თანამედროვე სილამაზის ინდუსტრიის ისტორია უამრავ საუკუნეს ითვლის. ოდესმე დაფიქრებულხართ, როდის ან ვის მიერ შეიქმნა პირველი სუნამო?
თავად სიტყვა სუნამო ლათინურიდან მომდინარეობს - "per fumum", რაც „კვამლს“ ნიშნავს. ცეცხლის აღმოჩენის შემდეგ პირველმა ადამიანებმა მოისურვეს მცენარეების, ხის, სანელებლებისა და სხვადასხვა მასალის შეგროვება. ამ მცენარეების ჭურჭელში ჩაყრით, მათ აღმოაჩინეს, რომ ცეცხლიდან კვამლი ამოდიოდა და თითოეულ მასალას განსხვავებულ არომატს აძლევდა. სწორედ აქედან იწყება სუნამოს ისტორია.
უძველესი პარფიუმერები, ძირითადად, სხვადასხვა რელიგიური რიტუალისთვის საკმევლის დამზადებით იყვნენ დაკავებულნი. ეს უნარი ოსტატურად აითვისეს ძველ ეგვიპტეში, მესოპოტამიასა და ძველ საბერძნეთში.
მკვლევარები კამათობენ იმაზე, თუ ვინ არის ისტორიაში პირველი პარფიუმერი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე II ათასწლეულით დათარიღებული მესოპოტამიური ლურსმული ფირფიტები მოგვითხრობს, რომ ეს ძველი ცივილიზაცია სხვადასხვა ზეთსა და მირონს ყვავილების სუნამოების დასამზადებლად იყენებდა.
უცნობია, ვინ გამოიგონა დისტილაციის მეთოდი. საინტერესოა, რომ სუნამოს გამოყენების წესები ყველა კულტურაში განსხვავდებოდა. მაგალითად, ინდოეთში ქალები იღებდნენ ხანგრძლივ არომატულ აბაზანებს, იაპონიაში კი ჩვეული იყო კიმონოს ფუმიგაცია.
ეგვიპტურ სამარხებში აღმოჩენილი იეროგლიფები გვიჩვენებს, რომ ძველეგვიპტელები და მესოპოტამიელები სუნამოებს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3,000 წელს აწარმოებდნენ.
ძველ ეგვიპტეში სუნამოს სამედიცინო დანიშნულებაც ჰქონდა. ექიმები მას შაკიკის ან გინეკოლოგიური ინფექციის სამკურნალოდ იყენებდნენ. სურნელოვანი აბაზანები ეგვიპტელების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო. ცნობილია, რომ კლეოპატრა ნუშის ზეთით, დარიჩინითა და მირონით არომატიზებულ აბაზანებს იღებდა.
ეგვიპტელების კულტურა შემდგომში ფინიკიელებმა და ბერძნებმაც გაიზიარეს. ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის დროს კი საბერძნეთის სურნელოვან კულტურას ინდოეთის სუნამოები ემატება. დროთა განმავლობაში ბერნები სუნამოების შექმნის ნამდვილი ექსპერტები გახდნენ. მათ შეიმუშავეს enfleurage ტექნიკა, რომელიც დღესაც გამოიყენება პირველი თხევადი სუნამოების შესაქმნელად.
„ბნელ საუკუნეებში“, ჯვაროსნული ლაშქრობების დროს, ევროპაში სუნამოს დამზადების აღმოსავლური ტექნიკა გახდა პოპულარული, ხოლო ინგრედიენტების მთავარ მომწოდებლად ვენეცია იქცა.
ალკოჰოლზე დაფუძნებული კომპოზიციები გაცილებით გვიან გამოჩნდა. პირველ ასეთ სუნამოს „უნგრეთის დედოფლის წყალს“ უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, პირველი სურნელოვანი წყალი ბერმა დაამზადა, რომელმაც 72 წლის დედოფალს ახალგაზრდობა და სილამაზე დაუბრუნა.
რენესანსი მეცნიერული ექსპერიმენტებითა და აღმოჩენებით გამოირჩეოდა – ამ დროის მეცნიერებს უყურადღებოდ არც პარფიუმერია დარჩენიათ. ცნობილია, რომ ლუი XV უპირატესობას მსუბუქ ყვავილოვან და ციტრუსოვან კომპოზიციებს ანიჭებდა.
ამავე დროს, მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში გამოიგონეს კიოლნი, ანუ „კიოლნის წყალი“. კიოლნის მწარმოებლის, იოჰან ფარინის ორიგინალური რეცეპტი შეიცავდა ცაცხვს, ფორთოხალსა და ბერგამოტს. სწორედ ფარინის წყალობით გავრცელდა ალკოჰოლზე დაფუძნებული სურნელოვანი წყალი მთელ ევროპაში. საუკუნის მიწურულს კი ქალისა და მამაკაცისთვის უკვე განსხვავებული სურნელის მქონე სუნამოები იქმნებოდა.
პეტრე პირველის დროიდან რუსეთი მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებს ევროპის ქვეყნებთან. სუნამოების ბიზნესის გასავითარებლად იმპერიაში ოსტატები ჩამოდიოდნენ.
1842 წელს ალფონს ანტონოვიჩ რალემ მოსკოვში საპნის ქარხანა გახსნა. საფრანგეთიდან თან ჩამოიყვანა სპეციალისტები და ძვირად ღირებული აღჭურვილობა. 12 წლის განმავლობაში მან მნიშვნელოვნად გააფართოვა ბიზნესი და 1850-იანი წლების შუა პერიოდისთვის, მისი სუნამოები რუს დიდგვაროვნებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
რალეს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბიზნესი ჯერ ედუარდ ბოს, შემდეგ ი ერნესტ ბოს გადაეცა. სხვათა შორის, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა საკულტო Chanel No. 5-ის ავტორი. მისი მიბაძვა სხვა ცნობილმა ბრენდებმაც დაიწყეს, დღეს კი ტანსაცმლის დიზაინერების უმეტესობა სუნამოს საკუთარ ბრენდს აწარმოებს.