მაშინ, როცა 22 წლის მაჰსა ამინი 13 სექტემბერს ოჯახთან ერთად დასავლეთ ირანიდან დედაქალაქში მიემგზავრებოდა, ის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც ის სამ დღეში გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი ნაცემი იყო, რასაც უარყოფს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამინი შეუძლოდ გახდა, როდესაც ის სხვა დაკავებულ ქალებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იცდიდა.
შემთხვევას ირანში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რამაც შედეგი გამოიღო - ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამად ჯაფარ მონთაზერიმ განაცხადა, რომ ისლამურ რესპუბლიკაში უქმდება „მორალის პოლიცია“, რომელიც სამოსის ისლამური წესით ტარებასაც უწევდა ზედამხედველობას.
ირანელი ქალები გარდაცვლილი მაჰსა ამინის პატივსაცემად საჯაროდ იხსნიდნენ ჰიჯაბებს და იჭრიდნენ თმას, რაც მალევე იქცა ქალთა უფლებებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. კამპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთი ქალი შეუერთდა. მათ შორისაა ირანელი მსახიობი სადაფ ტაჰერიანი, რომელმაც ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გაბედა და ჰიჯაბი მოიხსნა, სოციალურ ქსელში კი ფოტოები გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ ამას პროტესტის ნიშნად, იმ ირანული კანონების მიმართ დაუმორჩილებლობის გამოსახატად აკეთებს, რაც აიძულებს ქალებს ჰიჯაბი ატარონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. "ინსტაგრამზე" ტაჰერიანს მილიონობით გამომწერი და მხარდამჭერი ჰყავს.