ფრანგული საზოგადოების დიდ ნაწილს გარეუბნების მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა მეოცნებე ბავშვები წარმატებისკენ მიმავალ გზას სწორედ ასეთ უბნებში პოულობენ. ერთ-ერთი ასეთი ბავშვი საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი, კილიან მბაპე გახდა.
მბაპე კამერუნელი მამისა და ალჟირელი დედის ოჯახში, პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში, ბონდიში დაიბადა. მამამისი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბში, „ბონდიში“ მუშაობდა. ამიტომ კილიანს სპორტთან შეხება ბავშვობიდან ჰქონდა და საფეხბურთო კარიერაში პირველი ნაბიჯები 5 წლის ასაკში გადადგა.
11 წლის ასაკში,“ჩელსის“ სინჯებზე მისული მბაპე დაიწუნეს. „კობჰემის“ სავარჯიშო ბაზაზე მან ერთი კვირა გაატარა, მაგრამ მათი მოხიბვლა მაინც ვერ მოახერხა.
პირველი გადამწყვეტი მომენტი 3 წლის შემდეგ დადგა, როცა 14 წლის მბაპემ კარიერის გაგრძელება „მონაკოში" გადაწყვიტა. მისი დებიუტი 2015 წლის 2 დეკემბერს შედგა. მან ლეგენდარული ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა და 16 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაზე „მონაკოს“ მაისური მოირგო.
მოგვიანებით მან „მონაკო“ დატოვა და კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელა. „პარი სენ- ჟერმენმა“ მის სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადა და დიდი კრიტიკაც დაიმსახურა, თუმცა ახალგაზრდა მბაპემ პოტენციალი მალევე გამოავლინა და დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
კატარში დასრულებული მუნდიალის ფინალში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ კილიან მბაპე გახდა, ხოლო ფინალში გატანილი გოლებით პელეს, ზინედინ ზიდანს, ვავას და ჯეფრი ჰერსტს გადაუსწრო.
ფეხბურთელის პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესიც იზრდება. 23 წლის ფეხბურთელი 32 წლის ტრანსგენდერ მოდელს, ინეს რაუს ხვდება. ჟურნალისტების ცნობით, მათი ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
მბაპე ფეხბურთის მიღმაც გამორჩეული პიროვნებაა და ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული. 2018 წელს, საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობისთვის მიღებული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ბავშვებს გადაურიცხა, თავისი სკოლის მოსწავლეებს კი პორტუგალია-მაროკოს, პორტუგალია-დანიის მატჩებზე დასწრება დაუფინანსა.
მარადონა მას „ფეხბურთის გასხივოსნებას“ უწოდებდა; არსენ ვენგერის თქმით, იგი „ახალი პელეა“, ემანუელ მაკრონმა კი პრეზიდენტის სასახლეში სადილზე მიიწვია...
კილიან მბაპეს შემოსავალი კოლოსალურად დიდია. ის თვეში 4 600 000 დოლარს იღებს. მას პარიზის ცენტრში მდიდრული სახლი აქვს, რომელიც აერთიანებს 12 საძინებელს, თანამედროვე სტანდარტების აუზსა და ულამაზეს ხედებს ქალაქზე. საინტერესოა, რომ კილიანს მართვის მოწმობა არ აქვს, თუმცა მაინც ფლობს რამდენიმე ძვირად ღირებულ ავტომობილს, მათ შორის, Volkswagen ID.4 X, Volkswagen ID.4 და Volkswagen Touran. ის ასევე ფლობს პირად თვითმფრინავს Challenger 350. კილიანი გატაცებულია საათებით და მის კოლექციაში არაერთი ძვირად ღირებული ნიმუშიც მოიძებნება.
მბაპე რომ ნამდვილი ვარსკვლავია, ამას კიდევ ბევრი ფაქტი მოწმობს, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეული ის ერთია, რომელიც მისი განვლილი გზის ისტორიას ყველაზე კარგად ჰყვება: იმ გარეუბანში, სადაც მბაპემ ბავშვობა გაატარა, უზარმაზარ ბილბორდზე, კილიანის სურათის გვერდით ასეთ წარწერას შეხვდებით: „Bondy, ville des possibles” – „ბონდი, ქალაქი, სადაც შეუძლებელი არაფერია.“