20 წლის მარიამ ტატანაშვილის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საზარელ ავტოავარიას სასწაულებრივად გადაურჩა.
სიცოცხლით სავსე გოგონა - მარიამ ტატანაშვილი, 2021 წლის 15 იანვარს, მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა. ავარიის შედეგად მარიამმა 6 თითი და მხედველობა დაკარგა, მაგრამ რაც ყველაზე სამწუხაროა, შემთხვევის შემდეგ ის სრულიად მარტო დარჩა.
ამჯერად მარიამმა საკუთარი გამოცდილების შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა. მისი თქმით, შეყვარებულმა ის ოპერაციამდე 2 დღით ადრე მიატოვა და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა.
“ჩემი შეყვარებული დედაჩემთან ერთად იყო სულ, როდესაც მე რეანიმაციაში ვიყავი. როდესაც მნახა, იმ წამიდან სრულიად შეიცვალა, როგორც თეთრიდან შავზე. როდესაც ლაპარაკი დავიწყე, მითხრა, რომ ეშინოდა, არ დამვიწყებოდა. თვითონ უნდა გამოვეყვანე კლინიკიდან და ტელეფონი გათიშული ჰქონდა. შემდეგ მირეკავდა და არ ვპასუხობდი. ოპერაციამდე ორი დღით ადრე მითხრა, უნდა დავშორდეთო, აღარ მინდა შეყვარებულიო. რა უნდა მეთქვა, კარგი-მეთქი. თავიდან მეგობრებიც მოდიოდნენ და მერე უცებ ყველა გაქრა. აქეთ ჰქონდათ პრეტენზიები, რატომ არ ვკითხულობდი. მე ფინანსური დახმარება არ მითხოვია, მხოლოდ მეგობრული მხარდაჭერა მინდოდა. ვიცი, იმდენი შესაძლებლობა არავის ჰქონდა, რომ ჩემი ოპერაციები დაეფინანსებინათ”, - ამბობს მარიამი.