უმშვენიერესი მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის აუდიტორიას ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, ასევე, თავის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს.
მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით „I said yes” გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.
ამჯერად მარიამ სანოგომ ოჯახურ ცხოვრებაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:
„არასოდეს მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება ასეთი დალაგებული იქნებოდა. მეც და ჩემი ოჯახიც მობილიზებული კარიერაზე ვიყავით. ამიტომ, 30 წლამდე დაოჯახებას ვერც კი ვიფიქრებდი. რეალურად კი ოჯახი 23 წლის ასაკში შევქმენი. დღემდე ვთვლი, ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად ადრეული ასაკია. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, რადგან დღეს ოჯახი ჩემთვის მთავარი საყრდენია და კარიერაშიც ყველაზე დიდი მოტივატორი და ხელშემწყობი. ზოგჯერ მგონია, რომ ოჯახის გარეშე ამდენს ვერ შევძლებდი. ოჯახურმა ხუთმა წელმა უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა. როდესაც შენ უკან შვილი დგას, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდები. განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ჩემი მეუღლე. თუ ოდესმე წარმომედგინა, როგორი იყო იდეალური პარტნიორული ურთიერთობა, ალბათ ასეთსაც ვერ წარმოვიდგენდი… ჩვენს ოჯახში ერთმანეთს მაქსიმალურ თანადგომას ვუცხადებთ. ჩვენ შეიძლება კამათი ყოფით ამბებზე მოგვივიდეს. მაგალითად იმაზე, რომ მე იაპონური სამზარეულო მიყვარს და მას – არა. არასოდეს მოგვივა კამათი, რა ჩავიცვა, როგორ უნდა გამოვიყურებოდე. 5 წლის განმავლობაში ერთმანეთის მიმართ უფრო გამგები გავხდით. ჩვენი შვილი უკვე 4 წლის არის და მთავარი საზრუნავი მისი აღზრდა, სკოლისთვის მომზადებაა. შესაბამისად, ცხოვრებისეული დავალებებიც უფრო რთულდება, მაგრამ ეს უკვე გაცნობიერებული გვაქვს“, - თქვა მარიამ სანოგომ.