შვედი მსახიობი, ბიორნ ანდერსენი პოპულარული ლუკინო ვისკონტის ფილმით „სიკვდილი ვენეციაში“ გახდა. 16 წლის ასაკში მთელი მსოფლიო ყველაზე ლამაზი ბიჭის სახელით იცნობდა. დღეს ბევრი ამტკიცებს, რომ იმ სილამაზის კვალიც აღარ შემორჩენია, რომელმაც ადრე მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, მაგრამ ბიორნმა ზუსტად იცის, რომ ”სილამაზე მხოლოდ ახალგაზრდობაში არ არის. ის ყველგანაა – მოხუცებშიც, ცხოველებშიც და ბუნებაშიც. ამისთვის მხოლოდ თვალებს ფართოდ გახელაა საჭირო.“
ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონია. მამამ მალე მიატოვა, ხოლო დედა, რომელიც ბავშვზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა, თავი მოიკლა, რის გამოც 9 წლის ბიორნი გასაზრდელად ბებიამ წაიყვანა.
ბიორნი საკმაოდ ნიჭიერი მუსიკოსი იყო და ცხოვრების დაკავშირებასაც სწორედ მუსიკასთან აპირებდა, მაგრამ ბებია შვილიშვილისთვის მსახიობობაზე ოცნებობდა და სულ სხვა გეგმები ჰქონდა.
და როცა ახლი ფილმისთვის მსახიობების ძიებით გადაღლილი ლუკინო ვისკონტი ნორვეგიაში ჩავიდა, ბებიამ 16 წლის ბიორნი სინჯებზე წაიყვანა. ბიჭის დანახვისთანავე ვისკონტი დარწმუნდა, რომ ტაძიოს როლის შემსრულებელი საბოლოოდ იპოვა.
გადასაღებ მოედანზე ბიორნი თავს ყველასგან დავიწყებულად და მარტოსულად გრძნობდა. მისი გრძნობები არავის აღელვებდა. ბიჭი მარტო მაშინ ახსენდებოდათ, როცა მისი გარეგნობა სცენისთვის სჭირდებოდათ.
ამავდროულად, ვისკონტი ყველანაირად იცავდა ბიორნის ახალგაზრდულ უმანკოებას, რათა ტაძიოს გამოსახულება მაქსიმალურად სუფთა ყოფილიყო. მსახიობს გოგოებთან ფლირტი, ფეხბურთის თამაში და სანაპიროზე გარუჯვა ეკრძალებოდა. რომანის წაკითხვის უფლებაც კი არ მისცეს, რომ მისი დასასრული არ სცოდნოდა.
ფილმის ეკრანებზე გამოსვლას ბიორნის მსოფლიო პოპულარობა მოჰყვა, რისთვისაც ის მზად საერთოდ არ იყო. ერთხელ წვეულებაზეც კი დაპატიჟეს, სადაც ბიჭს მისი სილამაზით აღფრთოვანებული ჰომოსექსუალი მამაკაცების გარემოცვაში მოუწია ყოფნა.
„იქ პირველად ვიგრძენი, რომ მათთვის უბრალო ხორცის ნაჭერი ვიყავი. 16 წლის გამოუცდელი ბიჭი უსიტყვოდ ვემორჩილებოდი მათ მოთხოვნებს.“ - მწარედ იხსენებს მსახიობი.
მისმა გარეგნობამ იგი იაპონური საზოგადოების ფავორიტად აქცია. პოპულარობის სურვილით შეპყრობილა ბებიამ კი სწორედ იაპონიაში წაიყვანა. ისტერიულმა ფანებმა ახალგაზრდა, თინეიჯერ ბიჭს კიდევ უფრო დაუმახინჯა ფსიქიკა. სამშობლოში დაბრუნებულა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო. 1973 წელს კი საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა ბებიასთან და სტოკჰოლმში მუსიკის სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა.
ბიორნ ანდერსენი დღემდე მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობს და მეუღლესთან ერთად სტოკჰოლმის გარეუბანში ცხოვრობს.