მარია ევა დუარტე დე პერონი (ან ევიტა, როგორც მხარდამჭერები ეძახდნენ) არგენტინის ისტორიაში ყველაზე საკამათო ფიგურა იყო, მისი თანამემამულეების ნაწილს უყვარდა, ნაწილსაც სძულდა. 1952 წლის შემდეგ (ევას გარდაცვალებიდან) ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა საზოგადოების ნაწილი დღემდე განიხილავს და მოიხსენიებს, როგორც მარადიული მოდის ხატად.
ევიტა 1919 წელს ბუენოს აირესის ერთ-ერთ პროვინციაში გაჭირვებულ ოჯახში დაიბადა. 15 წლის ასაკში მსახიობობა გადაწყვიტა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა, ნელ-ნელა დაიწყო მუშაობა თეატრში, რადიოში, რის შემდეგაც წვალება და შრომა დაუფასდა და წარმატებული კარიერა მოიწყო. მოგვიანებით, 1944 წლის იანვარში, მიწისძვრისგან დაზარალებულთათვის სპეციალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, სადაც ხუან დომინგო პერონს, შრომისა და სოციალური დაცვის მდივანს შეხვდა... მალევე იქორწინეს.
1946 წელს პერონი ქვეყნის სათავეში მოვიდა, იყო პოლიტიკოსი, „ერის მამა“ და დიქტატორი, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლა სწორედ მის დროს დაიწყო. მაშინ ქვეყანას ყველაფერი ქონდა, რომ უმდიდრესი ქვეყანა ყოფილიყო, თუმცა არასწორმა გათვლებმა პოპულისტურმა რეფორმებმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა ხელს ვერ უწყობდა, სიტუაცია რადიკალურად შეცვალა... საბოლოოდ კი ყველაფერი კრახამდე მივიდა. ერთი შეხედვით, მსახიობობაში განსწავლულმა ევიტამ რობინ ჰუდის როლი მოირგო, შრომისა და ჯანდაცვის მინისტრად მუშაობის პარალელურად საქველმოქმედო ფონდიც დააარსა, რომელიც საშუალო ფენისგან ვალდებულებით ფინანსდებოდა, მართალია შენდებოდა სკოლები, საავადმყოფოები, ბაღები, თუმცა საშუალო ფენა უფრო და უფრო ღარიბდებოდა, რა თქმა უნდა, შეგროვებული თანხის დიდ ნაწილს თვითონ იტოვებდა, ღარიბი ფენა კი კიდევ უფრო მეტად გაუსაძლის მდგომარეობაში ვარდებოდა.
პოტენციალით მდიდარი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დადგა, გარკვეული დრო ეს ხედვა ეკონომიკას ნაკლებად აზიანებდა, თუმცა ამოუწურავი არაფერია, მათ შორის, რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხე. 4 წლის შემდეგ სიღარიბისგან გაუბედურებულმა ხალხმა მასიური საპროტესტო აქციები მოაწყო, კომპეტენტური ორგანოს არაკვალიფიციურმა წარმომადგენლებმა კი თავიანთი გადმოსახედიდან გენიალურ გეგმას მიაგნეს - მეტი ფული დაბეჭდეს, რის გამოც წლიურმა ინფლაციამ 19.7% შეადგინა.
ევა 1952 წლის 26 ივლისს კიბოთი გარდაიცვალა, ქვეყანაში საყოველთაო პანაშვიდი გამოცხადდა, რომელიც 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, პატივის მისაგებად კი 2 მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ყვავილები ამოიწურა, რის გამოც ყვავილების ჩამოტანა მეზობელი ქვეყნებიდან მოუწიათ.
მუზეუმი
ევიტას მუზეუმი პალერმოში მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებულ დიდ სასახლეში მდებარეობს, სახლი 2007 წელს ეროვნულ და ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ 1948 წელს ევა პერონის ფონდმა იყიდა ეს სასახლე და დროებით თავშესაფრად გამოიყენა, რათა ქალები და ბავშვები, რომლებსაც საკმარისი საცხოვრებელი რესურსი არ ჰქონდათ, ეცხოვრათ მისაღებ პირობებში, მანამ, სანამ სოციალური სამსახური სახლსა და სამსახურს არ მოუძებნიდა. მუზეუმში განთავსებულია ევას დროინდელი ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც ეკუთვნოდა თვითონ ქალბატონსა და მისი ოჯახის წევრებს.
დაახლოებით რაოდენობასთან წარმოდგენა, რომ გვქონდეს გეტყვით, რომ 1955 წელს (ევიტა უკვე გარდაცვლილი იყო) პერონების ოჯახს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ხელისუფლებიდან წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბუენოს-აირესის ცენტრალურ მოედანზე ჩამოახრჩობდნენ, პერონები წავიდნენ, პოლიცია კი სასახლეში შევიდა და ევას რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა და კაბები ამოიღეს, როგორც მოგვიანებით დაიწერა, სასახლეში იმდენი კაბა იყო, რომ ევას საკუთარი კოლექციიდან დღეში თითო რომ ჩაეცვა, ყველას მოსასინჯად 400 წელი დასჭირდებოდა.
მოდა
ევიტას სტილმა დროდადრო ევოლუცია გარდამტეხ დროს განიცადა. ლოგიკურია, რომ მსგავსი რადიკალური ცვლილებები უბრალოდ არ ხდებოდა. ქალბატონი კარგად აცნობიერებდა თავის იმიჯს და ზუსტად აყალიბებდა, ყურადღებას აქცევდა თითოეულ დეტალს. სამსახიობო პერიოდში, დაახლოებით 30-იან წლებში, ევამ ჰოლივუდის სილამაზისა და მოდის ხატებს მიბაძა. მაგალითად, შეიღება თმა ქერად გლამურული შესახედაობისთვის. სწორედ ამ წლების განმავლობაში გაიცნო პაკო ჯამანდრეუ, იმ პერიოდში ტანსაცმლის ცნობილი დიზაინერი, რომელიც ადგილობრივი ვარსკვლავებისთვის ქმნიდა საოცრებებს, მისი კონსულტაციითა და დახმარებით დახვეწა საკუთარი სტილი. როდესაც ხუან პერონი პრეზიდენტად აირჩიეს, ევამ მიიღო ის, რაც 1940-იანი წლების ტიპურ მოდად ითვლებოდა: შესამჩნევი მხრების ბალიშები, მორგებული ქურთუკები, ლამაზად მორთული ქუდები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, პომპადური თმის ვარცხნილობა თავისი კულულებით... აქსესუარებს ყოველთვის ამატებდა ისეთ დეტალებს, როგორიცაა ბუმბული, ყვავილი. რაც შეეხება ფეხსაცმელს, თითქმის 200 წყვილი ჰქონდა, რომლებშიც შედიოდნენ მაღალქუსლიანი, სანდლები, მოკასინები... არც მწარმოებლების ჩამონათვალს უჩიოდა - Perugia, იტალიური ლეიბლი, Miguel, Mc Taylor და Maggio & Rossetto.
1947 წელს ევროპულმა ტურნემ მისი მოდისადმი შეხედულება კიდევ ერთხელ შეცვალა, შეიძლება ითქვას, რომ თავისი ამ პერიოდში მისი ჩაცმის სტილი შედარებით გაამარტივა, მოსინჯა კრისტიან დიორის ახალი ლუქი - სრული კაბა თავისი განსხვავებული შეხედულებით (ფოტო ჩაუსვი). შეიცვალა თმის სტილიც, ხმარობდა ვეწვის ქურთუკებს, საყურეებს, რითაც გარკვეულწილად იმდროინდელი ფრანგული იერი მიიღო.
ევიტას სტილი უფრო მარტივი და მომხიბვლელი გახდა. სინამდვილეში, დიორს ატელიეებში ევიტას გაბარიტების მანეკენები ჰქონდათ, რათა სხვადასხვა შეკერილ კაბებზე ემუშავათ. ერთ-ერთ იტალიურ ინტერვიუში დიორს სამეფო კლიენტების შესახებ კითხეს, რაზედაც ასე უპასუხეს:
„ერთადერთი დედოფალი, რომელიც შევმოსეთ, ევა პერონი იყო“.
ევროპული ვოიაჟის შემდეგ ევიტა წელიწადში ორჯერ პარიზში გზავნიდა ხალხს, რათა მისთვის კაბები ჩამოეტანათ, ცნობილი ამბავია, რომ ერთხელ სპექტაკლიც კი გადადეს იმის გამო, რომ თვითმფრინავი ბუენოს-აირესში დროულად არ დაჯდა, ამიტომ კაბაც ვერ შეარჩია.
საინტერესოა, რა დატვირთვა ჰქონდა მის პერონის ცხოვრებაში მოდურ ტანსაცმელს? ფაქტია, რომ მას ამით რაღაცის თქმა უნდოდა. სავარაუდოდ, მიზანი მისი დაბალი ფენის ფესვები იყო, ამით კი სხვა ადამიანებს აჩვენებდა, რომ მისი კალიბრის ქალბატონსაც შეეძლო ეშრომა, ემუშავა და მიეღწია მაღალი კლასის ადამიანობამდე. არ ჰქონდა მნიშვნელობა სად იმყოფებოდა, ყოველთვის იცვამდა განსაკუთრებულად. გარდაცვალების მიზეზად კიბო დასახელდა, იკლებდა წონაში, თუმცა ეს ღირებულად ჩაცმაში ხელს არ უშლიდა: „მინდა ლამაზად გამოვიყურებოდე სნეულების დროსაც კი“.
მისი დახვეწილი სტილის კიდევ ერთ მიზეზად სხვა მდიდარ ქალბატონებთან კონკურენციაც სახელდება. ეს კონკრეტული ქიშპობა დრო და დრო მწვავდებოდა, რის გამოც ევროპაში (უფრო საფრანგეთში) მაღალი მოდის სახლებმა ორი კოლექციის შექმნა გადაწყვიტეს - ერთი ევიტასთვის, მეორე მუდმივი კლიენტებისთვის. მიუხედავად არაამქვეყნიური სილამაზისა, ხალხი ევას მაინც აკრიტიკებდა, მათივე თქმით, მის პერონის დამსახურებით, ხელიდან გაუშვეს ეროვნული მოდის ინდუსტრიის პოპულარიზების შანსი, მიუხედავად იმისა, რომ ევიტა ეროვნული ღირებულებების ეტიკეტებს იყენებდა, მაინც საერთაშორისო ტენდენციების შესაბამისად იცვამდა და ადგილობრივ დიზაინერებს არც იმჩნევდა.
დასასრულს კი გეტყვით, რომ ევა პერონი არგენტინის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს მასზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვთ, ექს მსახიობმა შეძლო და ქალის ტრადიციული ხედვით მამაკაცს შეეჯიბრა, მისი მონდომებითა და ინტელექტით კაცებთან თანასწორობის დემონსტრირებას ცდილობდა, რამაც საბოლოოდ, არგენტინის ისტორიაში ყველაზე ცნობილ ქალ ფიგურამდე მიიყვანა. ადგილობრივი ქალი პოლიტიკოსებიდან თუ ვინმე მიაღწევს კონკრეტულ წარმატებას, მაშინვე აიგივებენ ევასთან, სწორედ ამის შემდეგ იწყება მთავარი მისია. მიუხედავად ყველაფრისა, ევას შემდეგ არ ყოფილა ასეთი სიმბოლური წერტილი, რომელსაც მისი მსგავსი ძალა ჰქონდა ხალხში.
როდესაც მის პერონმა აირჩია, რომ ევიტა ყოფილიყო, იცოდა, რომ ხალხის გზა აირჩია. იყო მოღვაწე თავისი ღრმა პოლიტიკური რწმენით, განახორციელა გარდაქმნები, რომელიც დღევანდელ არგენტინაშიც მოქმედებს. სჯეროდა, რომ სწორ გზაზე იდგა, საბოლოოდ კი მსგავსმა დამოკიდებულებამ მიიყვანა იქამდე, სადამდეც მივიდა. ევა მოდის უკვდავ ხატად იქცა, ქმნიდა საკუთარი ხელწერით, სძენდა მარადიულობას, რაც იმ დროინდელ სამხრეთ ამერიკულ ცხოვრებაში ყველასგან განასხვავებდა, იყო ქალური, ელეგანტური და თანამედროვე.