მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი მრავალი წელია, რაც პოლიტიკაშია, მისი პერსონის მიმართ ყურადღება ქუთაისში გადაბარგების შემდეგ გაიზარდა. დიახ, ზაქარია ახალი მოწვევის პარლამენტარი გახდა.
მის უცნაურ ვარცხნილობას ყურადღება პირველად ვანო ჯავახიშვილმა მიაქცია. ხუმრობების კასკადი ზაქარიას ვარცხნილობაზე "ვანოს შოუდან" წამოვიდა. "ზაქარია, აი, ის, ქუდი რომ ახურავს და სინამდვილეში თმა როა", "ზაქარია გასვენებაში წავიდა და თმა გადაიპარსა, აბა, ქუდი ხომ უნდა მოეხადა?!" - ეს ხუმრობები საზოგადოებამ აიტაცა და სოციალურ ქსელში ზაქარიას ვარცხნილობა ერთგვარ გასართობად იქცა.
გასულ ხუთშაბათს "პროფილში" მაია ასათიანმა ქუცნაშვილის ოჯახი მიიწვია. იდეალური მეუღლის, პოლიტიკოსის და უბრალოდ, ზაქარიას მიმართ ცოლ-შვილს მხოლოდ ერთი პრეტენზია აღმოაჩნდა - რატომ არ იცვლის ზაქარია ვარცხნილობას. ფაქტია, რომ პოლიტიკოსს თავზე იმდენი თმა აქვს, რომ მინიმუმ ხუთ-ექვს მელოტ მამაკაცს გაუნაწილებს და თავზე "კეპკაც" დარჩება.
მოგეხსენებათ, დღეს საზოგადოებას არაერთი პრობლემა და კითხვა აწუხებს: როდის დაიკლებს დენის და გაზის ტარიფი, ვის შეეხება საყოველთაო ამნისტია, დაიჭერენ თუ არა გიგი უგულავას, გადაიტანენ თუ არა შუშის ხიდს სხვა ადგილას, რა ეშველებათ პოლიტ-პატიმრებს და რატომ არ იცვლის ვარცხნილობას ზაქარია ქუცნაშვილი?
ამ კითხვაზე პასუხი ისევ სოციალურ ქსელში გასცეს. ფოტოს ერთ მხარეს ზაქარია თავისი გენიალური ვარცხნილობით იწონებს თავს, მეორე მხარეს კი იგივე ვარცხნილობებით ლივერპულელი ოთხეულია. როგორც ჩანს, ზაქარია "ბითლზის" ფანია და სიმღერა თუ არ გამოსდის, საფირმო "პრიჩოსკას" მათი ხათრით ვერ ელევა.
მაინც გაგვიმართლა, რომ ზაქარია ენრიკო ჯანელიძის ფანი არ აღმოჩნდა, თორემ მიჭირს წარმოდგენა, როგორ დაიყრიდა პატარა კულულებს მხრებზე.
ნინო კანდელაკი