„დიდებული საუკუნის“ შესახებ ყველას სმენია. თურქული სერიალი, რომელიც ოსმალეთის სულთნისა და ჩვეულებრივი მონის სიყვარულის ისტორიას გვიამბობს, რამდენიმე წლის წინ საქართველოში, და არამარტო საქართველოში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
სწორედ ამ სერიალის წყალობით შეიქმნა მითი, რომ სულთნის რჩეული ალექსანდრა ანასტასია ლისოვსკა გამორჩეული გარეგნობის მქონე უკრაინელი გოგონა იყო, თუმცა მითი მითადვე რჩება.

ბევრს ჯერ კიდევ აინტერესებს, როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ჰიურემ სულთანი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სულთნის გარდა ყველა მამაკაცს ჰარამხანაში შესვლა ეკრძალებოდა, რთულია მოიპოვო სანდო წყარო, რომელიც ალექსანდრას გარეგნობას ზუსტად აღწერს.
ითვლებოდა, რომ ჰიურემის პორტრეტი პირველად ტიციანმა დახატა. მალევე გაირკვა, რომ ნახატი ჰიურემ სულთნის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა და ტიციანი მასზე მუშაობისას მთლიანად თავის წარმოსახვას მიენდო.

სულეიმანმა საყვარელი მეუღლის სახის დანახვის საშუალება, მხოლოდ ერთადერთხელ, ვენეციის ელჩს მისცა. სწორედ მისგან გვაქვს შემორჩენილი სულთნის ფავორიტის გარეგნობის ზუსტი აღწერილობა.
ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ჰიურემ სულთანი დაბალი და ჭარბწონიანი ქალი იყო. ვიწრო თვალები, თხელი ტუჩები და დიდი მრგვალი ცხვირი ჰქონდა. ყველასგან გამოარჩევდით მისი ცეცხლისფერი წითური თმით და თითქმის შეუმჩნეველი თხელი წარბებით. ელჩის თქმით, ალექსანდრა ლისოვსკა სულაც არ იყო ლამაზმანი და ბევრად ჩამოუვარდებოდა გარეგნობით მაჰიდევრან სულთანს.
ყველაზე მეტად ელჩის გაოცება სულთნის მადამ გამოიწვია. როგორც ის აღნიშნავს, ჰიურემი ძალიან ბევრს ჭამდა და ამას მოუწესრიგებლად და დაუდევრად აკეთებდა. მის კაბაზე ადვილად შეამჩნევდით ლაქებს, ხოლო ტუჩებთან საკვების ნარჩენებს. სულეიმანს კი ჰიურემის ამგვარი საქციელი უხერხულობას საერთოდ არ უქმნიდა. სავარაუდოდ ის არა მისმა გარეგნობამ, არამედ ხასიათმა და ქარიზმამ მოხიბლა.
ელჩი გარკვევით აღნიშნავს, რომ ქალს საოცარი იუმორის გრძნობა გააჩნდა. ამაზე მისი სახელიც მეტყველებდა. „ჰიურემი“ - მხიარულს ნიშნავს.