარავი სიმხდალე. სერგიმ კი სწორედ სიმხდალე გამოიჩინა. ასეთი ადამიანისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი. მეც შემეშინდა სამსახურის დაკარგვის, მაგრამ ვცდილობ, ეს შიში შევნიღბო. თანაც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თამაზის ღირსებას ყოველთვის დავიცავ, თავის გადარჩენის გამო დანაშაულის დამალვას არ შევეცდები.

როცა საბოლოოდ მოვეშვი, ისევ ვიგრძენი, როგორ მციოდა. მისაღებ ოთახში შევედი, სადაც ირას მიერ საგულდაგულოდ გადანახული კონიაკი მეგულებოდა. ყავაში ან ჩაიში გვისხამდა ხოლმე, ენერგიას მოგიმატებთო… ბოთლში ორას გრამამდე ესხა. ჩაის ქიჭაში ჩამოვისხი და ბოლომდე გამოვცალე. რამდენიმე წამიც და… სიმხურვალემ ნებივრად დამიარა სხეულში. შვება და სიამოვნება ერთდროულად ვიგრძენი. მერე მოვბრუნდი, წერილი საქაღალდიდან ამოვიღე, იქ დავდექი, სადაც შუქი უკეთესად ეცემოდა და წერილის წაკითხვა დავიწყე.

«ბატონო დეტექტივო! გწერთ ახალუბნის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. გთხოვთ, დამეხმაროთ. ფიზკულტურის მასწავლებელი ცხოვრებას მიმწარებს. ის ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობს. მაიძულებს, წავიდე ამაზე. გული მიგრძნობს, უბედურება დატრიალდება, რადგან შეყვარებული მყავს. მან ყველაფერი იცის და ეჭვიანობს. ვიცი, ერთმანეთს რაღაცას დაუშავებენ, მე კი ეს არ მინდა მოხდეს. მასწავლებელი მემუქრება, თუ მშობლებს ეტყვი, შენს შეყვარებულს გავაწამებო. შეგნებულად არ გწერთ ჩემს სახელს. ვფიქრობ, ისედაც შეძლებთ ჭეშმარიტების დადგენას. ოღონდ გთხოვთ, ფიზკულტურის მასწავლებელს არ ანახოთ ეს წერილი, თორემ მაშინვე მიხვდება, რომ ჩემი დაწერილია. არ გეგონოთ, მეშინოდეს. უბრალოდ, არ მინდა გავრისკო. სწორედ ამიტომ გიგზავნით დაბეჭდილ წერილს და არა ხელით დაწერილს. პატივისცემით, თეო (სახელი შეცვლილია)».

წერილი დავკეცე და ამოვიხვნეშე. საწყალი თამაზი… ამისთვის გაწირა თავი? ვიღაც სულელი გოგონას ახირების გამო ღირდა იმ გადაკარგულ სოფელში გამგზავრება? ბოლოს და ბოლოს, პედსაბჭოზეც კი შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. ვერაფერი დამაინტრიგებელი ან მუქარის მსგავსი წერილში ვერ ვიპოვე. ქაღალდი დავჭმუჭნე, საფერფლეზე დავაგდე და სანთებელას ჩამოვკარი. ცეცხლის ალმა იქაურობა უფრო გაანათა…

დავწვი თუ არა წერილი, მაშინვე სერგის დავურეკე.

- უფროსო, წამითაც არ შეგეპაროს ეჭვი, რომ ის ნაწერი დავწვი. ოღონდ სიმართლე მითხარი, თავად თუ გქონდა წაკითხული?

- რა მნიშვნელობა აქვს? - ჩაიბურტყუნა კაპიტანმა.

- ის, რომ განხილვადაც არ ღირდა. ლაწირაკი ბავშვის დაწერილია, არც ღირდა ყურადღების მიქცევა.

- გასაგებია. კიდევ რამე გინდა ჩემგან?

- მინდა. ვფიქრობ, თამაზის ღირსეულად დასაფლავებაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, ვალდებული ვართ. ხომ იცი, არც მშობლები ჰყავს და არც ახლო ნათესავები.

- ცოლ-შვილი?

- ცოლს დიდი ხანია, ფეხებზე ჰკიდია, ერთადერთი, შეიძლებ იმიტომ მოვიდეს, რომ დაკრძალვიდან შემოსული თანხა არ დაკარგოს.

- ეგეც საქმეა, დაობლებულ ბავშვებს რჩენა უნდათ.

- გეთანხმები. პირადად მე ხუთას ლარს დავდებ, მეტი არ შემიძლია.

- შენი ფული არ მჭირდება, უფროსო. ბიჭები ავაგროვებთ. მირჩევნია, მორგში დარეკო და იმ ავტოსერვისშიც, სადაც თაზოს მანქანა გადაიყვანეს. მივალ, რომ მისი ნივთები წამოვიღო და ტვინი არ გამიბურღონ, კარგი? არ დამიწყონ, საბუთი და პირადობის მოწმობა წარმოადგინეო, ფორმალობის დრო არ მაქვს.

- კარგი, კარგი, ნუ ცხარობ. ახლავე დავრეკავ.

ყურმილი დავკიდე და კაბინეტში ბოლთის ცემას მოვყევი. ტყუილად ვიდანაშაულებ თავს და სერგისაც არაფრის გამო ვაბრალებ თაზოს სიკვდილს. რა იქნებოდა, დაემაგრებინა ის დაწყევლილი ღვედები? ხომ გადარჩებოდა? კედელს მივუახლოვდი და საქართველოს რუკას გადავავლე თვალი. უღელტეხილის დაკლაკნილ მსხვილ ხაზს თითი გავაყოლე. სოფელი ახალუბანი მეოცე კილომეტრის გადასახვევზე მდებარეობდა, ერთი პატარა წერტილით იყო აღნიშნული. თუკი მეხსიერება არ მღალატობს, იქ ერთ დროს, გასაიდუმლოებული ქიმიური ლაბორატორია უნდა ყოფილიყო, საბჭოთა ხელისუფლების მიერ აშენებული, სადაც წამლებსა და საცდელად განკუთვნილ საგანგებო ბიოქიმიურ პრეპარატებს ამზადებდნენ. პატარა დასახლება იყო, რომელიც ლაბორატორიაში დასაქმებული პერსონალისთვის სპეციალურად შეიქმნა. 90-იან წლებში, როცა კომუნიზმმა ჭირი მოჭამა, ლაბორატორია დახურეს და თანამშრომლებიც დაითხოვეს. უმრავლესობა კვლავ თავის ძველ საცხოვრებელს დაუბრუნდა, ზოგიერთი კი, წლების განმავლობაში ისე მიეჩვია ახალუბანში ცხოვრებას, იქვე დარჩა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა.

როცა ყველაფერს მოვრჩი, ჩემი სველი ქურთუკი იძულებით ჩავიცვი, შუქი ჩავაქრე და გარეთ გამოვედი. უკვე ბნელოდა, მაგრამ ვიცოდი, მორგში აუცილებლად დამხვდებოდნენ. ამიტომ პირდაპირ იქ გავეშურე, რომ თამაზის ნივთები მომეკითხა.

მართლაც დამხვდა ახალგაზრდა, ლურჯახალათიანი მამაკაცი, რომელმაც მაშინვე კაბინეტისმაგვარ ცივ ოთახში შემიყვანა და ექიმების მიერ შედგენილი აქტი წინ დამიდო.

- აი, ეს დიქტოფონი ვიპოვეთ, - თქვა მან და შავი, ძველისძველი დიქტოფონი გამომიწოდა.

გავხსენი, ცარიელი იყო.

- კასეტა სად არის?

გრძელცხვირა მორიგემ არც კი შემომხედა.

- კასეტა არ იდო, აქტი აგერაა, წაიკითხეთ, ყველაფერი იქ წერია.

უაზროდ ვატრიალებდი ხელში ჩემს დიქტოფონს. გამგზავრების წინ მთხოვა თაზომ, ჩემი ნამდვილი ჯაბახანაა, ვის ვაჩვენო, თუ ამ დღეებში არ გჭირდება, შენსას წავიღებო. პატარა იყო, გულის ჯიბეში ადვილად ეტეოდა. სწორედ ეს მოსწონდა თამაზს. უნდოდა, შეუმჩნევლად ჩაეწერა ჩვენებები. როცა სხვის ნალაპარაკევს აფიქსირებ, მექანიკურად კომპლექსდება ადამიანი, ხოლო როცა მხოლოდ უსმენ, უფრო ენაწყლიანი და გულწრფელი ხდება.

- კარგად მოძებნეთ მანქანის სალონში? იქნებ სადმე ჩავარდა?

- პირადად მე არაფერი მიძებნია, ეგ არ შედის ჩემს მოვალეობაში, - ქსუტუნით ამოთქვა ხელოსანმა, - მე ცხედარი ჩავიბარე მხოლოდ. მანქანა თვალითაც არ მინახავს, რა ვიცი, აბა.

- თქვენ არ ყოფილხართ შემთხვევის ადგილზე?

- იქ რა მინდოდა, კაცო, იქ სასწრაფო წავიდა. მე მორიგეობა გადავიბარე და ეგ იყო. მითხრეს, მოვლენ და ყველაფერი მიეცითო. ჰოდა, მოგეცით, მეტი რა ვქნა! მოაწერეთ ხელი ჩაბარების აქტს და მიბრძანდით. ეს მორგია, მაღაზია კი არა, - უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა გრძელცხვირამ.

არადა, კარგად მახსოვს, დიქტოფონი კასეტიანად მივეცი თამაზს. შესაძლებელია, მან ჩაწერა ჩვენებები და მერე შეინახა კასეტა სადმე მანქანაში ან ქურთუკის ჯიბეში, მაგრამ საგზაო პატრულს ხომ უნდა ეპოვა იგი? აუცილებლად გაჩხრეკდნენ იქაურობას.

არ მომეწონა ეს ყველაფერი. მეგონა, ვიღაც ჩემ მოტყუებას ცდილობდა, მაგრამ ვინ და რატომ, ვერ ვხვდებოდი და სწორედ ეს მაღელვებდა.

- გვამის დათვალიერება ხომ არ გსურთ? - მკითხა მორიგემ.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ვერ შევხედავდი საცოდავს, ისედაც საშინელ ხასიათზე დამაყენა მისმა სიკვდილმა.

- გეშინიათ, გული არ წაგივიდეთ? - გაიცინა გრძელცხვირამ და მეჩხერი კბილები გამოაჩინა.

- ჰო, - მოკლედ მოვუჭერი არამკითხეს და თამაზის ჩანთიდან სხვა ნივთების ამოლაგება დავიწყე.

მაჯის საათს სამაჯური გაწყვეტოდა, მინაც დამსხვრეოდა. პატარა ისარი ერთიანსა და ორიანს შუა იყო გაჩერებული.

- აღარ მუშაობს, - შენიშნა ლურჯხალათიანმა მორიგემ, რომელიც მაგიდას ხელისგულებით დაყრდნობოდა.

მერე მობილური ამოვიღე. კიდევ კარგი, თავისსავე ტყავის ტომსიკაში იდო, თორემ ისე იყო ნაწილებად დაშლილი, ძირს გაიპნეოდა.

- მაგას უკვე ვეღარაფერი უშველის, - გაიღიმა გრძელცხვირამ.

ნერვებს მიშლიდა მისი კომენტარები, მაგრამ თავს ვიკავებდი, რომ შენიშვნა არ მიმეცა.

ამ ნივთების შემხედვარეს უკვე შემეძლო წარმომედგინა, რა დღეში იქნებოდა საწყალი თაზოს სხეული.

ის იყო, წამოდგომა ვცადე, რომ წავტორტმანდი, მუხლები ამიკანკალდა. ჩემ წინ მდგარმა მამაკაცმა ხელი შემაშველა.

- ბევრს ემართება ასე. ეცადეთ, ღრმად ისუნთქოთ და გაგივლით.

მადლობისმაგვარი ჩავიბურტყუნე და ჩანთაში ჩავიხედე, რომ უნახავი ნივთებისთვის თვალი შემევლო. სავარცხელი, ელექტროსაპარსი და კბილის ჯაგრისი თავისი პასტით - სულ ეს იყო ჩემი მეგობრის ქონება.

- ესეც მისია, შეგიძლიათ წაიღოთ, _ თქვა მორიგემ და იქვე სკამზე დაგდებული ბრტყელტუჩა მომაწოდა.

გამოვართვი და დავხედე. პლასტმასის სახელურზე რომელიღაც ბასრი საგნით ინიციალები იყო ამოჭრილი - მ.ნ.

- დარწმუნებული ხართ, რომ ეს მიცვალებულის კუთვნილებაა? - დავეჭვდი.

- გვამის გვერდით იპოვეს. აბა, მე საიდან ვიცი? - მხრები აიჩეჩა მორიგემ.

- მხოლოდ ეს? იქნებ სხვა ინსტრუმენტებიც იყო?

- შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ მეტი ვერაფერი იპოვეს.

ბრტყელტუჩაც ჩანთაში გადავუძახე და დაცარიელებულ მაგიდას გადავხედე. ვერ ვხედავდი ყველაზე მთავარს - თაზოს პისტოლეტს. ამის გამო შეიძლებოდაა პრობლემები შექმნილიყო. დანამდვილებით ვიცოდი, რომ თამაზმა იარაღი თან წაიღო. სად უნდა გამქრალიყო? იქნებ პოლიციამ იპოვა და განყოფილებაში ჩააბარა? მაგრამ ვაითუ, ვერ იპოვა? აუჰ… დაიწყებენ გამოძიებას, მეც გამომიძახებენ - თან წაიღო თქვენმა კოლეგამ «მაკაროვი», როცა საქმეზე მიდიოდა თუ ოფისში დატოვაო და ა.შ. მერე ჩხრეკას ჩაატარებენ მთელ შენობაში და… მოკლედ, ერთი დომხალი შეიქმნება.

- ცუდი ფერი გადევთ, სუფთა ჰაერზე უნდა გახვიდეთ, - მირჩია ლურჯხალათიანმა.

- მართალი ხართ, აჯობებს, დროზე დავახვიო აქედან, თორემ უკვე გული მერევა, - გაფითრებულმა ძლივძლივობით გავუღიმე მორიგეს და დავემშვიდობე.

მესიამოვნა სუფთა ჰაერი, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ძალზე ციოდა. უკვე ბნელოდა. შევყოყმანდი, ავტოსალონში წავსულიყავი თუ ხვალისთვის გადამედო თამაზის მანქანის დათვალიერება. ბოლოს მაინც წასვლა გადავწყვიტე, ბარემ ამ საქმესაც მოვისტუმრებ-მეთქი. თან სერგი იქაც დარეკავდა, შეიძლება მელოდნენ კიდეც.

ელიავას ქუჩაზე მდებარე პატარა ფარდულს ავტოსალონს ნამდვილად ვერ დაარქმევდი. მომცრო სარკმელში შუქი ბჟუტავდა. მივხვდი, რომ ხელოსანი მე მელოდა.

ცისფრად შეღებილ რკინის კარზე ვიღაცას საღებავით გაკვრით მიეჯღაბნა: «დაასიგნალეთ, ღიაა!» სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, მართლა დავასიგნალე, მაგრამ არავის გამოუხედავს, იქვე ჯაჭვზე დაბმული ძაღლი აყეფდა მხოლოდ.

მძიმე კარი ჭრიალით გაიღო. ნახევრად ბნელ ოთახში ვერავინ დავლანდე და მექანიკურად ჭერში ავიხედე.

- აქ ვარ, ჯერ არ ვაპირებ თავის ჩამოხრჩობას, - მომესმა ქალის ხმა, - სად იყურებით, აქ ვარ!

გაოცებულმა ირგვლივ მიმოვიხედე. სარდაფში ყველგან, იატაკზეც და ლითონის უზარმაზარ მაგიდაზეც, მანქანის ნაწილები იყო მიმოფანტული, ქალი კი არსად ჩანდა.

- აქ ვარ, აქ, დავიჯერო, ვერ მხედავთ? - ამჯერად ხმა იქვე მდგარი ჟანგმოკიდებული კასრიდან შემომესმა.

სრულიად დავიბენი. არ ვიცოდი, საით გამეხედა. ვერ წარმომედგინა, რატომ უნდა ჩამძვრალიყო ადამიანი, თანაც ქალი, დაჟანგულ კასრში. მოულოდნელად კასრი შეტორტმანდა და იქიდან არც ისე ახალგაზრდა, აგურისფერკომბინეზონიანმა მამაკაცმა ამოყო თავი. ამის დანახვაზე უარესი დამემართა. ქალს ველოდი და კაცი შემრჩა ხელთ… თუმცა არა, როცა სილუეტი სიბნელეს გამოეყო და მომიახლოვდა, მართლა ქალი აღმოჩნდა, მოკლედ შეკრეჭილი თმით და შუბლამდე ჩამოფხატული ლურჯი კეპით.

- თქვენ უნდა მოსულიყავით პოლიციიდან, არა? გულახდილად რომ გითხრათ, დავიღალე ლოდინით. რატომ დააგვიანეთ ასე? სხვათა შორის, სახლში მთელი წყება ქმარ-შვილი მელოდება პირდაფჩენილი.

«ყოჩაღ, ქმარი! ცოლს თუ ასეთ სამუშაოზე უშვებს და თვითონ ტახტზეა წამოგორებული ვახშმის მოლოდინში, მაგარი ვინმე ყოფილა!» - გავიფიქრე ჩემთვის, ხმამაღლა კი ვთქვი:

- თქვენს მეუღლეს თავად არ შეუძლია, ვახშამი მოიმზადოს?

- რას ამბობ! ის არ ეკუთვნის კაცების იმ კატეგორიას, სამზარეულოში ტრიალი რომ სიამოვნებთ. მეცნიერია, ეკოლოგიის სფეროში მუშაობს, სად სცალია ასეთი რამეებისთვის. ისეთი დაღლილი მოდის საწყალი, ლოგინს ძლივს აგნებს. მე ვდიასახლისობ, ლურსმანსაც თავად ვაჭედებ და მანქანებსაც ვარემონტებ. აი, შეხედეთ!

ქალმა ხელი ლურჯი «ნივისკენ» გაიშვირა და შემომხედა. მანქანას მინები ჰქონდა ჩამსხვრეული და მარცხენა ფრთა ისე ძლიერად დაჭეჭყილი, რომ სასწაული უნდა მომხდარიყო, საჭესთან მჯდომი გადარჩენილიყო.

გულში ჩხვლეტა ვიგრძენი. რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად შევყურებდი დამტვრეულ «ნივას», თან ისეთი სახე მქონდა, თითქოს თამაზის ცხედართან ვიდექი და ვემშვიდობებოდი. ღმერთო, რამდენჯერ მიმგზავრია მასთან ერთად ამ მანქანით! ზაფხულში ბათუმშიც კი ვიყავით ზღვაზე ორი დღით.

- მკითხეთ, თუ რამე გაინტერესებთ, - ფიქრებიდან ხელოსნის ხმამ გამომარკვია.

გვერდიდან მოვუარე მანქანას და გულდასმით დავათვალიერე. არა, არა, რომ არ გადმოვარდნილიყო წინა მინიდან, მაინც ვერ გადარჩებოდა, ისე იყო საჭე და სავარძელი ერთმანეთში აზელილი. ლამის ცრემლები გადმომცვივდა, ისე ამიჩუყდა გული. ქალს თვალი ვერ გავუსწორე, გულჩვილობა არ შემატყოს-მეთქი, რატომღაც, მრცხვენოდა ამის.

გაგრძელება იქნება