მათი სიყვარულის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულად ითვლება, მაგრამ უფრო სწორი იქნება, ტრაგიკული ეწოდოს. რომ არა ფრანგი პლეიბოი, რომელმაც გერმანელი „პრინცესას“ გული მოიპარა, ამ კაშკაშა ლამაზი ქალის ცხოვრება ალბათ სულ სხვანაირად განვითარდებოდა და, შესაძლოა, 43 წლის ასაკშიც არ დასრულებულიყო.
მათი პირველი შეხვედრა ორლის აეროპორტში შედგა. „კრისტინას“ როლის შესასრულებლად რეჟისორმა ახალგაზრდა გერმანელი მსახიობი, რომი შნაიდერი მიიწვია. ეს სურათი 1930-იანი წლების ფილმის, "სიყვარულის თამაშის" რიმეიქი იყო, რომელმაც რომის დედას, მაგდე შნაიდერს, სამშობლოში დიდი პოპულარობა მოუტანა. გერმანელმა ვარსკვლავმა ქალიშვილის მომავლის ნათელი გეგმები შეადგინა, მათ შორის, ქორწინება რომელიმე არისტოკრატთან, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რომი ცხოვრების სრულიად განსხვავებულ გზას აირჩევდა.
აეროპორტში რომის ახალგაზრდა მსახიობი დახვდა. თმადავარცხნილი, კოსტიუმში გამოწყობილი ალენ დელონი, ვარდების თაიგულით ხელში, პარტნიორის გამოჩენას ელოდა.
”როდესაც ის დავინახე, გავიფიქრე, რა ვულგარულია-მეთქი“ - ასე აღწერა რომი შნაიდერმა თავის დღიურში პირველ და ერთადერთ სიყვარულთან შეხვედრა.
გადაღებების დროს პარტნიორები გამუდმებით ჩხუბობდნენ და ერთმანეთს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ესროდნენ, მაგრამ როდესაც გერმანიაში ფილმის პრემიერა დასრულდა და ალენი პარიზში გაფრინდა, რომიმ განშორებას ვერ გაუძლო, ბარგი ჩაალაგა და უკან დაბრუნდა.
23 წლის დელონი და 20 წლის შნაიდერი მალე ევროპის ყველაზე ცნობილ წყვილად იქცნენ. რომის უყვარდა ალენი და მისი დაკარგვის შიშით შნაიდერი დელონის დროსტარების მოყვარულ მეგობრებსა და მათ ბოჰემურ ცხოვრების წესს უძლებდა.
ალენსაც უყვარდა შნაიდერი, მაგრამ უფრო მეტად საკუთარ თავისუფლებას აფასებდა. ამიტომ ხელის თხოვნასაც არ ჩქარობდა და ოფიციალურ ნიშნობასაც მხოლოდ დედის დაძალებით დათანხმდა.
რომი მყუდრო სახლსა და ბავშვებზე ოცნებობდა, მაგრამ ალენი სრულიად მოუმზადებელი იყო, რომ სიცოცხლე ერთი ქალისთვის მიეძღვნა. დელონი არ მალავდა სხვა ქალებთან რომანტიკულ ურთიერთობას, რის გამოც წყვილს გამუდმებით ჰქონდა კონფლიქტი, რაც ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობაშიც გადაიზრდებოდა.
„მასში ყოველთვის ორი არსება ცხოვრობდა: ნაზი, დაუცველი თოჯინა და გულისამრევი გერმანელი ქალი. მე ვაღმერთებდი პირველს, მეზიზღებოდა მეორე ”- აღიარა ალენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
არეული პირადი ცხოვრების მიუხედავად, მსახიობების კარიერა სტაბილურად მიდიოდა. 1963 წელს რომი შნაიდერი ჰოლივუდში „სასამართლო პროცესის“ გადასაღებად წავიდა. გადაღებების დროს რომი ცდილობდა ყურადღება არ მიექცია გაზეთებში გავრცელებულ ჭორებისთვის ალენის ახალ რომანებთან დაკავშირებით, სანამ ერთ დღესაც ახალ სტატიას არ წააწყდა. ფოტოს,რომელიც სტატიას თან ერთო, მოღიმარი ალენი იყო გამოსახული, მის მუხლებზე კი სრულიად უცნობი ქერა ქალი იჯდა. რომი მაშინვე საფრანგეთში დაბრუნდა. პარიზში ჩასულს მხოლოდ ცარიელი ბინა დახვდა, მაგიდაზე კი, შავი ვარდების გვერდით წერილი, სიტყვებით - „თავისუფლება დაგიბრუნე. მუდამ ჩემს გულში იქნები.“
დამცირებული, განადგურებული და დაბნეული - დელონმა ამის გაკეთება მხოლოდ ერთი წერილით მოახერხა.
„ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მას არასოდეს მივატოვებდი... იყო მომენტები, როცა საკუთარი თავისთვის მითქვამს: "დროა, ეს დავასრულო!" - მაგრამ ძალა არ მქონდა, ძალიან მიყვარდა და ყველაფერს ვაპატიებდი. არაფერი ვნანობ. ეს გრძნობა კიდევ ერთხელ რომ განვიცადო, ვერ გადავრჩები“ - წერდა მსახიობი თავის დღიურში. ის მაშინ მხოლოდ 23 წლის იყო.
მალე გაზეთები ალენ დელონისა და ნატალი ბართლემის ქორწილზე წერდნენ - რომიმ თვითმკვლელობა სცადა.
რთული პერიოდისგან რომი ფილმებმა გადაარჩინა, რასაც ცნობილ გერმანელ დრამატურგთან, ჰარი მაიენთან რომანი მოჰყვა. ძველ სიყვარულს კი 1960-იან წლებში, ფილმი „აუზის“ გადასაღებ მოედანზე შეხვდა.
გადაღების დასრულების შემდეგ დელონი ისევ პარიზში დაბრუნდა, რამაც კვლავ გაუტეხა გული რომი შნაიდერს. ჰარი მაიენთან ქორწინება, რომლისგანაც მას ვაჟი, დეივიდი შეეძინა, ერთ ღამეში ჩაიშალა. რეჟისორმა, რომელმაც ცოლს დელონის სიყვარული ვერ აპატია, სმა დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ კი თავი მოიკლა.
მომხდარში შნაიდერი მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა. მეორე ქორწინებამ თავის პირად მდივანთან, დანიელ ბიაზინთან ბედნიერება არ მოიტანა და მალე განქორწინებით დასრულდა.
რომის ბედი არასდროს არ სწყალობდა, მაგრამ ცხოვრების უდიდესი ტრაგედია ჯერ კიდევ წინ ელოდა. 1981 წლის 5 ივლისს მისი 14 წლის ვაჟი დეივიდი, ღობეზე ასვლისას, ბასრ საგანს წამოედო და სისხლის დაკარგვისგან გარდაიცვალა.
შნაიდერის მდგომარეობის აღწერა ძნელია. მსახიობს არავის ნახვა არ სურდა. ერთადერთი, ვინც უნუგეშო დედამ შემოუშვა, ალენ დელონი იყო.
დევიდის დაკრძალვის შემდეგ ალენი სახლში დაბრუნდა, რომი კი ისევ მარტო დარჩა. 275 დღის შემდეგ კი ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
გაზეთები დიდი მსახიობის თვითმკვლელობის შესახებ წერდნენ, მაგრამ ექიმებმა ეს ინფორმაცია მაშინვე უარყვეს და განაცხადეს, რომ სიკვდილი მოულოდნელი და ბუნებრივი იყო - მას გული გაუჩერდა.