როგორია პოლიტიკის მიღმა თაკო ჩარკვიანი, რა ტრადიციები აქვთ ოჯახში, როგორ ხვდებიან ახალ წელს - ამ და სხვა საინტერესო ამბებზე იგი "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.
- როგორი იყო თქვენი ქალიშვილისთვის 2022 წელი?
- ირმასთვის 2022 წელი იყო უმნიშვნელოვანესი. საფრანგეთში კლასიკური მუსიკის უზარმაზარი პლატფორმაა და უკვე დაიგეგმა სამომავლო კონცერტები. რამდენიმე კონცერტი ჰქონდა საფრანგეთში, ვენაში, რუმინეთში, გერმანიაში. ძალიან ნაყოფიერი წელი იყო. ორჯერ გაიმარჯვა, გრან-პრი და პირველი პრემია აიღო, ლაურეატი გახდა, პირველი პრემიის მფლობელი.
ირმა ძალიან ხშირად ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ამას დიდი ხნით ვერ ახერხებს, რადგან სულ კონცერტები აქვს. ახალ წელს აქ შეხვდა. მერე ორი კონცერტი აქვს - საფრანგეთსა და ბულგარეთში. ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ძალიან ვუგებთ ერთმანეთს. ასე მგონია, რომ სწორად გავიარე დედობის გამოცდა. არ შემიზღუდავს, არც რაღაცები მომიხვევია თავზე. ვგრძნობ, რომ კარგად გამოვიდა ყველაფერი, არ მსაყვედურობს რაღაცებს. ირმას პირველი კონცერტი 5 წლის ასაკში ჰქონდა, მან დაუკრა ბახი ორკესტრთან ერთად. 4 წლისა პიესებს უკრავდა და შოკი იყო, მაშინ "სი-ენ-ენმა" ფილმი გააკეთა ვუნდერკინდ ბავშვებზე და ირმა მოხვდა ამ ფილმში.
მე არ მინდოდა მისთვის რაიმეს თავს მოხვევა. როცა წამოიზარდა, გარდატეხის ასაკში რომ იყო, დავსვი და ვუთხარი, ეს ამბავი მარტო არ მატვირთვინო, მოდი, გავარჩიოთ-მეთქი. ეს პროფესია მისთვის ძალიან ორგანულია, ამის გარეშე ვერ სუნთქავს და არჩევანიც თავად გააკეთა - დღეს კარგი პიანისტია. დიდი სიხარული და ბედნიერებაა, დარბაზი რომ ფეხზე დგება, ფანები გყავს, მაგრამ მთელი შენი პირადი ცხოვრება მიაქვს ამ ყველაფერს, ამას ძალიან დიდი შრომა უნდა და ამის აღება ჩემს თავზე ძალიან მიმძიმდა, მაგრამ ეს იმდენად მისია, სხვანაირად არ შეიძლებოდა. მე მუსიკოსი ვარ, ცუღლუტი ვიყავი, ჩვენთან სულ გრიალი იყო, დილის 6 საათამდე ხან ჩემი მეგობრები იყვნენ, ხან - მამუკასი, ხან მამას მეგობრები და კარგი სიმღერა, დაკვრა, პოეზია, ლიტერატურა მუდმივი მდგომარეობა იყო. იქ სტაბილური ვარჯიში არ გამოდის. თან დედა სულ მეუბნებოდა, რომ მე კარგად უნდა მესწავლა, ყველაფერი უნდა მომესწრო, ხუთიანები გყავდეს ყველაფერში და მერე კიდევ 8 საათი ინსტრუმენტთან იჯდე. ასე არ გამოდის, რაღაც ყოველთვის ეწირება. თან კითხვა მიყვარდა. ახლაც დგას ოთახში ის მაგიდა, რომელზეც ზემოდან გეოგრაფის წიგნი მედო და ქვევით სხვა წიგნი, რასაც რეალურად ვკითხულობდი. ირმასთან ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ვიცოდი, სულ დროის დეფიციტი იქნებოდა და მე თვითონ ჩავერთე. მაგალითად, რუსულის პედაგოგი მუდამ გვყავდა. ირმა ვერ ხვდებოდა, რატომ გვყავდა ამდენ ხანს, რადგან მან უკვე ძალიან კარგად იცოდა რუსული, მაგრამ მე ამ მეთოდებს ვიყენებდი იმისთვის, რომ ირმას დრო ჩემსავით არ დაეკარგა. მასაც ძალიან უყვარს ლიტერატურა და კითხვა, ზუსტად ვიცოდი, იგივე მოხდებოდა, რასაც მე ვაკეთებდი და ამას ვარეგულირებდი. ყველაფერი კარგად გამოვიდა.
წაიკითხეთ სრულად