საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 21 დეკემბერს 45 წელი შეუსრულდა. უახლოეს მომავალში ელისეს სასახლე კიდევ ერთ დიდ დღესასწაულს ელოდება - 13 აპრილს პრეზიდენტის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი 70 წლის ხდება. პოლიტიკოსის რჩეული მასზე 24 წლით უფროსია.

ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ უყვარდებათ ახალგაზრდებს თავიანთი ლამაზი მასწავლებლები, არავის უკვირს - გრძნობები, როგორც წესი, წმინდა პლატონური ხასიათისაა და მალევე ქრება. თუმცა, ემანუელ მაკრონი თავიდანვე სერიოზულად იყო განწყობილი თავის ლიტერატურის მასწავლებლის, ბრიჯიტ ოზიერის მიმართ.
მათი პირველი შეხვედრისას ემანუელი 15 წლის იყო, ბრიჯიტი - 40-ის. პრობლემას მხოლოდ ასაკი არ წარმოადგენდა: ბრიჯიტი საფრანგეთის ერთ-ერთი გავლენიანი ოჯახის შვილი იყო, რომელიც ცნობილ შოკოლადის ქარხანას ფლობდა, გარდა ამისა, ის დაქორწინებული იყო და სამი შვილი ჰყავდა, მისი ქალიშვილი კი ემანუელის კლასელი იყო.
ემანუელი პროფესორების ოჯახში იზრდებოდა და მხოლოდ მე-10 კლასში იყო, როცა ამიენის ქრისტიანულ რელიგიურ სკოლაში, ლიტერატურის მასწავლებლად 40 წლის ბრიჯიტი მიიწვიეს. თავიდან ახალგაზრდა მამაკაცი სიმპათიებს მალავდა, მაგრამ ყოველ გაკვეთილზე მასწავლებელს თავისი შესაძლებლობებითა და ნიჭით აოცებდა.

მოგვიანებით ბრიჯიტმა სკოლაში სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტა. ემანუელმა, რა თქმა უნდა, მონაწილეობს სურვილი გამოთქვა. მასწავლებელთან თანამშრომლობით სცენარი დაწერა და ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულა.
„ყოველ პარასკევს ვხვდებოდით სპექტაკლზე სამუშაოდ. სწორედ იმ მომენტში მივხვდით, რომ ერთმანეთთან ბევრი რამ გვაკავშირებდა“ - აღიარა ბრიჯიტმა წლების შემდეგ Paris Match-თან ინტერვიუში.

მათი დაახლოება კლასელებს არ გამოჰპარვიათ, და ახალმა ამბავმა მალე ემანუელის ოჯახამდეც მიაღწია. მშობლები დაჟინებით მოითხოვდნენ ბიჭს სკოლა შეეცვალა და სწავლა პარიზში გაეგრძელებინა.
ემანუელისთვის რთული აღმოჩნდა მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ სასწავლებლად პარიზში გადავიდა. წასვლამდე კი ბრიჯიტს დაუბარა, რომ ერთ დღესაც ის მისი ცოლი გახდებოდა. და ასეც მოხდა...

ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონებამდე მაკრონი და ტრონიე რამდენიმე წელი ერთად ცხოვრობდნენ. ბრიჯიტის შვილებს არ მოსწონდათ, რომ დედას ურთიერთობა გაცილებით ახალგაზრდა მამაკაცთან ჰქონდა, თუმცა პოლიტიკოსმა მათი მოხიბვლა და მეგობრული ურთიერთობის დამყარება მაინც მოახერხა.
ემანუელ მაკრონი და ბრიჯიტ ტრონიე 2007 წელს დაქორწინდნენ. 2014 წელს, როდესაც მაკრონი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, მან თავისი საყვარელი მეუღლე ფართო საზოგადოებას გააცნო.
წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, მაკრონს სულაც არ აღელვებს - ის სიამოვნებით ზრუნავს ცოლის შვიდ შვილიშვილზე.
„მისი შეხედულებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბრიჯიტი ყოველთვის ჩემ გვერდით არის და თუ კი ცხოვრებაში რამე მნიშვნელოვნისთვის მიმიღწევია, ეს პირველ რიგში, მისი დამსახურებაა“ - განაცხადა მაკრონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.