დუმილის შეთქმულება - თავი 4 - Marao

დუმილის შეთქმულება - თავი 4

2022-12-08 10:17:04+04:00


წინა თავი

მანქანა დავქოქე და სიბნელეს გავხედე. წვიმა გადაღებას არ აპირებდა. ანთებული ფარების შუქზე ციდან მფრინავი წვიმის წვეთები ისე ეხეთქებოდნენ მიწას, თითქოს ზემოდან დესანტთა მთელი პოლკი პარაშუტებით გადმოსხესო.

სად მივდივარ ამ შუაღამეს? - გამწარებული ვუბრაზდებოდი ჩემს თავს. თან ვცდილობდი, არ მეფიქრა იმაზე, რას გავაკეთებდი ასეთ დროს ჩაბნელებულ სოფელში ჩასული. არადა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ იქაურობა მართლაც ჩაბნელებული დამხვდებოდა. სად უნდა გამეთია ღამე? ვის უნდა მივდგომოდი უდროო დროს, კარს ვინ გამიღებდა უცნობ ადამიანს? ან კი საიდან უნდა დამეწყო გამოძიება? ვაითუ, ვერაფერი გავარკვიო და თამაზის მკვლელს შერჩეს ჩადენილი დანაშაული, მაშინ? არა, ამას არ დავუშვებ! - ჯიუტად ვიმეორებდი ჩემთვის. ეს და ამგვარი უსიამოვნო აზრები გონებიდან რომ მომეშორებინა, მაგნიტოფონი ჩავრთე და გზას გაბედულად გავუდექი.

შემთხვევის მოლოდინი უფრო დიდი ტანჯვაა, ვიდრე თავად შემთხვევა. როცა უკვე გარკვეულია ყველაფერი, შედარებით მშვიდად ხარ, მაგრამ როცა არ იცი, წინ რა გელოდება, ძალაუნებურად ითრგუნები. ამიტომ წინასწარ ფიქრს და მკითხაობას, რა იქნება ხვალ, უნდა შეეშვა. როცა ფაქტის წინაშე დადგები, მაშინ უნდა დაიწყო მოქმედება და უნდა დაიწყო ისე, როგორც სიტუაცია გიკარნახებს.

მცხეთას რომ გავცდი, ცოტათი მომეშვა. გათბობა ჩავრთე და სალონში ცხელი ჰაერი დატრიალდა, ამან ოდნავ გამომიკეთა გუნება. მშვიდად ვიჯექი საჭესთან და წყნარ მუსიკას ვუსმენდი. ერთადერთი, რაც დისკომფორტს მიქმნიდა, მინის საწმენდი ჯაგრისების მონოტონური ჭრიალი იყო. მოსახვევი მოსახვევს მისდევდა, აღმართს - დაღმართი. მალე ჩავთბი და რომ არა მშიერი კუჭი, ალბათ შუა გზაზე ჩამეძინებოდა კიდეც. შიმშილი კი დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. ვიფიქრე, გზაში ავიღებ რამეს და წავიხემსებ-მეთქი.

რა გიჟური დღე გამითენდა! გამახსენდა, როგორ დავბოდიალობდი წვიმაში და თავშესაფარს ვეძებდი. ნუთუ დღეს იყო ეს? არა, არა, ეს სხვა ეპოქაა, სხვა სამყარო! მაშინ არც კი მეეჭვებოდა, რომ თამაზი ცოცხალი იყო - საღი და უვნებელი. მეგონა ისიც, რომ ირა «პატიოსნად» მორიგეობდა ოფისში. მერე კი… ჩემს მშვიდ ცხოვრებაში სერგი შემოიჭრა და ყველაფერი გააფუჭა. ხოლო ახლა, ამ უკუნ სიბნელეში, მშიერი კუჭით სადღაც ჯანდაბაში მივემგზავრები და არც ვიცი, რა მელოდება. ყველა სიკეთესთან ერთად, თავიც ამტკივდა. მიდი და არკვიე ახლა, ვინ ჩაასხა ძრავის ცილინდრში უხარისხო ზეთი თუ საღებავი, რატომ არ ეშვება ფიზკულტურის მასწავლებელი თავის მოსწავლეს, ვინ წაუკიდა სოფლის ტყეში «ჯიპს» ცეცხლი, რა თავსატეხი გაუჩნდა ახალუბანში თაზოს და რა ვიცი, კიდევ რა.

გვირაბს გავცდი თუ არა, სიჩქარე შევანელე და ყურადღებით დავიწყე გარემოს თვალიერება. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად თვალში მომხვდებოდა ის ადგილი, სადაც თამაზს ავარია მოუვიდა. შუშის ნამსხვრევები, დაჯახებისგან გადაჯეგილი მცენარეები, დაზარალებულის სისხლით მოსვრილი ასფალტი, წითელი ლენტით შემორაგული შემთხვევის ადგილი ან რაღაც ამდაგვარი.

ამის გაფიქრებაზე ისე დავიძაბე, ზურგში ჩხვლეტა ვიგრძენი. არადა, რა უნდა დამენახა ამ სიბნელეში, წვიმა ხომ ყველა ნაკვალევს წაშლიდა.

ერთ ადგილას, პატარა საგზაო დუქანთან შევაჩერე და სტანდარტული ვახშამი შევუკვეთე - ჩაი და ხაჭაპური.

ჭამას რომ მოვრჩი, თვალებში გამოვიხედე. კიდევ კარგი, ვივახშმე, თორემ გულიც წამივიდოდა შიმშილისგან. დანაყრებული ორგანიზმი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ტრასა ნელ-ნელა დაცარიელდა, კანტიკუნტად თუ გამოჩნდებოდა მოსახვევებში ანთებულფარებიანი მანქანები. ნეტავ შეიძლებოდეს სადმე ღამის გათევა. ვის მივადგე ამ შუაღამისას? რა ქვეყანაში ვცხოვრობთ… ამსიგრძე გზაზე ერთი სასტუმრო არ უნდა იყოს, რომ დაგვიანებულმა მგზავრმა თავი შეაფაროს?

ვინ იცის, იქნებ თამაზმაც ამ დუქანში ისადილა, როცა ახალუბანში მიდიოდა? მას უყვარდა ასეთი მუშური სასადილოები, ფულიც ნაკლები ეხარჯებოდა და ოჯახურ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევდა - სოფელში გატარებული ბავშვობა მახსენდებაო. როცა ქალაქში ერთად გავდიოდით, სულ იმის ცდაში იყო, სახინკლეში ან სასოსისეში შევეტყუებინე, ან სულაც, ბაზრობის რომელიმე სასადილო-ბუფეტში. რესტორნები არ უყვარდა, მაშინაც კი, როცა ჩემი ხარჯით ვეპატიჟებოდი. მისი წყალობით, თბილისის ყველა იაფფასიანი სასადილო შემოვლილი მქონდა.

ღრმად ამოვიხვნეშე. მინდოდა თუ არა, ფიქრებით მაინც თამაზის გარშემო ვტრიალებდი. საწყალი! კეთილი და უწყინარი კაცი იყო, ვის რაში უშლიდა ხელს? ბევრჯერ გავუღიზიანებივართ, ბევრჯერ თავიც მოუბეზრებია ჩვენთვის, მაგრამ მაინც ყველას გვებრალებოდა. არავინ სძულდა და არავის სძულდა. ყოველ შემთხვევაში, არასდროს გამიგია, რომ ვინმე მტრობდა. აბა, იქ რაღა დაემართა? ისეთი რა ჩაიდინა, რომ ვიღაც ნაძირალამ სასიკვდილოდ გაიმეტა? მასწავლებელი დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში? გამორიცხულია. ჩვენი სააგენტო კერძო დაწესებულებაა, ამიტომ ფაქტებზე დაყრდნობით გვევალება გამოძიება. ღია გამოძიების წარმოება ან ვინმესთვის ბრალდების წაყენება არ შეგვიძლია, ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ მტკიცებულებები უნდა წარმოვადგინოთ, დანარჩენს პოლიცია მიხედავს. თაზომ მშვენივრად იცოდა ამის შესახებ და დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ იგი ზედმიწევნით სუფთად იმუშავებდა. აბა, რა მოხდა? ვინ დაუგო მახე?

შევეცადე, კიდევ ერთხელ აღმედგინა გონებაში მისი ბოლო სიტყვები. რას ნიშნავს «დუმილის შეთქმულება»? დავიჯერო, მოწმეებმა ისეთი სიჯიუტე გამოიჩინეს, რომ ყველამ წყალი ჩაიგუბა პირში? ნუთუ ზედმეტი ვერავის დააცდევინა? იქნებ ერთი და ორი კი არა, მთელი ბანდა მოქმედებს ამ პატარა დასახლებაში? ამისთანა რა საიდუმლო ამოთხარა?

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ახალუბნის გადასახვევი რომ გამოჩნდა. მაგნიტოფონი გამოვრთე და ტრასიდან გადავუხვიე. გზის საფარი თანდათან უარესდებოდა. რა ასფალტი, რის ასფალტი, ტალახს მიჰქონდა იქაურობა. სატერფულს დავაწექი და სიჩქარეს მოვუმატე, რომ ოღროჩოღრო გზაზე სადმე არ ჩავრჩენილიყავი, თორემ სადღა ვიშოვიდი ბუქსირს ამ ლამის უკაცრიელ ადგილას? შორი ნათების ფარები ავანთე და ჯაყჯაყით შევუყევი ხეებს შორის გამავალ ბილიკივით ვიწრო აღმართს.

კარგა ხანს ვიარე. ასე მეგონა, საშინელებათა ფილმში ვმონაწილეობდი. ირგვლივ შემზარავი სიჩუმე, სიბნელე, მრუმე ცა, თავსხმა წვიმა და ტოტებდაშვებული შიშველი ხეები. ოღონდ დროზე მოვშორდე აქაურობას და პირობას ვდებ, მეორედ აქ ჩამომსვლელი არ ვარ! - ვბურტყუნებდი ჩემთვის.

აღართი დამთავრდა და, როგორც იქნა, რაღაც მოთეთრო შენობა გამოჩნდა. ორსართულიანი სახლი იყო, ოღონდ ჩაბნელებული. მაინც გამიხარდა, რადგან მივხვდი, რომ უკვე დასახლებაში შევედი.

პირველსავე სახლთან შევაჩერე მანქანა, ფანჯარა ჩამოვწიე და გავიხედე. ჭიშკართან ისეთი ტბორი იდგა, გამიკვირდა კიდეც, როგორ ახერხებენ ოჯახის წევრები ეზოში შესვლას ფეხის დაუსველებლად-მეთქი. რამდენჯერმე წყვეტილად დავასიგნალე, იმ იმედით, რომ ვინმე გამომხედავდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. არც შუქი ანთებულა და არც ფარდა შერხეულა ჩაბნელებულ ფანჯრებს მიღმა. სხვა რაღა დამრჩენოდა, ისევ გავაგრძელე გზა. ხომ შეიძლება, ვინმე შემხვდეს? ჰმ, ეგ უკვე ოცნებაა! ღმერთს რომ დავესაჯე და ამ სოფელში დავბადებულიყავი, ასეთ ამინდში და ამ დროს მაინც არ გამოვყოფდი ცხვირს გარეთ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დასახლებაში სასტუმრო არ იქნებოდა. ვინმესთან უნდა შემეფარებინა თავი, მაგრამ…

ჯიუტად მივიწევდი წინ. ტალახში ამოგანგლული ჩემი «ჟიგული» აქეთ-იქით აშხეფებდა ჭუჭყიან წყალს. ფანჯარა ჩამოწეული დავტოვე, რადგან სალონში მინები ისე დაიორთქლა, გზას წესიერად ვერც ვხედავდი. საგონებელში ჩავვარდი. თუ კარი არავინ გამიღო, ღამის მანქანაში გათევა მომიწევს… რას გავიყინები?!

ამ დღეში ვიყავი, რომ უეცრად ჩემ წინ კვასკვასა წითელმა ლაბადამ გაიელვა. არიქა, მგონი, მეშველა! - კინაღამ ვიყვირე სიხარულისგან. გზის განაპირას მაღალი, გამხდარი ქალის სილუეტი დავლანდე, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მიემართებოდა სოფლისკენ. ოდნავ გავუსწარი და დავამუხრუჭე. ახალგაზრდა აღმოჩნდა, თან საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურებოდა საერთო ფონთან შედარებით. ასეთი დასახლებისთვის ზედმეტად თანამედროვედ ჩაცმული მომეჩვენა. თავი ფანჯარაში გავყავი და რაც შეიძლებოდა, თავაზიანად მივმართე, რომ არ შემეშინებინა.

- საღამო მშვიდობისა, ქალბატონო! ხომ ვერ დამეხმარებით? მგონი, გზა ამებნა…

წითელლაბადიანს ნაბიჯი არ შეუნელებია, ისე გამოხედა მანქანას. ფარების შუქზე ალბათ ჩემს სახეს ვერ ხედავდა, მე კი შემეძლო, ზედმიწევნით კარგად შემეთვალიერებინა მისი ნაკვთები. ნამდვილ თოჯინას ჰგავდა, გერმანულ თოჯინას. უქუდოდ გამოსულს, შუბლზე ჩამოყრილი ღია ფერის თმა მთლიანად დასველებოდა.

კვლავ დავძარი მანქანა, ნელი სვლით ისევ გავუსწარი და როცა ქალი მომიახლოვდა, კარი გამოვაღე.

- გოგონი, აქ ღამის გათევა სად შეიძლება? - მიმართვის ფორმა შევცვალე, გავაახალგაზრდავე მისი ასაკი, იქნებ ესიამოვნოს და პატივი დამდოს-მეთქი.

მას ჩემთვის წამითაც არ მოუქცევია ყურადღება, არც აუჩქარებია ნაბიჯები, არც შეუნელებია. როცა გამისწორდა, ოდნავ დაიხარა და დაჟინებით შემომაცქერდა.

- აქ საიდან მოხვდით? - როგორც იქნა, «შემამჩნია».

დახშული ხმა ჰქონდა, ისეთი უკმეხი ტონით მომმართა, თითქოს ვალი მქონოდა მისი. თუმცა ყველაზე მეტად მისმა შეკითხვამ გამაოგნა. რას ნიშნავს, აქ საიდან მოვხვდი? ციდან ჩამოვვარდი!

- ჩვეულებრივად, ტრასიდან გადმოვუხვიე, - ზედმეტად მშვიდად ვუპასუხე, იმის შიშით, არ დაფრთხეს-მეთქი.

- გასაგებია, მეც ვიცი, რომ ციდან არ ჩამოფრინდებოდით, - ისევ უკმეხად გამცა პასუხი.

უცნაური სიტუაცია შეიქმნა. მე მას ვუყურებდი, ის - მე და არც ერთი ხმას არ ვიღებდით, ძრავა თუხთუხებდა მხოლოდ.

- ჟურნალისტი ვარ, - დავარღვიე ბოლოს დუმილი, - რედაქციის საქმეზე გამომამწესეს. სასტუმროსმაგვარი რამე მოიძებნება თქვენს სოფელში?

- აქ სასტუმრო არ არის, - ცივად თქვა წითელლაბადიანმა.

- სად შეიძლება ღამის გათევა? - დაბნეულმა ვკითხე.

- არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა და დაამატა, - არ ვიცი, რომელმა რედაქციამ გადმოგისროლათ ჩვენს მხარეში.

ყურები ვცქვიტე. ვიფიქრე, ალბათ ადგილობრივი მმართველობის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელია-მეთქი და გამოვცოცხლდი.

- შემიძლია საბუთები გაჩვენოთ.

- არ მაინტერესებს თქვენი საბუთები.

- ის მაინც მითხარით, ოთახს ხომ არ აქირავებს ვინმე?

- არა მგონია, უცხო კაცი ვინმემ სახლში შეუშვას, თანაც ამ დროს.

- მაპატიეთ ცნობისმოყვარეობისთვის, მაგრამ… თქვენ ვინ ბრძანდებით?

- ეს თქვენ არ გეხებათ!

ერთი ამას დამიხედეთ! როგორ ფრთხილობს?! პრიალალაბადიან თოჯინას ჩემი არ სჯერა! როგორც ჩანს, ბოროტი «ძია» ვგონივარ! ძალიან გავბრაზდი, რა თავს ვიმართლებ ამ მეტიჩარას წინაშე? ბოლოს და ბოლოს, ვინ მიგდია? მის გარდა, არავინ ცხოვრობს ამხელა საოფელში? სხვა თუ არაფერი, პოლიციას მივმართავ და ეგ იქნება!

- გმადლობთ დახმარებისთვის, - აგდებით მივმართე სველ თოჯინას, - ვეცდები, პოლიციის განყოფილება მოვძებნო.

ის იყო, კარის მოხურვას და გზის გაგრძელებას ვაპირებდი, რომ მისმა შეძახილმა შემაჩერა.

- მოიცათ!

ძრავა გამოვრთე და თავი საზურგეს მივადე, თან არაფრისმთქმელი მზერა მივაპყარი, თითქოს აღარ მაინტერესებდა, რას მეტყოდა. ქალი მანქანას მოუახლოვდა და დაიხარა.

- შეიძლება დავჯდე?

- რა თქმა უნდა! - ვუპასუხე დაბნეულმა.

თოჯინამ ლაბადის კალთები აიკეცა და გვერდით მომისკუპდა. სიბნელეში ქალის სახე რატომღაც, გაფითრებული მეჩვენა.

- მე ვიცი, რისთვისაც ჩამოხვედით, - ცივად წარმოთქვა მან და ნიკაპი მაღლა ასწია.

აი, თურმე, რა ადვილი გამოცანა ყოფილა! მან იცის, რისთვისაც ჩამოვედი. აქ ალბათ, ყველამ ყველაფერი იცის. არც ისეთი პატარა დასახლებაა ახალუბანი, რომ ადამიანს არაფერი გამოეპაროს. რატომ ჰგონია, რომ ჩემი ვიზიტის მიზანი გამოიცნო? რას გულისხმობს ყველაფრის ცოდნაში? იქნებ ისიც არის დანაშაულში გარეული? თან მეცინებოდა, თან ნერვები მეშლებოდა. გვერდულად გავხედავდი ხოლმე გვერდით მჯდომს და უდიდესი სურვილი მქონდა, ხმამაღლა მეთქვა მისთვის - «ქურდს ქუდი ხომ არ ეწვის?»

ნელა მივიწევდით წინ, თან ვსაუბრობდით. აღმოჩნდა, რომ სოფელში უკვე ყველამ იცოდა, რაც მოხდა დილით უღელტეხილზე. ყოველ შემთხვევაში, უცნობი ქალბატონი ნამდვილად იყო საქმის კურსში.

- როცა ავარიის ამბავი გავიგე, მაშინვე ვიფიქრე, რომ საქმის გასარკვევად ვიღაც აუცილებლად ჩამოვიდოდა თბილისიდან.

- მოკლედ, მე მელოდით, არა? - წარბები ავწიე და შეუმჩნევლად ჩავიღიმე.

- კონკრეტულად ვინ იქნებოდა, წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ვიღაც რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა, ეჭვიც არ მეპარებოდა.

გასაგებია! ჰოდა, მეც აქ ვარ, წითელლაბადიანო, მაგრამ, როგორც ვატყობ, დიდად არ გეპიტნავათ ჩემი დანახვა. რატომ, რაშია საქმე?

მთელი გზა, თბილისიდან აქამდე, თავს ვიმტვრევდი იმაზე ფიქრით, საიდან დამეწყო გამოძიება. მეგონა, ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვნახავდი. აქ კი რა ხდება? პირველივე შემხვედრი ყველაფრის საქმის კურსშია? მაგრამ რამ გაანერვიულა ასე? ხელები სად წაიღოს, არ იცის. ჯერ საერთოდ დალაპარაკება არ უნდოდა, ბოლოს მანქანაშიც კი ჩამიხტა.

- რატომ მიყურებთ ასე უცნაურად? - დამფრთხალი ხმით მკითხა ცოტა ხნის შემდეგ და ყოველი შემთხვევისთვის, მარჯვენა ხელით კარის სახელურს ჩააფრინდა.

მისი შეშფოთების მიზეზი მე ვიყავი. არასდროს შემეძლო ემოციების მართვა და ყოველთვის სახეზე მეწერა, ვის მიმართ რას განვიცდიდი. ის ჩემმა გამომცდელმა მზერამ შეაშინა, მიხვდა, რომ მასთან საუბრისას რაღაც საეჭვო ვიყნოსე.

- უკაცრავად, - ქილიკით შევნიშნე, - არ მეგონა, აქ წინასწარმეტყველს თუ შევხვდებოდი. თქვენნაირი ბევრი ცხოვრობს სოფელში?

- თქვენი ირონია უადგილოა, - გააპროტესტა თოჯინამ.

- გეთანხმებით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მოხარული ვარ, რომ სწორედ თქვენ შეგხვდით.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მგონი, მზად ხართ ჩემთან გულახდილი საუბრისთვის.

- სამაგიეროდ, მე არ მგონია, რომ თქვენი ნახვით ძალიან გამიმართლა.

მის სიტყვებს ჩავეჭიდე.

- სულ ეს არის, რაც ჩემთვის უნდა გეთქვათ?

- ნუ ჰყოფთ ცხვირს სხვის საქმეში. ის, რაც ჩვენს სკოლაში ხდება, თქვენ საერთოდ არ გეხებათ!

აჰა… მშვენიერი დასაწყისია… თითქმის ღია ტექსტით მიცხადებენ, რომ, სანამ ლამაზი ვარ, ავახვიო აქედან!

- არ გირჩევთ ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკს, - მშვიდად დავიწყე, - თავად გადავწყვეტ, მე რა მეხება და რა არა. შეგიძლიათ ჩემს გამოცდილებას ენდოთ - საქმეს ბევრად სერიოზული პირი უჩანს და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვიმუშავებ იქამდე, სანამ სრულ სიმართლეს არ დავადგენ.

თოჯინამ იქედნურად ჩაიცინა და გაღიზიანებულმა თითებს დაუწყო წვალება. მაოცებდა მისი გულუბრყვილობა. ნუთუ ეგონა, რომ პოლიცია და პროკურატურა თამაზის სიკვდილის მიზეზებით არ დაინტერესდებოდა? და თუ არ ეგონა და შეგნებულად მკბენს, გამოდის, ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას. შესაბამისად, ესმოდა, რომ უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა სულაც არ იყო ჩვეულებრივი ავარია.

- ცდებით, - თქვა მან და ფანჯარაში გაიხედა, - თქვენ გინდათ არაფრისგან სენსაცია შექმნათ და სულ არ გაინტერესებთ ის, ჩვენ რა შედეგებს მოგვიტანს თქვენი ხლაფორთი. თავად წახვალთ, დაწერთ მტკნარ სიცრუეს იმ თქვენს გაზეთში, მიიღებთ ჰონორარს და ტრაბახით გამოუჭედავთ მეგობრებს ყურებს, მაგრამ ჩვენ? ვინც აქ ვრჩებით? წლობით უნდა ჩამოვირეცხოთ ის ჭუჭყი, რომელიც თქვენი წყალობით მოგვეცხება.

- მოიცა, მოიცა… - კიდევ უფრო მშვიდად წარმოვთქვი, - ძალიან ბევრ უსაფუძვლო ბრალდებას მიყენებთ. თქვენ მე ვინ გგონივართ?

- მაპატიეთ, მაგრამ თავს ნუ ისულელებთ. თავად არ მითხარით, ჟურნალისტი ვარო? რომც არ გეთქვათ, ისედაც ადვილი გამოსაცნობია, რა ხილიც ბრძანდებით!

ენაზე ვიკბინე, რა დეგენერატი ვარ! სულ გადამავიწყდა, თავი ჟურნალისტად რომ გავაცანი. ამას ხომ წარმოდგენაც არა აქვს, მე რომ კერძო დეტექტივი ვარ, რა მალაპარაკებდა?

- ნუთუ ასე აშკარად მეტყობა, რა ხილიც ვარ? - ყასიდად გავიცინე.

- ეჭვიც არ შეგეპაროთ! - აპილპილდა ქალი.

- და ზუსტად იცით, რატომაც ჩამოვედი?

- არ გეჩვენებათ, რომ მეხსიერება გღალატობთ? - ხმაში ნერვიულობა შეეპარა, - წეღან არ მითხარით, სიმართლის გამოსარკვევად ჩამოვედიო? არ არის ძნელი მისახვედრი, რომ იმის გაგებაც გინდათ, რაც თქვენმა კოლეგამ ვერ შეძლო.

- და თქვენი აზრით, რისი გაგება მინდა? - არ მოვეშვი კაპას თოჯინას.

წითელლაბადიანმა თავი მკვეთრად მოატრიალა ჩემკენ, ნიკაპი ამაყად მაღლა ასწია და მენტორული ტონით გამომიცხადა:

- აი, რას გეტყვით, პატივცემულო! მე, როგორც ქიმიის მასწავლებელი და ადგილობრივი სკოლის დირექტორის მოადგილე, გიცხადებთ, რომ წერილი, რომლის გამოც ასეთი აჟიოტაჟი ატეხეთ, ერთი ჩვეულებრივი მეთერთმეტეკლასელი გოგონას ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი. თეო ბახტაძემ გარდატეხის ასაკში, ჰორმონალური დარღვევების ფონზე, ძლიერი ნევროზი გადაიტანა. თუმცა, ექიმები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე ავადმყოფობა კვალს არ დაამჩნევს მის ჯანმრთელობას და მალე ყველაფერი გაუვლის. ფიზკულტურის მასწავლებლის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა. თქვენმა კოლეგამაც გაიგო ეს. პრობლემა მოიხსნა. სკოლაში ჩვეულებრივი სიმშვიდით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. გაქვთ შეკითხვები?

წარმოვიდგინე, როგორი ურთიერთობა ექნებოდა ამ მაწაკ თოჯინას მოსწავლეებთან. ზარივით ხმა, გულისგამაწვრილებელი. თითოეული სიტყვა თითქოს ლურსმანივით გერჭობა ყურებში. ისეთი ინტონაციით საუბრობს, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის სხდომაზე. მასწავლებელიც ასეთი უნდა!

გაგრძელება იქნება

დუმილის შეთქმულება - თავი 3

დუმილის შეთქმულება - თავი 2

დუმილის შეთქმულება - თავი 1