ახალ წლამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, მასთან ერთად კი სურვილების ასრულების დღეც გვიახლოვდება; მაგრამ იმას, თუ როგორ ჩაიფიქრებთ საახალწლო სურვილს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

დაწერეთ სურვილი ფურცელზე

ეს ყველაზე პოპულარული გზაა. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე სურვილები პატარა ფურცელზე ჩამოწერეთ, შემდეგ კი ჭიქაზე დაწვით ისე, რომ ფერფლი შამპანურში ჩავარდეს, ბოლოს კი დალიეთ.
ყურძნის 12 მარცვალი

ეს საახალწლო ტრადიცია ესპანეთიდან მოდის. ტრადიციულად, ყურძენი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება. ყურძნის ღეჭვის დროს კი აუცილებლად იფიქრეთ თქვენს სურვილებზე.
დახატეთ სურვილი და ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ

ახალი წლის დადგომამდე თქვენი შემოქმედებითი უნარები გამოიყენეთ. აიღეთ ცარიელი ფურცელი და მასზე თქვენი ოცნება დახატეთ. ამის შემდეგ იგი წითელი ლენტით ნაძვის ხეზე მიამაგრეთ. 12 საათის შემდეგ ჩამოხსენით და შეინახეთ მანამ, სანამ სურვილი არ ახდება.
შეინახეთ საახალწლო სათამაშოში

დაწერეთ სურვილი ფურცელზე და ნაძვის ხის სათამაშოში მოათავსეთ. როცა სათამაშოს დაკიდებთ, თქვენს თავს სურვილი ჩუმად გაუმეორეთ.
წერილი სანტა კლაუსს

ეს სურვილების ასრულების ყველაზე ცნობილი ხერხია. რა თქმა უნდა, დიდი ხანია გაიზარდეთ და სანტა კლაუსის აღარ გჯერათ, მაგრამ მაინც სცადეთ - დეტალურად ჩამოწერეთ თქვენი სურვილები, ქაღალდს თვითმფრინავის ფორმა მიეცით და ზუსტად თორმეტ საათზე ფანჯრიდან გააფრინეთ.