მეგობრობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა: ტრაგედია, რომელმაც ლიონელ მესის ცხოვრების მთავარი სიყვარული აპოვნინა - Marao

მეგობრობა, რომელიც სიყვარულში გადაიზარდა: ტრაგედია, რომელმაც ლიონელ მესის ცხოვრების მთავარი სიყვარული აპოვნინა

2022-12-20 20:38:07+04:00


ბევრისთვის 2022 წელი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, შემაშფოთებელი, უცნაური და არასტაბილური აღმოჩნდა, მაგრამ მასშიც იყო ერთი მოვლენა. რომელმაც მთელი მსოფლიო გააერთიანა: 18 დეკემბერს კატარში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა: ზოგისთვის იმედგაცრუებით, ზოგისთვის კი სიხარულის შეძახილებით.

მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე 22 ნიჭიერი მოთამაშე თამაშობდა, მთელი ყურადღება ერთი ადამიანისკენ იყო მიპყრობილი. ტრიბუნებიდან ხალხი მის სახელს ყვიროდა, ოპერატორებს მისი არც ერთი ნაბიჯი არ გამოჰპარვიათ და ისიც არაფერს იშურებდა იმისთვის, რომ ფანების იმედები არ გაეცრუებინა და რაც მთავარია, რეალობად ექცია ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.

ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი, შვიდგზის "ოქროს ბურთისა" და ექვსგზის "ოქროს ბუცის" მფლობელი, ათგზის ესპანეთის ჩემპიონი, ოთხგზის უეფას ჩემპიონი... ტიტულების ეს გრძელი სია 35 წლის ლიონელ მესის ეკუთვნის.

როგორც თავად ამბობს, მის წარმატებაში წვლილი ბევრ ახლობელს მიუძღვის, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული კი თავისი მეუღლე ანტონელაა და 18 დეკემბერს სწორედ ეს ქალი იდგა მესის გვერდით, მაშინ, როცა მისი უმთავრესი ოცნება ახდა.

ლიონელ მესი მომავალ მეუღლეს, ანტონელა როკუზოს, პირველად 5 წლის ასაკში შეხვდა. გოგონა მისი საუკეთესო მეგობრის, ლუკას სკალიას და იყო. ანტონელა და ლიონელი მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის ნახვაც ხშირად უწევდათ. თავდაპირველად მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, გრძნობების მატებასთან ერთად კი მესის კარიერაც თანდათან იზრდებოდა.

ზრდის ჰორმონების პრობლემისა და სპორტული კარიერის გამო მესი უმეტეს დროს საავადმყოფოებსა და ფეხბურთის მოედანზე ატარებდა. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის პრობლემები მოგვარდა და მალე ლეო ბარსელონას კლუბის საბავშვო დივიზიონში სათამაშოდ მიიწვიეს. ამისთვის მას არგენტინის დატოვება მოუწია. ოჯახთან ერთად ანტონელასაც გამოემშვიდობა და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა.

სანამ ლიონელი დიდებული ფეხბურთელის კარიერას იწყობდა, გოგონა არგენტინაში, მშობლიურ ქალაქ როსარიოში აგრძელებდა ცხოვრებას. თავიდან სტომატოლოგობას აპირებდა და უნივერსიტეტშიც სწავლობდა, შემდეგ კი დიეტოლოგობა გადაწყვიტა და სოციალური ქსელების განვითარება დაიწყო. პირადი ურთიერთობაც კარგად მისდიოდა - სასიამოვნო ბიჭი გაიცნო და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა, მაგრამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა.

საუკეთესო მეგობრის ავტოკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ანტონელა მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. ნათესავებთან ურთიერთობაზეც კი უარს ამბობდა, სანამ ერთ დღეს არ შეატყობინეს, რომ თავისი ბავშვობის მეგობარი ლეო ქალაქში დაბრუნდა.

როგორც კი მესიმ ანტონელას მეგობრის დაღუპვის ამბავი გაიგო, მაშინვე გოგონას გასამხნევებლად სამშობლოში დაბრუნდა.

იმ დროისთვის მესი უკვე საკმაოდ პოპულარული ფეხბურთელი იყო და Playboy-ს მოდელს, ლუჩიანა სალაზარს ხვდებოდა. არგენტინაში დაბრუნების შემდეგ კი გააცნობიერა, რომ ისევ ანტონელა უყვარდა.

ამ მომენტიდან მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა.

2012 წელს პირველი ვაჟი ტიაგო შეეძინათ, 2015 წელს კი - მატეო. ოფიციალურად კი წყვილმა მხოლოდ 2017 წელს იქორწინა. ცერემონიიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი მათი მესამე საერთო შვილი, ჩირო დაიბადა.

დღეს ანტონელა მესიზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს. ის სამ შვილს ზრდის, ესწრება საყვარელი ქმრის თითქმის ყველა მატჩს და მის გვერდით არის როგორც გამარჯვების, ასევე მარცხის მომენტებშიც. სწორედ ამიტომ, ფეხბურთის გულშემატკივართა შორის „იდეალური ცოლის" ტიტულით სარგებლობს.